განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.04.2018
საქმის ნომერი
330210017002015332
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
26.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/6225-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

26 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ანა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია

 

აპელანტი - შპს „პ------ ო----ი“;

წარმომადგენელი - შ--------------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ფ--------–---ა+“;

წარმომადგენელი - დ--------------ე;

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - შპს ,,ფ--------–---ა +-ის" სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე - შპს "პ------ ო----ს", შპს ,,ფ--------–---ა +-ის" სასარგებლოდ, დაეკისრა დავალიანება - 5929,10 ლარის გადახდა.

 

2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. შპს ,,ფ--------–---ა+“, შპს,,პ------ ო----ს” ზეპირი ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიაწოდა 69 7745.1 ლარის ღირებულების საქონელი. ამასთან, შპს ,,პ------ ო----ის” მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან შპს ,,ფ--------–---ა+“-სათვის ანაზღაურებული იქნა 63 816 ლარი.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.6. შპს,,ფ--------–---ა+“ის დავალიანება შეადგენს 5929.10 ლარს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. კერძოდ, შპს ,,ფ--------–---ა+“მა, შპს ,,პ------ ო----ს”, ზეპირი ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიაწოდა 69 7745.1 ლარის ღირებულების საქონელი. შესაბამისად, მყიდველს წარმოეშვა ნასყიდობის ფასის გამყიდველისათვის გადახდის ვალდებულება.

 

შპს ,,პ------ ო----ის” მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან შპს ,,ფ--------–---ა+“-სათვის ანაზღაურებული იქნა 63 816 ლარი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა- განმარტებებით ვერ დგინდება, რომ მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება დავალიანების გადახდის განაწილვადების შესახებ. შესაბამისად, შპს ,,პ------ ო----ის” მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან შპს ,,ფ--------–---ა+“-სათვის ასანაზღაურებელია 5929.10 ლარი.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. სასამართლომ არ გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებაზე ყურადღება, რომლითაც დასტურდება, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება უნდა დაფარულიყო ეტაპობრივად. მოწინააღმდეგე მხარის მიერ სხვადასხვა საქონლის მიწოდება დაწყებულია 2016 წლის 8 იანვრიდან და გაგრძელდა 2017 წლის 21 აპრილამდე, გარდა ამისა 2013-2015 წლებშიც მოხდა ასლის გადამღები დანადგარისა და გარკვეული რაოდენობის მასალების მიწოდება. განხორციელებული გადახდებიდანაც ცხადია, რომ დავალიანება ერთიანად არ იფარება, თუმცა, მოწინააღმდეგე მხარე მაინც ახორციელებს საქონლის მოწოდებას.

 

ზემოდასახელებული გარემოება მეტყველებს მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებაზე, რომ ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო მიწოდებული პროდუქციის საფასურის გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხე არ დადებდა მოსარჩელესთან მსგავს გარიგებას ან დადებდა შეცვლილი პირობებით. სარჩელის წარმოდგენამდე რამდენიმე თვით ადრე შპს „ფ--------–---ა+-მა“ აცნობა, რომ თუ მთლიანად არ მოხდებოდა დავალიანების დაფარვა, კონსიგნაციის პირობით აღარ მიაწოდებდა საქონელს. აღნიშნულმა განაპირობა შეკვეთების სიმცირე, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად მოპასუხე მაინც იხდიდა დავალიანებას. სასამართლო ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა ზემოთ აღნიშნული გარემოება და განესაზღვრა გონივრული ვადა დავალიანების დასაფარად. სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა.

 

ხელშეკრულების დადების საფუძველს სწორედ კონსიგნაციის პირობა წარმოადგენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდებოდა მოწინააღმდეგე მხარესთან ხელშეკრულების დადება. ვინაიდან, მოწინააღმდეგე მხარემ შეცვალა ურთიერთთანამშრომლობის პირობა, იგი ვალდებული იყო გარკვეული გონივრული ვადები განესაზღვრა მყიდველისათვის.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 477-504-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მყიდველსა და გამყიდველს გააჩნიათ.

 

მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. იგი დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველის ძირითადი ვალდებულებაა, მიიღოს ნაყიდი საქონელი და გამყიდველს გადაუხადოს შეთანხმებული ფასი. ამდენად, ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი, კანონით გათვალისწინებული პირობა ფასზე შეთანხმებაა (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილი, 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები).

 

მხარეებმა შესაძლოა ხელშეკრულებით არ განსაზღვრონ ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის წესი და საშუალება, მაგრამ ნასყიდობის ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე, ადგილი უნდა ჰქონდეს მყიდველისა და გამყიდველის ქმედებების თანხვედრას, გამყიდველმა გადასცეს, ხოლო მყიდველმა მიიღოს ნივთი და გადაიხადოს შესაბამისი საფასური. აღნიშნულ მსჯელობას ამყარებს დათქმა ’’ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება (სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები)’’.

 

მოპასუხე სადავოდ არ ხდის გადასახდელი თანხის არც ოდენობას და არც გადახდის ვალდებულების დარღვევას, თუმცა, აპელანტი განმარტავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ გადახდის სხვაგვარ წესზე, რაც გულისხმობდა თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდას.

 

სამოქალაქო კოდექსის 378-ე მუხლის მიხედვით, მოვალეს უფლება აქვს ვალდებულება შეასრულოს ნაწილ-ნაწილ (ვალდებულების ნაწილობრივი შესრულება), თუკი კრედიტორი ამაზე თანახმაა.

 

მართალია, სამოქალაქო კოდექსი ვალდებულ პირს ანიჭებს ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულების უფლებას, თუმცა წინაპირობად კრედიტორის თანხმობას მოიაზრებს. შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებით, მსჯელობის საგანს წარმოადგენს არის თუ არა სახეზე შპს ”ფ--------–---ა+-ის“ თანხმობა აღნიშნული წესით ვალდებულების შესრულების თაობაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. შესაბამისად, მტკიცების ტვირთი იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ არსებობს შპს ”ფ--------–---ა+-ის“ თანხმობა ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულებასთან დაკავშირებით მოპასუხეს (მოვალეს) აკისრია.

 

კანონი - სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს ”თანხმობისათვის” სავალდებულო ფორმას, რაც მიუთითებს, რომ იგი შეიძლება გაცემულ იქნეს, როგორც წერილობით, ასევე ზეპირად. საქმის გარემოებებით დგინდება, რომ კრედიტორს თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდაზე არცერთი ზემოდასახელებული ფორმით თანხმობა არ მიუცია. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს ნაყიდი საქონლის ღირებულება.

 

წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში ასევე მითითებულია, რომ ხელშეკრულების დადების საფუძველს სწორედ კონსიგნაციის პირობა წარმოადგენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდებოდა მოწინააღმდეგე მხარესთან ხელშეკრულების დადება. ვინაიდან, მოწინააღმდეგე მხარემ შეცვალა ურთიერთთანამშრომლობის პირობა, იგი ვალდებული იყო გარკვეული გონივრული ვადები განესაზღვრა მყიდველისათვის.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას, რა თქმა უნდა, ვარაუდობს, რომ ხელშეკრულების მეორე მხარე შეასრულებს თავის ვალდებულებას. თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ ნებისმიერმა მხარემ შეიძლება მოითხოვოს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი (სკ-ის 398-ე მუხლი).

 

სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით შეცვლილი გარემოებები ართულებს შესრულებას იმ დონემდე, რომ მისი შესრულების მოთხოვნა, როგორი გამართლებული საფუძველიც არ უნდა გააჩნდეს მეორე მხარეს, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ სიკეთეთა სამართლიანი (ეკვივალენტური) გაცვლისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს, რაც შეიძლება, განპირობებული იყოს, როგორც შესრულების ღირებულების გაზრდით, ისე - მისი შემცირებით. წინამდებარე შემთხვევაში, დადგენილია, რომ თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდაზე შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია კვლევა სახელშეკრულებო პირობის შეცვლილ გარემოებებთან მისადაგებასთან დაკავშირებით (ასეთის არსებობის შემთხვევაშიც), რაც სახელშეკრულებო პირობის მოდიფიცირებას ისახავს მიზნად, ამგვარი პირობის არარსებობის გამო.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „პ------ ო----ს“ უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „პ------ ო----ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება.

4. გადაწყვეტილება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა გოგიშვილი