განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.03.2018
საქმის ნომერი
020310016001485341
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
29.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020310016001485341

საქმე №3/ბ-415-2017წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

29 მარტი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

შემადგენლობა

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)

მურთაზ მეშველიანი, ხათუნა ხომერიკი

 

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) – გუ-------------ე (დაუსწრებლად)

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ვლ-----------------ე

წარმომადგენელი – გო---------ა

 

მესამე პირი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (დაუსწრებლად)

 

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების აღიარება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2016 წლის 29 აგვისტოს გუ-------------ემ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ვლ-----------------ისა და მესამე პირის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N3-5 გადაწყვეტილების და N3-9 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა უძრავ ქონებაზე ს.კ. 4----------- (მისამართი ქ. ზუგდიდი, კე----ს ქ. მე-2 ჩ, N1-ა). მოსარჩელემ ასევე მოითხოვა გუ-------------ის საკუთრების უფლების აღიარება სადავო ქონების მის კუთვნილ წილზე;

 

მოსარჩელის განმარტებით, გუ-------------ე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ.ზუგდიდში, კე----ს (იმჟამინდელი გე---------ს) მე-2 ჩიხი №1--ში. 1994 წელს დატოვა საქართველო და საცხოვრებლად გადავიდა რუსეთის ფედერაციაში, ხოლო მითითებულ მისამართზე საცხოვრებლად დარჩა მისი, მამის ლა--------------ს ძმის ედ------------ს შვილი ვლ-----------------ე, რომელსაც მემკვიდრეების თანხმობის გარეშე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სადავო გადაწყვეტილებით უკანონოდ მოუპოვებია უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება.

 

მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების გაზიარების შემთხვევაშიც სადავო ქონებაზე მისი პრეტენზია იყო უსაფუძვლო, რადგან იგი არ იყო სამკვიდროს მიმღები მემკვიდრე. მოპასუხის მტკიცებით ადმინისტრაციულმა ორგანომ მას კანონით დადგენილი წესით საკუთრებაში დაურეგისტრირა უძრავი ნივთი, რომელიც არ იყო აღრიცხული საჯარო რეესტრში ვინმეს საკუთრების უფლებით. ამ სახლში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ მისი ნათესავები, ხოლო მათი გარდაცვალების შემდეგ თვითონ - ოჯახთან ერთად.

 

მესამე პირი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. წერილობით შესაგებელში ის არ ეთანხმება სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლებს და განმარტავს, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით გუ-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამასთან სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1.1. 2016 წლის 18 ივლისს ვლ-----------------ემ განცხადებით მიმართა ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა თვითნებურად დაკავებულ (სარგებლობაში არსებულ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარება.

 

წარდგენილი მასალების და საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთია 614 მ2, შენობა-ნაგებობა საცხოვრებელი 89 კვ.მ. დამხმარე ნაგებობა 31 კვ.მ, დამხმარე ნაგებობა 11,9 კვ.მ. ქონების მისამართად დაფიქსირებულია ქ. ზუგდიდი, კე----ს ქუჩა მე-2 ჩ, 1- ა.

 

საკადასტრო აზომვით ნახაზზე მონიშნული ნივთი უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით რეგისტრირებული არ იყო საკუთრების უფლებით.

 

2016 წლის 26 ივლისს კომისიამ ზეპირი მოსმენით განიხილა განცხადება და დააკმაყოფილა დაინტერესებული პირის მოთხოვნა. აღიარა ვლ-------------------ს საკუთრების უფლება ქ.ზუგდიდში, კე----ს მე-2 ჩ N1-ა-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 614 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე - საცხოვრებელი სახლი 89 კვ.მ, დამხმარე ნაგებობა 31 კვ.მ, დამხმარე ნაგებობა 11,9 კვ.მ. განაშენიანების ფართზე.

 

კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა და ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ვლ-----------------ის საკუთრებაში შემდეგი მონაცემებით: საკადასტრო კოდი 4-----------, მისამართი - ქ. ზუგდიდი, სპ. კე----ს მე-2 ჩიხი N1-ა;

 

2.1.2. ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემებით მოსარჩელის მამკვიდრებლის - ლა--------------ს ქონებას წარმოადგენს ქ.ზუგდიდი, გე---------ს მე-2 ჩ N1--–ი მდებარე უძრავი ნივთი, რომელიც ვერ დაირეგისტრირა იმის გამო, რომ ეს ქონება რეგისტრირებული აქვს ვლ-----------------ეს ს/კ 4-----------.

 

სასამართლოს მოსაზრებით, სამკვიდროს საკუთრებაში რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრში მიმართვა და ამ გზით მხარეების მიერ მითითებული ნივთების იდენტურობა მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ასეთი მიმართვა გაკეთებული ჰქონდა, რაც საქმის მასალებით არ დადგინდა. სასამართლომ მისცა მოსარჩელეს დამატებითი ვადა მტკიცებულების წარმოსადგენად, თუმცა მხარემ მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.

 

მოსარჩელის მიერ მითითებული და საქმეში წარმოდგენილი ცნობა-დახასიათების მონაცემების მიხედვით ლა--------------ს სახელზე აღრიცხული ქ.ზუგდიდში გე---------ს მე-2 ჩიხი N1--–ი მდებარე უძრავი ნივთის მონაცემებია - მიწის ფართობი - 513 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი 147 კვ.მ, დამხმარე 28,20 კვ.მ. ეს მონაცემებიც არ ემთხვევა საჯარო რეესტრში ვლ-----------------ის საკუთრებაში აღრიცხულ მონაცემებს;

 

2.1.3. გუ-------------ე არის ლა--------------ს შვილი. ლა--------------ე გარდაიცვალა 2002 წლის 01 აგვისტოს. გარდაცვალების ადგილია რუსეთი, ქ. მოსკოვი. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცება, რომ გუ-------------ე სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეა. ამასთან საქმის მასალებით არ დადგინდა, რომ ვლ-----------------ის საკუთრებაში რეგისტრირებული ნივთი საკადასტრო კოდი 4-----------, მისამართი - ქ. ზუგდიდი, სპ. კე----ს მე-2 ჩიხი N1-ა შედის ლა--------------ს სამკვიდროში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლოს განმარტებით, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

ამავე კანონის მე–3 მუხლის პირველი პუნქტით კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოთა უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს. ასეთ ორგანოებად განსაზღვრულია შესაბამისი მუნიციპალიტეტში მოქმედი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მუხლი 4 – მიწის თვითნებურად დაკავების შემთხვევაში) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მუხლი 41 მიწის მართლზომიერი მფლობელობის შემთხვევაში).

 

სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებიდან ცხადია, რომ მოპასუხე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანო იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების უფლების აღიარების კომისია (რომლის უფლებამონაცვლეცაა მოპასუხე კომისია).

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გასაჩივრებული აქტის კანონთან წინააღმდეგობის მტკიცებას აფუძნებდა იმ ფაქტობრივ საფუძველზე, რომ ვლ-----------------ეს საკუთრებაში დაურეგისტრირეს მოსარჩელის კუთვნილი (მისი მამის სამკვიდროში შემავალი) ნივთი, რაც საქმის მასალებით არ დადასტურდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივარი წარადგინა გუ-------------ემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, შემდეგი საფუძვლებით:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში 4.2-ე პუნქტის მესამე აბზაცში მითითებული გარემოება მასზედ, რომ ,,მოსარჩელის მიერ მითითებული და საქმეში წარმოდგენილი ცნობა-დახასიათების მონაცემების მიხედვით ლა--------------ს სახელზე აღრიცხული ქ.ზუგდიდში გე---------ს მე-2 ჩიხი №1--–ი მდებარე უძრავი ნივთის მონაცემებია - მიწის ფართობი - 513 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი 147 კვ.მ, დამხმარე 28,20 კვ.მ. ეს მონაცემებიც არ ემთხვევა საჯარო რეესტრში ვლ-----------------ის საკუთრებაში აღრიცხულ მონაცემებს“ საქმის განხილვით უტყუარად დადგინდა, რომ მონაცემების სხვაობის მიუხედავად ერთი და იმავე უძრავ ქონებაზეა საუბარი. სწორედ ეს ქონება წარმოადგენს მამკვიდრებელ ლა--------------ს სამკვიდრო მასაში შემავლ ქონებას და იგი ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს მოსარჩელე გუ-------------ეს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით შეუძლებელია ობიექტურმა პირმა გააკეთოს ისეთი დასკვნა, როგორც მოცემულ საქმეზე გააკეთა სასამართლომ, რამაც განაპირობა საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების მიღება;

 

3.1.2. სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, მოცემულ საქმეზე გამოტანილი გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეფუძნება სასამართლო სხდომაზე განხილული მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტური განხილვის შედეგად გამოტანილ დასკვნას. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებაში მითითებული ნორმების გამოყენება მიზანშეწონილი მაშინ იქნებოდა, როცა დადგინდებოდა შესაბამისი ფაქტობრივი საფუძვლის არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში არსებული მტკიცებულებების ობიექტური შეფასებით სახეზე არ არის;

 

3.1.3. სააპელაციო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა სამართლის ნორმათა დარღვევით. სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ უსაფუძვლოდ მიუთითა, რომ კომისიამ ვლ-----------------ეს კანონიერად უღიარა საკუთრების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა და იგი უნდა გაუქმდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს რა ადმინისტრაციული სამართალწარმოების სპეციფიკას, ხაზს უსვამს იმ მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის მახასიათებელი ინკვიზიციურობის ელემენტი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დებულებიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის სავალდებულობას, რის საფუძველზეც, თითოეული მხარე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი მოთხოვნები, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილი და ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. პალატას მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება მის მიერვე მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

 

მოცემულ შემთხვევაში აპელანტი სარჩელის საფუძვლიანობას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N3-5 გადაწყვეტილებითა და N3-9 საკუთრების უფლების მოწმობით ვლ-----------------ის საკუთრებაში აღიარებული ქ. ზუგდიდში, კე----ს ქ. მე-2 ჩიხი, N1-ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის შესაბამისი წილი წარმოადგენდა მის სამკვიდრო ქონებას (მამის ლა--------------ს კუთვნილ ქონებას), თუმცა ამ მიმართებით მხარეს არც სამკვიდრო მოწმობა და არც ქონების მაიდენტიფიცირებელი რაიმე დოკუმენტი წარმოუდგენია.

 

პლატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

პალატა განმარტავს, რომ ესა თუ ის პირი სამართლებრივად მემკვიდრის სტატუსს იძენს მასზე მამკვიდრებლის ქონების, სამკვიდრო მასის გადასვლის მომენტიდან. შესაბამისად მემკვიდრეა ის პირი, ვინც მამკვიდრებლისაგან მიიღო ქონება. თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალხრივი გარიგებაა. იგი ისეთი იურიდიული მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას, ამასთან სამკვიდრო მოწმობა არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს.

 

მოცემულ შემთვევაში მხარეს არ წარმოუდგენია მისი მამის დანაშთი ქონების რაიმე ფორმით მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება, ამასთნ სადავო არაა ის გარემოება, რომ აპელანტს 1994 წლიდან სარჩელის სასამართლოში წარდგენამდე, ანუ 2016 წლამდე არ გამოუხატავს მისი სამართლებრივი პრეტენზია სადავო უძრავი ქონების მიმართ. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული და საქმეში წარმოდგენილი ცნობა-დახასიათების მონაცემების მიხედვით ლა--------------ს სახელზე აღრიცხული ქ.ზუგდიდში გე---------ს მე-2 ჩიხი №1--–ი მდებარე უძრავი ნივთის მონაცემები განსხვავდება საჯარო რეესტრში ვლ-----------------ის საკუთრებაში აღრიცხული მონაცემებისგან, რა მიმართებით მხარეს კანონით გათვალისწინებული რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

ამდენად სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა აღძრული სარჩელის საფუძვლიანობა, ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაასაბუთა დავაში მისი უფლებადამცავი ინტერესი, შესაბამისად სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხარჯები:

 

პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრი უსაფუძვლობის გამო უარყოფილია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის − 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის ვალდებულება აპელანტს ეკისრება, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-1- მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გუ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

 

მურთაზ მეშველიანი

 

ხათუნა ხომერიკი