განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.03.2018
საქმის ნომერი
330310116001653630
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
22.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310116001653630

საქმე N3ბ/2069-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

22 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე

მოსამართლეები - ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი

 

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,ო-------“;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;

წარმომადგენელი - თ---------------–-ძე;

 

მესამე პირი (16.2) - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - თ-------------ძე;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 7 დეკემბრის №---- განკარგულება, შპს ,,ო-------ს’’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ”;

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის არცერთი საფუძველი, რადგან სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი ყველა მოთხოვნის სრული დაცვით.

 

2.2. მესამე პირის, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

შპს ,,ო-------ს’’ სარჩელი მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, მესამე პირის, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე, 2016 წლის 31 აგვისტოს, ერთის მხრივ, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მეორეს მხრივ, შპს ,,ო-------ს’’ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №---, რომლის თანახმადაც, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სოფელი მ-----------დის და სოფელ ხ-----------ის გზის და სოფელ ხ-----------ის წყალმომარაგების რეაბილიტაცია. შესყიდვების კატეგორია 4------- - წყლისა და საკანალიზაციო მილსადენების მშენებლობა. შესყიდვების კატეგორია 4------- - გზების საფართან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სამუშაოები. სამუშაოები შესრულებული იქნება შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში დადებული ტექნიკური დავალების შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. სამუშაოების შესყიდვის ღირებულება შეადგენს 39999.95 (ოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარს. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს სამუშოების სრულყოფილ შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახდელებს.

 

დასახელებული ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოდგენილი სატენდერო წინადადებით განსაზღვრული სამუშაოები დაასრულოს 2016 წლის 31 ოქტომბერს. დასახელებული ხელშეკრულების 4.2 მუხლის თანახმად, სამუშაოების დასრულებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში იძლევა გარანტიას, საკუთარი სახსრებით დაუყოვნებლივ აღმოფხვრას ნებისმიერი გამოვლენილი წუნი თუ დეფექტი.

 

დასახელებული ხელშეკრულების 9.2 მუხლის თანახმად, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5% -ის ოდენობით, ხოლო თუკი ადგილი აქვს ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობას, პირგასამტეხლო შეადგენს ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0.5%. 9.3 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების 9.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა მიაღწევს მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. დასახელებული ხელშეკრულების 16.2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

4.2. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ -სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 24 ოქტომბრის №296/09 მოხსენებითი ბარათით, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ეცნობა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ო-------ს’’ შორის 2016 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა ხელშეკრულება №---, სოფელ მ-----------დის და სოფელ ხ-----------ის გზის და სოფელ ხ-----------ის წყალმომარაგების რეაბილიტაციის სამუშაოებზე. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 31.10.2016წ. სამუშოების შესყიდვის ღირებულება შეადგენს 39999.95 ლარს. შპს ,,ო-------ს’’ მიერ აღნიშნული სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა და აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვა დადებული ხელშეკრუკების შეწყვეტა.

 

4.3. მცხეთის მუნიციპალიტეტის გემგებლის 2016 წლის 01 ნოემბრის №4----- ბრძანებით (შპს ,,ო-------სა’’ და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის 2016 წლის 31 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული №--- ხელშეკრულების შეწყვეტის და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ), ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის და გეგმა გრაფიკის დარღვევის გამო 2016 წლის 24 ოქტომბერს შეწყდა შპს ,,ო-------სა’’ და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული №--- ხელშეკრულება (სოფ. მ-----------დის და სოფ. ხ-----------ის გზის და სოფ. ხ-----------ის წყალმომარაგების რეაბილიტაცია). ამავე ბრძანებით, შპს,,ო-------ს’’ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულების 0.5% 44 დღეზე (პირველი დეკადის დასრულებიდან 25 ოქტომბრამდე) 8800 ლარი.

 

4.4. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენილი იქნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 02 ნოემბრის №------- წერილობითი შეტყობინება, რომლითაც ეცნობა შპს ,,ო-------ს’’ (ს/კ 4--------) მიერ S----------- ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2016 წლის 31 აგვისტოს №--- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოითხოვა შპს ,,ო-------ს’’ შავ სიაში დარეგისტრირება.

 

4.5. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 07 დეკემბრის №---- განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად დაადგინა, რომ შპს ,,ო-------’’ (ს/კ: 4--------) 2016 წლის 8 დეკემბერს დარეგისტრირდა შავ სიაში.

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონზე და განმარტა, რომ ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის ,,ი1’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემდგომ კი სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის.

 

სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სრულად იქნა წარდგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა შპს ,,ო-------ს’’ მიერ ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული 2016 წლის 31 აგვისტოს №--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტს, აღნიშნული კი ადასტურებს იმას, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლოს განმარტებით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 07 დეკემბრის №---- განკარგულება შპს ,,ო-------ს’’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ” მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6. შპს „ო-------ს“ სააპელაციო მოთხოვნა:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

6.1. შპს „ო-------ს“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. საჩივრის ავტორის განმარტებით, საკმარისი არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიერ, მხოლოდ მიმწოდებლის ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნა.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1. მუხლზე, რომლის თანახმად, ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის ,,ი1’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე, 2016 წლის 31 აგვისტოს, ერთის მხრივ, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მეორეს მხრივ, შპს ,,ო-------ს’’ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №---, რომლის თანახმადაც შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა სოფელი მ-----------დის და სოფელ ხ-----------ის გზის და სოფელ ხ-----------ის წყალმომარაგების რეაბილიტაცია. შესყიდვების კატეგორია 4-------- წყლისა და საკანალიზაციო მილსადენების მშენებლობა. შესყიდვების კატეგორია 4------- გზების საფართან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სამუშაოები. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა 39999.95 (ოცდაცხტარმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარით. დასახელებული ხელშეკრულებით განისაზღვრა სამუშაოების დასრულების პერიოდი - 2016 წლის 31 ოქტომბერი.

 

პალატა მიუთითებს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ – შავი სია) – შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

 

პალატა განმარტავს, რომ თავის მხრივ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული იქნა შავი სიის წარმოების წესი და პირობები, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. აღნიშნული წესის 2.1 მუხლის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო შავ სიას აწარმოებს ელექტრონულად, საკუთარ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 მუხლის თანახმად, განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა)ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ბ)მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.

 

7.2. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 4.1 მუხლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენილი იქნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 02 ნოემბრის №------- წერილობითი შეტყობინება, რომლითაც ეცნობა შპს ,,ო-------ს’’ (ს/კ 4--------) მიერ S----------- ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2016 წლის 31 აგვისტოს №--- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოითხოვა შპს ,,ო-------ს’’ შავ სიაში დარეგისტრირება.

 

პალატა მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 5.12 მუხლზე, რომლის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წერილობითი შეტყობინების წარმოდგენიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია დამატებითი დრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა, სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი თვით. მე-5 პუნქტის თანახმად, წერილობითი შეტყობინების ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სააგენტო პრეტენდენტს/მიმწოდებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და მიმართავს მას განმარტების წარმოდგენის მოთხოვნით. განმარტებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ეთანხმება თუ არა პრეტენდენტი/მიმწოდებელი წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს და რა ნაწილში; ბ) თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი არ ეთანხმება წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს – კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც იგი აფუძნებს საკუთარ მსჯელობას. მე-6 პუნქტის თანახმად, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ განმარტების წარუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას. მე-9 პუნქტის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს ამ წესითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად. აღნიშნული წესის 7.1 მუხლის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ.

 

ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.

 

7.3. პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემდგომ კი სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სრულად იქნა წარდგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა შპს ,,ო-------ს’’ მიერ ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული 2016 წლის 31 აგვისტოს №--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტს. დასახელებული გარემოებები საბოლოო ჯამში მოწმობს იმას, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. რის გამოც სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ,,ო-------ს’’ მიმართ გამოეყენებინა შავ სიაში დარეგისტრირება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 07 დეკემბრის №---- განკარგულება შპს ,,ო-------ს’’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ” მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

7.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-6 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების წესზე, რომლის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში გაასაჩივრებს მის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც წარმოიშვა ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული გარემოებები და სასამართლო, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუზღუდავს სააგენტოს წერილობით შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება გაგრძელდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შემდეგ, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) სააგენტოსთვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებისთანავე.

 

განსახილველ შემთხვევაში როგორც მხარეთა განმარტებით ირკვევა, მოსარჩელეს ერთის მხრივ, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მეორეს მხრივ, შპს ,,ო-------ს’’ შორის 2016 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების №--- ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების საკითხი, სადავო განკარგულების გამოცემის დროისათვის სადავოდ არ ჰქონდა გამხდარი სასამართლოს წესით. აღნიშნულის გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს შეეჩერებინა ადმინისტრაციული წარმოება შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით.

 

7.5. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის იმ განმარტებას, რომ შპს ,,ო-------სათვის’’ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არ უცნობებია სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენილი მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილის შესახებ და ასევე არ უცნობებია ,,ო-------ს’’ შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 04 ნოემბრის №5019 წერილით დასტურდება, რომ შპს ,,ო-------ს’’ (ს/კ 4--------) ეცნობა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 02 ნოემბერს წარდგენილი მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის №------- წერილობითი შეტყობინების (რეგისტრაციის №9---) თაობაზე. შპს ,,ო-------ს’’ ასევე ეცნობა, რომ წანამდებარე წერილი და შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი შეტყობინება (3 გვერდი) გაეგზავნა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მის პროფილში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე olikooliko46@mail.ru

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მიმწოდებელს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მის პროფილში მითითებულ ინფორმაციის შემოწმებაზე, ამავე დროს რეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებული იყო მის მიერ მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადში მითითებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აესახა აღნიშნული ცვლილებები სისტემაში, ხოლო თავის მხრივ კი სააგენტო უფლებამოსილი იყო სისტემის რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის ოფიციალური კორესპონდენცია გაეზავნა სისტემაში მათ პროფილში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, კორესპონდენციის ჩაბარება დასტურდებოდა კორესპონდენციის ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაგზავნის შესახებ შედგენილი აქტით.

 

პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მიერ, შპს ,,ო-------ს’’ 2016 წლის 04 ნოემბერს გაეგზავნა წერილი სწორედ მის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მის პროფილში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, მიეცა მას უფლება მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად ეთხოვა წერილობითი განმარტების წარდგენა აღნიშნული წერილის მიღებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში, თუმცა დადგენილია, რომ აღნიშნულ ვადაში მას წერილობითი განმარტება სააგენტოში არ წარუდგენია.

 

7.6. პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.

 

პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.

 

პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა - განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება;

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ,,ო-------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 (ასორმოცდაათი) ლარი, დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლეები:

 

შოთა გეწაძე -

 

ილონა თოდუა -

 

გიორგი გოგიაშვილი -