განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N180100117002353777, №1/ბ-293-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 მაისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ-------------–---–ი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ზ-----------------------------ე, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მც----ის რაიონი, სოფელი მ-------ი;
ადვოკატი - ა-–-----------------ი.
კვალიფიკაცია:
ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.
განაჩენის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასჯელი:
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით, რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - მც----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო: წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რასაც მოწმობს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკაც. სასამართლომ განაჩენი დაადგინა არაპირდაპირ მტკიცებულებებზე, რაზე დაყრდნობითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - მც----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და ზ-----------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, შემდეგ გარემოებათა გამო: შ---------------–--ის ორსულობის ფაქტს ადასტურებდა ექსპერტის ჩვენება და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, შ---------------–--ე იყო 16 კვირის ორსული, რაც საკმარისი იყო წარდგენილი ბრალდებით ზ-----------ის მსჯავრდებისთვის (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ-----------ეს ბრალი წარედგინა ოჯახში ძალადობაში, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ და რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 00:30 საათზე, მც----ის რაიონის სოფელ მ-------ში, ზ-----------ემ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის ორსულ მეუღლეს შ---------------–--ეს, კერძოდ მუშტი დაარტყა სახის არეში, ხოლო ფეხი - მუცლის არეში, რის შედეგადაც შ---------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ-----------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 00:30 საათზე, მც----ის რაიონის სოფელ მ-------ში, ზ-----------ემ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს შ---------------–--ეს, კერძოდ მუშტი დაარტყა სახის არეში, ხოლო ფეხი - მუცლის არეში, რის შედეგადაც შ---------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მც----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენით, ზ-----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე. ზ-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით, რომლის მოხდისგანაც მთლიანად გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2017 წლის 25 თებერვლიდან 2017 წლის 1 მაისამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი.
სააპელაციო საჩივრების განხილვის შემდეგ პალატა დარწმუნდა, რომ მც----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენი კანონიერია, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ზ-----------ემ სასამართლოს არ მისცა ჩვენება, მოწმე თე--------- ჭ-----ემ კი უარი განაცხადა მისი შვილის - ზ-----------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
დაზარალებულმა შ---------------–--ემ სასამართლო სხდომაზე ასევე უარი განაცხადა ზ-----------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. მისი განმარტებით, მეუღლესთან შერიგებულია და ციხიდან გამოსვლის შემდეგ მასთან აქვს კარგი ურთიერთობა.
დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება სასამართლოს და არ არიან ქმედების თვითმხილველი სხვა მოწმეები, ირიბი ჩვენებები და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებები საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, რასაც სასამართლო ვერ დაეთანხმება.
თავდაპირველად, პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს.
ისეთი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, წარმოადგენს მოწმის უფლებას. აღნიშნული უფლებით სარგებლობა, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის ფაქტს. პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის პოზიციის მიღმა არსებულ მოტივებს, რაც, როგორც წესი, განპირობებულია ოჯახური დანაშაულის ხასიათით.
მოცემულ შემთხვევაში, სხდომაზე გამოცხადდა დაზარალებული შ---------------–--ე, რომელმაც ისე, რომ მისთვის კითხვა არავის დაუსვამს, განმარტა, რომ შერიგებულია მეუღლესთან. დაზარალებულმა საბოლოოდ არ მისცა ჩვენება, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადების თავდაპირველ ეტაპზე აღნიშნული პოზიცია მას დაფიქსირებული არ ჰქონდა.
როგორც აღინიშნა, მოწმის მიერ ახლო ნათესავის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება არ გამორიცხავს დანაშაულის არსებობას. შესაბამისად, პალატა იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად ბრალდების საფუძვლიანობაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მოწმე ქ-----------------–---–ი. მისი ჩვენებით, ზ-----------ე არის მისი ბიძა, რომელთანაც აქვს კარგი ურთიერთობა, ისევე, როგორც მის მეუღლესთან - შ---------------–--ესთან. 2017 წლის 25 თებერვალს იმყოფებოდა მც----ის რაიონის სოფელ მ-------ში, პაპასთან - თე--------- ჭ-----ესთან სტუმრად. საღამოს, მან გაიგონა ხმაური მეორე სართულიდან, სადაც იმყოფებოდნენ მხოლოდ ზ-----------ე, შ---------------–--ე და ბავშვები. პაპასთან ერთად ავიდა ზემოთ სართულზე და დაინახა განერვიულებული შ---------------–--ე, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე და მსუბუქი დაზიანება. შ---------------–--ემ მას უთხრა, რომ ზ-----------ემ ხელი გაარტყა. ამის შემდეგ მოვიდა სასწრაფო და საპატრულო პოლიციის დანაყოფი, რის შემდეგაც ზ-----------ე გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში. ზ-----------ეს პოლიციის განყოფილებაში გაჰყვა შ---------------–--ე და სახლში დაბრუნდა გვიან. მოწმემ განმარტა, რომ შ---------------–--ეს ერთ მხარეზე ლოყაზე აღენიშნებოდა სიწითლე და ტირილისგან ჰქონდა ჩაწითლებული თვალები.
სისხლის სამართლის საქმეში მოთავსებულია შეტყობინების რეგისტრაციის ბარათი N4-----, რომლის თანახმად, შეტყობინების ინიციატორი შ---------------–--ეა, ინციდენტის ტიპად კი მითითებულია ოჯახური ძალადობა. ამავე შეტყობინებით, ქალბატონს აქვს მეუღლესთან ჩხუბი და არის ცუდად.
მოწმე შ--–-----------–---–ი ის პირია, რომელსაც ერთ-ერთ პირველს ჰქონდა შეხება დაზარალებულთან. მისი ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს მც----ის რაიონული სამმართველოს მ-------ის პოლიციის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლად. 2017 წლის 25 თებერვალს მ-------ის პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება შ---------------–--ის მხრიდან, რომელმაც განაცხადა, რომ ზ-----------ე მასზე ახორციელებდა ოჯახურ ძალადობას. მივიდა შემთხვევის ადგილზე, გაესაუბრა შ---------------–--ეს და დაადასტურა მასზე მომხდარი ოჯახური ძალადობა. ამის შემდეგ გამოიძახა ექსპერტები, რომლებმაც დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. ზ-----------ე გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში, სადაც იგი დაიკითხა და მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, რის შემდეგაც დააკავეს. ასევე დაიკითხა შ---------------–--ე, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ძალადობა და განაცხადა, რომ ურთიერთობის დროს შელაპარაკების ნიადაგზე ზ-----------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და მასზე განახორციელა ოჯახური ძალადობა. ასევე დაიკითხა ზ-----------ის მამა და ზ-----------ის დის შვილი. გამოძიების ეტაპზე დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა შ---------------–--ის დაზიანებასთან დაკავშირებით. დასკვნის შედეგად, შ---------------–--ეს ჰქონდა მსუბუქი დაზიანება, რომელსაც არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მოშლა. შ--–-----------–---–მა განმარტა, რომ ჭ-----ეების ოჯახი იყო საკმაოდ კონფლიქტური, რასაც ჰქონდა სისტემატური სახე.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2017 წლის 25 თებერვალს, 03:30-დან 03:50 საათამდე პერიოდში, შ---------------–--ემ მონაწილეობა მიიღო დათვალიერებაში, რასაც ადასტურებს როგორც ხელმოწერა, ისე ოქმზე თანდართული ფოტომასალა.
დაკავების ოქმის თანახმად, ზ-----------ე ბრალდებულის სახით დაკავებულია 2017 წლის 25 თებერვალს 04:26 საათზე, მისი მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, პირადი შემოწმებით, შ---------------–--ეს 2017 წლის 27 თებერვალს თავის მიდამოში აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა კ--------------–-----–---–მა. მისი ჩვენებით, შ---------------–--ეს 2017 წლის 27 თებერვალს აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანება, რაც გამოწვეული იყო ბლაგვი საგნით. მას ექსპერტიზამდე წარედგინა ახალგორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გაცემული სამედიცინო ბარათი, სადაც აღნიშნული იყო, რომ შ---------------–--ეს აწუხებდა ტკივილი მარცხენა საზარდულის არეში, რაც გამოწვეული იყო ცემით. შემოწმების დროს თავის არეში მიღებული დაზიანება არ ეწინააღმდეგებოდა წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს, თუმცა დაზიანების საათობრივად განსაზღვრა არის შეუძლებელი.
დაცვის მხარის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ექსპერტმა ვერ განსაზღვრა დაზიანების მიყენების ზუსტი დრო (საათების მიხედვით), შესაბამისად, დაუზუსტებელი დაზიანება არ უნდა იქნეს გამოყენებული ზ-----------ის საწინააღმდეგოდ, პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს მოწმე ქ-----------------–---–ის ჩვენების შეფასების ნაწილშიც. მოწმის შეფასება, რომ შესაძლოა შ---------------–--ის სახეზე არსებული სიწითლე ყოფილიყო ტირილის შედეგი, უარყოფილია როგორც მოწმისათვის დაზარალებულის განმარტებით, ისე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. დასკვნის თანახმად, როგორც პირადი შემოწმებით, ისე სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების მიხედვით, დადასტურებულია შ---------------–--ის სახეზე დაზიანების არსებობა. კერძოდ: შ---------------–--ეს მარცხენა თვალბუდის მიდამოში აღენიშნებოდა მოიისფრო მოლურჯო ელფერის მქონე უსწორო ფორმის ცხვირის მარცხენა ფრთაზე და მარცხენა ყვრიმალის მიდამოზე გარდამავალი სისხლნაჟღენთი, ზომით 4,5 X 2,3 სმ. ასეთივე ფერისა და ფორმის სისხლნაჟღენთი აღენიშნება მარჯვენა თვალბუდის გარეთა კუთხესთან, ზომით 1 X 0,6 სმ. სამედიცინო დოკუმენტების მონაცემებით კი ასევე მითითებულია, რომ 2017 წლის 25 თებერვალს შ---------------–--ეს აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება. აწუხებდა ტკივილი მარჯვენა საზარდულის არეში და განმარტავდა, რომ დაშავებული იყო ცემის შედეგად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასამართლომ არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება და მიუთითა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი, როგორც მოწმის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს [...].თითოეული საგამონაკლისო შემთხვევის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის შეფასება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნების და ამ მიზნების მისაღწევად გამოყენებული საშუალებების კონტექსტში უნდა მოხდეს.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, არც ქ-----------------–---–ი და არც შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადებული დეტექტივ გამომძიებელი არ შესწრებიან ფაქტს, თუმცა, მათი ჩვენებები მნიშვნელოვანია, ვინაიდან გადმოსცემენ უშუალოდ ნანახს და დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, რაც, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, აუცილებელია აღნიშნული კატეგორიის საქმეთა განხილვის შემთხვევაში.
რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს (განჩინებებს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე), პალატა აღნიშნავს, რომ თითოეული სისხლის სამართლის საქმე თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ის გარემოება, რომ საკასაციო საჩივრების ნაწილმა ვერ გადალახა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ფარგლები, არ მიუთითებს წარდგენილ ბრალდებაში ზ-----------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანაზე.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების და ოჯახის წევრების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
ნიშანდობლივია, რომ ფიზიკურ ძალადობას ოჯახში, გააჩნია განსაკუთრებულად მძიმე ხასიათი და ასევე განსაკუთრებულად უარყოფითად აისახება როგორც მსხვერპლის ფსიქიკურ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ისე ბავშვების ნორმალურ ფსიქიკურ განვითარებაზე.
ჩვენების მიცემაზე უარის თქმამდე, შ---------------–--ემ განმარტა, რომ შერიგებულია მეუღლესთან. აღნიშნული განმარტება, შეტყობინება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოსურათებით, ექსპერტიზის დასკვნა, ქ-----------------–---–ის და შ--–-----------–---–ის ჩვენებები საკმარისია ოჯახში არსებული დაძაბული გარემოების და შედეგად ზ-----------ის მიერ შ---------------–--ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის დასადასტურებლად. ფაქტია, რომ შეტყობინება ძალადობის ფაქტის თაობაზე მიწოდებულია შ---------------–--ის მიერ. დაზიანების და ფიზიკური ტკივილის არსებობის ფაქტი დასტურდება შ--–-----------–---–ის და ქ-----------------–---–ის ჩვენებებით. ამ უკანასკნელის ჩვენებით დგინდება, რომ ხმაურის ხმაზე ზედა სართულზე ასვლისას იქ იმყოფებოდნენ მხოლოდ შ---------------–--ე და ზ-----------ე. ფაქტია, რომ დაზარალებულს დაზიანებებს ვერ მიაყენებდნენ მცირეწლოვანი ბავშვები. სწორედ ქ-----------------–---–ს უთხრა შ---------------–--ემ მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ, ხოლო დაზიანებების არსებობის ფაქტი კიდევ ერთხელ დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნამაც.
მართალია, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულს განცდილ ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით არ უსაუბრია, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიზიკური ტკივილი უნდა შეფასდეს არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებითაც. ის ფაქტი, რომ შ---------------–--ემ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გარანტირებული უფლებით, რომლის თანახმად, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, უპირობოდ არ გულისხმობს მოწმის ახლო ნათესავის გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში. შ---------------–--ემ მეუღლის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი, რაც მან დააფიქსირა ექიმთან, რაც ასახულია ექსპერტიზის დასკვნაში და მიყენებული დაზიანების ხასიათისა და ლოკალიზაციის გათვალისწინებით, ამყარებს რწმენას ფიზიკური ტკივილის განცდასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას დადასტურებულად მიაჩნია ზ-----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გთვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ოჯახში ძალადობის ჩადენა წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ
მც----ის რაიონულმა სასამართლომ, ზ-----------ე არ ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. სასამართლომ მიუთითა, რომ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ის ფაქტი, რომ ზ-----------ემ ძალადობა განახორციელა ორსული შ---------------–--ის მიმართ, ვინაიდან სამედიცინო დოკუმენტაცია ორსულობის შესახებ, წინასასამართლო სხდომაზე, 2017 წლის 19 აპრილის განჩინებით დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი.
ბრალდების მხარემ განმარტა, რომ შ---------------–--ის ორსულობის ფაქტს ადასტურებდა ექსპერტ კ--------------–-----–---–ის ჩვენება და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ შ---------------–--ე იყო 16 კვირის ორსული.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად.
თავდაპირველად პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლითაც კანონმდებელი დასჯად ქმედებად მიიჩნევს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებ(ებ)ის ჩადენას წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ და არა ზოგადად ორსული ქალის მიმართ. შესაბამისად, ქმედების აღნიშნული ნაწილით დაკვალიფიცირებისათვის სავალდებულოა, რომ ქმედების ჩამდენ პირს შეცნობილი ჰქონდეს ქალის ორსულობა.
პალატა არ გამორიცხავს შ---------------–--ის ორსულობის ფაქტს, ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებისას თავად დაზარალებულმა დაადასტურა ორსულობის ფაქტი, თუმცა, მხოლოდ აღნიშნული გარემოება ვერ გახდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ორსულობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებები ასევე არ წარმოადგენს საკმარისს ორსულობის ფაქტის შეცნობის შესახებ. ბრალდების მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებები (დასკვნა და ექსპერტ კ--------------–-----–---–ის ჩვენება), ისევე, როგორც სხვა მტკიცებულებები, არ ადასტურებენ ზ-----------ის მხრიდან მეუღლის ორსულობის წინასწარი შეცნობის ფაქტს, რის გამოც პალატას პროკურორის სააპელაციო საჩივარი მიაჩნია უსაფუძვლოდ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ზ-----------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების მსჯავრდებულის მიერ ჩადენას, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისი აღმოჩნდა მსჯავრდებისათვის.
სასჯელის დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ზ-----------ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ასორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ზ-----------ის მიერ მეუღლისთვის მიყენებული ფიზიკური ძალადობა არ იყო სისტემატური ხასიათის და მხოლოდ აღნიშნულ დღეს ჰქონდა ადგილი. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ზ-----------ის ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ამასთან, მხედველობაშია მისაღები მისი პატიმრობიდან გათავისუფლებიდან სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე არსებული პერიოდი. ზ-----------ე გათავისუფლდა 2017 წლის 1 მაისს, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შედეგად. გათავისუფლებიდან 1 წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, არ წარმოდგენილა მტკიცებულება, რაც სასჯელის გამკაცრების საფუძველი და მისი კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გახდებოდა. პალატა იმედოვნებს, რომ ზ-----------ისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მიღწევისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და მც----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენი ზ-----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ-----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-–-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
მც----ის რაიონული პროკურატურის პროკურორ გო---–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მც----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენი ზ-----------ის მიმართ.
ზ-----------ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე.
ზ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2017 წლის 25 თებერვლიდან 2017 წლის 1 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით ზ-----------ე მთლიანად გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე