განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.05.2018
საქმის ნომერი
330210017002203159
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002203159

საქმე №2ბ/1581-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა

 

სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - ოდ-–-----–-----–--ა

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნა-----------–-ა

წარმომადგენელი - მა------–---------ა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით ნა-----------–-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ოდ-–-----–-----–--ას გუ------–-----–--ას სასარგებლოდ, ალიმენტის სახით დაეკისრა სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 06 დეკემბრიდან) ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. მოსარჩელე ნა-----------–-ა და მოპასუხე ოდ-–-----–-----–--ა 2017 წლის აპრილის თვიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან საერთო მეურნეობას. არასრულწლოვანი გუ------–-----–--ა ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთად;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 06 თებერვლის სხდომის ოქმი);

მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 06 თებერვლის სხდომის ოქმი).

 

2.2. არასრულწლოვანი გუ------–-----–--ა, ორივე მშობლის შეთანხმებითა და გადაწყვეტილებით, 2015 წლის 01 ოქტომბრიდან ირიცხება შპს „ბ----------–----------–------–-------–------3“ და მისი ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 350 (სამას ორმოცდაათი) ლარს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 06 თებერვლის სხდომის ოქმი);

მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 06 თებერვლის სხდომის ოქმი);

შპს „ბ----------–----------–------–--------------3“-ის მიერ 2017 წლის 13 ოქტომბერს გაცემული ცნობა №6 (ს.ფ. 36).

 

2.3. მოსარჩელე ნა-----------–-ას და მოპასუხე ოდ-–-----–-----–--ას ერთმანეთთან აქვთ კონფლიქტი.

 

2017 წლის 15 ივნისს და 2017 წლის 15 აგვისტოს ოდ-–-----–-----–--ას მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერები. ორივე შემთხვევაში, ორდერის შედგენის საფუძველია ოდ-–-----–-----–--ას მიერ ნა-----------–-ას მიმართ სისტემატურად განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა ტელეფონის მეშვეობით. შემაკავებელი ორდერის საფუძველზე, ოდ-–-----–-----–--ას აეკრძალა მოსარჩელე ნა-----------–-ასთან საკომუნიკაციო საშუალებებით (ტელეფონი, ინტერნეტი) ურთიერთობა.

 

ნა-----------–-ა 2017 წლის 03 ოქტომბრიდან დღემდე, როგორც ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი სარგებლობს სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სტრუქტურული ერთეულის-თბილისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის სერვისებით, გარდა სადღეღამისო მომსახურებით;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნა-----------–-ას განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - აეკრძალა ოდ-–-----–-----–--ას დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში, ნა-----------–-ასთან, მათ შორის მის საცხოვრებელთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან, სადაც შეიძლება ნა-----------–-ა იმყოფებოდეს, 50 მეტრის რადიუსში მიახლოება და კონტაქტი. დამცავი ორდერი გამოიცა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 06 თებერვლის სხდომის ოქმი);

მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 06 თებერვლის სხდომის ოქმი).

2017 წლის 15 აგვისტოს შემაკავებელი ორდერი N------, 2017 წლის 15 ივნისის შემაკავებელი ორდერი №------ (ს.ფ. 21-22);

ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ 2017 წლის 09 ოქტომბერს გაცემული ცნობა №------- (ს.ფ. 23);

თ---–--ის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 12 ოქტომბრის მიმართვა N-------------, 2017 წლის 11 ოქტომბრის №----- დასკვნა (ს.ფ. 24-25);

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმე №3/6794-17 (ს.ფ. 26-32);

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმე №3/6794-17 (ს.ფ. 26-32).

 

2.4. 2017 წლის 12 სექტემბერს ოდ-–-----–-----–--ას მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის ძალითაც მას, არასრულწლოვან გუ------–-----–--ასთან (მსხვერპლთან) აეკრძალა 50 მეტრის რადიუსში მიახლოვება 30 დღის ვადით;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 06 თებერვლის სხდომის ოქმი);

მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 06 თებერვლის სხდომის ოქმი);

2017 წლის 12 ოქტომბრის შემაკავებელი ორდერი №------ (ს.ფ. 20).

 

სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.5. ნა-----------–-ას და ოდ-–-----–-----–--ას თანაცხოვრების პერიოდში, 2011 წლის 26 დეკემბერს, შეეძინათ შვილი გუ------–-----–--ა.

 

სასამართლო დაეყრდნო - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საბურთალოს სამსახურის მიერ 2011 წლის 30 დეკემბერს გაცემული დაბადების მოწმობა ნრ №------, აქტის ჩანაწერი №----------- (ს.ფ. 14).

 

2.6. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ნა-----------–-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და შეწყდა ქორწინება ოდ-–-----–-----–--ას და ნა-----------–-ას შორის, რეგისტრირებული 2011 წლის 04 ივნისს, სააქტო ჩანაწერი №8----------.

 

სასამართლო დაეყრდნო - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საქმე №2/13103-17 (ს.ფ. 15-18).

 

2.7. მოსარჩელე ნა-----------–-ა დასაქმებულია სს „ს----------–--------ში“. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით მოსარჩელე ნა-----------–-ას კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 3277.9 ლარს, თებერვლის თვეში - 3794.2 ლარს, მარტის თვეში - 2818.4 ლარს, აპრილის თვეში - 1984 ლარს, მაისის თვეში - 3095.2 ლარს, ივნისის თვეში - 3403.6 ლარს, ივლისის თვეში - 6435.1 ლარს, აგვისტოს თვეში - 3684.1 ლარს, სექტემბრის თვეში - 3424 ლარს, ოქტომბრის თვეში - 4952.5 ლარს და ნოემბრის თვეში - 2005.1 ლარს;

 

სასამართლო დაეყრდნო - სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 04 იანვრის N--------- მიმართვა, სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 04 იანვრის №--------- ცნობას, დანართი (ს.ფ. 86-88, 90-92).

 

2.8. ოდ-–-----–-----–--ა წარმოადგენს შპს „ინ–----------–--ის“ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით (2017 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით) ი.მ. ოდ-–-----–-----–--ას მიერ 2017 წელს მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 5264.41 (ხუთი ათას ორას სამოცდაოთხი ლარი და ორმოცდაერთი თეთრი) ლარს, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ოდ-–-----–-----–--ას დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის მარტის თვეში - 950 ლარს, 2017 წლის მაისის თვეში - 124.4 ლარს და ივნისის თვეში - 4190 ლარს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 22.03.2011 წელი (ს.ფ. 19, 149-150);

სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 18 დეკემბერს გაცემული ცნობა (ს.ფ. 67);

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 04 იანვრის N--------- მიმართვა, სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 04 იანვრის №--------- ცნობა, დანართი (ს.ფ. 86-89).

 

2.9. 2015 წლის 04 აგვისტოს ერთის მხრივ, ოდ-–-----–-----–--ას და მეორეს მხრივ, ლო-----------ას შორის დაიდო შეთანხმება სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ჩ-------–---ს მუნიციპალიტეტის ნ-----------ს თემის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ჯე------ი“-ს სახელზე მიღებული მანქანა-დანადგარები განაწილდა ოდ-–-----–-----–--აზე და ლო-----------აზე თანაბრად 50-50% თითოეულს; ამავე შეთანხმებით დადგინდა საბანკო დაწესებულებების წინაშე აღებული სასესხო დავალიანებების დაფარვის წესი.

 

სასამართლო დაეყრდნო - 2015 წლის 04 აგვისტოს შეთანხმება, 04.11.2015 წლის და 29.01.2016 წლის გადარიცხვის ქვითრები (ს.ფ. 151-154).

 

სასამართლოს მითითებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დღეის მდგომარეობით მოპასუხე ოდ-–-----–-----–--ას მიერ სამეწარმეო საქმიანობის წარმოებასა და ამ საქმიანობის შედეგად შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა.

 

2.10. ნა-----------–-ას სს „ს----------–--------ში“ გახსნილი ანგარიშებიდან, 01.01.2010 წლიდან 05.12.2017 წლამდე პერიოდში, შესრულებული აქვს ფულადი გადარიცხვები ოდ-–-----–-----–--ას და იზოლდა კვარაცხელიას სახელზე გახსნილ ანგარიშებზე;

 

სასამართლო დაეყრდნო - სს „ს----------–--------ის“ მიერ 2017 წლის 06 დეკემბერს გაცემული ცნობა, დანართი (ს.ფ. 118-123).

 

2.11. არასრულწლოვანი გუ------–-----–--ა ირიცხება საფეხბურთო კლუბში „თ---–--ი“, სადაც ყოველ 12 გაკვეთილზე 28 დღის განმავლობაში საფასური შეადგენს 120 (ასოცი) ლარს.

 

გუ------–-----–--ა დადის შპს „გ------------ის“ საჭყუმპალაოში, ცურვის გაკვეთილებზე სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი 10:00 საათიდან 10:45 საათამდე. მისი სწავლების გადასახადი თვეში 60 (სამოცი) ლარია.

 

არასრულწლოვანი გუ------–-----–--ა ასევე სწავლობს ლ-----------ში სასწავლო კურსზე STEM რობოტექნიკის მიმართულებით, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 105 (ას ხუთი) ლარს;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საფეხბურთო კლუბი „თ---–--ის“ მიერ 2017 წლის 16 ოქტომბერს გაცემული ცნობა (ს.ფ. 33);

- 2017 წლის 18 მაისის ხელშეკრულება №------- (ს.ფ. 34);

- შპს „გ------------ის“ მიერ 2017 წლის 12 ოქტომბერს გაცემული ცნობა (ს.ფ. 35);

- შპს „ლ------------ს“ მიერ 2017 წლის 23 ოქტომბერს გაცემული ცნობა (ს.ფ. 37).

 

მოპასუხე მხარის განმარტებით, არც მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში ჰქონდა ინფორმაცია და მისთვის ამჟამადაც არ არის ცნობილი, არასრულწლოვანი გუ------–-----–--ა იღებს თუ არა აღნიშნულ აქტივობებში მონაწილეობას. მოპასუხე ოდ-–-----–-----–--ა აღნიშნავს, რომ ბავშვი დაინტერესებული იყო ცურვის გაკვეთილებზე სიარულით და მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში დადიოდა კიდევაც ცურვაზე, თუმცა გადასახადის ოდენობის თაობაზე ის ინფორმირებული არ იყო.

 

მოსარჩელე ნა-----------–-ამ ვერ უზრუნველყო იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა რომ არასრულწლოვან გუ------–-----–--ას კვებისათვის თვეში სჭირდება 300-500 (სამასიდან-ხუთასი) ლარამდე, სამოსისათვის - 300 (სამასი) ლარი, ხოლო ტრანსპორტირებისათვის - 200 (ორასი) ლარი.

 

2.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით, არასრულწლოვან გუ------–-----–--ას (დაბადებული 2011 წლის 26 დეკემბერს) საცხოვრებლად ადგილად განისაზღვრა დედის, ნა-----------–-ას საცხოვრებელი ადგილი მის სრულწლოვანების მიღწევამდე, ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

 

სასამართლო დაეყრდნო - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის ნაწილობრივ გადაწყვეტილებას, საქმე №2/34158-17 (ს.ფ. 128-129).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ნა-----------–-ა და ოდ-–-----–-----–--ა 2017 წლის აპრილის თვიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან საერთო მეურნეობას. არასრულწლოვანი გუ------–-----–--ა ცხოვრობს მოსარჩელესთან ნა-----------–-ასთან ერთად. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ნა-----------–-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და შეწყდა ქორწინება ოდ-–-----–-----–--ას და ნა-----------–-ას შორის, რეგისტრირებული 2011 წლის 04 ივნისს, სააქტო ჩანაწერი №8----------. უდავოა, რომ არასრულწლოვანი გუ------–-----–--ა, მშობელთა გადაწყვეტილებითა და შეთანხმებით, 2015 წლის 01 ოქტომბრიდან ირიცხება შპს „ბ----------–----------–------–--------–------3“ და მისი ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 350 (სამას ორმოცდაათი) ლარს.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლზე რომლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით, არასრულწლოვან გუ------–-----–--ას (დაბადებული 2011 წლის 26 დეკემბერს) საცხოვრებლად ადგილად განისაზღვრა დედის, ნა-----------–-ას საცხოვრებელი ადგილი მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

 

მოსარჩელე ნა-----------–-ა დასაქმებულია სს „ს----------–--------ში“. საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით მოსარჩელე ნა-----------–-ას უფიქსირდება კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები.

 

მოპასუხე ოდ-–-----–-----–--ა წარმოადგენს შპს „ინ–----------–--ის“ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით (2017 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით) ი.მ ოდ-–-----–-----–--ას მიერ 2017 წელს მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 5264.41 (ხუთი ათას ორას სამოცდაოთხი ლარი და ორმოცდაერთი თეთრი) ლარს. მოპასუხის განმარტებით, იგი ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული, არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 04 აგვისტოს შეთანხმება, რომლითაც ერთის მხრივ, ოდ-–-----–-----–--ა და მეორეს მხრივ, ლო-----------ა შეთანხმდნენ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ასევე, საბანკო დაწესებულებების წინაშე არსებულ სასესხო დავალიანების დაფარვის წესზე. თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთხსენებული შეთანხმება, რომელიც დადებულია მოპასუხე მხარესთან, შეეხება 2015 წელს არსებულ მდგომარეობას და არ ასახავს მიმდინარე პერიოდისათვის ოდ-–-----–-----–--ას სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულობასა და ამ საქმიანობიდან მატერიალური შემოსავლის მიღების ფაქტს. სასამართლო აქვე აღნიშნა, რომ კონკრეტულ საწარმოში წილის მფლობელობად მოპასუხის რეგისტრაციის ფაქტი თავისთავად არ გულისხმობს აღნიშნული საწარმოდან შემოსავლის მიღებას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია. მნიშვნელოვანია მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს სამეწარმეო საქმიანობის შედეგად აქვს საკმარისი შემოსავალი, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დღეის მდგომარეობით მოპასუხე ოდ-–-----–-----–--ას მიერ დასაქმებას და შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა.

 

მშობლებს აქვთ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. დადგენილია, რომ მოპასუხე ოდ-–-----–-----–--ას კმაყოფაზე, გარდა არასრულწლოვანი გუ------–-----–--ას, სხვა პირი არ იმყოფება.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ“. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

 

მოპასუხე ოდ-–-----–-----–--ა, თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, თანახმაა, არასრულწლოვანი გუ------–-----–--ას ალიმენტის სახით გადაიხადოს 100 (ასი) ლარი. მას სადავო არ გაუხდია ის ფატი, რომ მასთან ერთად ცხოვრების პერიოდში არასრულწლოვანი იყო, და ეხლაც არის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღსაზრდელი, რომლის გადასახადი ყოველთვიურად შეადგენს 350 (სამას ორმოცდაათი) ლარს, ასევე ის ფაქტიც, რომ ამ ადასახადს იხდიდა მხარეთა ერთად ცხოვრების პერიოდში. ამდენად, მოპასუხე მხარე აღიარებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი) ერთერთი მშობლის მხრიდან არასრულწლოვანის ინტერესებისათვის ყოველთვიურად 275 (ორას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობის თანხის გადახდის აუცილებლობას (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისათვის თითოეული მშობლისაგან ყოველთვიური გადასახადი თანხა შეადგენს 175 ლარს).

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არასრულწლოვანი გუ------–-----–--ა ირიცხება საფეხბურთო კლუბში „თ---–--ი“, სადაც ყოველ 12 გაკვეთილზე 28 დღის განმავლობაში საფასური შეადგენს 120 (ასოცი) ლარს. გუ------–-----–--ა დადის ასევე შპს „გ------------ის“ საჭყუმპალაოში, ცურვის გაკვეთილებზე სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი 10:00 საათიდან 10:45 საათამდე. მისი სწავლების გადასახადი თვეში 60 (სამოცი) ლარია. არასრულწლოვანი დამატებით სწავლობს ლ-----------ში სასწავლო კურსზე STEM რობოტექნიკის მიმართულებით, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 105 (ასხუთი) ლარს. მითითებული აქტივობების საფასურის უზრუნველსაყოფად, თითოეული მშობლის წილი თანხა შეადგენს ყოველთვიურად საშუალოდ 142.5 ლარს.

 

ამდენად, თითოეული მშობლის მიერ არასრულწლოვანი გუ------–-----–--ას რჩენა აღზრდისათვის საჭირო თანხა ყოველთვიუარდ შეადგენს თავად ბავშვის ცხოვრების რეჟიმის გათვალისწინებით, რომელსაც იგი შეჩვეულია, და რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს (საწინააღმდეგო არ დაუმტკიცებია მოპასუხეს) 317.5 (სამას ჩვიდმეტი და ორმოცდაათი) ლარს (142.5 ლარისა და 175 ლარის ჯამი).

 

მოპასუხემ არ უარყო ბავშვისათვის კვების, სამოსის და აქტივობების აუცილებლობას, მაგრამ არ დაუსახელებია თუ რა თანხა იყო საჭირო მის უზრუნველსაყოფად. ამავე დროს აღნიშნა, რომ კვებისათვის 100 (ასი) ლარი არ იყო საკმარისი. შესაბამისად, სასამართლომ ბავშვისათვის, ზემო აღნიშნულ ყოველთვიურად საჭირო 317.5 (სამას ჩვიდმეტი და ორმოცდაათი) ლართან ერთად, უნდა გაითვალისწინოს, სულ მცირე, ბავშვისათვის აუცილებელი კვების, სამოსის ხარჯიც. რომელთან ერთად, გუ------–-----–--ას რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად საჭირო ხარჯი, თითოეული მშობლის მხრიდან შეადგენს საშუალოდ 500 (ხუთასი) ლარს. სასამართლომ მხედველობაში მიიღო (კვების, სამოსის, ტრანსპორტის ხარჯის დასადგენად) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 06.02.2018წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობის მაქსიმუმი შეადგენს იანვრის თვისათვის 175 (ას სამოცდათხუთმეტი) ლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ საარსებო მინიმუმის გადახდის ვალდებულება აქვს ორივე მშობელს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ორივე მშობელს შესწევს უნარი, უზრუნველყოს მტკიცებულებებით დადასტურებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის საჭირო ხარჯი. მოპასუხე მხარის თაობაზე საქმეზე წარმოდგენილი ინფორმაციიდან ნათელია, რომ მას თავისი გამოცდილებითა და ფიზიკური მდგომარეობით, შესწევს უნარი იყოს დასაქმებული, გამოიმუშაოს თანხა თავისი შვილის აღზრდის უზრუნველსაყოფად (მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოპასუხეს ამ ეტაპისათვის არ უფიქსირდება სტაბილური შემოსავალი, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, გამოიკვეთა მისი პოტენციალი და შესაძლებლობა სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელებისა და ამავე სფეროში კვლავ დასაქმებისა. გათვალისწინებული უნდა იქნეს მოპასუხის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, ადრინდელი შემოსავლის ოდენობა თუ სხვადასხვა წყაროებიდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა). სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. შესაბამისად, ბავშვის აღზრდისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის ასაკის და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით და მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი გუ------–-----–--ას სასარგებლოდ ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 500 (ხუთასი) ლარით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილებაში უდაო ფაქტობრივ გარემოებად არასწორადაა მითითებული ოდ-–-----–-----–--ას მიმართ შემაკავებელი ორდერის გაცემა გუ------–-----–--ასთნ მიმართებაში. ვინაიდან შემაკავებელი ორდერი №------ გაუქმებულ იქნა სასამართლოს მიერ 2017 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით.

 

3.2. აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია ალიმენტის 500 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში, ვინაიდან მისი შემოსავალი შეადგენს 400 ლარს და ისიც არასტაბილურად, ხოლო მოსარჩელის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 2500 ლარს. ასეთი მოცემულობის შემთხვევაში 500 ლარის დაკისრება სცილდება ყოველგვარ დასაბუთებულობას და უსამართლობის დაკანონებაა. არ არის სავალდებულო ბავშვმა იაროს ფასიან საბავშვო ბაღში.

 

3.3. აპელანტის მოსაზრებით, ბავშვის დამატებით წრეებზე ტარება მიმართულია ალიმენტის ოდენობის გაზრდისკენ. სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად და სრული მოცულობით მაქსიმალურობის ზედა ზღვარის დონეზე დააკისრა ალიმენტი და ორივე მეუღლეზე არ გადაანაწილა ბავშვის აღზრდისთვის საჭირო ხარჯები. აპელანტი მიიჩნევს, რომ მას ალიმენტის სახით გადასახდელად უნდა დაკისრებოდა მხოლოდ 200 ლარი, რაც იქნებოდა გონივრული და სამართლიანი ოდენობა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.-2.12. პუნქტები).

 

4.2. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი სადავოდ ხდის მისთვის დაკისრებულ ალიმენტის ოდენობას მისი ყოველთვიური შემოსავლის სიმცირიდან გამომდინარე.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები გააჩნიათ. სსკ-ის 1202-ე მუხლის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები. კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელი არ მუშაობს და ამიტომ არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნას. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე, ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, პალატა ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: არასრულწლოვანი გუ------–-----–--ა ცხოვრობს დედასთან - ნა-----------–-ასთან ერთად; არასრულწლოვანი გუ------–-----–--ა სწავლობს შპს „ბ----------–----------–------–-------–------3“, სადაც ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 350 ლარს; გუ------–-----–--ა ირიცხება საფეხბურთო კლუბში „თ---–--ი“, სადაც ყოველ 12 გაკვეთილზე 28 დღის განმავლობაში საფასური შეადგენს 120 (ასოცი) ლარს. გუ------–-----–--ა დადის შპს „გ------------ის“ საჭყუმპალაოში, ცურვის გაკვეთილებზე სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი 10:00 საათიდან 10:45 საათამდე, სადაც გადასახადი თვეში 60 (სამოცი) ლარია. არასრულწლოვანი ასევე სწავლობს ლ-----------ში სასწავლო კურსზე STEM რობოტექნიკის მიმართულებით, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 105 (ას ხუთი) ლარს. გარდა ხსენებული გადასახდელებისა, არასრულწლოვან გუ------–-----–--ას ესაჭიროება კვება, ჩაცმა და ჰიგიენური პირობებით უზრუნველყოფა.

 

მოსარჩელე ნა-----------–-ა დასაქმებულია სს „ს----------–--------ში“. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით მოსარჩელე ნა-----------–-ას კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 3277.9 ლარს, თებერვლის თვეში - 3794.2 ლარს, მარტის თვეში - 2818.4 ლარს, აპრილის თვეში - 1984 ლარს, მაისის თვეში - 3095.2 ლარს, ივნისის თვეში - 3403.6 ლარს, ივლისის თვეში - 6435.1 ლარს, აგვისტოს თვეში - 3684.1 ლარს, სექტემბრის თვეში - 3424 ლარს, ოქტომბრის თვეში - 4952.5 ლარს და ნოემბრის თვეში - 2005.1 ლარს.

 

ოდ-–-----–-----–--ა წარმოადგენს შპს „ინ–----------–--ის“ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს; სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით (2017 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით) ი.მ. ოდ-–-----–-----–--ას მიერ 2017 წელს მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 5264.41 (ხუთი ათას ორას სამოცდაოთხი ლარი და ორმოცდაერთი თეთრი) ლარს, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ოდ-–-----–-----–--ას დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის მარტის თვეში - 950 ლარს, 2017 წლის მაისის თვეში - 124.4 ლარს და ივნისის თვეში - 4190 ლარს.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა ყოველთვიურად 500 ლარი წარმოადგენს მაღალ ოდენობას ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის დადასტურებული შემოსავლების მხედველობაში მიღებით, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი უნდა შემცირდეს 130 ლარით და საბოლოოდ, ოდ-–-----–-----–--ას არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა 370 ლარის ოდენობით, რა ოდენობაც სააპელაციო პალატას ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკმარისად მიჩნია ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის სათანადო პირობების შესაქმნელად.

 

აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვების მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვებს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.

 

პალატის მოსაზრებით, შვილების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ალიმენტის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი, კერძოდ, გუ------–-----–--ა არის 6 წლის, შესაბამისად, მისი ასაკის ზრდასთან ერთად მატულობს მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ოდენობაც. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ მოთხოვნილი ალიმენტის შემცირება 200 ლარამდე არ შეიძლება ჩაითვალოს იმ გონივრულ ოდენობად, რაც აუცილებელია არასრულწლოვნისათვის ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების შესაქმნელად.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, ასევე, ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იქნება 370 ლარი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ ოდ-–-----–-----–--ას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. ვინაიდან ოდიშერ ლაგვილავას სააპელაციო საჩივარზე ზედმეტად აქვს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი, მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან უნდა დაუბრუნდეს 69 ლარი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილი);

 

6.2. რადგან ოდიშერ ლაგვილავას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნა-----------–-ას ოდ-–-----–-----–--ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად - 32.5 ლარის ოდენობით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები).

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ოდ-–-----–-----–--ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნა-----------–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. მოპასუხე ოდ-–-----–-----–--ას თავისი არასრულწლოვანი შვილის გუ------–-----–--ას სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 06 დეკემბრიდან) მის სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად 370 (სამას სამოცდაათი) ლარის ოდენობით.

5. ოდ-–-----–-----–--ას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2018 წლის 02 მარტს თეიმურაზ მაისურაძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 144.00 ლარიდან 69 ლარი.

6. ნა-----------–-ას ოდ-–-----–-----–--ას სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად - 32.5 ლარის ოდენობით.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა