განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №190315417002072600
საქმე №3ბ/509-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
15 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე- შოთა გეწაძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - თ--------–---–-;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შ----- ს---------ი
მესამე პირი (ა.ს.კ. 16.2) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება;
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 05 აპრილის №8--------------, 2017 წლის 26 აპრილის №8-------------- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, 2017 წლის 10 მაისის №8--------------, 2017 წლის 19 მაისის №8--------------, 2017 წლის 29 მაისის №8-------------- სარეგისტრაციო მიმდინარეობის შესახებ და 2017 წლის 13 ივლისის №2----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებები და მოპასუხეს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. მესამე პირის პოზიცია:
მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს, აღნიშნა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
შ----- ს---------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 13 ივლისის №2----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი აქტი.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
5.1.1. 2002 წლის 5 აპრილის №1--- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით, შ----- ს---------ს გარდაბნის რაიონის სოფელ ა-------–--- საკრებულის მიწის რეფორმის კომისიის მიერ, 2002 წლის 18 აპრილის №1- დადგენილების საფუძველზე გამოეყო 0,11 ჰა ფართის მიწის ნაკვეთი გარდაბნის რაიონი, სოფელ ყ--------–---ში (ტ. I, ს.ფ. 34).
5.1.2. მოსარჩელემ 2017 წლის 31 მარტს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გარდაბანი, სოფელ ყ--------–---ში მდებარე მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით (ტ. I, ს.ფ. 104-106).
5.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 აპრილის №8------------03 გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ წარსადგენია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს №3-- დადგენილებასთან შესაბამისობაში მყოფი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 აპრილის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8-------------- გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ №1----- მიმართვით გამოითხოვა ინფორმაცია და სარეგისტრაციო წარმოება განახლდება 2017 წლის 26 აპრილის №1----- მიმართვაზე პასუხის მიღებისთანავე. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მას თავად შეუძლია დამატებით წარადგინოს უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 2017 წლის 10 მაისის №8-------------- გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება გადავადდა დამატებით გამოთხოვილი ინფორმაციის სრულად დაბრუნებამდე (ტ. I, ს.ფ. 36-38).
5.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 მაისის №8-------------- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელეს მოეთხოვა უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა ან თანხმობა აღიარების კომისიაზე გადასაგზავნად. 2017 წლის 29 მაისის №8-------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება გადავადდა იმ საფუძვლით, რომ მიღება-ჩაბარების აქტი გაცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ. 2017 წლის 29 ივნისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №8-------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია (ტ. I, ს.ფ. 122-124).
5.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 მაისის №8-------------- გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 13 ივლისის №2----- გადაწყვეტილებით შ----- ს---------ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ განცხადებას დართული №1--- მიღება-ჩაბარების აქტი, არ წარმოადგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონის შესაბამისად გაცემულ დოკუმენტს, რადგან გაცემულია 1999 წლის შემდგომ (ტ. I, ს.ფ. 13-19).
5.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
5.2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 13 ივლისის №2----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებული იქნა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი მიიჩნია არაუფლებამოსილი პირის მიერ გაცემულად, თუმცა მასალები არ გადაუგზავნია საგამოძიებო ორგანოში სიყალბის დასადგენად; ადმინისტრაციული ორგანოდან არ გამოუთხოვია №1--- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველი, მაშინ როდესაც ხსენებული დოკუმენტი გაცემულია 2002 წლის 05 აპრილს, ხოლო საფუძველს წარმოადგენს სოფელი ა-------–--- საკრებულოს 2002 წლის 18 აპრილის №1- დადგენილება, ოქმი №-.
სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად, მოპასუხეს არ შეუმოწმებია დოკუმენტის ნამდვილობა, არ გამოუთხოვია მტკიცებულებები. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არის არასაკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად.
6. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა _ შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ შეასრულა კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობები, რის შედეგადაც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 13 ივლისის №2----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, მოპასუხის მიერ ყურადღება არ გამახვილებულა იმ გარემოებაზე, რომ 2002 წლის 05 აპრილის №1--- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც, შ----- ს---------ს გარდაბნის რაიონის სოფელ ა-------–იას საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის მიერ გამოეყო 0,11 ჰა მიწის ნაკვეთი გარდაბნის რაიონი, სოფელ ყ--------–---ში, წარმოადგენდა თუ არა კანონის საფუძველზე უფლებამოსილი პირის მიერ უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს. მოპასუხე მხარეს ადმინისტრაციული ორგანოდან ასევე არ გამოუთხოვია №1--- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველი, მაშინ როდესაც ხსენებული დოკუმენტი გაცემულია 2002 წლის 05 აპრილს, ხოლო საფუძველს წარმოადგენს სოფელი ა-------–--- საკრებულოს 2002 წლის 18 აპრილის №- დადგენილება, ოქმი №-. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არქვიდან არ გამოუთხოვია ინფორმაცია რეგისტრაციის საფუძვლის, 2002 წლის 05 აპრილის №1--- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის არქივში დაცვის შესახებ; ადმინისტრაციულ ორგანოს „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ" და ,,თ1" ქვეპუნქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე არ შეუჩერებია სარეგისტრაციო წარმოება სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნის საფუძვლით.
სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო - მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. ხელახლა, კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა კანონის მოთხოვნათა დაცვით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განიხილოს და იმსჯელოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შესახებ.
7. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო მოთხოვნა:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, რომ №8----------- განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან №1----- წერილით გამოთხოვილ იქნა გარდაბნის რაიონის სოფელ ყ--------–---ში მოქალაქე შ----- ს---------ის (პირადი ნომერი 1----------) კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია, 2007 წლამდე მდგომარეობით.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 04 მაისის №2------------ წერილზე, რომლის თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ყ--------–---ის საკრებულოში მდებარე უძრავ ნივთთან დაკავშირებით დაცულია 2002 - 2007 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები, მაგრამ აღნიშნულ სიებში შ----- ს---------ი არ ფიქსირდება.
აპელანტი ასევე მიუთითებს საქართველოს ეროვნული არქივის №1------- წერილზე, რომლის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის ა-------–--- საკრებულოს სოფელ ყ--------–---ის 1986 - 1995 წლების (რეკვიზიტები შევსებულია 1996 წლის ჩათვლით) საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ს--------- ი-----– ო------ ო--–-. კომლის წევრები არიან შემდეგი პირები: ს---------ა ს------ მ----- (დოკუმენტში ასეა) - ცოლი, ს--------- შ----- ი-----– (დოკუმენტში ასეა) - შვილი, ს---------ა ე-–------ ი-----– კ (დოკუმენტში ასეა) - შვილი, ს---------ა ე------ ი-----– (დოკუმენტში ასეა) - შვილი, ს--------- ს---- ი-----– (დოკუმენტში ასეა) - შვილი. 1986 - 1990 წლებში კომლს ერიცხება 1986 წელს აშენებული 80 კვ.მ საცხოვრებელი სახლი (1991-1996 წლებში სახლზე მონაცემები არ არის), 1987-1990 წლებში - 0.04 ჰა მიწის ნაკვეთი (1986 და 1991-1996 წლებში მიწა არ ფიქსირდება). გარდაბნის რაიონის ყ--------–---ის საკრებულოს სოფელ ყ--------–---ის 1997-2001 წლების (რეკვიზიტები შევსებულია 2006 წლის ჩათვლით) საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ს--------- შ----- ი-----– ო--–-. საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი არ ფიქსირდება. გარდაბნის რაიონის ყ--------–---ის საკრებულოს სოფელ ყ--------–---ის 2007 წლის საკომლო წიგნები, 1992 - 2007 წლების მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწების ზონარგაყრილი წიგნები, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის საგადასახადო სიები, მებაღეობის დოკუმენტები (მიმაგრების ტალონები, მებაღის წიგნაკები), მიწის განაწილების (იგივე სარეფორმო) სიები ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცული არ არის.
აპელანტი მიიჩნევს, რომ ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი არ ყოფილა, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ვერ იქნა მოძიებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, სააგენტომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში დოკუმენტაციის გადაგზავნასთან დაკავშირებით მოითხოვა უფლების დამდგენი დოკუმენტაციის ან თანხმობის წარდგენა, რაც შ----– ს---------ს არ განუხორციელებია.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სააგენტოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდა საგამოძიებო ორგანოში მასალების არგადაგზავნა, ასევე ის გარემოება, რომ სააგენტოს მიერ დამატებით გამოთხოვილ არ იქნა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძვლად არსებული დადგენილება (ოქმი).
აპელანტი განმარტავს, რომ სააგენტო არ წარმოადგენს იმ ორგანოს, რომელმაც უნდა იკვლიოს და დაადგინოს დოკუმენტის სიყალბე, ამასთან, მის ფუნქციებში არ შედის მიღება-ჩაბარების აქტის, როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაუქმებაზე მსჯელობა. აპელანტის აზრით, განსახილველ შემთხვევაში, 1999 წლის 1 თებერვლის შემდეგ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება სარეგისტრაციო დოკუმენტი. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომლის ძირითადი ფუნქცია რეგისტრაცია და უფლებრივი მდგომარების ფიქსაციაა, არ იყო ვალდებული გადაეგზავნა მიღება-ჩაბარების აქტი საგამოძიებო ორგანოში.
აპელანტი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, ამიტომ სააგენტოს მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
8.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შ----- ს---------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, კერძოდ, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 13 ივლისის №2----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შესაფების შემდეგ გამოეცა ახალი აქტი. ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტისას, პალატამ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა იმსჯელოს, თუ რამდენად იყო სახეზე აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე და ამასთან, რამდენად იყო საკმარისი შ----- ს---------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ან/და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებების გამოკვლევა რამდენად გამოიწვევდა საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას.
საქმის მასალების მიხედვით, შ----- ს---------ი საკუთრების უფლების რეგისტრაციას მოითხოვდა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. აღნიშნული კანონის შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციას, როგორც საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ასევე მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ახორციელებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომ – კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ შ----- ს---------მა თანხმობა არ გამოთქვა მისი საკითხი განეხილა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შ----- ს---------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უნდა ემსჯელა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტისა ან/და მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
პალატა აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტია 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №-8 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.
პალატა მიუთითებს ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, კომლებს (ოჯახებს), რომელთაც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით ეკუთვნით მიწის ნაკვეთები, მაგრამ დადგენილი წესით და ოდენობით არ გადასცემიათ, მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცეთ და შესაბამისი დოკუმენტაცია გაფორმდეს 1999 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 1998 წლის დეკემბერში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთების შესაბამისი დოკუმენტაცია გაფორმდეს 1999 წლის 1 თებერვლამდე. ამდენად, კანონმდებელმა განსაზღვრა ვადა მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საკუთრებაში გადასაცემად. პალატა მიიჩნევს, რომ შ----- ს---------ის მიერ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი (სავარაუდო გაცემის თარიღი 2002 წლის 5 აპრილი), რომელიც გაცემული იქნა გარდაბნის რაიონის სოფელ ა-------–იას საკრებულის მიწის რეფორმის კომისიის მიერ, 2002 წლის 18 აპრილის №1- დადგენილების საფუძველზე, არ შეიძლება წარმოადგენს საკუთრების უფლების ან/და მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტს, ვინაიდან გაცემულია 1999 წლის 1 თებერვლის შემდეგ, ანუ მაშინ, როდესაც მიღება-ჩაბარების აქტების გაცემა აღარ ხდებოდა.
პალატა იზიარებს აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია საკითხის ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად და იმ პირობებშიც კი, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუთხოვია მიღება-ჩაბარების აქტის გაცემის საფუძვლად ასებული დადგენილება, აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენდა საკითხის გადაწყვეტაზე და საქმის მასალებზე დაყრდონით აღნიშნავს, რომ აპელანტის მიერ საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში განხორციელებულია სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოს ეროვნული არქივიდან და სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი იქნა გარდაბნის რაიონის სოფელ ყ--------–---ში მოქალაქე შ----- ს---------ის (პირადი ნომერი 1----------) კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია, 2007 წლამდე მდგომარეობით.
პალატა აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ უთითებს რაიმე ისეთ გარემოებებზე, რომელთა გამოკვლევა და შეფასება სასამართლო წარმოებისას შეუძლებელი იყო ანდა ამგვარი გარემოების დადგენა და შეფასება მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას წარმოადგენდა. პალატა მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილების მიღებისას შესწავლილ იქნა როგორც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე სააგენტოში დაცული და მის მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია სრულად. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მის ხელთ არსებული რესურსის ფარგლებში, სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. გარემოებათა გამოკვლევის საჭიროება, რომელზეც პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს, ვერ შეცვლიდა სადავო საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მიღება-ჩაბარების აქტის საფუძვლად მითითებული დადგენილების (ოქმის) გამოთხოვა, რისი განხორციელება სასამართლოს თავადაც შეეძლო, არ გამოიწვევდა სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან აღნიშნული ცალკე აღებული არ წარმოადგენს საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს. პალატა მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს ასევე არ ქმნიდა საქალაქო სასამართლოს მიერ მითითებული გარემოება მასზედ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მასალები არ გადაუგზავნია საგამოძიებო ორგანოში სიყალბის დასადგენად.
პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 13 ივლისის №2----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. იმ პირობებში, როდესაც შ----- ს---------ი საკუთრების უფლების რეგისტრაციას მოითხოვდა 1999 წლის 1 თებერვლის შემდგომ გამოცემული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო სამსახურის მოთხოვნა - წარმოედგინა თანხმობა მისი დოკუმენტაციის საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნის თაობაზე (რაც მხარემ არ განახორციელა), საფუძვლიანი იყო და არსებობდა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები.
9. პროცესის ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც აპელანტის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ----- ს---------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 100 (ასი) ლარი, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის გადახდილი იქნა 150 (ას ორმოცდაათი) ლარი. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შ----- ს---------ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო შ----- ს---------ს უნდა დაეკისროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ მის მიერ სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 3761, 386-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. შ----- ს---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მოსარჩელე - შ----- ს---------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
5. მოწინააღმდეგე მხარე - შ----- ს---------ს დაეკისროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ, მის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -