განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #010141318700060746
საქმე №1/ა.გ-387-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე
მოსამართლეები: მზია ლომთათიძე
მარინა ხოლოაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ თ---------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენით თ---------------–---–ი (------------–--------–-–--------–--------------------- საქმის არსებითი განხილვის გარეშე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - პირობითი მსჯავრი 11 (თერთმეტი) თვე და და 26 (ოცდაექვსი) დღე და საბოლოოდ, თ---------------–---–ს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით და თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) თვის და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე, 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
თ---------------–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
იმავე კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება თ---------------–---–ს ჩამოერთვა 6 (ექვსი)თვის ვადით.
2018 წლის 31 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა თ---------------–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა, სასჯელის სახით დანიშნული - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისაგან ან პირობითი მსჯავრისაგან გათავისუფლება.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენით, თ---------------–---–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლით -
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის #2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის 92-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ თორნიკე ჩხიკვიშვილის საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე და შესაბამისად, ის უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლით დაგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, სასჯელის სახით დანიშნული - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისგან - 120 (ას ოცი) საათის ვადით და აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ---------------–---–ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებული თ---------------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლით დაგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისგან - 120 (ას ოცი) საათის ვადით და აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
მსჯავრდებულ თ---------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 თებერვლის განაჩენი, დარჩეს უცვლელი;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყონებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე
მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი
მ. ლომთათიძე