განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.06.2018
საქმის ნომერი
010210015001491816
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210015001491816

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-193-2018 24 აპრილი, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - სს ე------------- ჯ-------ა

წარმომადგენელი - ჯ---–----------–----–-–---–ი, ი-------–--ე

მოწინააღმდეგე მხარე - ნ------- დ-------ე, ლ---- დ-------ე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ------- დ-------ის და ლ---- თ----------ის სარჩელი სს ე------------- ჯ-------ას მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მოპასუხე სს ე------------- ჯ-------ას მოსარჩელეების ნ------- დ-------ის და ლ---- თ----------ის სასარგებლოდ დაეკისრა 15482,88 ლარის გადახდა. ნ------- დ-------ეს და ლ---- თ----------ეს უარი ეთქვათ დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. მოპასუხე მოსარჩელეებს აწვდიდა ელექტროენერგიას ქ. ბათუმში, ა---–-ის ქ№94-ში განთავსებულ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ ფართში. 2.2. 2013 წლის 23 იანვარს სს ე------------- ჯ-------ას წარმომადგენლის მიერ შედგა აღრიცხვის კვანძის შემოწმების ატი №633471, სადაც მითითებული იქნა, რომ დაზიანებული იყო აბონენტ ნ------- დ-------ის მრიცხველი. ძველი მრიცხველი შეიცვალა ახლით. 2013 წლის 11 თებერვალს შედგა სს ე------------- ჯ-------ას მიერ დარიცხვის აქტი №ს60/2-173, რომლის თანახმადაც ქ. ბათუმში, ა---–-ის ქ№94-ში მცხოვრებ აბონენტს, ნ------- დ-------ეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 სემეკის დადგენილების მუხლი 11 პუნქტი 13-ის და აქტი №633471-ის საფუძველზე დაერიცხა გადასახდელად 1137,69 ლარი. 2.3. 2013 წლის 30 აპრილს სს ე------------- ჯ-------ას მიერ მიღებული იქნა დარიცხვის აქტი №ს 1/2-400, რომლის თანახმად 2013 წლის 23 იანვარს შედგენილი აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი №633471-ის თანახმად გადამოწმებული იქნა დარიცხვის საკითხი, გაუქმდა 2013 წლის 11 თებერვლის დარიცხვის აქტი №ს60/2-173 და აბონენტს ნაცვლად 1137, 69 ლარისა დაერიცხა 1062,44 ლარი. 2013 წლის 02 მაისს კი ნ------- დ-------ეს და ლ---- თ----------ეს შეუწყდათ ელექტროენერგიის მიწოდება ელექტროენერგიის დავალიანების გამო. 2.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ელექტროენერგიის შეწყვეტის შემდეგ მოსარჩელეებმა სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სს ე------------- ჯ-------ს მიმართ და მოითხოვეს სს ე------------- ჯ-------ას დავალდებულება დაუყოვნებლივ აღედგინა ელექტროენერგია. ასევე მოითხოვეს სს ე------------- ჯ-------ას მიერ 2013 წლის 23 იანვარს მიღებული №633471 აღრიცხვის კვანძის შემოწმების აქტის და 2013 წლის 11 თებერვლის №ს60/2-173 დარიცხვის აქტის ბათილად ცნობა. 2.5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ------- დ-------ის და ლ---- თ----------ის მოთხოვნა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის თაობაზე. 2.6. მოპასუხის მიერ მოსარჩელეებისათვის 2013 წლის 2 მაისს შეწყვეტილი ელექტოენერგიის აღდგება მოხდა ელექტროენერგიის აღდგების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ 2013 წლის 23 სექტემბრიდან. 2.7. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის შეწყვეტამდე მოსარჩელეებს ქ. ბათუმი, ა---–-ის და-----–--------–ი მდებარე მათ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება 2013 წლის 26 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე გაქირავებული ქონდათ შპს ტონი და კომპანიაზე 8 თვის ვადით. ყოველთვიური ქირა შეადგენდა 800 ლარს. 2.8. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 2 მაისიდან ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ, ქირავნობის ხელშეკრულების პირობების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელე იძულებული გახდა დამქირავებლისათვის ელეტროენერგიის მიწოდება უზრუნველეყო ბენზოგენერატორით, რომლის საათობრივი საწვავის ხარჯი საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპეტრიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 19 მაისის დასკვნის თანახმად შეადგენდა 3,2 ლიტრ ბენზინს. ამასთან დენის მიწოდება დამქირავებელზე ხდებოდა 16 საათის განმავლობაში უწყვეტად დილის 8 საათიდან საღამოს 24 საათამდე. გენერატორის საწვავის დღიური ხარჯი კი შესაბამისად შეადგენდა 51,2 ლიტრს, რომლის ღირებულებაც იმ დროისათვის შეადგენდა 107,52 ლარს. 2.9. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 2013 წლის 2 მაისიდან 2013 წლის 23 სექტემბრამდე, შესაბამისად მათ მიერ ბენზოგენერატორის გამოყენებაც ხდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში. ამ პერიოდში კი არის სულ 144 დღე. შესაბამისად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 144 დღეში დახარჯული საწვავის ღირებულებამ შეადგინა სულ 15482,88 ლარი. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეების მტკიცება იმის თაობაზე, რომ გარდა ზ/აღნიშნულისა მათ მიერ გაწეული იქნა ბენზოგენერატორის საექსპლუატაციო დამატებითი ხარჯებიც 790,27 ლარის ოდენობით. 2.10. ნ------- დ-------ესა და შპს ტონი და კომპანიას შორის ქირავნობის ხელშეკრულება მოიშალა ვადის გასვლამდე 2 თვით ადრე. სასამართლო არ გაიზიარა მოსარჩელეების მტიცება იმის თაობაზე, რომ შპს ტონი და კომპანიამ მათთან ქირავნობის ხელშეკრულება მოშალა იმის გამო, რომ მათ ვერ უზრუნველყეს ელექტროენერგიის დროული აღდგენა, რის გამოც ქირავნობის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო მათ განიცადეს 2000 ლარის ზიანი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394 მუხლის თანახმად მხარემ მხოლოდ მაშინ შეიძლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ დარღვეული იქნა მოვალის მიერ რაიმე ვალდებულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კანომდებლობის შესაბამისად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს დელიქტის არსებობა, ხელშეკრულების დარღვევა ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოპასუხეზე 18497,71 ლარის დაკისრება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის უკნონო მოქმედებით, კერძოდ ელექტროენერგიის მიწოდების უსაფუძვლო შეწყვეტით, რაც დადასტურებული იქნა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მას მიადგა ზიანი. ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძვლად კი მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით იმპერატიულადაა განსაზღვრული თუ როდის შეიძლება დაეკისროს დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხარეს. კერძოდ აღნიშნული მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მოცემული მუხლით პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის. ამდენად სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით ზიანის მიმყენებელმა პასუხი უნდა აგოს მხოლოდ საკუთარი ბრალეული მოქმედებისათვის ანუ მისი პასუხისმგებლობა უნდა შემოიფარგლოს მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის პირველი ნაწილიდანაც, რომლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ამავე კოდექსის 326-ე მუხლის შესაბამისად კი წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412 მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, გაასაჩივრა სს ე------------- ჯ-------ამ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მტკიცებულებათა ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გაიზიარა მოსარჩელის დაუსაბუთებელი პრეტენზიები და არასწორად დაადგინა ფაქტები. კერძოდ,მოსარჩელის მითითებით, მას 2013 წლის 26 აპრილიდან 2013 წლის 20 სექტემბრამდე ხელშეკრულების საფუძველზე გაქირავებული ჰქონდა მის საკუთრებაში არსებული ფართი მდებარე ბათუმი, ა---–-ის დასახლება №94-ში. საქმეზე დართული ხელშეკრულების 1.5. პუნქტით კი ირკვევა, რომ აღნიშნული ქონება გამოიყენებოდა საოფისედ. მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ აღნიშნული ქირავნობის ხელშეკრულების პირობების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით დამქირავებელს ელ. ენერგიას აწვდიდა ბენზოგენერატორის საშუალებით. საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 19 მაისის დასკვნით „გენერატორი AKშA AAP 800E“-ს საწავავის ხარჯი 1 სთ-ის განმავლობაში მუშაობისას შეადგენდა დაახლოებით 3,2 ლ. ბენზინის საწვავს. სასამართლომ არ მოახდინა არც ერთი მტკიცებულების შესწავლა და გამოკვლევა მაშინ, როცა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილით მთლ----დ ეყრდნობა ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც არც ერთ ასპექტში არ ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნას. მთავარი ისაა, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებს მოსარჩელის მიერ აღნიშნული ან საერთოდ რაიმე სახის ბენზოგენერატორის გამოყენების ფაქტს, მოსარჩელის მიერ მითითებული დროის შუალედსა და ასევე, მის მიერ მითითებული საოფისე ფართის ელ. ენერგიით უზრუნველყოფას. სასამართლომ სავარაუდოდ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ ა---–-ის დასახლება №94-ში 2013 წელს (გამოყენების პერიოდი ვერც კი გაიხსენა ვერც ერთმა მოწმემ) ხდებოდა ბენზოგენერატორის გამოყენება. ხოლო სწორედ აღნიშნული ბენზოგენერატორის გამოყენებას ვერც ერთი მტკიცებულება ვერ ადასტურებს. ვერც მისი საკუთრება და ვერც მისი ქირავნობა დადასტურებული არ არის. სასამართლოს მიერ მტკიცებულებების გამოკვლევისა და მისი გაანალიზების გარეშე მიღებულ გადაწყვეტილებაზე მეტყველებს მთელი რიგი გარემოებები. პირველ რიგში, რომც ჩავთვალოთ, ხდებოდა სწორედ აღნიშნული ბენზოგენერატორის მითითებულ ფართზე გამოყენება (რაც არაფრით არ დასტურდება), გაუგებარია, რატომ არ გაითვალისწინა სასამართლომ მისი გამოყენების პერიოდულობა. ამასთან, დამქირავებელს თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ესაჭიროებოდა თუ არა ელ.ენერგიის მიწოდება. ერთია, რომ ზიანი საერთოდ არ დასტურდება და მეორეც, სხვა რომ არაფერი, მითითებულ პერიოდში ელ.ენერგიის ხარჯის გამოკლება მაინც ხომ უნდა მომხდარიყო მთლიანი ხარჯისგან, რაზეც სასამართლოს საერთოდ არ გაუმახვილებია ყურადღება. ასევე, ქირავნობის ხელშეკრულებით ფართი გამოიყენებოდა საოფისედ. საკვირველია, რომ ოფისი მუშაობდა 16 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე დღეების ჩათვლითაც კი. სასამართლომ არც ამის თაობაზე იმსჯელა. ასევე, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმის დასტურად, თუ რა ღირებულებას შეადგენდა იმ პერიოდისთვის 1 ლიტრი ბენზინის საწვავი, მაგრამ სასამართლომ რატომღაც ჩათვალა, რომ თითქოს მოხმარებული საწავავის დღიური ხარჯი იყო 107,52 ლარი. ამასთან, სასამართლოს მიერ არ არის გამახვილებული ყურადღება ექსპერტის სავარაუდო დასკვნაზე, რომ საწავავის ხარჯი 1 სთ-ის განმავლობაში მუშაობისას შეადგენდა დაახლოებით (და არა ზუსტად) 3,2 ლ. ბენზინის საწვავს. გარდა ამისა, სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ყოველთვიური 800 ლარის ოდენობის ქირის საფასურის სანაცვლოდ ყოველთვიურად დამქირავებლის სასარგებლოდ თითქოსდა ხარჯავდა 3-ჯერ მეტს, 3225,6 ლარს (საწვავის დღიური ხარჯი - 107,52 ლარი * 30 დღეზე). და თუკი დამქირავებელმა მოახერხა და ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეწყვიტა გათვალისწინებულზე 2 თვით ადრე, მოსარჩელე ხელშეკრულების პირობების დარღვევის „შიშით“ იძულებული იყო ასეთ კაბალურ მდგომარეობაში ყოფილიყო. გაუგებარია, რის საფუძველზე გაიზიარა სასამართლომ მოსარჩელის ასეთი ალოგიკური პოზიცია. უფრო მეტიც, ხელშეკრულების 2.2.3 პუნქტის თანახმად, დამქირავებლის ვალდებულებას წარმოადგენდა ქონების შენახვისა და კომუნალური ხარჯების გადახდა. გამოდის, რომ საერთოდ არასათანადო მოსარჩელესთან გვაქვს საქმე. და ბოლოს, მძიმე სოცილაური მდგომარეობის გამო, მოსარჩელე ითხოვდა სახ. ბაჟის გადახდისგან განთავისუფლებას, რაც სასამართლომ დაუკმაყოფილა კიდეც და ამავე დროს მთელი სარჩელი აგებული ქონდა მტკიცებაზე, რომ მას გააჩნია კომერციული ფართი, რომელსაც 1000 ლარად აქირავებდა(თუმცა ხელშეკრულებაში 800 ლარია მითითებული). ან ერთ შემთხვევაში არ ამბობდა სიმართლეს მხარე, ან მეორე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალოგიკურ და დაუსაბუთებელ მოთხოვნებთან გვაქვს საქმე, ვინაიდან, ბუნებრივია, ერთდროულად პირი სოციალურად დაუცველი და კომერციული ფართის მესაკუთრე, რამოდენიმე ასეული ლარის შემოსავლის მქონე ნამდვილად ვერ იქნება. არც ამ ფაქტებზე გაუმახვილებია სასამართლოს ყურადღება. სასამართლო არათუ ზოგად შეფასებას ახდენს, საერთოდ არ აფასებს და უპირობოდ იზიარებს მოსარჩელის ზეპირ მტკიცებას. ცალსახაა, რომ სასამართლოს მიერ არ მომხდარა მტკიცებულებების სრულად და ობიექტურად გამოკვლევა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. 3.2. არასწორად განისაზღვრა ზიანი - დაუსაბუთებელი და ალოგიკურია სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სამოტივაციო ნაწილში დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ელ. ენერგია მოსარჩელისთვის უკანონოდ იქნა შეწყვეტილი და ამით მოსარჩელეს მიადგა ზიანი. მოცემულ შემთხვევაში, 2013 წლის 22 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით ელ. ენერგიის შეწყვეტა კანონიერად იქნებოდა მიჩნეული თუ არა, ეს არანაირად არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ ბენზოგენერატორის გამოყენების ფაქტს და აქედან გამომდინარე, კომპანიისათვის 15482,88 ლარის დაკისრების შესაძლებლობას. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ექსპერტიზა ნებისმიერ გენერატორს შეიძლება ჩაუტარდეს, გადამწყვეტ გარემოებას კი წარმოადგენს ეს კონკრეტული ბენზოგენერატორი მითითებულ მისამართზე, მითითებული ვადით, მითითებული დატვირთვითა და ინტენსივობით გამოიყენებოდა თუ არა. ექსპერტიზა იმას ხომ არ ადგენს, მისთვის გამოსაკვლევად წარდგენილი გენერატორი სად, როგორ და როდის გამოიყენებოდა, ან საერთოდ გამოიყენებოდა თუ არა. აღნიშნულის დასადასტურებლად კი, სასამართლოს მიერ არც ერთი მტკიცებულება არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპირისპირო გარემოებები არ მისცემდა მას მსგავსი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველს. მოსარჩელის უპასუხისმგებლო განცხადებები კი დადგენილი წესით არ იქნა შეფასებული და მსჯელობის გარეშე გაიზიარა. თუ დავუშვებთ, რომ ენერგოკომპანიამ უკანონოდ შეუწყვიტა ელ.ენერგიის მიწოდება დ-------ეს, რის გამოც მოსარჩელეებს იჯარის ხელშეკრულება ვადაზე ორი თვით ადრე შეუწყდა (როგორც თავად სარჩელში განმარტავენ), და ისიც ცნობილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემოსავალი 800 ლარი გახლდათ, ელემენტარული არითმეტიკაა, რომ მხარე ვერ მიიღებდა 2 თვის შემოსავალს, ანუ 1600 ლარს. სასამართლომ კი ზიანი გაურკვეველი ბენზის და გენერატორის მიხედვით გამოიანგარიშა. ან ლოგიკა სადაა, სოციალურად დაუცველი თურმე 15 ათასს ლარს ხარჯავს იმიტომ, რომ 1600 ლარი შემოსავალი მიიღოს? ცხადია, ასეთი დაშვება ვერც გონივრული, ვერც სამართლიანი და მით უმეტეს კანონიერი ვერ იქნება. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს ამავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იურიდიულად საკმაოდ არ არის დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. სასამართლომ არ დაადგინა რა საქმეზე ზუსტად ფაქტობრივი გარემოებანი, შესაბამისად არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. ამდენად, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორადაც განმარტა იგი. ამას კი შედეგად მოყვა უკანონო გადაწყვეტილების გამოიტანა. ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად ითვლება, რაც მისი გაუქმების უდაო საფუძველს წარმოადგენს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. უკანონოდ გამოტანილი გადაწყვეტილება არასწორ სასამართლო პრაქტიკას დაამკვიდრებს, რომელიც აშკარად უარყოფითად აისახება სამართლის შემდგომ განვითარებაზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ აპელანტი მოწინააღმდეგე მხარეს აწვდიდა ელექტროენერგიას ქ. ბათუმში, ა---–-ის ქ. №94-ში არსებულ ფართში. 4.2. 2013 წლის 02 მაისს, დარიცხვის აქტის საფუძველზე, სს ე------------- ჯ-------ამ მოწინააღმდეგე მხარეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. 4.3. ამის გამო, ნ------- დ-------ემ და ლ---- თ----------ემ აღძრეს სარჩელი და მოითხოვეს ელექტროენერგიის მიწოდების დაუყოვნებლივ აღდგენა და სს ე------------- ჯ-------ას მიერ გამოცემული დარიცხვის აქტის ბათილად ცნობა. 4.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ეს სარჩელი, ელექტროენერგიის აღდგენის ნაწილში, დაკმაყოფილდა. 4.5. გადაწყვეტილება, ამ ნაწილში, შევიდა კანონიერ ძალაში და აღსრულდა 2013 წლის 23 სექტემბერს. 4.6. ამის შესაბამისად, 2013 წლის 2 მაისიდან 2013 წლის 23 სექტემბრამდე მოსარჩელეებს ელექტროენერგიის მიწოდება არამართლზომიერად ჰქონდათ შეწყვეტილი. 4.7. მოსარჩელეებს ქ. ბათუმი, ა---–-ის და-----–--------–ი მდებარე უძრავი ქონება 2013 წლის 26 აპრილიდან გაქირავებული ჰქონდათ შპს ტონი და კომპანიაზე. ყოველთვიური ქირა შეადგენდა 800 ლარს. 4.8. ხელშეკრულება დადებული იყო 8 თვის ვადით, თუმცა შეწყდა 2013 წლის 20 სექტემბერს. 4.9. ქირავნობის პერიოდში, შპს ტონი და კომპანიას ელექტროენერგია მიეწოდებოდა გენერატორის “AKSA AAP 800E”-ს მეშვეობით. ამ გენერატორის საწვავის ხარჯი, 1 სთ-ის განმავლობაში მუშაობისას შეადგენდა, დაახლ. 3,2 ლიტრ ბენზინის საწვავს. სამართლებრივი დასაბუთება 4.10. ამ საქმეზე 2018 წლის 12 იანვარს მიღებულ განჩინებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა, რომ: „ის ფაქტი, რომ მოპასუხემ სახელშეკრულებო ვალდებულება დაარღვია (მართლსაწინააღმდეგო მოქმედება) მოსარჩელეებმა დაამტკიცეს, მათ მიუთითეს დარღვევის შედეგად წარმოშობილ ზიანსა და მის ოდენობაზეც, რომლის შემდეგაც მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადავიდა და სწორედ ამ უკანასკნელს ევალებოდა სსკ-ის 494-ე მუხლისა და 394-ე მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებების დამტკიცება“... „ვინაიდან, დადასტურებულია, რომ მოპასუხემ მართლსაწინააღმდეგოდ შეუწყვიტა მოსარჩელეებს სადავო პერიოდში ელექტროენერგია, რა დროსაც უძრავი ქონების ელექტროენერგიით მომარაგება ხორციელდებოდა გენერატორის საშუალებით, რომლის საწვავის ხარჯის გაღებაც დამქირავებლის ვალდებულებას არ წარმოადგენდა, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ გენერატორს საწვავით უზრუნველყოფდნენ მოსარჩელეები და ამ პრეზუმფციის უარყოფის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება, რაც გულისხმობს იმას, რომ მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ის გარემოება, რომ გენერატორის საწვავით მომარაგება არა მოსარჩელეებმა, არამედ, სხვა პირებმა განახორციელეს“. 4.10.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება სააპელაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა. 4.10.2. იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ გენერატორს საწვავით სხვა პირები ამარაგებდნენ, აპელანტებს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ. 4.10.3. ამის შესაბამისად, დადგენილია, რომ გენერატორში საწვავს, სწორედ, მოსარჩელეები ასხამდნენ. 4.11. გენერატორის საწვავის ხარჯის ანაზღაურება შპს ტონი და კომპანიას არ ევალებოდა. ამის გამო, მოსარჩელეებს საწვავის ხარჯის ანაზღაურებით მიადგათ ზიანი. 4.12. პალატამ დაადგინა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება. 4.12.1. ამ ხელშეკრულების პირობები სს ე------------- ჯ-------ამ არამართლზომიერად და ბრალეულად დაარღვია და ამან მოსარჩელეები დააზარალა. 4.12.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. 4.12.3. ამ ნორმის საფუძველზე, აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარეს მიყენებული ზიანი უნდა აუნაზღაუროს. 4.13. როგორც აღინიშნა, მოსარჩელეებს ელექტროენერგიის მიწოდება 2013 წლის 2 მაისიდან 2013 წლის 23 სექტემბრამდე ჰქონდათ შეწყვეტილი. 4.13.1. თავის მხრივ, შპს ტონი და კომპანიასა და ნ------- დ-------ეს შორის ხელშეკრულება 2013 წლის 26 აპრილიდან 2013 წლის 20 სექტემბერამდე მოქმედებდა. 4.13.2. ეს ნიშნავს, რომ ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედების, თითქმის, მთელ პერიოდში შპს ტონი და კომპანიისათვის მიწოდებული ელექტროენერგია მრიცხველსა და, ამის შესაბამისად, აბონენტის ბარათზე არ აისახებოდა. 4.13.3. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 23 იანვრამდე მოსარჩელეთა კუთვნილი მრიცხველი დაზიანებული იყო და აპელანტის წარმომადგენლებმა იგი შეცვალეს. 4.13.4. 2013 წლის 23 იანვრიდან 2013 წლის 21 თებერვლამდე ნ------- დ-------ემ 187 კლ.ვტ. ელექტროენერგია მოიხმარა. 4.13.5. ამის შემდეგ, 2013 წლის 29 აპრილამდე მას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა და მრიცხველის ჩვენება არ შეცვლილა. 4.13.6. 2013 წლის 2 მაისს აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარეს ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ შეუწყვიტა, თუმცა 2013 წლის 26 აპრილიდან ქონებას უკვე შპს ტონი და კომპანია ფლობდა. 4.13.7. ეს ნიშნავს, რომ 2013 წლის 29 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით პერიოდის აბონენტის ბარათის მონაცემები, სწორედ, შპს ტონი და კომპანიის მიერ გამოყენებულ ელექტროენერგიას ასახავს. 4.13.8. აბონენტის ბარათის მიხედვით, ამ მომენტისათვის მრიცხველის რეალური ჩვენება 468 კლ.ვტ. იყო. 4.13.9. ამგვარად, ნათელია, რომ 29 აპრილიდან 2 მაისამდე, ე.ი. 2 დღის განმავლობაში შპს ტონი და კომპანიას 468-187=281 კლ.ვტ. ელექტროენერგია გამოუყენებია. 4.13.10. ამის შესაბამისად, დღეში შპს ტონი და კომპანია, საშუალოდ, 281/2=140,5 კლ.ვტ. ელექტროენერგიას საჭიროებდა. 4.13.11. ამას ადასტურებს ისიც, რომ 2013 წლის 2 მაისის მდგომარეობით მრიცხველის რეალური ჩვენება, უკვე, 593 კლ.ვტ. იყო. 4.13.12. ეს ნიშნავს, რომ 2013 წლის 1 მაისს - მრიცხველის ჩვენების აღებიდან - 2 მაისს - ელექტროენერგიის გათიშვამდე შპს ტონი და კომპანიამ 593-468=125 კლ.ვტ. ელექტროენერგია გამოიყენა. 4.13.13. AKSA AAP 800E მარკის გენერატორი 1 სთ-ს განმავლობაში 6-6,5 კლ.ვტ. ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. 4.13.14. ამის შესაბამისად, 16 საათის განმავლობაში გენერატორის გამოყენებით დამქირავებელი, არაუმეტეს, 6,5X16=104 კლ.ვტ. ელექტროენერგიას მიიღებდა, ეს კი მის საშუალო დღიურ საჭიროებაზე ნაკლები იყო. 4.13.15. ამგვარად, აბონენტის ბარათი ადასტურებს, რომ ნ------- დ-------ე დამქირავებელს ელექტროენერგიას, ყოველდღიურად, მართლაც 16 საათის განმავლობაში აწვდიდა. 4.14. აღნიშნული დგინდება სხვა მტკიცებულებებითაც. 4.14.1. კერძოდ, საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ, რეშად დ-------ემ განმარტა, რომ გენერატორი დილიდან-საღამომდე - მოწმის გაღვიძებიდან-დაძინებამდე ჩართული იყო. 4.14.4. ხოლო მოწმის, ზაურ დ-------ის თქმით, კი გენერატორი ფუნქციონირებას 24 საათზე წყვეტდა, რადგან ამის შემდეგ მისი ხმაური დაუშვებელი იყო. 4.15. ქირავნობის ხელშეკრულების 1.5. პუნქტის თანახმადაც, შპს ტონი და კომპანიამ ნ------- დ-------ისაგან ქონება საოფისედ დაიქირავა. 4.15.1. საოფისე საქმიანობა, ცხადია, მუდმივ ელექტროენერგიას საჭიროებს. ამიტომ, გონივრულია, რომ საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში გენერატორი ჩართული უნდა ყოფილიყო. 4.16. საყურადღებოა, რომ მოსარჩელეთა განმარტებით, შპს ტონი და კომპანია ქონებას, არა მარტო, საოფისედ, არამედ საცხოვრებლადაც იყენებდა. 4.16.1. პალატის აზრით, საქმის ფაქტობრივი გარემოებები ამ განმარტებას ადასტურებს. 4.16.2. ეს კი ნიშნავს, რომ დამქირავებელს ელექტროენერგია სამუშაო საათების შემდეგაც დასჭირდებოდა. 4.17. ამ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით, პალატამ დაადგინა, რომ იჯარის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში, ე.ი. 147 დღე მოსარჩელეები გენერატორს საწვავით ამარაგებდნენ. 4.17.1. გენერატორი, ყოველდღიურად, 16 საათის განმავლობაში მუშაობდა და 3,2X16=51,2 ლიტრ საწვავს მოიხმარდა. 4.17.2. ამის შესაბამისად, 147 დღის განმავლობაში მოსარჩელეებმა შეიძინეს 51,2X147=7526,4 ლიტრი საწვავი. 4.17.3. უდავოა, რომ იმ პერიოდში, 1 ლ. ბენზინის საწვავის ღირებულება 2,1 ლარი იყო. 4.17.4. ამრიგად, ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში მოსარჩელეებმა 7526,4X2,1=15805,44 ლარის ღირებულების საწვავი შეიძინეს. 4.18. ეს კი ნიშნავს, რომ აპელანტის ქმედებით მოსარჩელეებს 15805,44 ლარის ზიანი მიადგათ. 4.19. პალატა აღნიშნავს, რომ ქირავნობის ხელშეკრულების 2.2.3. პუნქტის თანახმად, მიმდინარე კომუნალური გადასახადების გადახდის ვალდებულება დამქირავებელს, ე.ი. შპს ტონი და კომპანიას ეკისრებოდა. 4.19.1. ამის გამო, ელექტროენერგიით დამქირავებლის მომაგარებისათვის ხარჯი ნ------- დ-------ეს არ უნდა გაეღო. 4.19.2. ამიტომ, მოსარჩელეთათვის მიყენებული ზიანიდან ამ ხარჯის გამოქვითვის საფუძვლები არ არსებობს. 4.19.3. ამის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელეებმა მოთხოვნა 329 ლარით შეამცირეს. 4.20. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარეს 15805,44-329=15476,44 ლარი უნდა გადაუხადოს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სს ე------------- ჯ-------ას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და ნ------- დ-------ისა და ლ---- დ-------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სს ე------------- ჯ-------ას ნ------- დ-------ისა და ლ---- დ-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 15476,44 ლარის გადახდა.

6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, სს ე------------- ჯ-------ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 464,29 ლარის გადახდა, ხოლო ნ------- დ-------ესა და ლ---- დ-------ეს სს ენერგო პრო ჯ-------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 13,16 ლარის გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გადაწყვიტა

 

1. სს ე------------- ჯ-------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება;

3. ნ------- დ-------ისა და ლ---- დ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სს ე------------- ჯ-------ას ნ------- დ-------ისა და ლ---- დ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 15476,44 ლარის გადახდა;

5. სს ე------------- ჯ-------ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 464,29 ლარის გადახდა;

6. ნ------- დ-------ესა და ლ---- დ-------ეს სს ენერგო პრო ჯ-------ას სასარგებლოდ დაეკისროთ 13,16 ლარის გადახდა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე