განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2018
საქმის ნომერი
010141318700060728
ინსტანცია
თარიღი
19.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 0-----------------

საქმე №1აგ/386-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ლევან თევზაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ-------------–---–ის (----------------------------------- შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 თებერვლის განაჩენით:

 

დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ვ-------------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება; ვ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ვ-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;

 

მსჯავრდებულ ვ-------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 20 იანვრიდან;

 

ვ-------------–---–ს, როგორ ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

 

2018 წლის 30 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ვ-------------–---–მა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 თებერვლის განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ვ-------------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 თებერვლის განაჩენით, ვ-------------–---–ს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მის მიერ ჩადენილი ქმედება განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულითა კატეგორიას.

 

2015 წლის 8 ივლისის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისს, ამავე კოდექსის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ანალოგიური მუხლით და კვალიფიკაციით ჩადენილ ქმედება გადავიდა მძიმე კატეგორიის დანაშაულში და ამ მიმართებით მსჯავრდებულ ვ-------------–---–ის მდგომარეობა სამართლებრივად შემსუბუქდა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ახალ რედაქციასთან, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და ამ მიმართებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

გარდა ამისა, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 თებერვლის განაჩენით, ვ-------------–---–ს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით - 0,00000235 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,დეზომორფინის’’ უკანონო შეძენა-შენახვაში და ძირითადი სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა.

 

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით დადგენილია 0,00009 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - ,,დეზომორფინის“ დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთებიდან გამომდინარე, ვ-------------–---–ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გადაკვალიფიცირების შემდეგ, 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციით) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 თებერვლის განაჩენით, ვ-------------–---–ს ასევე მსჯავრი დაედო „ოპიუმის ჯგუფის“ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რომელიც როგორც უფრო მსუბუქი სასჯელი, მთლიანად შთანთქა ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დანიშნულმა სასჯელმა. პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელთა შთანთქმაში არ იგულისხმება დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება და მოიაზრება, რომ პირი, ყველაზე მკაცრი სასჯელის ფარგლებში სასჯელს იხდის ასევე ნაკლებად მკაცრი სასჯელისთვისაც.

 

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია „ოპიუმის ჯგუფის“ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 თებერვლის განაჩენით ვ-------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი (რომელიც დღეის მდგომარეობით მსჯავრდებულს აქვს მოხდილი) უნდა დარჩეს უცვლელი. ვ-------------–---–ი უნდა გათავისუფლდეს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციით) საფუძველზე დანიშნული სასჯელისაგან და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 თებერვლის განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის თაობაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ვ-------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ვ-------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 თებერვლის განაჩენში.

 

მსჯავრდებულ ვ-------------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციით).

 

ვ-------------–---–ი გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გადაკვალიფიცირების შემდეგ, 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციით) საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელის, 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღვეთისაგან, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 03 (სამი) წელი და 06 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 თებერვლის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხოს მითითება დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის თაობაზე.

 

ვ-------------–---–ს, საბოლოო სასჯელის სახით, მოსახდელად განესაზღვროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ვ-------------–---–ს დღეის მდგომარეობით აქვს მოხდილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

 

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

 

ლევან თევზაძე