განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.05.2018
საქმის ნომერი
120310017001873837
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
04.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120310017001873837

საქმე №3ბ/345-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

04 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - და------------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი - თა--------------–--ლი

 

მესამე პირი - ა-–------------–-----ე

წარმომადგენელი - ა---------------ნი

 

მესამე პირი - ა---------–--------–-ძე

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით და------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. კანონიერ ძალაში შესული ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილებით და------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ა-–------------–-----ის სახელზე ბ--------მის რაიონის, სოფ ტ--ში მდებარე შემდეგ უძრავ ნივთებზე განხორციელებული რეგისტრაციები:

- 2000 წლის 07 აგვისტოს განხორცილებული რეგისტრაცია განაცხადის რეგისტრაციის N-------- უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი 6--------.

- 2003 წლის 05 ნოემბერს განხორცილებული რეგისტრაცია განაცხადის რეგისტრაციის N------- უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდი 6--------.

- 2000 წლის 25 აგვისტოს განხორცილებული რეგისტრაცია განაცხადის რეგისტრაციის N-------- უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდი 6--------.

- 2000 წლის 25 აგვისტოს განხორცილებული რეგისტრაცია განაცხადის რეგისტრაციის N-------- უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდი 6--------.

 

ასევე, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბ--------მის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული შემდეგი გადაწყვეტილებები :

- 2009 წლის 21 ნოემბრის N8-------------- გადაწყვეტილება, უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ.

- 2010 წლის 22 სექტემბრის N8-------------- გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ.

- 2010 წლის 13 სექტემბრის N--------------- გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ.

- 2010 წლის 13 სექტემბრის N--------------- გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ.

 

ამავე გადაწყვეტილებით, დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბ--------მის სარეგისტრაციო სამსახურს საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 08 ივნისის N1--------3-------–. გადაწყვეტილება (ტომი 2 ს.ფ 81-99);

 

3.1.2. და------------–--ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბ--------მის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავ ნივთებზე მდებარე ბ--------მი ს.ტ-- (ზონა: ბ--------მი, სექტორი ს---------) ასევე ბ--------მი ს.ტ-- (თორი) (ზონა: ბ--------მი, სექტორი: სოფ.ც-----------) რეგისტრაციის გაუქმება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- და------------–--ის 2016 წლის 17 მაისის განცხადება ( ტ.2. ს.ფ 45, 165)

 

3.1.3. ა-–------------–-----ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბ--------მის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია, მდებარე: სოფ.ც-----------, ზონა: ბ--------მი, სექტორი ს---------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა-–------------–-----ის წარმომადგენლის 2010 წლის 16 სექტემბრის განცხადება (ტომი 2 ს.ფ. 32)

 

3.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ იხელმძღვანელა რა სასამართლოს 2015 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით, 2016 წლის 11 ოქტომბრის N8-----------–05, N8-----------–06, N8----------–06 და N8-----------–05 გადაწყვეტილებებით ა-–------------–-----ის და დ----- გ------–--ის სახელზე თანასაკუთრების უფლებით აღრიცხა შედეგი უძრავი ქონებები:

 

ა. ბ--------მის რაიონი, ,,თ---------------ი’’ სასოფლო–სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 2391 კვ.მ, საკ.კოდი: 64.29.01.0--;

 

ბ. ბ--------მის რაიონი, ,,თ---------------ი’’ სასოფლო–სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 1880 კვ.მ, საკ.კოდი: 64.29.01.0--;

 

გ. ბ--------მის რაიონი, სოფ. ტ-- სასოფლო–სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი; დაზუსტებული ფართობი 2578 კვ.მ, 1. საცხოვრებელი სახლი 433.41 კვ.მ; 2. საცხოვრებელი სახლი 216 კვ.მ, საკ.კოდი: 6-------.0--;

 

დ. ბ--------მის რაიონი, სოფ. ტ-- (ბაღები) სასოფლო–სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 1304 კვ.მ, საკ.კოდი: 6-------.0--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 11 ოქტომბრის N8-----------–05, N8-----------–06, N8----------–06 და N8-----------–05 გადაწყვეტილებები.( ტომი 2 ს.ფ 52;133;172;212)

 

4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

4.2. საქართველოს კონსტიტუციის 42.1-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. 82-ე მუხლის თანახმად, კი სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს;

 

საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანების მე-17 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო ან ადმინისტრაციული აქტით გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ბათილად ან არარად იქნება ცნობილი, რეგისტრაციის შედეგად საჯარო რეესტრში დაუყოვნებლივ აღდგება ბათილად/არარად ცნობილი/აღიარებული აქტით რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა. აღნიშნულისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა–შეფასების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა–შეფასების გზით მიეღო შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე და მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას.

 

იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ მხარეთა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ და------------–--ის სარჩელის საფუძველზე 2015 წლის 08 ივნისის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა ფაქტები და გარემოებები, რომელმაც განაპირობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ’’ მთავრობის 22.09.92 წლის N949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 21.10.92 წლის N29 დეკტრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებასთან დაკავშირებით, არსებობა შეწყვიტა საკოლმეურნეო კომლმაც. ამ დროისათვის საკომლო წიგნების ჩანაწერის მიხედვით, მოსარჩელე და------------–--ის ა-–---ი ლ-----ის კომლის წევრობა, ისევე როგორც ა-–------------–-----ის ა-–---ი ლ-----ის კომლის წევრობა არ დასტურდება. საქმის მასალების მიხედვით და------------–--ე ბ--------მის რაიონი სოფელ ტ--ზე რეგისტრირებული იქნა 2005 წელს, ხოლო ა-–------------–-----ე 1997 წელს...“.

 

ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ,,მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ბ--------მის რაიონის ტ--- სასოფლო-სამეურნეო საბჭოსა და საკრებულოს სოფელ ტ--- 1986-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის წევრად ჩაწერილია ა-–---ი ი--------ძე ლ-----ე, სადაც მითითებულია გარდაიცვალა, ასევე კომლის წევრად მითითებულია დ----- გ------ის-ძე გ------–იძე, გარდა ამისა საქმეში წარმოდგენილი ბ--------მის რაიონი სოფელი ტ--- საკრებულოს 2003 წლის 12 სექტემბრის N--- და ამავე რიცხვის N--- ცნობები, როგორც ა-–------------–-----ის უფლების დამდგენი დოკუმენტები და შესაბამისად ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, ადასტურებენ ა-–------------–-----ის, ა-–---ი ლ-----ის კომლის წევრის სტატუსს. შესაბამისად ა-–---ი ი--------ძე ლ-----ის გარდაცვალების შემდეგ კომლის ერთადერთ წევრებს წარმოადგენდნენ დ----- გ------ის-ძე გ------–იძე, და ა-–------------–-----ე, რომლებიც ამავდროულად წარმოადგენენ კანონით მემკვიდრეებს.

 

ამდენად, სადაო ქონებაზე უფლება გააჩნიათ, როგორც და------------–--ეს თანასაკუთრებისა და მემკვიდრეობის, ასევე ა-–------------–-----ეს თანასაკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებით. ამდენად, საჯარო რეესტრმა არასწორედ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლი.

 

ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით დაევალა მარეგისტრირებელ ორგანოს გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო ახალი აქტების გამოცემისას დაეყრდნო სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოაღნიშნულ გარემოებებს, საქმეში არსებულ ა-–------------–-----ის და და------------–--ის სახელზე გაცემულ ცნობებს, რომელთა კანონიერებაც სასარჩელო წარმოების წესით სადავო არ გამხდარა, აღნიშნული დოკუმენტები იურიდიული ძალის მქონეა. მოსარჩელე და------------–--ე თავის მხრივ დაეთანხმა სასამართლოს 2015 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით (N3-------–.), დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ზოგადად გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას, ვინაიდან არ გაასაჩივრა იგი.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა ბათილად ცნობასაც მოსარჩელე ითხოვს ა-–------------–-----ის ნაწილში, მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ამასთან, ადგილი არ აქვს კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არ არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამდენად, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

5. სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოყენებინა, აღნიშნული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებელი.

 

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

აქვე პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. გარდა ამისა, დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლების ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმნონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება ახალციხის რაიონულ სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტი ვერ მიუთითებს რაიმე სახის მტკიცებულებაზე, ვერ ასაბუთებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობას გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით და შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს საპელაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

პალატა განმარტავს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

პალატა მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ- დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით გასაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ” პუნქტით სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო შემთხვევაში, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, ვინაიდან სადავო აქტები აკმაყოფილებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების, როგორც ფორმალურ, ასევე მატერიალურ კრიტერიუმებს.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო ინსტანციაში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გასაჩივრებული აქტების გამოცემისას, ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში, აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. და------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე ლევან მურუსიძე