განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.06.2018
საქმის ნომერი
330310016001492383
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
19.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310016001492383 (3ბ/771-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 აპრილი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე

მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი

მირანდა ერემაძე

 

სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

წარმომადგენელი - მ----------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ--------–---

 

მესამე პირი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - ც-------------–---–-

 

მესამე პირი - ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით რ--------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 9 ივნისის №----------------- წერილი და დაევალა მოპასუხეს ზემოთ ხსენებული ყველა გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ--------–--ისათვის ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 5 აგვისტოს №----------------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე რ--------–--- 2015 წლის 21 ო---------------- ბრძანების თანახმად ჩაირიცხა ქალაქ გ-------ს უნივერსიტეტ „პ----------ს’’ იურიდიული ფაკულტეტის „სამართლის“ სპეციალობის პირველ კურსზე. 2015-16 სასწავლო წლის პირველ სემესტრში დააგროვა პროგრამული კრედიტი 30, საკვალიფიკაციო კრედიტი 17; სარეიტინგო ქულა 1214; საშუალო ხარისხის ქულა 71. მის სახელზე 2016 წლის 10 თებერვალს გაიცა N------ ცნობა, რომლის თანახმადაც, რ--------–--- 2015-2016 სასწავლო წელს ნამდვილად სწავლობდა აღნიშნულ უნივერსიტეტში. დეკემბერსა და იანვარში მონაწილეობა მიიღო საგამოცდო-ლაბორატორიულ ცდებში, დაესწრო ლექციებსა და დამატებით ენობრივ მომზადებებს, ჩააბარა ბაკალავრიატის საგამოცდო სესიები და ტესტები. დააგროვა აღნიშნული სემესტრისათვის საჭირო პროგრამული კრედიტები.

 

2.2. 2016 წლის 1 აპრილს რ--------–---მ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება. მანვე მოითხოვა ამავე განცხადებისა (თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად) და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე გაცემული დოკუმენტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაგზავნა, რათა მიეღო უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა გაეგრძელებინა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

2.3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2016 წლის 6 აპრილის N------ შუალედური გადაწყვეტილებით, აღიარა რ--------–--ის მიერ უცხოეთში მიღებული განათლება. დაადგინა, რომ იგი უფლებამოსილი იყო სწავლა გაეგრძელებინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება რ--------–--ის განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, 2016 წლის 8 აპრილს N------ წერილით გადააგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

 

2.4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 12 აპრილის M---------------- წერილით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეთხოვა მიეწოდებინა ინფორმაცია რ--------–--ის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა/გადმოკვეთის თარიღების შესახებ. აღნიშნულის პასუხად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2016 წლის 18 აპრილის M---------------- წერილით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეცნობა მოსარჩელის მიერ საზღვრის კვეთის თარიღები.

 

2.5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 9 ივნისის №----------------- წერილით რ--------–---ს უარი ეთქვა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭებაზე, იმ მოტივით, რომ რ--------–--ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ უცხო ქვეყანაში 75 დღე ყოფნის ფაქტი. შესაბამისად, აღნიშნული შეუსაბამობაში მოდიოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანებასთან.

 

2.6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ--------–--ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 9 ივნისის N------ წერილის ბათილად ცნობა და რ--------–--ისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 9 ივნისის M---------------- წერილი და 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება, ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციების შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების უფლებას. ისინი თანახმა არიან, რომ განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრულ განვითარებას და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. შემდეგ ისინი თანახმა არიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უნდა უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობას მშვიდობის შენარჩუნებისათვის. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება განმარტებული იყოს ისე, რომ დაკნინდეს ცალკეულ პირთა და დაწესებულებათა თავისუფლება შექმნან სასწავლებლები და უხელმძღვანელონ მათ იმ უცვლელი პირობით, რომ დაიცავენ ამ მუხლის 1 პუნქტში ჩამოყალიბებულ პრინციპებს და მოთხოვნას, რომ ასეთ სასწავლებლებში მიღებული განათლება შეესაბამებოდეს მოთხოვნების იმ მინიმუმს, რომელიც შეიძლება დააწესოს სახელმწიფომ. საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება გულისხმობს ყოველი პირისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, აგრეთვე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

 

2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მობილობა არის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილება სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობისათვის როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, რასაც თან სდევს სწავლის პერიოდში მიღებული განათლების, კრედიტების ან კვალიფიკაციის აღიარება. იმავე მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდა არის პროცედურა, რომელიც ადგენს აბიტურიენტის მზაობას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად. ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია პირებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (2016 წლის 19 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია). ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონში 2016 წლის 19 თებერვლის №4787 კანონით შეტანილი ცვლილებების თანახმად, („ა“ ქვეპუნქტით) 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში“. „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: ,,საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს დაწესებულებაში.“ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ცვლილება 2016 წლის 7 მარტს გამოქვეყნდა, შესაბამისად, კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე. საქალაქო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ 2016 წლის 1 აპრილს რ--------–---მ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება. მანვე მოითხოვა ამავე განცხადებისა (თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად) და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე გაცემული დოკუმენტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაგზავნა, რათა მიეღო უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სწავლა გაეგრძელებინა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემული დავის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, რ--------–---მ თავისი უფლების რეალიზაცია, კერძოდ, აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სასწავლებლად დაშვების თაობაზე განახორციელა თუ არა ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონში 2016 წლის 19 თებერვლის №4787 კანონით შეტანილი ცვლილებებისა და ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №36/6 ბრძანებით „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილებების ამოქმედებამდე პერიოდში. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლება მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის, შუამდგომლობათა აღძვრის, მტკიცებულებათა წარდგენის, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის, გასაჩივრების უფლება და სხვა. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას.

 

2.10. საქალაქო სასამართლოს მითითებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, 1. ნებისმიერი პირს უფლება აქვს მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს; 2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება, რათა კანონით მინიჭებული უფლების განხორციელების მოთხოვნა დროში უნდა დაემთხვეს უფლების არსებობის მომენტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოთხოვნას ეცლება კანონისმიერი საფუძველი. საპროცესო ნორმა შეუძლებელია გამოყენებულ იქნეს მხარის მატერიალური უფლების შეზღუდვის თვალსაზრისით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად: 1. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში; 2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს, უნდა გამოიცეს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში; 3. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ; 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

 

2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის 224/ნ ბრძანებით (2016 წლის 20 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დამტკიცებული ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის წესის’’ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 1. განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესის მე-2 მუხლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტების მოთხოვნებთან ამოწმებს სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, არაუმეტეს 3 თვისა. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი განცხადების ამ წესის მე-2 მუხლთან შესაბამისობას იხილავს მისი შემოტანიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს (შემდგომში – მინისტრი) წარუდგენს რეკომენდაციას. მინისტრი სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის მიერ რეკომენდაციის წადგენიდან 7 დღის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას აბიტურიენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის/სტუდენტის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის 224/ნ ბრძანებით (2016 წლის 20 მაისს განხორციელებული ცლილებების შესაბამისად) დამტკიცებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა საქართველოს მოქალაქეებმა ამ პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (რეგისტრაციის ცნობა, ბინადრობის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტს. უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში). მოცემულ შემთხვევაში, რ--------–--- 2015 წლის 21 ო---------------- ბრძანების თანახმად, ჩაირიცხა ქალაქ გ-------ს უნივერსიტეტ „პ----------ს“ იურიდიული ფაკულტეტის „სამართლის“ სპეციალობის პირველ კურსზე. 2015-16 სასწავლო წლის პირველ სემესტრში დააგროვა პროგრამული კრედიტი 30, საკვალიფიკაციო კრედიტი 17; სარეიტინგო ქულა 1214; საშუალო ხარისხის ქულა 71. მის სახელზე 2016 წლის 10 თებერვალს გაიცა N------ ცნობა, რომლის თანახმადაც, რ--------–--- 2015-2016 სასწავლო წელს ნამდვილად სწავლობდა აღნიშნულ უნივერსიტეტში. დეკემბერსა და იანვარში მონაწილეობა მიიღო საგამოცდო- ლაბორატორიულ ცდებში, დაესწრო ლექციებსა და დამატებით ენობრივ მომზადებებს, ჩააბარა ბაკალავრიატის საგამოცდო სესიები და ტესტები. დააგროვა აღნიშნული სემესტრისათვის საჭირო პროგრამული კრედიტები. 2016 წლის 1 აპრილს რ--------–---მ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება. მანვე მოითხოვა ამავე განცხადებისა (თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად) და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე გაცემული დოკუმენტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაგზავნა, რათა მიეღო უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა გაეგრძელებინა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2016 წლის 6 აპრილის N------ შუალედური გადაწყვეტილებით აღიარა რ---------–--ის მიერ უცხოეთში მიღებული განათლება. დაადგინა, რომ იგი უფლებამოსილი იყო სწავლა გაეგრძელებინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება რ--------–--ის განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად 2016 წლის 8 აპრილს N------ წერილით გადააგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 12 აპრილის M---------------- წერილით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეთხოვა მიეწოდებინა ინფორმაცია რ--------–--ის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა/გადმოკვეთის თარიღების შესახებ. აღნიშნულის პასუხად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2016 წლის 18 აპრილის M---------------- წერილით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეცნობა მოსარჩელის მიერ საზღვრის კვეთის თარიღები.

 

2.12. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის 224/ნ ბრძანებით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, რ--------–--ის განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღების ვადის გაგრძელების რაიმე საფუძველის არსებობის ფაქტი არ დაუდასტურებია. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მხოლოდ ნორმის მისეულ განმარტებაზე მიუთითებდა და მიიჩნევს, რომ ცვლილებების განხორციელებამდე არსებული ნორმა რ--------–--ის განცხადების დაკმაყოფილებას უპირობოდ გამორიცხავდა, ვინაიდან ,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის ნორმის ჩანაწერი: ,,უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში’’ გულისხმობდა სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში უცხო ქვეყანაში უწყვეტად ცხოვრების აუცილებლობას, ხოლო განხორციელებული ცვლილებებით უცხო ქვეყანაში ცხოვრების დღეთა რაოდენობა დადგინდა ერთი სემესტრის მიხედვით. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის აღნიშნული მოსაზრება და მიიჩნია, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. ამდენად, კანონის განმარტებისას, დადგენილ უნდა იქნეს კანონმდებლის ნება და მიზანი, რაც მხოლოდ გრამატიკული განმარტებით ვერ მიიღწევა. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს - ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა. საქალაქო სასამართლოს მითითებით, განათლების მიმღებ პირს აქვს განათლების მიღების ფორმისა და ადგილის არჩევის თავისუფლება. მოცემულ შემთხვევაში, რ--------–--ის მიერ არჩეული იყო უცხო ქვეყნის სასწავლებლის დაუსწრებელი სწავლების ფორმა, რაც როგორც საქმის მასალებით და დაუსწრებელი სწავლების ფორმის შინაარსით დგინდება, არ მოითხოვდა სასწავლო წლის განმავლობაში უწყვეტად უცხო ქვეყანაში ყოფნის აუცილებლობას. ასევე ცნობილია, რომ დასწრებული ფორმის სწავლების პერიოდიც წლის განმავლობაში უწყვეტად არ მიმდინარეობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნორმის მოპასუხისეული განმარტება იძლევა იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვისა და სტუდენტთა მობილობის უფლების რეალიზებისათვის აუცილებელია სასწავლო პროცესში დასვენების პერიოდში უცხო ქვეყანაში ყოფნა, რაც თავისუფალი გადაადგილების პრინციპს ეწინააღმდეგება. საქალაქო სასამართლომ დაადასტურა ის გარემოება, რომ სტუდენტთა მობილობისათვის სახელმწიფოს მიერ გარკვეული კრიტერიუმების დაწესება გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ სტუდენტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწავლობენ და იღებენ კრედიტებს საზღვარგარეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ საზღვარგარეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რიგ შემთხვევაში, სწავლის პერიოდი არ არის ხანგრძლივი, თუმცა თუნდაც ამ მოსაზრებით, შეუძლებელია ნორმა გაგებული იქნეს ისე, რომ განათლების მიღების უფლების რეალიზებისათვის შეიზღუდოს სხვა ასევე მნიშვნელოვანი უფლება, ამ შემთხვევაში თავისუფალი გადაადგილების უფლება. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ უცხო ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყოფნის პერიოდი ამ კონკრეტული დავის მიზნებისათვის უნდა დადგინდეს იმავე წლის სასწავლო პროცესის ხანგრძლივობის მხედველობაში მიღებით. საქალაქო სასამართლოს მითითებით, რ--------–---მ განცხადება ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა იმ პერიოდში, როდესაც მატერიალური უფლება კანონით დადასტურებული იყო, ხოლო პროცედურული ნორმები იმ მომენტისათვის არ არსებობდა. ამდენად, პროცედურული ნორმის არ არსებობა ვერ გახდებოდა მატერიალური უფლების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი. ასეთ პირობებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო საკითხი განეხილა უფლების წარმოშობის მომენტში არსებული სამართლებრივი რეგულაციის მხედველობაში მიღებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, რ--------–--ის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენილი დოკუმენტები 2016 წლის 1 აპრილის მდგომარეობით არსებული სამართლებრივ ჭრილში იძლეოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

 

2.13. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილება რ--------–--ის მიერ 2016 წლის 1 აპრილს წარდგენილი განცხადების განხილვისას დაეფუძნა ნორმის არასწორ განმარტებას, რაც აისახა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებაში. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საკითხის ხელახალი განხილვისას სამინისტრომ უნდა იხელმძღვანელოს განცხადების წარდგენისას მოქმედი ნორმების შინაარსის შესაბამისად და დადგენილი პროცედურის დაცვით განიხილოს რ--------–--ის განცხადება, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს რ--------–--ის მიერ გავლილი სასწავლო კურსის ხანგრძლივობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ასევე საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს პირის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის გაცემული წერილობითი თანხმობის დადასტურება, ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს დაინტერესებული პირის მიერ სწავლის გაგრძელების უწყვეტობის დადასტურება იმ მოსაზრებით, რომ სტუდენტთა მობილობისათვის აუცილებელია დასტურდებოდეს პირის მიერ უმაღლესი სასწავლო პროგრამის დაძლევის შესაძლებლობა და სხვა გარემოებები. ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს ზემოხსენებული ყველა გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რ--------–--ის 2016 წლის 1 აპრილის განცხადებასთან დაკავშირებით.

 

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რ--------–--- უცხო ქვეყანაში იმყოფებოდა არა 75 დღე, არამედ 25 დღე, რასაც ადასტურებს შსს სამინისტროს 2016 წლის 18 აპრილის წერილი, რომელიც ერთვის საქმეს.

 

3.2. აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ გამოიყენა კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’, რომელიც უშუალოდ არეგულირებს სადაო საკითხს, ასევე გამოიყენა ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მენციერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანება, თუმცა არასწორი შეფასება მისცა მათ.

 

3.3. აპელანტის წარმომადგენლის მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილების 7.3 პუნქტში არასწორად განმარტა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი (რომელიც ამოქმედდა 2016 წლის 07 მარტს გამოქვეყნებისთანავე), ასევე ამავე კანონის 52-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტი (2016 წლის 19 თებერვლამდე არსებული რედაქცია), რომლის მიხედვით, სტუდენტების მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვები იყო საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული ჰქონდათ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში მხოლოდ ყურადღება ამახვილებს უცხოეთში სწავლაზე და საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ კრედიტებზე/კვალიფიკაციაზე და რატომღაც არანაირ შეფასებას არ აძლევს კანონის ჩანაწერს ,,ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ’’, რაც გულისხმობს, რომ ერთ-ერთ აუცილებელ პირობას მობილობის განხორცილებისას წარმოადგენს უცხო ქვეყანაში ცხოვრება, რაც დადგენილია და განისაზღვრა 75 დღით. ანუ სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა კანონის ჩანაწერის სამივე კრიტერიუმზე: ,,ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ’’, ,,სწავლობენ/სწავლობდნენ’’ და ,,მიღებული ჰქონდათ კრედიტები/კვალიფიკაცია’’.

 

3.4. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, თუ როდის განახორციელა რ--------–---მ თავისი უფლების რეალიზაცია. უფრო კონკრეტულად, განახორციელა თუ არა ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონში 2016 წლის 19 თებერვლის №4787 კანონით შეტანილი ცვლილებებისა და ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №36/6 ბრძანებით „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტიდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების ამოქმედებამდე პერიოდში. აპელანტის წარმომადგენლის მითითებით, „უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონში 2016 წლის 19 თებერვლის შეტანილი ცვლილებით, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით დაწესებული მოთხოვნა უცხო ქვეყანაში ბოლო ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრებასთან დაკავშირებით ამოღებულ იქნა. ამასთან, ამავე პუნქტს დაემატა „დ’’ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, სტუდენტების მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვები იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული ჰქონდათ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 17 მაისის 36/ნ ბრძანებით შევიდა ცვლილება „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტიდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის 224/ნ ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტით, უცხო ქვეყანაში ცხოვრებისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის ვადები განისაზღვრა 75 დღით ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ არც ადრე და არც საჩივრის გადაწყვეტის პერიოდში მოქმედი დანაწესი არ რთავდა უფლებას რ--------–---ს, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე მინიჭებოდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება. აპელანტის წარმომადგენლის აზრით, უნდა მიექცეს ყურადღება ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის არსებულ ჩანაწერს, (2016 წლის 19 თებერვლამდე არსებულ რედაქცია) რომელშიც მითითებულია, რომ სტუდენტების მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია პირებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/ კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში). აღნიშნული ჩანაწერი გულისხმობს, რომ სტუდენტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს უწყვეტად, სწავლობდეს და მიიღოს შესაბამისი კრედიტები უცხო ქვეყანაში.

 

3.5. აპელანტის წარმომადგენლის მითითებით, საქალაქო სასამართლოს მსჯელობა არის წინააღმდეგობრივი სტუდენტთა მობილობისთვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ერთი მხრივ, აღნიშნულია, რომ გარკვეული ვადის დაწესება უცხო ქვეყანაში ყოფნისთვის ეწინააღმდეგება თავისუფალი გადაადგილების პრინციპს, რომ მათი დასვენების უფლება იზღუდება, თუმცა ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტული დავის მიზნებისთვის, უცხო ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყოფნის პერიოდი უნდა დადგინდეს სასწავლო პროცესის ხანგრძლივობის მხედველობაში მიღებით. აპელანტის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით გასცდა უფლებამოსილებას და იმსჯელა საკითხზე, რამდენად კანონიერია კანონის ეს დანაწესი. რაც შეეხება თავისუფალი გადაადგილების შეღუდვის უფლებას, აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ამგვარ შეზღუდვას ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის არცერთი ჩანაწერი არ გულისხმობს, პირიქით, სტუდენტებს ეძლევათ უფლება ისარგებლონ მობილობის და უმაღლესი განათლების თავისუფალი არჩევანით, თუმცა კანონი აწესებს მობილობის წესს და ადგენს შესაბამის რეგულაციას, რაც სავალდებულოა მობილობის განხორციელებისას. საქალაქო სასამართლო, ერთი მხრივ, უთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. გადაწყვეტილებაში არაა დასაბუთება, თუ რომელი კანონის მოთხოვნა იქნა დარღვეული, რაც გახდებოდა საფუძველი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 9 ივნისის №----------------- წერილისა და 2016 წლის 5 აგვისტოს №----------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა, არამედ სასამართლომ მიუთითა იმაზე, რომ ნორმა არასწორად იქნა განმარტებული. თუმცა, აპელანტის წარმომადგენლის აზრით, გადაწყვეტილებიდან არ იკითხება, თუ როგორ უნდა განმარტებულიყო იგი, არამედ მხოლოდ ზოგადი ხასიათის მითითებაა კანომდებლის ნების დადგენაზე, განმარტების პრინციპებზე, ასევე კონსტიტუციურ უფლებებზე, თუმცა აღნიშნული მსჯელობა მეტად ზოგადი ხასიათისაა და არანაირად არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილი ან/და გადაწყვეტილება არის კანონსაწინააღმდეგო.

 

3.6. რაც შეეხება 2016 წლის 09 ივნისის წერილის გამოცემისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევას, აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ვადა არ არის დარღვეული, ამასთან, გადაწყვეტილების მიღებამდე სამინისტროს უნდა დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი. აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 09 ივნისის №------ წერილის მომზადების ან გამოცემის წესის არსებითი დარღვევა, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, არც ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ან რაიმე იმგვარი დარღვევით, რაც გამოიწვევდა საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს არასწორი შეფასება მისცა, რის გამოც გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე’’ და ,,ე’’ პრიმა პუნქტების თანახამდ, სახეზეა გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის შედეგადაც მიღებული იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე რ--------–--- 2015 წლის 21 ო---------------- ბრძანების თანახმად ჩაირიცხა ქალაქ გ-------ს უნივერსიტეტ „პ----------ს’’ იურიდიული ფაკულტეტის „სამართლის“ სპეციალობის პირველ კურსზე. 2015-16 სასწავლო წლის პირველ სემესტრში დააგროვა პროგრამული კრედიტი 30, საკვალიფიკაციო კრედიტი 17; სარეიტინგო ქულა 1214; საშუალო ხარისხის ქულა 71. მის სახელზე 2016 წლის 10 თებერვალს გაიცა N------ ცნობა, რომლის თანახმადაც, რ--------–--- 2015-2016 სასწავლო წელს ნამდვილად სწავლობდა აღნიშნულ უნივერსიტეტში. დეკემბერსა და იანვარში მონაწილეობა მიიღო საგამოცდო-ლაბორატორიულ ცდებში, დაესწრო ლექციებსა და დამატებით ენობრივ მომზადებებს, ჩააბარა ბაკალავრიატის საგამოცდო სესიები და ტესტები. დააგროვა აღნიშნული სემესტრისათვის საჭირო პროგრამული კრედიტები.

 

4.2. 2016 წლის 1 აპრილს რ--------–---მ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება. მანვე მოითხოვა ამავე განცხადებისა (თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად) და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე გაცემული დოკუმენტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაგზავნა, რათა მიეღო უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა გაეგრძელებინა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

4.3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2016 წლის 6 აპრილის N------ შუალედური გადაწყვეტილებით, აღიარა რ--------–--ის მიერ უცხოეთში მიღებული განათლება. დაადგინა, რომ იგი უფლებამოსილი იყო სწავლა გაეგრძელებინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება რ--------–--ის განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, 2016 წლის 8 აპრილს N------ წერილით გადააგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

 

4.4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 12 აპრილის M---------------- წერილით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეთხოვა მიეწოდებინა ინფორმაცია რ--------–--ის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა/გადმოკვეთის თარიღების შესახებ. აღნიშნულის პასუხად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2016 წლის 18 აპრილის M---------------- წერილით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეცნობა მოსარჩელის მიერ საზღვრის კვეთის თარიღები.

 

4.5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 9 ივნისის №----------------- წერილით რ--------–---ს უარი ეთქვა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭებაზე, იმ მოტივით, რომ რ--------–--ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ უცხო ქვეყანაში 75 დღე ყოფნის ფაქტი. შესაბამისად, აღნიშნული შეუსაბამობაში მოდიოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანებასთან.

 

4.6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ--------–--ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 9 ივნისის N------ წერილის ბათილად ცნობა და რ--------–--ისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

4.7. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 18 აპრილის წერილით დგინდება, რომ რ--------–--- უცხო ქვეყანაში იმყოფებოდა არა 75 დღე, არამედ 25 დღე.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.8. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს არ ეწინააღმდეგებიან, ასევე, ისინი არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებენ მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.10. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

4.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, რის გამოც არ არსებობდა საქალაქო სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.

 

4.12. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის (2016 წლის თებერვლამდე მოქმედი რედაქციის) 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია პირებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, დასაშვები იყო პირისათვის მხოლოდ მაშინ, თუ იგი უცხო ქვეყანაში ცხოვრობდა ბოლო 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში. საქმის მასალებით, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 18 აპრილის წერილით კი დგინდება, რომ რ--------–--- შესაბამის სასწავლო პერიოდში უცხო ქვეყანაში იმყოფებოდა 25 დღის განმავლობაში. ამასთან, ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონში 2016 წლის 19 თებერვალს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მითითებული კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატა ,,დ’’ ქვეპუნქტი (ამოქმედდა 2016 წლის 07 მარტს გამოქვეყნებისთანავე), რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია: დ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 17 მაისის 36/ნ ბრძანებით შევიდა ცვლილება „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტიდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის 224/ნ ბრძანებაში, რომლის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებას უნდა დაურთონ შემდეგი დოკუმენტები: ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა საქართველოს მოქალაქეებმა ამ პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (რეგისტრაციის ცნობა, ბინადრობის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტს. უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში). ამდენად, ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონში 2016 წლის თებერვალში განხორციელებული და „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტიდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის 224/ნ ბრძანებაში 2016 წლის მაისში განხორციელებული ცვლილებების შედეგად დადგინდა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ პირი უცხო ქვეყანაში ცხოვრობს არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში მაინც, რა მოთხოვნასაც ასევე ვერ აკმაყოფილებდა მოსარჩელე რ--------–---. ამდენად, მოსარჩელე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლისათვის ვერ აკმაყოფილებდა ვერც ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის (2016 წლის თებერვლამდე არსებული რედაქციის) 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნას (უცხო ქვეყანაში არ უცხოვრია ბოლო 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში) და ვერც 2016 წლის 19 თებერვალს ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტსა და 2016 წლის 17 მაისს „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტიდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის 224/ნ ბრძანებაში შესული ცვლილებების მოთხოვნებს (უცხო ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში მაინც). შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან რ--------–--- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლისათვის ვერ აკმაყოფილებდა როგორც კანონმდებლობაში ცვლილების განხორციელებამდე, ასევე ცვლილებების შემდეგ არსებული ნორმების მოთხოვნებს, მას სწორად ეთქვა უარი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

4.13. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს კიდევ ერთ გარემოებას, კერძოდ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 2016 წლის თებერვლამდე არსებული რედაქციის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლისათვის სავალდებული წესით ითვალისწინებდა, რომ პირს უცხო ქვეყანაში უნდა ეცხოვრა ბოლო 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში. კანონის ეს მოთხოვნა გაუქმდა ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონში 2016 წლის 19 თებერვალს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, რა დროსაც კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატა ,,დ’’ ქვეპუნქტი და დადგინდა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე დასაშვებია საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამდენად, ამ მომენტისათვის, კანონში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, კანონი აღარ ითვალისწინებდა უცხოეთში ცხოვრების ვალდებულებას ბოლო 1 წლის განმავლობაში მაინც, მაგრამ ადგენდა, რომ პირს უცხო ქვეყანაში უნდა ეცხოვრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით. ეს ვადა კი დადგინდა 2016 წლის 17 მაისს „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტიდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის 224/ნ ბრძანებაში შესული ცვლილებით, რომლის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველებს დაევალათ წარედგინათ უცხო ქვეყანაში ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში არანაკლებ 75 დღის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი მტკიცებულება. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ რ--------–---მ 2016 წლის 1 აპრილს მიმართა განცხადებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება, მას ასევე მოითხოვა ამავე განცხადებისა (თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად) და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე გაცემული დოკუმენტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაგზავნა, რათა მიეღო უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა გაეგრძელებინა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამდენად, რ--------–---მ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განცხადებით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების თაობაზე მოთხოვნით მიმართა 2016 წლის 1 აპრილს, მაშინ, როდესაც, ერთის მხრივ, ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონში შესული ცვლილებით გაუქმებული იყო მოთხოვნა უცხო ქვეყანაში ბოლო 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში სავალდებულო ცხოვრების შესახებ, ხოლო მეორეს მხრივ, ჯერ კიდევ არ იყო შესული ცვლილება (2016 წლის 17 მაისს) „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტიდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის 224/ნ ბრძანებაში და არ იყო დადგენილი ვალდებულება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის წარედგინათ უცხო ქვეყანაში ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში არანაკლებ 75 დღის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, ერთი შეხედვით შეიძლება გაჩნდეს მოსაზრება, რომ, ვინაიდან რ--------–---მ განცხადება წარადგინა იმ პერიოდში, როდესაც უცხოეთში ცხოვრების ერთწლიანი კანონისმიერი ვალდებულება გაუქმებული იყო, ხოლო ერთი სემესტრის განმავლობაში ცხოვრების 75 დღიანი ვალდებულება ჯერ კიდევ არ იყო ძალაში შესული (თუმცა ეს ნორმა უკვე მოქმედებდა სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების დროს), ამიტომ მისთვის აღარ უნდა მოეთხოვათ უცხოეთში ცხოვრების დამადასტურებელი მტკიცებულება და უნდა მიეცათ მისთვის საქართველოს საგანამანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. სააპელაციო პალატა ასეთ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ, მართალია რ--------–---მ განცხადება წარადგინა იმ პერიოდში, როდესაც უცხოეთში ცხოვრების ერთწლიანი კანონისმიერი ვალდებულება გაუქმებული იყო, ხოლო ერთი სემესტრის განმავლობაში ცხოვრების 75 დღიანი ვალდებულება ჯერ კიდევ არ იყო ძალაში შესული, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამ პერიოდში (ე.წ. ,,შუალედში’’) მოქმედებდა ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონში 2016 წლის 19 თებერვალს განხორციელებული ცვლილება, რა დროსაც კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტს დამატებული ,,დ’’ ქვეპუნქტი ადგენდა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე დასაშვებია საქართველოს მოქალაქეებისათვის მხოლოდ მაშინ, თუ ისინი უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ, სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით. ამდენად, ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონში შესული ცვლილების შემდეგ, მართალია გაუქმდა უცხოეთში ბოლო 1 წლის განმავლობაში სავალდებულო სწავლის ვალდებულება, მაგრამ ამავე ცვლილებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყანაში ცხოვრობა მაინც აუცილებელი იყო და ამ ცხოვრების/სწავლის ვადას განსაზღვრავდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რაც განისაზღვრა კიდეც 2016 წლის 17 მაისს „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტიდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის 224/ნ ბრძანებაში შეტანილი ცვლილებით და ეს ვადა დადგინდა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში არანაკლებ 75 დღის ოდენობით. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტებში ცვლილების განხორციელებამდე და ცვლილების განხორციელების შემდეგაც არ არსებობდა არანაირი პერიოდი, როდესაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის მსურველ პირებს არ ევალებოდათ წარედგინათ უცხო ქვეყანაში ცხოვრების/სწავლის დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. რ--------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში რ--------–--ის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო რ--------–---ს უნდა დაეკისროს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. რ--------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოში რ--------–--ის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

5. რ--------–---ს დაეკისროს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 ლარის ოდენობით.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მერაბ ლომიძე

 

მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი

 

მირანდა ერემაძე