განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.04.2018
საქმის ნომერი
330210017001803720
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001803720

საქმე №2ბ/5316-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 აპრილი , 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა

მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი

გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

 

აპელანტი - შპს „ხ------“

წარმომადგენლები: პა------–---–----ე, გი--------------–---–ი (დირქტორი)

 

მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ ქ. თბ--–----------–------------------------------------ო

წარმომადგენელი - მი---------------–---ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - შეთანხების ბათილად ცნობა, გადახდილი თანხის დაბრუნება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ხ------ს“ სარჩელი მოპასუხე ა(ა)იპ ქ. თბ--–----------–------------------------------------ოს მიმართ, შეთანხმების ბათილად ცნობისა და თანხის დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2016 წლის 4 აპრილს ა(ა)იპ ქ. თბ--–----------–------------------------------------ოს (შემსყიდველი) და შპს „ხ------ს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, ბაგა-ბაღის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების თაობაზე. სამუშაოები უნდა დაწყებულიყო ხელშეკრულების გაფორმების დღიდან და დასრულებულიყო არაუგვიანეს 6 (ექვსი) თვის ვადაში. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 747 370 ლარს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 04.04.2016 წლის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ და დანართი №2.

 

2.2. 2016 წლის 18 ოქტომბრის №2 შეთანხმების ოქმით ცვლილება შევიდა ძირითად ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 738 826 ლარით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 18.10.2016 წლის №2 შეთანხმება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

2.3. 2016 წლის 26 დეკემბრის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებელმა დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და წარადგინა ფორმა №2 ღირებულებით 738 826 ლარით. ხოლო 2017 წლის 13 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით განისაზღვრა, რომ შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს 724 039 ლარს ყველა გადასახადის ჩათვლით. ამავე აქტით მხარეებმა ხელმოწერით დაადასტურეს, რომ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 26.12.2016 წლის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი;

- 13.01.2017 წლის მიღება-ჩაბარების აქტი.

 

2.4. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული 2017 წლის 13 იანვრის №3 შეთანხმებით განისაზღვრა, რომ შპს „ხ------ს“ მიერ სამუშაოებო 2016 წლის 4 ოქტომბრის ნაცვლად დასრულდა 2016 წლის 26 დეკემბერს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 11.2 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს დაეკისრება პირგასამტეხლოს 183 967.67 ლარის გადახდა, რომელიც გამოაკლდება მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას, კერძოდ „მიმწოდებელი“ (შპს „ხ------“) თანახმაა, მის მიერ შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულებიდან, 724039 ლარიდან, მის ანგარიშზე გადაირიცხოს 540 071.33 ლარი, ხოლო 183 967.67 ლარი გადაირიცხოს სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე, როგორც სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა.

 

სასამართლო დაერდნო 13.01.2017 წლის №3 შეთანხმებას.

 

2.5. ა(ა)იპ ქ. თბ--–----------–------------------------------------ოს მიერ შპს „ხ------ს“ ანგარიშზე ჯამში გადარიცხულია 540071.33 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადახდო მოთხოვნა №00026;

- საგადახდო მოთხოვნა №02282.

 

სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.6. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ ვერ დაადსტურა, რომ სადავო 2017 წლის 13 იანვრის შეთანხმების გაფორმება მოხდა მოპასუხის მხრიდან იძულებით. იძულების განხორციელების დასადასტურებლად მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ თანხის დაგვიანებით ჩარიცხვის გამო ვერ შეძლო მუშა-მოსამსახურეებისთვის ხელფასების დროულად გადახდა. ისინი გაფიცვით იმუქრებოდნენ, იყო ოფისში და სახლში მივარდნის და ფიზიკური განადგურების მუქარის ფაქტები, ხოლო მოპასუხე მიზანმიმართულად არ ახდენდა თანხის დროულად გადარიცხვას, რითაც აიძულა მისი მხრიდან მომხდარიყო პირგასამტეხლოს აღიარება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების დადებისას მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, პირმა, ვისაც მიაჩნია, რომ ასეთი გარიგებით შეილახა მისი უფლება.

 

იმისთვის, რომ წარმოიშვას სადავო გარიგების ბათილად ცნობის სამოქალაქო კოდექსის 85-ე (იძულებით დადებული გარიგება) მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, საკმარისი არ არის მოსარჩელის მხრიდან მხოლოდ, ობიექტურად არსებული იძულების მდგომარეობაზე მითითება. არამედ, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად უნდა დგინდებოდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებას (იძულება/მუქარა) და დამდგარ შედეგს (სადავო გარიგება) შორის.

 

სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, არ ადასტურებს გარიგების მოპასუხის მხრიდან იძულებით დადებას.

 

2.7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ სადავო 2017 წლის 13 იანვრის შეთანხმება არის ვალის აღიარების ხელშეკრულება და მისი ნამდვილობა არ არის დამოკიდებული ძირითადი (04.04.2016 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება-შეუსრულებლობასთან. აღნიშნული მსჯელობის საფუძველს ამყარებს ის ფაქტი, რომ სადავო გარიგების დადებამდე, იმავე რიცხვში შპს „ხ------მ“ განცხადებით მიმართა ა(ა)იპ თბ--–----------–------------------------------------ოს, რომლის თანახმად, აღიარა რომ შპს „ხ------ს“ პირგასამტეხლოს სახით დავალიანებაა 183 967.67 ლარი და თანახმაა მისი გამოკლება მოხდეს შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, ახალი გარიგებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეული ვალდებულებთი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდბეულებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალადებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთბობისა.

 

ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულების ხელმოწერით მხარემ დაადასტურა მის არსებით პირობებზე შეთანხმება და ამ შეთანხების ნამდვილობის პირობებში სასამართლოს კვლევის საგანი ვერ გახდებოდა ძირითადი ხელშეკრულება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 13 იანვრის შეთანხმება ნამდვილი გარიგებაა და მასზე ხელმოწერით მხარეებს შორის ახალი ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა, რომლის შესაბამისად, შპს „ხ------მ“ აღიარა მოპასუხის წინაშე ფულადი ვალდებულების 183 967.67 ლარის ოდენობით არსებობის ფაქტი და იკისრა აღიარებული დავალიანების გადახდა. მან შეასრულა კიდეც ეს ვალდებულება.

 

2.9. სასამართლო მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან შეთანხმება, რომლის საფუძველზეც გადაიხადა შპს „ხ------მ“ თანხა, ნამდვილ გარიგებას წარმოადგენს და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა, უსაფუძვლო იყო მოთხოვნა გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „ხ------მ“ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მართალია მხარეთა შორის 2016 წლის 04 აპრილს გაფორმებული №-------- ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „ხ------ს“ სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2016 წლის 05 ოქტომბრამდე, ხოლო სამუშაოები დასრულდა 2016 წლის 30 ნოემბერს, მაგრამ აღნიშნული შეთახმებული იყო მოპასუხესთან, რასაც ადასტურებს მხარეთა შორის 2016 წლის 18 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმების №2 ოქმი, რომლითაც შესაბამისი ცვლილება შევიდა ძირითად ხელშეკრულებაში, შესაბამისად, შპს „ხ------ს“ არ დაურღვევია ნაკისრი ვალდებულება.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო 2017 წლის 13 იანვარს შედგენილ იქნა ძირითადი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელთა მიხედვითაც შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 724 039 ლარი ყველა გადასახადის ჩათვლით და რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ არავითრი პრეტენზია არ გააჩნიათ.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო 2017 წლის 13 იანვრის შეთანხმება არის ვალის აღიარების ხელშეკრულება და მისი ნამდვილობა არ არის დამოკიდებული ძირითადი (04.04.2016 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება-შეუსრულებლობაზე. აღნიშნულ მსჯელობას ამყარებს ის ფაქტი, რომ სადავო გარიგების დადებამდე, იმავე რიცხვში შპს „ხ------მ“ განცხადებით მიმართა ა(ა)იპ თბ--–----------–------------------------------------ოს, რომლის თანახმად, აღიარა რომ შპს „ხ------ს“ პირგასამტეხლოს სახით დავალიანებაა 183 967.67 ლარი და თანახმაა მისი გამოკლება მოხდეს შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულებიდან. ვინაიდან არავითარი ვალის აღიარების ხელშეკრულება მხარეთა შორის არ გაფორმებულა და მოსარჩელის მხრიდან იმ გარემოებაზე მითითება, რომ მას უნდა დეკისროს მოპასუხის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ვალის აღიარების ხელშეკრულება, რადგან მხარეთა შორის ჯერ 2016 წლის 26 დეკემბერს შედგენილი იქნას შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო 2017 წლის 13 იანვარს - ძირითადი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელთა მიხედვითაც, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 724 039 ლარი ყველა გადასახადის ჩათვლით და მხარეებს ერთმანეთი მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნიათ.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით 2016 წლის 18 ოქტომბერს განხორციელდა ხელშეკრულების კორექტირება, შესაბამისად, საპატიოდ უნდა ჩაითვალოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესრულების ვადიდან ზემოხსენებულ თარიღამდე გასული 14 დღე; შესრულებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ინსპექტირების პერიოდი შეადგენდა 2016 წლის 01 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე პერიოდს, შესაბამისად, საპატიოდ უნდა ჩაითვალოს 26 დღე; ნალექიან დღეთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 50 დღეს, რაც ასევე უნდა ჩაითვალოს საპატიოდ. მთლიანობაში მოსარჩელეს საპატიოდ უნდა ჩათვლოდა 90 დღე, რაც გამორიცხავს 83 დღის ვადაცილების გამო მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლიანობას.

 

3.4. აპელანტის მოსაზრებით, დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგ/ი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატას უდავოდ დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1.1. 2016 წლის 4 აპრილს ა(ა)იპ ქ. თბ--–----------–------------------------------------ოს (შემსყიდველი) და შპს „ხ------ს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა კაპიტალური რემონტის (შეკეთება) და რეკონსტრუქციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის ღირებულება განისაზღვრა 747370 ლარით.

 

4.1.2. შპს „ხ------ს“ სარემონტრო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა დაესრულებინა არაუგვიანეს 6 (ექვსი) თვის ვადაში, კერძოდ 2016 წლის 04 ოქტომბერს (ტ. І, ს.ფ 120).

 

4.1.3. 2016 წლის 18 ოქტომბრის №2 შეთანხმების ოქმით, ცვლილება შევიდა ძირითად ხელშეკრულებაში, შეიცვალა ხარჯთაღრიცხვა და ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 738826 ლარით (ტ. І, ს.ფ 20).

 

4.1.4. შპს „ხ------ს“ მიერ სარემონტრო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2016 წლის 4 ოქტომბრის ნაცვლად დასრულდა 2016 წლის 26 დეკემბერს.

 

4.1.5. 2016 წლის 26 დეკემბრის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებელმა დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და წარადგინა ფორმა №2 ღირებულებით 738 826 ლარით.

 

4.1.6. 2017 წლის 13 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2016 წლის 26 დეკემბერს შპს „ხ------მ“ ა(ა)იპ ქ. თბ--–----------–------------------------------------ოს მიაწოდა 724 039 ლარის ღირებულების სარემონტრო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. მხარეებმა განაცხადეს, რომ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.

 

4.1.7. სადავო 2017 წლის 13 იანვრის №3 შეთანხმებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს „ხ------მ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ნაცვლად 2016 წლის 04 ოქტომბრისა, დაასრულა 2016 წლის 26 დეკემბერს, შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 11.2 პუნქტის შესაბამისად, შპს „ხ------ს“ დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა 183 967.67 ლარის ოდენობით. მხარეთა შეთანხმებით, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულებიდან, 724039 ლარიდან, მის ანგარიშზე გადაირიცხებოდა 540071.33 ლარი, ხოლო 183 967.67 ლარი გადაირიცხებოდა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე, როგორც სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა (ტ. І, ს.ფ. 29-30).

 

4.1.8 ა(ა)იპ ქ. თბ--–----------–------------------------------------ოს მიერ შპს „ხ------ს“ ანგარიშზე ჯამში გადარიცხულია 540 071.33 ლარი.

 

4.2. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ სადავო 2017 წლის 13 იანვრის შეთანხმების გაფორმება მოხდა მოპასუხის მხრიდან იძულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი პირის სასამართლოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედია და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის გარანტიაა. შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებსაც ის თავის მოთხოვნასა, თუ შეპასუხებას აფუძნებს.

 

აპელანტი იძულების განხორციელების დასადასტურებლად, მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ თანხის დაგვიანებით ჩარიცხვის გამო ვერ შეძლო მუშა-მოსამსახურეებისთვის ხელფასების დროულად გადახდა. ისინი გაფიცვით იმუქრებოდნენ, იყო მივარდნის და ფიზიკური განადგურების მუქარის ფაქტები, ხოლო მოპასუხე მიზანმიმართულად არ ახდენდა თანხის დროულად გადარიცხვას, რითაც აიძულა მისი მხრიდან მომხდარიყო პირგასამტეხლოს აღიარება.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტობრივი საფუძვლების მითითების და დამტკიცების მოვალეობა მოსარჩელესვე ეკისრება, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით მის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცება ვერ შეძლო.

 

ამდენად, არ არსებობს მხარეთა შორის გაფორმებული სადავო 2017 წლის 13 იანვრის №3 შეთანხმების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.3. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ ძირითადი ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში 2016 წლის 18 ოქტომბერს შეტანილი ცვლილებით განხორციელდა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ვადის გაზრდა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 2016 წლის 18 ოქტომბრის შეთანხმების №2 ოქმზე, რომელში არსად საუბარი არ არის ხელშეკრულების შესრულების ვადის გაზრდაზე და მოსარჩელის მხრიდან შეთანხმების გაფორმების მომენტისთვის არსებული, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების საპატიოდ ჩათვლაზე (ტ. І, ს.ფ. 20). ხოლო რაც შეეხება 2016 წლის 18 ოქტომბერს ხარჯთაღრიცხვის კორექტირებას, სააპელაციო პალატა აღნიშნულ გარემოებას მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების ვადის გაზრდად ვერ განიხილავს, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეს თავდაპირველი ხელშეკრულებით შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვით სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2016 წლის 05 ოქტომბრამდე, ხოლო 2016 წლის 18 ოქტომბერს (ვადის გასვლის შემდეგ) ხარჯთაღრიცხვის კორექტირებით უკვე დარღვეული ვადის გაგრძელება ვერ განხორციელდებოდა. ამასთან, მოსარჩელემ 2017 წლის 13 იანვრის №3 შეთანხმებით თავად აღიარა ვალდებულების დაგვიანებით შესრულების ფაქტი.

 

4.4. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მას ვადაგადაცილებაში არ უნდა ჩათვლოდა 50 დღე, რადგან ადგილი ჰქონდა ფორს-მაჟორულ გარემოებას - ნალექს.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი მხარე აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მიუთითებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 03 ოქტომბერს გაცემულ ცნობაზე (იხ. ტ. І, ს.ფ. 142), რომლის მიხედვითაც 2016 წლის 10 აპრილიდან 11 ივლისის ჩათვლით (სულ 50 დღის განმავლობაში) აღინიშნებოდა ნალექი.

 

პალატა განმარტავს, რომ ფორს-მაჟორი, ანუ დაუძლეველი ძალა შეუძლებელს ხდის ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას, ამდენად, ფორს-მაჟორული სიტუაცია ნიშნავს მხარეთა დამოუკიდებლად, ობიექტურად არსებულ ისეთ გარემოებებს, რომელთა არსებობა გამორიცხავს მოვალის ბრალს. სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „ხ------ს“ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა იყო გამოწვეული ფორს-მაჟორული გარემოების შედეგად, რადგან სამშენებელო სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღინიშნებოდა ნალექი, რაც ხელს უშლიდა სამუშაოების შესრულებას.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის სათანადო მტკიცებულება, რომლითაც ნალექის არსებობის პირობებში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოების შეუძლებლობა დადასტურდებოდა, მითუმეტეს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება მეტწილად შიდა სარემონტო სამუშაოების წარმოებას ითვალისწინებდა. ამავე დროს, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, თუ რა მოცულობის ნალექის მოსვლას ჰქონდა ადგილი.

 

4.5. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და ექვემდებარება შემცირებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრულვენყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას წარმოადგენს ბესთან და მოვალის გარანტიასთან ერთად, რომელიც მხარეებმა შეიძლება ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ. იმავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. იმავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება Nას-988-1021-2011; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 იანვრის ას-721-728-2015);

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს.

 

თავისუფალი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვისა და ეკონომიკური თავისუფლების, როგორც კონსტიტუციური პრინციპის, უზრუნველყოფა-რეალიზების ინტერესები მოითხოვს პირგასამტეხლოს განაკვეთისა და ფაქტობრივი ოდენობის თანაზომიერებასა და მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ შესაბამისობას ძირითადი სახელშეკრულებო დავალიანების თანხასთან მიმართებაში. მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები. პირგასამტეხლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2017 წლის 13 იანვრის №3 შეთანხმებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს „ხ------მ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ნაცვლად 2016 წლის 04 ოქტომბრისა, დაასრულა 2016 წლის 26 დეკემბერს, შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 11.2 პუნქტის შესაბამისად, შპს „ხ------ს“ დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა 183 967.67 ლარის ოდენობით. მხარეთა შეთანხმებით, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულებიდან, 724039 ლარიდან, მის ანგარიშზე გადაირიცხებოდა 540071.33 ლარი, ხოლო 183 967.67 ლარი გადაირიცხებოდა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე, როგორც სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა.

 

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2016 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების 11.2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებლის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.3%-ის ოდენობით.

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის მიხედვით, ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (მათ შორის ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს) შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით (ტ. І, ს.ფ. 31-34).

 

განსახილველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც შპს „ხ------მ“ დაარღვია 2016 წლის 04 აპრილის ხელშეკრულების პირობები, მოპასუხეს წარმოეშვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნისა და პირგასამტეხლოს დაკისრების უფლება აპელანტის მიმართ, თუმცა არა შეუსაბამო ოდენობით.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, ვინაიდან მისი გამოანგარიშებისას გამოყენებული იქნა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების (და არა ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოების ღირებულების) 0.3%, ამასთან, დაკისრებული პირგასამტეხლოს მთლიანი ოდენობა - 183 967.67 ლარი ვადაგადაცილებული დღეების ხანგრძლივობის გათვალისწინებით (83 დღე) მნიშვნელოვნად აჭარბებს ვალდებულების დაგვიანებით შესრულებით გამოწვეულ შესაძლო ზიანს (ნიშანდობლივია, რომ მოპასუხემ ვერ მიუთითა თუ რა ზიანი განიცადა მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით) და დისპროპორციაში მოდის ხელშეკრულების საერთო ღირებულებასთან (724039ლარი). აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მისი გონივრულ და სამართლიან ოდენობამდე შემცირება.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს პროცენტული განაკვეთი 0.3%-დან უნდა შემცირდეს 0.05%-მდე, შესაბამისად, თანხობრივად განსაზღვრული პირგასამტეხლო - 183 967.67 ლარი უნდა შემცირდეს 6-ჯერ და საბოლოოდ უნდა განისაზღვროს 30 661.28 ლარით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა(ა)იპ ქ. თბ--–----------–------------------------------------ოს შპს „ხ------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკავებული პირგასამტეხლოდან - 183 967.67 ლარიდან 153 306.39 ლარის (183967.67 – 30661.28) ანაზღაურება.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ შპს „ხ------ს“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება შპს „ხ------ს“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

ვინაიდან შპს „ხ------ს“ სარჩელი და სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა(ა)იპ ქ. თბ--–----------–------------------------------------ოს შპს „ხ------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მხრიდან სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაკმაყოფილებული ნაწილების პროპორციულად, მთლიანობაში 10000 ლარის ოდენობით (სსსკ-ის 53-ე მუხლი).

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ხ------ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

 

3. შპს „ხ------ს“ სარჩელი ა(ა)იპ ქ. თბ--–----------–------------------------------------ოს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4. ა(ა)იპ ქ. თბ--–----------–------------------------------------ოს შპს „ხ------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 153 306.39 ლარის გადახდა.

 

5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

6. ა(ა)იპ ქ. თბ--–----------–------------------------------------ოს შპს „ხ------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა

 

მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი

 

გოდერძი გიორგიშვილი