განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №110210017001989451
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1250-17 20 ივნისი, 2018 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ლაურა მიქავა სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
აპელანტი წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - ინდ. მეწარმე ლა----- ნა--–--- - და------------–---–ი - ა(ა)იპ ხა--------–-- მ----–----–-------- გ------------- და შ---- ტუ-------- ხ--––-–------ ცენტრი - ლე------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება -
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
- ი.მ ლა----- ნ---–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
- მოსარჩელის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩა ბიუჯეტის შემოსავალში;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. 2016 წლის 06 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №--;
2.2. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სავაჭრო-სარეკლამო მასალის, კომერციული კატალოგებისა და ცნობარების შესყიდვა;
2.3. სავაჭრო სარეკლამო მასალის მიწოდების ვადად მხარეთა მიერ განისაზღვრა 2016 წლის 10 ნოემბერი;
2.4. ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა მიღება-ჩაბარების წესი - შესყიდვის ობიექტის მიღება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც დადასტურდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის მიერ საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერებით;
2.5. მოსარჩელემ მოპასუხე ორგანიზაციის თანამშრომელს - ნი---------–--ეს 2016 წლის დეკემბრის თვის ბოლოს დაუტოვა ნაბეჭდი პროდუქციის ორი შეკვრა. დატოვებული შეკვრებიდან ერთში იყო 5 ერთეული წიგნი, ხოლო მეორეში 4 ერთეული. მხარეთა მიერ მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით;
2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
2.8. კონკრეტულ შემთხვევაში მხარეებს შორის 2016 წლის 06 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება №-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რაც მხარეებს შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს;
2.9. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს.
2.10. სასამართლომ მხარეთა ყურადღება მიაპყრო საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელშიც მითითებულია შემდეგი: ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა;
2.11. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ;
2.12. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება;
2.13. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. (სუსგ ას-358-343-2016 03.06.2016);
2.14. მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-- ხელშეკრულების შესაბამისად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სავაჭრო-სარეკლამო მასალის, კომერციული კატალოგებისა და ცნობარების შესყიდვა;
2.15. სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა წიგნი-კატალოგის ,,ს----------–--- რ---------,დ----, ა----------” - დაბეჭდვა და მოპასუხისათვის მიწოდება, რაც მისი მხრიდან შესრულებულ იქნა, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა, ხოლო მოპასუხე სადაოდ ხდის ხელშეკრულების საგანს. შესაბამისად, ყოველგვარ გონივრული განსჯის შესაძლებლობას სცილდება იმ ალბათობის დაშვება, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებდა წიგნის დაბეჭდვას, თუმცა ხელშეკრულებაში არ მოხდა მისი ასახვა;
2.16. სასამართლომ მიუთითა ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებზე და დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ი.მ ლა----- ნ---–--ის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამორიცხავდა მოპასუხის მხრიდან თანხის გადახდის ვალდებულებას;
2.17. რაც შეეხება მოსარჩელის მე-2 მოთხოვნას მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობდა პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან. იმის გათვალისწინებით, რომ არ დაკმაყოფილდა ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების შესახებ, არ არსებობდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლა----- ნა--–---მ
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მსჯელობა არასწორია, რადგან მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ მიიღო მომსახურება და დაიტოვა მოსარჩელის მიერ მიწოდებული წიგნები. ამასთან, გონივრული განსჯით შესაძლებელი იყო სასამართლოს წიგნში მითითებული ინფორმაცია მიეჩნია ხელშეკრულების საგნად. ხელშეკრულების 2.1 პუნქტში მითითებულია ხელშეკრულების საგანი, რომელსაც წარმოადგენს სავაჭრო სარეკლამო მასალა - კომერციული კატალოგები და ცნობარები. ხელშეკრულების 2.1 პუნქტში მითითებულია განმარტებაც რა იგულისხმება შესყიდვის საგანში, ეს გახლავთ წიგნი კატალოგი ს----------–--- რ---------, დ----, ა----------. მოპასუხეს სადაოდ არ გაუხდია ის ინფორმაცია რაც მითითებულია მოსარჩელის მიერ მომზადებულ კატალოგში. მოწინააღმდეგე მხარემ სადაოდ გახადა მხოლოდ მიწოდებული წიგნების ოდენობა და მათი გადაცემის ვადა. მოპასუხეს არ დაუკონკრეტებია შესაგებლში რა პროდუქციის მიღებას ელოდა იგი და რატომ არ არის წიგნში მომზადებული მასალა მისთვის მისაღები;
3.2. გადაწყვეტილებაში მითითებული სასამართლოს მსჯელობა იმ გარემოებაზე, რომ ი.მ ლა----- ნ---–--ის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, დაუსაბუთებელია, რადგან ლა----- ნა--–---ს ინფორმაცია სად უნდა განეთავსებინა ზუსტად არის მითითებული ხელშეკრულებაში. მთავარი ამ შემთხვევაში გახლავთ მოწინააღმდეგე მხარის დაუსაბუთებელი პრეტენზია ხელშეკრულების შეუსრულებლობაზე, რადგან მომზადებული ტექსტი სადაოდ არ არის გამხდარი, რაოდენობა კი ხელშეკრულებაში არ არის მითითებული;
3.3. სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა მოპასუხის შესაგებელზე, სადაც არ არის კვალიფიციური შედავება შესრულებულ სამუშაოზე, რადგან მათ ვერ დაასაბუთეს თუ რატომ ვერ მიიღეს მომსახურება. პრეტენზია მხოლოდ ბროშურებზე მითითებაზე შემოიფარგლა, რაც უსაფუძვლოა. კატალოგში განთავსებული ინფორმაცია არ არის სადაოდ გამხდარი. შესაგებელი შემოიფარგლა მხოლოდ კატალოგების დიდ რაოდენობაზე, რაც ნამდვილად ხელშეკრულებით არ დადგენილა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 06 ივლისს ხა--------–-- მ----–----–-------- გ-------------ა და შ---- ტუ-------- ხ--––-–------ ცენტრსა (შემსყიდველი) და ინდ. მეწარმე ,,ლა----- ნა--–---’’-ს (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება) სავაჭრო-სარეკლამო მასალის, კომერციული კატალოგების და ცნობარების შესყიდვის შესახებ - კატალოგი: ,,ს----------–--- რ---------, დ----, ა----------“ (ხელშეკრულების საგანი). მითითებული ხელშეკრულებით მხარეებს არ განუსაზღვრავთ სახელშეკრულებო საგნის კონკრეტული რაოდენობა, თუ რამდენი უნდა დაემზადებინა ინდ. მეწარმე ,,ლა----- ნა--–---ს’’, თუმცა ამავე ხელშეკრულების 3.1. პუნქტით მხარეებმა განსაზღვრეს მისი სავარაუდო ღირებულება, რომელიც უნდა ყოფილიყო 1500 დოლარის ექვივალენტი ლარი;
4.2. ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ იწარმოებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი სასაქონლო ზედნადების ან ინვოისის საფუძველზე, ხოლო მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება მითითებულ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ 10 კალენდარული დღის განმავლობაში. შესყიდვის ობიექტის მიღება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც დადასტურდება შემსყოდველსა და მიმწოდებლის მიერ საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით;
4.3. ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად მომსახურება უნდა დასრულდეს 2016 წლის 10 ნოემბრამდე, ხოლო 13.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 31 დეკემბერი;
4.4. ხელშეკრულების მე-7 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლებები და ვალდებულებები, რომლის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ხარისხის ინსპექტირება; მომსახურების გაწევის დასრულებამდე გამოითხოვოს მიმწოდებლისაგან მისთვის საჭირო დოკუმენტები; შემსყიდველი ვალდებულია მოახდინოს ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად და უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის მიღება (იხ. ს/ფ 13-16);
4.5. ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირებას განახორციელებს შემსყიდველის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი; ინსპექტირება გულისხმობს შემსრულებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების, აგრეთვე მიწოდებული საქონლის ხარისხის კონტროლს; ყველა გამოვლენილი ხარვეზის ან ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება შემსრულებელს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
4.6. ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0,1 %-ის ოდენობით;
4.7. ხელშეკრულების 10.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;
4.8. ინდ. მეწარმე ,,ლა----- ნა--–---’’-მ შეასრულა ხელშეკრულების პირობა და ნაბეჭდი სახით გამოსცა - კატალოგი ,,ს----------–--- რ---------, დ----, ა----------“ (ხელშეკრულების საგანი), რომელიც პასუხობს სახელშეკრულებო პირობას, კერძოდ შეეხება საქართველოს რეგიონებს, მის ღისშესანიშნაობებს, მოგვითხრობს ცნობილ და გამოჩენილ ადამიანებზე, ქართულ კულტურაზე (მათ შორის ცალკეულ ხუროთმოძღვრების ძეგლებზე) კატალოგში ასახული ინფორმაცია თავის ხასიათით არის საცნობარო, შესრულებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე და განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისთვის. კატალოგში თავმოყრილი ინფორმაცია ერთმნიშვნელოვნად იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ის არის სავაჭრო-სარეკლამო და კომერციული დატვირთვის მატარებელი (იხ. ს/ფ.: 21-32, სარჩელი, სააპელაციო საჩივარი, მოსარჩელის/აპელანტის განმარტება);
4.9. დადგენილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შემსყიდველს (მოპასუხეს) - ხა--------–-- მ----–----–-------- გ-------------ა და შ---- ტუ-------- ხ--––-–------ ცენტრს არ განუხორციელებია ამავე ხელშეკრულების მე-7 და მე-8 მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლება - ნებისმიერ დ----ს განეხორციელებინა მიმწოდებლის (ინდ. მეწარმე ,,ლა----- ნ---–--ის’’) მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ხარისხის ინსპექტირება, არ გამოუთხოვია მიმწოდებლისაგან მისთვის საჭირო დოკუმენტები. აღნიშნული მიზნით არ შექმნილა ინსპექტირების ჯგუფი, რომლის მოვალეობა ხელშეკრულების მე-8 მუხლში სპეციალურად გაიწერა და რომელიც გულისხმობდა შემსრულებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების, აგრეთვე მიწოდებული საქონლის ხარისხის კონტროლს. შესაბამისად ასეთ ფაქტობრივ მოცემულობაში ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ინდ. მეწარმე ,,ლა----- ნ---–--ის’’ მხრიდან არ გამოვლენილა რაიმე სახის დარღვევა, ხელშეკრულების ამა თუ იმ პირობის შეუსრულებლობა და შესაბამისად მეორე მხარესაც - ხა--------–-- მ----–----–-------- გ-------------ა და შ---- ტუ-------- ხ--––-–------ ცენტრსაც არ გამოუყენებია ხელშეკრულების 10.4. პუნქტით დადგენილი უფლებამოსილება - ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება;
4.10. მხარეები არ დავობენ იმ ფაქტზე, რომ ინდ. მეწარმე ლა----- ნ---–--ის (მოსარჩელის) მიერ ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული შესრულება - კატალოგი ,,ს----------–--- რ---------, დ----, ა----------“ ორი შეკვრის სახით, სულ 9 ერთეული - ჩაიბარა ხა--------–-- მ----–----–-------- გ-------------ა და შ---- ტუ-------- ხ--––-–------ ცენტრის უფლებამოსილმა თანამშრომელმა - ნი---------–--ემ 2016 წლის დეკემბრის თვის ბოლოს (აღნიშნული დაადასტურა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც, იხ. 23.05.2018 წლის სხდომის ოქმი). ამასთან შესრულების მიღების შემდგომ ინსპექტირების ჯგუფს არ განუხორციელებია მიწოდებული საქონლის ხარისხის კონტროლი და შესაბამისად არ გამოვლენილა მიწოდებული საქონლის ხარვეზი ან ნაკლი (ხელშეკრულების 8.2., 8.3. პუნქტი). მითითებული ფაქტობრივი გარემოებით დასტურდება შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიღება, რომელიც მიმწოდებლის - ინდ. მეწარმე ,,ლა----- ნ---–--ის’’ მიერ სახელშეკრულებო პირობის შესრულების შემდგომ ამავე ხელშეკრულების 7.2. ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა უზრუნველეყო შემსყიდველს - ხა--------–-- მ----–----–-------- გ-------------ა და შ---- ტუ-------- ხ--––-–------ ცენტრს;
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა ისეთი დასკვნის შესაძლებლობას, რომ ინდ. მეწარმე ,,ლა----- ნა--–---’’-მ განახორციელა ხელშეკრულების ფარგლებში მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება ჯეროვნად და ხარისხიანად, რაც შემსყიდველს - ხა--------–-- მ----–----–-------- გ-------------ა და შ---- ტუ-------- ხ--––-–------ ცენტრს ავალდებულებდა ამავე ხელშეკრულების 7.2. ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მოეხდინა ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რაც არ განუხორციელებია. ამ პირობებში ინდ. მეწარმე ,,ლა----- ნა--–---’’ უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით და ხელშეკრულების 7.3. პუნქტის შესაბამისად მოითხოვოს შესყიდვის ობიექტის ღირებულების ანაზღაურება შესაბამისი ვადებისა და პირობების დაცვით;
4.11. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა;
4.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები;
4.13. ნარდობა განეკუთვნება ხელშეკრულებათა რიგს, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. ზოგადი წესის თანახმად, შემკვეთს საპასუხო შესრულების ვალდებულება წარმოეშობა მას შემდეგ, რაც მენარდე შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას;
4.14. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ძირითადი თავისებურებაა ის, რომ შემკვეთი საკუთრების უფლებას იძენს შესრულებული სამუშაოს რეზულტატზე, რისთვისაც იხდის კონკრეტულ საზღაურს (სუსგ 17.10.2017წ. საქმე №ას-866-808-2017);
4.15. პალატა მის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში ვერ გაიზიარებს მოპასუხე/აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებებს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წიგნი ვერ ჩაითვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგნად და შესაბამისად, მათ არა აქვთ თანხის გადახდის ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ წარმოდგენილი წიგნი/კატალოგი არის სწორედ რომ ინფორმაციული ხასიათის, იგი ასევე აკმაყოფილებს სარეკლამო პირობებს, რადგან მოიცავს შეკრებილ ცნობებს ამა თუ იმ რეგიონებზე, ადამიანებზე და ღირსშესანიშნაობებზე, რითაც დაცულია ხელშეკრულების პირობები. აღსანიშნავია ასევე, რომ მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის წიგნში ასახულ ინფორმაციას. ხოლო მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული აღნიშნული კატალოგი თუ რა ფორმით უნდა გამოცემულიყო - წიგნის თუ ბროშურის. ასევე არ არის მითითებული მათი ცალობრივი რაოდენობა. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენტებს, რომ ხელშეკრულების საგანი იყო 150 ცალი ბროშურის დამზადება, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეში არსებული მასალებით. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ინდ. მეწარმე ,,ლა----- ნა--–---’’-მ შეასრულა მის მიერ აღებული ვალდებულება და შესაბამისად, სსკ-ის 629-ე მუხლის თანახმად, აქვს შესრულებული სამუშაოსათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;
4.16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სწორედ აღნიშნულ სტანდარტს ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
4.17. პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის/აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებს, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული სამუშაო მოსარჩელის მიერ სათანადოდ არ შესრულებულა, რადგან მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მას ხელეწიფებოდა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებების შეგროვება და წარმოდგენა. ამისთვის მას ჰქონდა სახელშეკრულებო ბერკეტებიც (განეხორციელებინა ვალდებულებების შესრულების და უკვე შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება და შეექმნა შესაბამისი აქტი), რაც არ განუხორციელებია. შესაბამისად მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის განხორციელება. მოპასუხემ ვერ განახორციელა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირისპირო/გამაბათილებელი მტკიცებულებების მოპოვება და წარმოდგენა განსახილველ საქმეში;
4.18. პალატა მოცემული დავის ფარგლებში კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ნებისმიერ დროს განეხორციელებინა მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ხარისხის ინსპექტირება, რაც გულისხმობდა შემსრულებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების, აგრეთვე მიწოდებული საქონლის ხარისხის კონტროლს. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს აღნიშნული უფლებით არ უსარგებლია, რაც კიდევ უფრო უსაფუძვლოს ხდის მის პრეტენზიებს შესრულებული სამუშაოს თაობაზე;
4.19. დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული №-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0,1 %-ის ოდენობით;
4.20. დადგენილია, რომ მოპასუხეს შესაგებელში არ მიუთითებია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობაზე;
4.21. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის;
4.22. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09);
4.23. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. იგი წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან;
4.24. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა;
4.25. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015);
განსახ
4.26 აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელემ შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, ხოლო მოპასუხეს არ გადაუხდია მიღებული შესრულებული სამუშოას ღირებულება. ამდენად, მან დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რაც მასზე პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას 2017 წლის 01 იანვრიდან (როდესაც მას წარმოეშვა თანხის გადახდის მოთხოვნის უფლება) 2017 წლის 29 ივნისამდე (სარჩელის აღძვრამდე), რაც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;
4.27. სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. ინდ. მეწარმე ,,ლა----- ნ---–--ის’’ სარჩელი - თანხის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის სწორი და იგი უნდა გაუქმდეს;
4.28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
4.29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია;
4.30. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;
4.31. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ინდ.მეწარმე ლა----- ნ---–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ინდ.მეწარმე ლა----- ნ---–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ინდ.მეწარმე ლა----- ნ---–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს; ა(ა)იპ ხა--------–-- მ----–----–-------- გ-------------ა და შ---- ტუ-------- ხ--––-–------ ცენტრს ინდ. მეწარმე ლა----- ნ---–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა და 2016 წლის 06 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1500 აშშ დოლარის ექვივალენტ კლარზე 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 29 ივლისის ჩათვლით ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0,1%-ის გადახდა;
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა;
6.2. დადგენილია, რომ ინდ.მეწარმე ლა----- ნ---–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ა(ა)იპ ხა--------–-- მ----–----–-------- გ------------- და შ---- ტუ-------- ხ--––-–------ ცენტრს ინდ. მეწარმე ,,ლა----- ნ---–--ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი პირველი ინსტანციისა (132,84 ლარი) და სააპელაციო წარმოებისათვის (194,76 ლარი) მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა ჯამში 327 ლარის ოდენობით გადახდა;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ინდ. მეწარმე ,,ლა----- ნ---–--ის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ინდ. მეწარმე ,,ლა----- ნ---–--ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ა(ა)იპ ხა--------–-- მ----–----–-------- გ-------------ა და შ---- ტუ-------- ხ--––-–------ ცენტრს ინდ. მეწარმე ,,ლა----- ნ---–--ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 1500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა;
5. ა(ა)იპ ხა--------–-- მ----–----–-------- გ-------------ა და შ---- ტუ-------- ხ--––-–------ ცენტრს ინდ. მეწარმე ლა----- ნ---–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 06 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1500 აშშ დოლარის ექვივალენტ კლარზე 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 29 ივლისის ჩათვლით ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0,1%-ის გადახდა;
6. ა(ა)იპ ხა--------–-- მ----–----–-------- გ-------------ა და შ---- ტუ-------- ხ--––-–------ ცენტრს ინდ. მეწარმე ,,ლა----- ნ---–--ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 327 ლარის გადახდა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე ლაურა მიქავა