განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210016001289573
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1235-2017 10 აპრილი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ირმა პერანიძე
ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - რ--------- ქ----–--ე
წარმომადგენელი - რ------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ბმა N---, ეკა დ----ე, მ----- დ----ე, ზ---- ხ-----–---–ი
წარმომადგენელი - მ--–----------–--ე
დავის საგანი - კრების ოქმის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით რ--------- ქ----–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2016 წლის 3 მარტს ჩატარდა ამხანაგობის კრება, რის შედეგადაც გაფორმდა და 2016 წლის 7 მარტს სანოტარო წესით დადასტურდა ბ.მ.ა. - ,,ბმა 1--’’-ის აღნიშნული კრების ოქმი #25. 2.2. 2016 წლის 4 მარტს ჩატარდა ამხანაგობის კრება, რის შედეგადაც გაფორმდა და 2016 წლის 7 მარტს სანოტარო წესით დადასტურდა ბ.მ.ა. - ,,ბმა 1--’’-ის აღნიშნული კრების ოქმი #26. 2.3. 2016 წლის 5 მარტს ჩატარდა ამხანაგობის კრება, რის შედეგადაც გაფორმდა და 2016 წლის 7 მარტს სანოტარო წესით დადასტურდა ბ.მ.ა. - ,,ბმა 1--’’-ის კრების ოქმი #27. 2.4. რ--------- ქ----–--ე არის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა #1---ის ერთ-ერთი წევრი ორი ხმის უფლებით, ასევე ამავე ამხანაგობის წევრები არიან მოპასუხეებიც. 2.5. სასამართლომ დაადგინა, რომ სხვენის სადავო ფართს წლების განმავლობაში, ამხანაგობის კრებების მოწვევამდე, ამხანაგობის სხვა წევრებისგან დამოუკიდებლად ფაქტიურად ფლობდნენ და სარგებლობდნენ მოპასუხეები - ეკა დ----ე, მ----- დ----ე და ზ---- ხ-----–---–ი. მათ მიერ სადავო ფართის ფაქტობრივ ფლობასა და სარგებლობას არ უარყოფდა მოსარჩელეც. 2.6. სასამართლომ დაადგინა, რომ ამხანაგობის კრებებს არ ესწრებოდა მოსარჩელე. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,1--’’-ის 2016 წლის 3, 4 და 5 მარტის ამხანაგობის კრებები რეალურად ჩატარდა, ამ კრებებზე მიწვეული მოსარჩელეც. კრება ჩატარდა ასევე 2016 წლის 4 აპრილს, რომელზედაც მიწვეული იყო მოსარჩელეც. კრებებზე განსახილველი საკითხები გამოქვეყნებული იყო წერილობით, რაზედაც ცნობილი იყო მოსარჩელისათვისაც. იგი 2016 წლის 02 მარტს დათარიღებული განცხადებით მიმართავს ამხანაგობის თავმჯდომარეს მოთხოვნით იმის თაობაზე, რომ არ აპირებს 22 კვ.მ. სხვენის დათმობას სხვა წევრებზე. ანუ, ერთი დღით ადრე მან უკვე იცოდა კრების მოწვევისა და განსახილველი საკითხების თაობაზე. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილით ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე”. 2.8. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-101 მუხლის პირველი ნაწილით: ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე, თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას“. ამავე მუხლის მეორე ნაწილით ,,თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, სამშენებლო სამუშაოების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იღებს წევრთა 2/3-ის ხმებით“. დადგენილია, რომ გადაწყვეტილება საერთო ქონების (სხვენის) ინდ. საკუთრებაში გადაცემის შესახებ კრებამ (2/3 ხმით) ერთხმად მიიღო. 2.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის აღიარებითი სარჩელი დასაშვებია თუ მასში გამოკვეთილია იურიდიული ინტერესი, რაც უფლებასა თუ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით მხარეთა შორის არსებულ დავასთანაა დაკავშირებული. მოპასუხე მოსარჩელეს უნდა ეცილებოდეს უფლებაში და ასეთი დავა მომავალში უნდა ქმნიდეს დარღვეული უფლების აღდგენის ან უფლების დარღვევის თავიდან აცილების წინაპირობას. ამასთან აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ამ გადაწყვეტილებას მოსარჩელისათვის გარკვეული სარგებელის მოტანა უნდა შეეძლოს. ზოგადად მოსარჩელეს სარჩელში აღძრული მოთხოვნის ინტერესი გააჩნია (და ეს ბუნებრივიცაა), მაგრამ ეს ინტერესი უნდა იყოს კანონისმიერი. იურიდიულ ინტერესში დარღვეული უფლების აღდგენის კანონისმიერი გზა იგულისხმება. 2.10. მოსარჩელე მოითხოვს სასამართლომ ბათილად აღიაროს ამხანაგობის 2016 წლის 3 მარტს შედგენილი ბ.მ.ა 1---ის კრების ოქმი #25, 2016 წლის 4 მარტს შედგენილი ბ.მ.ა 1---ის კრების ოქმი #26 და 2016 წლის 5 მარტს შედგენილი ბ.მ.ა 1---ის კრების ოქმი #27, რ--------- ქ----–--ეს მიაჩნია, რომ კრება ჩატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დარღვევით. თუმცა დადგენილია, რომ სადავო სხვენის ფართი იყო მოპასუხეების ფაქტიურ მფლობელობასა და სარგებლობაში, მას არ ფლობდნენ და სარგებლობდნენ ამხანაგობის სხვა წევრები, მათ შორის მოსარჩელეც. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, მოსარჩელისათვის იურიდიული შედეგი არ დგება, რის გამოც არ უიკვეთება მისი იურიდიული ინტერესიც.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა რ--------- ქ----–--ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. ამხანაგობა არ იყო უფლებამოსილი ამხანაგობის წევრების 100% თანხმობის გარეშე გაესხვისებინა ამხანაგობის წევრების საერთო საკუთრება ამხანაგობის წევრების თანხმობის გარეშე. სასამართლომ იგნორირება გაუკეთა იმ გარემოებას რომ რეალურად სადაო ფართებს არავინ არ ფლობდა, რაც გარკვევით ჩანდა წარდგენილ ფოტოსურათებში. სასამართლომ მიუთითა თითქოსდა აპელანტი გაფრთხილებული იყო კრების მოწვევასთან დაკავშირებით, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. რ--------- ქ----–--ის მიერ 2016 წლის 02 მარტის განცხადება ვერ იქნება საფუძველი იმისა რომ ვივარაუდოთ თითქოსდა რ--------- ქ----–--ემ იცოდა კრების ჩატარების შესახებ. 3.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა მოპასუხეების მიერ ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი, გაუგებარია სასამართლოს მტკიცება იმის შესახებ რომ მოპასუხეებმა დაადასტურეს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი, მაშინ როდესაც რ--------- ქ----–--ის მიერ წარდგენილ იქნა ფოტოსურათები, სადაც ნათლად ჩანს თავისუფალი ფართი და ის არავის მიერ არ არის დაკავებული და სარგებლობაში სამართლებრივი საფუძვლები 3.3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონის თანახმად ამხანაგობას უფლება აქვს 2\3 თანხმობით დაადასტუროს ამხანაგობის საკუთრებაში არსებული ქონების ამხანაგობის წევრის მიერ ფლობის ფაქტი, ხოლო ამხანაგობის წევრზე ამხანაგობის საკუთრების გადაცემა ინდივიდუალურ საკუთრებაში ხდება ამხანაგობის წევრთა ასპროცენტიანი თანხმობის საფუძველზე. 3.4. აპელანტი კანონის დაცვით არ იყო მოწვეული კრებაზე და არც კი იცოდა კრების ჩატარების შესახებ; რომ ყოფილიყო რ--------- ქ----–--ე კრებაზე რა თქმა უნდა ის დააფიქსირებდა თავის პოზიციას სხვენთან დაკავშირებით. 3.5. პირველ რიგში სასამართლოს უნდა დაედგინა წარმოადგენდა თუ არა თითქოსდა სხვენი საერთო საკუთრების საგანს. ეგრეთწოდებული სხვენი არის სახურავის ქვეშ მდებარე ფართი, რომელიც გამოყენებულია ამხანაგობის მიერ მხოლოდ სავენტილაციო საშუალებად და წარმოადგენს საერთო სახურავს. აქედან განონდინარე, ეგრეთწოდებული სხვენი არ არსებობს და სადაო კრების ოქმიც ეხება თითქოსდა სხვენს, მაშინ როცა აღნიშნული ფართი არ არის სხვენი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ ბათუმში, პ--–---ის ქ. N----ში მდებარე უძრავი ქონება არის მრავალბინიანი სახლი. 4.2. ამ სახლში ბინათმესაკუთრეებს შექმნილი აქვთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა N---. 4.3. რ--------- ქ----–--ე, ეკა დ----ე, მ----- დ----ე და ზ---- ხ-----–---–ი არიან ბინათმესაკუთრეები და ამხანაგობის წევრები. 4.4. ამხანაგობის წევრთა საერთო კრების 2016 წლის 3 მარტის ოქმით ზ---- ხ-----–---–ს დაუდასტურდა ბინის ზემოთ არსებული 81,1 კვ.მ. ფართობის სხვენის ფლობის ფაქტი და მიეცა ამ ქონების ინდივიდუალურ საკუთრებად რეგისტრაციის უფლება. 4.5. ამხანაგობის წევრთა საერთო კრების 2016 წლის 4 მარტის ოქმით მ----- დ----ეს დაუდასტურდა ბინის ზემოთ არსებული 62,11 კვ.მ. ფართობის სხვენის ფლობის ფაქტი და მიეცა ამ ქონების ინდივიდუალურ საკუთრებად რეგისტრაციის უფლება. 4.6. ამხანაგობის წევრთა საერთო კრების 2016 წლის 5 მარტის ოქმით ეკა დ----ეს დაუდასტურდა ბინის ზემოთ არსებული 29,48 კვ.მ. ფართობის სხვენის ფლობის ფაქტი და მიეცა ამ ქონების ინდივიდუალურ საკუთრებად რეგისტრაციის უფლება. 4.7. ეს გადაწყვეტილებები ამხანაგობის წევრებს ერთხმად არ მიუღიათ. 4.8. სინამდვილეში, ამ მოცულობის ფართს მოპასუხეები არ ფლობდნენ და ამ ფართით ინდივიდუალურად არ სარგებლობდნენ. სამართლებრივი დასაბუთება 4.9. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. 4.9.1. ამ ნორმის საფუძველზე, ამხანაგობის წევრებს საკუთრებაში გადაეცათ ის სამეურნეო სათავსები, რომლებსაც ისინი კანონის ძალაში შესვლის დროს, ე.ი. 2007 წლის 1 აგვისტოს ფლობდნენ. 4.10. პალატის აზრით, ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. 4.10.1. პირველ ყოვლისა, ეს დამაჯერებლად არ მიუთითებიათ თავად მოპასუხეებს. 4.10.2. ასე, მაგ. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მ----- დ----ემ განმარტა, რომ სადავო სხვენიდან „62 კვადრატი“ დაკავებული არ ჰქონია. სინამდვილეში „შემოკედლებული ჰქონდა 10 კვადრატი, 7 კვადრატი, 5 კვადრატი“ და მოწყობილი ჰქონდა „პატარა საკუჭნაოსავით“, კომპოტების დასაწყობად (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის სხდომის ოქმი: 12:45:31-12:46:29). 4.10.3. ზ---- ხ-----–---–მა, მართალია, აღნიშნა, რომ სადავო ტერიტორიით დიდი ხანი სარგებლობდა, თუმცა რისთვის იყენებდა 81,1 კვ.მ. ფართს დამაჯერებლად არ განუმარტავს. 4.10.4. თავდაპირველად, მან აღნიშნა, რომ სადავო ფართში ხელსაწყოებს აწყობდა, თუმცა შემდეგ თქვა, რომ სხვენში არა ხელსაწყოები, არამედ საყოფაცხოვრებო ნივთები ელაგა და ისინი იქ რემონტის დროს, „სამი წლის წინ“ ე.ი. 2015 წელს განათავსა (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის სხდომის ოქმი 12:49:15-12:50:32). 4.10.5. ხოლო რაც შეეხება ეკა დ----ეს, უდავოა, რომ 2007 წლის 1 აგვისტოსათვის იგი ბინის მესაკუთრე საერთოდ არ ყოფილა, ხოლო რა ფორმით სარგებლობდა ქონებით მისი წინამორბედი, არც კი მიუთითებია. 4.11. ის, რომ მოპასუხეები სადავო ქონებით, ყოველ შემთხვევაში, სრული მოცულობით მაინც, არ სარგებლობდნენ, დასტურდება აპელანტის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათებითაც. 4.11.1. აქედან ნათლად ჩანს, რომ სხვენის ფართი მოუწყობელი, არაიზოლირებულია და მას ინდივიდუალური სარგებლობის არავითარი კვალი ემჩნევა. 4.12. ამის საწინააღმდეგო ნივთიერი მტკიცებულებები მოპასუხეებს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ. მათ სასამართლოს წარმოუდგინეს მხოლოდ ერთი ფოტოსურათი, რომელზეც სხვენზე ასასვლელი კარია აღბეჭდილი. 4.12.1. პალატის აზრით, თუ სადავო ქონება აზომვით ნახაზებსა და სიტუაციურ გეგმაზე მითითებული ფორმით იზოლირებული მართლაც იყო, შესაბამისი მტკიცებულების წარდგენა მოპასუხეებს სავსებით ხელეწიფებოდათ. 4.13. საქალაქო სასამართლოს სხდომაზე ამხანაგობის თავმჯდომარემ, ხ---------------ემ განმარტა, რომ „ამხანაგობის შექმნის შემდეგ წევრებმა გადაწყვიტეს“ სახლის სხვენი მე-5 სართულზე მაცხოვრებლებისათვის, ხოლო სარდაფი პირველ სართულზე მაცხოვრებლებისათვის გადაეცათ. 4.13.1. ესეც დამატებით ამტკიცებს, რომ, სინამდვილეში, სადავო ოქმებით მოპასუხეებს სამეურნეო ფართის ფლობის ფაქტი კი არ დაუდასტურდათ, არამედ ქონება საკუთრებაში გადაეცათ. 4.13.2. ამგვარი გადაწყვეტილება კი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამხანაგობის ყველა წევრს ერთხმად უნდა მიეღო. 4.14. ამრიგად, საქმის მასალებით არ მტკიცდება, რომ მოპასუხეები სადავო ქონებას ინფიდიდუალურად ფლობდნენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის დროისათვის. 4.14.1. ამის გამო, ამხანაგობის გადაწყვეტილება ამ ფაქტის დადასტურების თაობაზე მართლსაწინააღმდეგო და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია. 4.15. პალატას მიაჩნია, რომ აპელანტს სადავო ოქმების ბათილად აღიარების მიმართ იურიდიული ინტერესი გააჩნია. 4.16. პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ, ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამო, სადავო ოქმების საფუძველზე მოპასუხეებმა ქონებაზე საკუთრების უფლება ვერ დაირეგისტრირეს. 4.16.1. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ისინი ამას ვერც განახორციელებენ. ეს კი ნიშნავს, რომ ამგვარი სარჩელით აპელანტის ინტერესი მიღწევადია. 4.16.2. სხვა ტიპის სარჩელს, რომელიც მოპასუხეთა საკუთრებაში ამხანაგობის კუთვნილი ქონების გადაცემას აღკვეთდა, აპელანტი ვერ აღძრავდა. 4.16.3. ამის გამო, აპელანტის უფლებების დაცვა უპირატესად, სწორედ, აღიარებითი სარჩელით არის შესაძლებელი. 4.17. გარდა ამისა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეებისათვის ამხანაგობის მიერ გადაცემული ქონება, ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაა, მისი წილი აპელანტსაც ეკუთვნის და მას ამ ქონებით სარგებლობა შეუძლია. 4.17.1. სადავო ოქმებს დართული სიტუაციური გეგმებიდან დგინდება, რომ ამხანაგობამ მოპასუხეებს საკუთრებაში სადარბაზოს თავზე არსებული თითქმის მთელი სხვენი გადასცა. 4.17.2. პალატის აზრით, ამით აპელანტმა უფლება, პრაქტიკულად, სხვენის მთელ ფართზე დაკარგა და ეს უფლება მოპასუხეებმა არამართლზომიერად შეიძინეს. 4.17.3. ეს ნიშნავს, რომ აპელანტმა სარჩელით სასამართლოს თავისი დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართა. 4.17.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, კი სასამართლოს მხარეები სწორედ ამ მიზნით მიმართავენ.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ რ--------- ქ----–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება და რ--------- ქ----–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნას ცნობილი ბმა N----ის 2016 წლის 3 მარტის კრების ოქმი N25. ბათილად უნდა იქნას ცნობილი ბმა N----ის 2016 წლის 4 მარტის კრების ოქმი N26 და ბათილად უნდა იქნას ცნობილი ბმა N----ის 2016 წლის 5 მარტის კრების ოქმი N27.
6. საპროცესო ხარჯები 6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ბმა N----ს, ეკა დ----ეს, მ----- დ----ეს და ზ---- ხ-----–---–ს რ--------- ქ----–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ რ--------- ქ----–--ის მიერ ორივე ინსტანციის სასამართლოსა და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 320 ლარის ანაზღაურება. 6.2. გარდა ამისა, ბმა N----ს, ეკა დ----ეს, მ----- დ----ეს და ზ---- ხ-----–---–ს რ--------- ქ----–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ რ--------- ქ----–--ის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გადახდილი საზღაურის ნაწილის, 600 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა
1. რ--------- ქ----–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება;
3. რ--------- ქ----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნას ცნობილი ბმა N----ის 2016 წლის 3 მარტის კრების ოქმი N25;
5. ბათილად იქნას ცნობილი ბმა N----ის 2016 წლის 4 მარტის კრების ოქმი N26;
6. ბათილად იქნას ცნობილი ბმა N----ის 2016 წლის 5 მარტის კრების ოქმი N27.;
7. ბმა N----ს, ეკა დ----ეს, მ----- დ----ეს და ზ---- ხ-----–---–ს რ--------- ქ----–--ის სასარგებლოდ დაეკისროთ 320 ლარის გადახდა;
8. ბმა N----ს, ეკა დ----ეს, მ----- დ----ეს და ზ---- ხ-----–---–ს რ--------- ქ----–--ის სასარგებლოდ დაეკისროთ 600 ლარის გადახდა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ირმა პერანიძე
ნანა კალანდაძე