განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100117002114100- 1ბ/405-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
18 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ი-----–--------ე
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ს-----–------------------------------–-------–-–-----------------------------–----------–----------------–-----------------------------------------–-------------------–--------------–---–------------ (დასწრების გარეშე).
ადვოკატი - გ---–-------–-–---–ი
კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი;
სასჯელი: ჯარიმა 3 500 ლარის ოდენობით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ-------- ტ----–--ემ და ითხოვა მსჯავრდებულ ს-----–----------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, ვინაიდან მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფდა სასჯელის მიზნებს.
სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ დააკონკრეტა მოთხოვნა და მოითხოვა ს-----–--------------ნისათვის სასჯელის სახედ დანიშნული ჯარიმის გაზრდა ან მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
დაცვის მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა :
2017 წლის მაისის თვეში ს-----–----------------მა ინტერნეტ მაღაზია ,,mymarket.ge-ზე’’ განათავსა განცხადება ,,TOYOTA PRIUS’’ მარკის ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომრით ,,J----------------’’ გაყიდვის შესახებ.განცხადების შინაარსის მიხედვით ს-----–----------------ს აღნიშნული ავტომანქანა შეძენილი ჰყავდა ამერიკაში და ელოდებოდა ავტომანქანის საქართველოში გამოგზავნას. ავტომანქანის შემძენს განმცხადებელი ავტომანქანას გადასცემდა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ. რეალურად ს-----–--------------ნს ხსენებული მანქანა შეძენილი არ ჰქონია. განცხადების საფუძველზე ს-----–--------------ნს დაუკავშირდა დ------–--–--ე, რომელმაც გამოთქვა ავტომანქანის შეძენის სურვილი. დ------–--–--ეს ს-----–--------------ნი შეუთანხმდა ავტომანქანის მიყიდვაზე იმ პირობით,რომ თავდაპირველად მოხდებოდა ღირებულების ნაწილის 2 000 ამერიკული დოლარის გადახდა, ხოლო ავტომანქანის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დ------–--–--ეს ს-----–--------------ნისათვის უნდა გადაეცა დარჩენილი თანხა 2 200 ამერიკული დოლარი. აღნიშნულის შესახებ ს-----–--------------ნსა და დ------–--–--ეს შორის გაფორმდა ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება, რის საფუძველზეც დ------–--–--ემ ს-----–--------------ნს გადასცა 2 000 ამერიკული დოლარი. ამდენად ს-----–----------------ი მოტყუებით დაეუფლა დ------–--–--ის კუთვნილ თანხას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ს-----–--------------ნის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა კერძოდ: დაზარალებულ დ------–--–--ის გამოკითხვის ოქმით, მოწმე ნ-------------ის გამოკითხვის ოქმით, 2017 წლის 16 მაისის სანოტარო აქტების რეესტრის დათვალიერების ოქმებით, 2017 წლის 17 მაისის დათვალიერების ოქმებით, 2017 წლის 19 მაისის დათვალიერების ოქმით, ს-----–--------------ნის გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ს-----–--------------ნის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამ დანაშაულისგან დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა, ხოლო საგანს წარმოადგენს სხვისი უძრავი ან მოძრავი ქონება, ასევე სხვის ქონებაზე უფლება. ეს უფლება შეიძლება სხვადასხვა დოკუმენტით იყოს აღიარებული.
პალატა მიუთითებს, რომ ობიექტურ მხრივ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობდა. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მოქმედებას ინფორმაციული ხასიათი ჰქონდა, ამასთან გამოყენებული იქნა მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი. თანხის დაუფლება ხდებოდა მოტყუების გზით, სწორედ ზემოაღნიშნულ ურთიერთდაკავშირებულმა აქტებმა შეადგინა ერთობლიობაში თაღლითობის ობიექტური მხარის ნიშნები.
რაც შეეხება თაღლითობის სუბიექტურ მხარეს პირდაპირ განზრახვაში გამოიხატა, მსჯავრდებულ ს-----–--------------ნს გათვიცნობიერებული ჰქონდა, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა ფულად თანხას, რითაც ზიანს აყენებდა მის მესაკუთრეს და სურდა ამ შედეგის დადგომა.
მსჯავრდებულმა ს-----–--------------ნმა ინტერნეტ მაღაზია ,,mymarket.ge-ზე’’ განათავსა განცხადება ,,TOYOTA PRIUS’’ მარკის ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომრით ,,J----------------’’ გაყიდვის შესახებ, მანქანა შეძენილი არ ჰქონია. განცხადების საფუძველზე ს-----–--------------ნს დაუკავშირდა დ------–--–--ე და გამოთქვა ავტომანქანის შეძენის სურვილი. გაფორმდა ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება, დ------–--–--ემ ს-----–--------------ნს გადასცა 2 000 ამერიკული დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 2 200 ამერიკული დოლარი უნდა გადაეცა ავტომანქანის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ამდენად ს-----–--------------ნი მოტყუებით დაეუფლა დ------–--–--ის კუთვნილ თანხას.
პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დადასტურებულია, რომ ს-----–--------------ნი თაღლითურად, მოტყუებით დაუფლა დავით ცინცაძის ფულად თანხას, რის შედეგადაც დ------–--–---ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით). ამდენად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ს-----–--------------ნმა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ს-----–--------------ნის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის რომ იგი აღიარებს, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მტკიცებულებები გახადა უდავო. არის 21 წლის მარტოხელა დედა, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი.
ს-----–--------------ნს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ს-----–--------------ნისათვის სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე და პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ემუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.
ამასთან პალატა, მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მეოთხე ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარეს სასჯელთან დაკავშირებით ამგვარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენი, ს-----–--------------ნის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ-------- ტ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
3. ს-----–--------------ნი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 500 ლარის ოდენობით.
4. ს-----–--------------ნის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების არცერთი სახე.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი