განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2018
საქმის ნომერი
330100118002323660
ინსტანცია
თარიღი
28.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100118002323660 - 1ბ/739-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

29 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: თ----------------–--ე (პირადი ნომერი: №0----------), დაბადებული 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლეობის მქონე, რეგისტრირებული: თ---–--------------------------------------------–------------------–------–----–---------------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით;

 

სასჯელი: - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 მაისი განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---------–---–მა; ასევე მსჯავრდებულ თ----------------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-----–---–---–-----მა.

 

ბრალდების მხარე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულ თ----------------–--ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

დაცვის მხარე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულ თ----------------–--ის მიმართ ახალი გამამართლებებლი განაჩენის დადგენას.

 

ბრალდების არსი:

 

2018 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 13:30 საათიდან 14:00 საათამდე დროის პერიოდში, ქალაქ თბილისში, ფ-------------------------------–---–--------------------ში, თ----------------–--ემ, ყოფილ მეუღლეს, მ---------–--ეს ხელი მოუჭირა კისერში, მიახეთქა კედელს, დააგდო ძირს და რამდენჯერმე დაარტყა ხელ-ფეხი თავისა და ტანის არეში, რამაც მ---------–--ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2018 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 13:30 სააიდან 14:00 საათამდე დროის პერიოდში, ქალაქ თბილისში, ფ-------------------------------–---–--------------------ში, თ----------------–--ემ, ყოფილ მეუღლის, მ---------–--ის მიმართ განახორციელა ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა. აღნიშნული ქმედებით მ---------–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 13:30 სააიდან 14:00 საათამდე დროის პერიოდში, ქალაქ თბილისში, ფ-------------------------------–---–--------------------ში, თ----------------–--ემ, ყოფილ მეუღლეს, მ---------–--ეს ხელი მოუჭირა კისერში, რამაც მ---------–--ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში:

 

მოწმე გ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის გამომძიებელი. მან დაათვალიერა დაზარალებულ მ---------–--ის მიერ გამოძიებისთვის წარმოდგენილი ე.წ. „სქრინები“, სადაც ჩანდა, თუ როგორ ემუქრებოდა და აყენებდა შეურაცხყოფას, თ----------------–--ე მ---------–--ეს. მიმოწერისას მ---------–--ე ახსენებდა თ----------------–--ეს, რომ ამ უკანასკნელმა დანა გაუშალა და ხელი ასწია მასზე.

 

მოწმე მ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის გამომძიებელი. მან გამოკითხა მ---------–--ე, რომელმაც აღწერა, როგორ მიუვარდა ყოფილი მეუღლე - თ----------------–--ე 2018 წლის 13 იანვარს სახლში, ემუქრებოდა, რომ დანით დაუსერავდა სახეს, დაამახინჯებდა და ასეთი იგი აღარავის ეყვარებოდა. მ---------–--ე იყო ძალიან შეშინებული. იგი პოლიციის თანამშრომლებმა გააცილეს, რადგან შიშობდა, რომ ყოფილი მეუღლე კვლავ მიუვარდებოდა სახლში. მ---------–--ემ მოგვიანებით გამოძიებაში წარადგინა თ----------------–--ესთან მიმოწერის ე.წ. „სქრინები“, სადაც ჩანდა, როგორ ემუქრებოდა მას ყოფილი მეუღლე და მის მობილურ ტელეფონზე შამავალი-გამავალი ზარები, სადაც ჩანდა თ----------------–--ის არაერთი უპასუხო ზარი.

 

მოწმე ნ-----–-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებული მ---------–--ე არის მისი ქალიშვილი. 2018 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 13:00 საათზე, იგი მივიდა ქალიშვილთან სახლში. კართან მისულს მოესმა ბავშვის ტირილის ხმა, რომელიც სახლში შესვლისთანავე აიყვანა ხელში. ამ დროს საძინებლიდან გამოვიდა მისი ყოფილი სიძე - თ----------------–--ე, რომელიც მიესალმა და სწრაფად დატოვა სახლი. საძინებლიდან გამოვიდა მისი ქალიშვილიც, რომელიც სწრაფად შევიდა აბაზანაში. მოგვიანებით ქალიშვილმა უთხრა, რომ თ----------------–--ე მას დაემუქრა დანით და, რომ არა მისი მისვლა, არავინ იცის რა მოხდებოდა.

 

N102286 შეტყობინებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 იანვარს 14:36 საათზე, 112-ზე ტელეფონის ნომრიდან 5----------- მიღებულ იქნა მ---------–--ის შეტყობინება, რომლის თანახმად, შემაკავებელი ორდერის მიუხედავად, მას დანის მუქარით მიუვარდა მეუღლე.

 

მ---------–--ის განცხადებით (13.01.2018) დადგენილია, რომ მან სისხლის სამართლის საქმეზე დასართავად წარადგინა იმ მოკლე ტექსტური შეტყობინებების ე.წ. „სქრინები“, რომელიც გაუგზავნა თ----------------–--ემ, სადაც კვლავ აგრძელებდა მუქარას მისი მისამართით.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისიწნებული შედეგი:

 

მოწმე გ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის გამომძიებელი. თ----------------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მან დაათვალიერა, დაზარალებულის მიერ გამოძიებისთვის წარმოდგენილი, თ----------------–--ესთან მისი მიმოწერის ე.წ. „სქრინები“, სადაც ჩანდა, თუ რას წერდა თ----------------–--ე მ---------–--ეს, როგორ ემუქრებოდა და არაერთგზის აყენებდა შეურაცხყოფას. მ---------–--ე შეტყობინებაში ახსენებდა თ----------------–--ეს, რომ მან „დანა გაუშალა“ და „ხელი ასწია“ მასზე. დაზარალებულმა მიმოწერის წარდგენისას დაადასტურა, რომ მითითებული მობილური ტელეფონის ნომრიდან მას უკავშირდებოდა თ----------------–--ე.

 

მოწმე მ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის გამომძიებელი და აწარმოებდა გამოძიებას თ----------------–--ის სისხლის სამართლის საქმეზე. გამოძიება დაიწყო მ---------–--ის შეტყობინების საფუძველზე. მან გამოკითხა მ---------–--ე, რომელმაც დეტალურად აღწერა, რომ 2018 წლის 13 იანვარს, როდესაც იგი სახლში იყო მარტო, მას მიუვარდა ყოფილი მეუღლე - თ----------------–--ე, რომელიც ემუქრებოდა, რომ დანით დაუსერავდა სახეს, დაამახინჯებდა და ასეთი იგი აღარავის ეყვარებოდა. მ---------–--ე იყო ძალიან შეშინებული. იგი პოლიციის თანამშრომლებმა გააცილეს, რადგან ეშინოდა, ყოფილი მეუღლე კვლავ არ მივარდნოდა. მეორე დღეს, მ---------–--ემ სარკეში შენიშნა, რომ კისერზე ეტყობოდა სიწითლეები (რაც მანამდე არ შეუნიშნავს) და მოითხოვა ექსპერტიზის ჩაუტარება, რითაც დადასტურდა დაზარალებულის ყელის არეში ძალადობის კვალის არსებობა. მ---------–--ემ გამოძიებაში წარადგინა თ----------------–--ესთან მიმოწერის ე.წ. „სქრინები“, სადაც მ---------–--ე საყვედურობდა ყოფილ მეუღლეს, რომ ისარგებლა მისი მარტო ყოფნით და დანით მიუვარდა, რასაც მოსდევდა თ----------------–--ის მუქარის შემცველი შეტყობინებები. მ---------–--ემ ასევე წარადგინა მის მობილურ ტელეფონზე შამავალ-გამავალი ზარების ე.წ. „სქრინები“, სადაც დაფიქსირებული იყო თ----------------–--ისგან შემომავალი არაერთი უპასუხო ზარი. მოგვიანებით, როდესაც მ---------–--ე გამოძიებაში უნდა ეცნოთ დაზარალებულად, მას არაერთგზის დაუკავშირდნენ ტელეფონით, მიაკითხეს სახლში, თუმცა მ---------–--ემ არაფერს აღარ მოაწერა ხელი. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ მ---------–--ის მიერ წარმოდგენილ „სქრინებში“ მითითებული ნომრით ნამდვილად თ----------------–--ე სარგებლობდა, რადგან გამომძიებელი თ---------------–---–ი, სწორედ ამ ნომერზე ესაუბრა თ----------------–--ეს, რათა დაებარებინა იგი პოლიციაში.

 

მოწმე ნ-----–-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებული მ---------–--ე არის მისი ქალიშვილი, რომელიც დაქორწინებული იყო თ----------------–--ეზე. მისმა ყოფილმა სიძემ - თ----------------–--ემ წარსულში სცადა მისი ვაჟის - მ----- ხ-------–---–ის მოკვლა, რის გამოც იხდიდა სასჯელს. სწორედ ეს ფაქტი გახდა მისი ქალიშვილის და ბრალდებულის განქორწინების მიზეზი. 2018 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 13:00 საათზე, იგი მივიდა ქალიშვილთან სახლში. სახლიდან ბავშვის ტირილის ხმა მოესმა. კარი თავისი გასაღებით გააღო და ატირებული ბავშვი ხელში აიყვანა. ამ დროს საძინებლიდან გამოვიდა თ----------------–--ე, რომელიც მიესალმა და სწრაფად დატოვა იქაურობა. იმავე საძინებლიდან გამოვიდა მისი ქალიშვილი, რომელიც მაშინვე შევიდა აბაზანაში. იგი ამ დროს ბავშვს ამშვიდებდა. მოგვიანებით, ქალიშვილმა უთხრა, რომ თ----------------–--ემ მას კისერში წაავლო ძლიერად ხელი, თავში ჩაარტყა და წიხლი ჰკრა ბარძაყზე, რის გამოც განიცადა ტკივილი, აგრეთვე დაემუქრა დანით და, რომ არა მისი მისვლა, არავინ იცის რა მოხდებოდა.

 

მოწმე თ---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი იმ ტელეფონის ნომერზე, რომლითაც მ---------–--ის ტელეფონის ნომერზე განხორციელდა მოკლე ტექსტური შეტყობინებების გამოგზავნა, დაუკავშირდა თ----------------–--ეს პოლიციაში დაბარებასთან დაკავშირებით, რომელმაც განუცხადა, რომ ვერ გამოცხადდებოდა რადგან იმყოფებოდა ქუთაისში.

 

შეტყობინება N102286-ით ირკვევა, რომ 2018 წლის 13 იანვარს 14:36 საათზე, 112-ზე ტელეფონის ნომრიდან 5----------- მიღებულ იქნა მ---------–--ის შეტყობინება, რომლის განცხადებით შემაკავებელი ორდერის მიუხედავად, მეუღლე მიუვარდა დანის მუქარით.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N0-------- დასკვნით (18.01.2018), 2018 წლის 15 იანვარს მ---------–--ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით მარჯვნივ კისრის მიდამოში. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 13 იანვარს.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–-------------–---–მა. მასთან საუბარში მ---------–--ემ დაადასტურა, მეუღლის მიერ ხელის მოჭერა და ბარძაყში ფეხის ჩარტყმა.

 

მ---------–--ის განცხადებით (13.01.2018) დადგენილია, რომ მან სისხლის სამართლის საქმეზე დასართავად წარადგინა იმ მოკლე ტექსტური შეტყობინებების ე.წ. „სქრინები“, რომელიც გაუგზავნა თ----------------–--ემ, სადაც მისივე სიტყვებით, თ----------------–--ე კვლავ აგრძელებდა მუქარას მისი მისამართით.

 

სასამართლზე გამოიკვლეული დაზარალებულის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი ე.წ. „სქრინებით“ - თ----------------–--ის (ტელეფონის ნომრიდან 5-----------) და მ---------–--ის მიმოწერით, რომელიც განხორცილებულია 2018 წლის 13 იანვარს, დადგენილია - თ----------------–--ის მხრიდან შეურაცხყოფის, ძალადობისა და მუქარის შემცველ სმს-ებზე მიუთითებს, მის მიერ მიწერილი შემდეგი მოკლე ტექსტური შეტყობინებები: „...ჯერ სად ხარ მ---“; „...დღეს ვერ დავასრულე ბოლომდე მარა ეგ არ აგცდება“ და ა.შ.

 

მ---------–--ის განცხადებით (15.01.2018) დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დასართავად წარადგინა ე.წ. „სქრინები“, რითაც დადგენილია, რომ თ----------------–--ის ტელეფონის ნომერი 5--------, რომელიც, ამ უკანასკნელის განმარტებით, გამუდმებით რეკავდა მას შემდეგ, რაც მან მიმართა პოლიციას დასახმარებლად, თუმცა არც ერთი ზარისთვის არ უპასუხია.

 

სასამართლოში გამოკვლეული ე.წ. „სქრინებით“, დადგენილია, რომ იგი ასახავს 2018 წლის 15 იანვარს, 8:33-9:26 საათის დროის შუალედში, თ----------------–--ის მობილური ტელეფონიდან 5-----------, მ---------–--ის მობილურ ტელეფონზე შემავალ 55 უპასუხო ზარს.

 

დათვალიერების ოქმით (20.01.2018) დადგენილია, რომ 2018 წლის 20 იანვარს 11:25-12:00 საათზე გამომძიებელმა გ-------------–---–მა დაათვალიერა, მ---------–--ის მიერ 2018 წლის 13 იანვარს გამოძიებისთვის წარდგენილი ე.წ. „სქრინშოტები“ სამ ფურცლად, სადაც პირველ ფურცელზე ჩანს სმს-ების გაგზავნის დრო - დღის 3:45 საათი, ასევე ნომერი +9--------------, თუ საიდან არის გაგზავნილი სმს-ები. მიმოწერა იწყება მ---------–--ის სმს-ით, რომლითაც იგი უკრძალავს ყოფილ მეუღლეს მასთან მიახლოვებას. თ----------------–--ე მ---------–--ეს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას არაერთგზის და ემუქრება მას.

 

მეორე და მესამე ფურცელზე დაფიქსირებულია იგივე დრო და მობილური ტელეფონის ნომერი, რაც პირველ ფურცელზე. ხოლო შეტყობინებების მეშვეობით, თ----------------–--ე კვლავ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს მ---------–--ეს და მის ოჯახს, ასევე ემუქრება მას. გამომძიებელმა ასევე დაათვალიერა 2018 წლის 15 იანვარს, მ---------–--ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი მის მობილურ ტელეფონზე შემავალი ზარების ამონაწერი ერთ ფურცლად, სადაც ჩანს, რომ ტელეფონის ნომრიდან 5--------, რომლითაც სარგებლობდა თ----------------–--ე, მ---------–--ის ტელეფონზე, 2018 წლის 15 იანვარს დილის 08:33-09:26 საათის პერიოდში, განხორციელდა არაერთი უპასუხო ზარი.

 

N------ შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ 2017 წლის 25 დეკემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თ----------------–--ემ მ---------–--ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც საფუძვლად დაედო მის მიმართ შემაკავებელი ორდერის გაცემას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ივნისი განაჩენით დადგენილია, რომ თ----------------–--ემ ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასტროლი იარაღის გამოყენებით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა მ----- ხ-------–---–ს (მ---------–--ის ძმას) ფეხის არეში, რისთვისაც ცნობილ იქნა დამნაშავედ.

 

დაზარალებულმა მ---------–--ემ, რომელიც ამავდროულად არის ბრალდებულის ყოფილი მეუღლე (სისხლის სამართლის კანონის მიზნებისთვის ყოფილი მეუღლე ითვლება ოჯახის წევრად), უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე.

 

ბრალდებულმა თ----------------–--ემ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ თ----------------–--ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ თ----------------–--ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტიურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, ბ) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, გ) ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ დაზარალებულს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის აღძვრა. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებას (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ისეთ სუბიექტურ კრიტერიუმზე, როგორიც არის დაზარალებულის აღქმა და განმარტავს, რომ დანაშაულის (მუქარის) არსებობისათვის აუცილებელია სწორედ იმის უტყუარად დადგენა, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში. თუ დაზარალებულს ასეთი შიში არ გასჩენია, მუქარა ზოგადად შიშის მომგვრელიც რომ ყოფილიყო, სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობა. მუქარის დროს ადამიანზე ხდება არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის შედეგების თვალნათელი დადასტურება, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, შეუძლებელია სხვა მტკიცებულებებით დადგინდეს, ვინაიდან ფსიქიკური ძალადობა, როგორც წესი, ფიზიკურ კვალს არ ტოვებს, თუმცა ზიანდება ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, რაც ფიზიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან დაბალი ფასი ჰქონდეს როგორც ფაქტის თვითმხილველი, ასევე დაზარალებულის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გადმომცემი მოწმეების ჩვენებებსაც კი, ვინაიდან ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია მსხვერპლის მიერ რეალობის სწორედ მისეული აღქმა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, დაზარალებულ მ---------–--ის ჩვენება, თუმცა მან სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, ამდენად პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარეს იმის დასადასტურებლად, დაზარალებულს კონკრეტული მუქარის გამო გაუჩნდა ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში სასამართლოში არ წარუდგენია.

 

საქართველოს კონსტიტუციის მ----------–------- ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს და ხელს უწყობს მართლმსაჯულების პროცესში შეცდომის დაშვების თავიდან აცილებას. არავის უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

ამდენად, ბრალდების მხარის ეჭვი, რომ თ----------------–--ემ, ყოფილ მეუღლის, მ---------–--ის მიმართ განახორციელა ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა და აღნიშნული ქმედებით მ---------–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დარჩა ეჭვად და ვარაუდად, რის გამოც ვერ დადასტურდა პირი ბრალეულობა ამ ნაწილში „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებითი სტანდარტით. შესაბამისად, in dubio pro reo-ს პრინციპის მიხედვით, დაუდასტურებელი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ თ----------------–--ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში გამართლების თაობაზე იმ მოტივით, რომ მას აღნიშნული ქმედება არ ჩაუდებია, რომ მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია იმის დადგენა, რომ მსხვერპლს დაზიანება კონკრეტულმა პირმა მიაყენა იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული სარგებლობს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის (ყოფილი მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს, ვინაიდან აღიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

 

საქმეში არსებული ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობით - ნ-----–-----------–---–ის ჩვენებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, რასაც სააპელაციო პალატაც ეთანხმება, უტყუარად დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2018 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 13:30 სააიდან 14:00 საათამდე დროის პერიოდში, თ----------------–--ე ნამდვილად იმყოფებოდა მისი ყოფილი მეუღლის მ---------–--ის ბინაში, მდებარე თბილისი, ფ-------------------------------–---–--------------------ში. კერძოდ ნ-----–-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ფაქტობრივად შეესწრო დანაშაულს, რადგან სწორედ იმ დროს მივიდა მ---------–--ის სახლში, როდესაც მასზე ყოფილი მეუღლე ძალადობდა და დაადასტურა, რომ ქალიშვილის სახლში მისვლისას, ჯერ კიდევ კარის გაღებამდე, სახლიდან შემოესმა შვილიშვილის ტირილი. მან საკუთარი გასაღებით გააღო კარი და სახლში შესვლისთანავე დაიწყო შვილიშვილის დამშვიდება. სახლში მისი შესვლისთანავე, საძინებლიდან გამოვიდა მისი ყოფილი სიძე, რომელიც მიესალმა და სწრაფად დატოვა იქაურობა. საძინებლიდანვე გამოვიდა მისი ქალიშვილი, რომელიც მაშინვე შევიდა აბაზანაში. მოგვიანებით, ქალიშვილმა უამბო, რომ სწორედ მისმა მისვლამ გადაარჩინა ყოფილი მეუღლის ძალადობისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, არავინ იცის, რა მოხდებოდა. ამასთან, დანაშაულის ჩადენის დროს, მსხვერპლის სახლში სხვა პირის ყოფნა, გარდა მისი ყოფილი მეუღლისა, ვისაც შეეძლო მ---------–--ისათვის კისრის არეში დაზიანებები მიეყენებინა, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დადგენილა;

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N0-------- დასკვნით (18.01.2018) დადგენილია, რომ მ---------–--ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით მარჯვნივ კისრის მიდამოში, დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 13 იანვარს, რითაც სასამართლომ ასევე უტყუარად დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თ----------------–--ემ, ყოფილ მეუღლეს, მ---------–--ეს ხელი მოუჭირა კისერში, რამაც მ---------–--ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ამასთან, ექსპერტმა გ---–-------------–---–მა დაადასტურა მ---------–--ის ნათქვამი - მეუღლის მიერ ხელის მოჭერა და ბარძაყში ფეხის ჩარტყმა.

 

პალატა მოცემულ შემთხვევაში ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შეუძლებია იმის დადგენა, თუ ვინ მიაყენა კონკრეტულ პირს დაზიანება, რადგან აღნიშნული ფაქტი გარდა ექსპერტიზის დასკვნისა, დადასტურებულია ასევე, დაზარალებულ მ---------–--ის მიერ, გამოძიებისთვის წარდგენილი ტელეფონის ე.წ. „სქრინებით“, რითაც დადგენილია, რომ დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგა დანაშაულის ჩადენიდან მალევე, დაახლობით ერთ საათში. აღნიშნულში კარგად ჩანს, როგორც მსხვერპლისა და მოძალადის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობა, ასევე დანაშაულის ადგილზე განვითარებული მოვლენების შინაარსი. კერძოდ, მ---------–--ე მიმოწერის დროს მოითხოვს ყოფილი მეუღლისგან, რომ ამ უკანასკნელმა არ გაბედოს მასთან მიახლოება. იგი კიცხავს თ----------------–--ეს იმის გამო, რომ მან ქალზე ასწია ხელი - ესე იგი ფიზიკურად იძალადა მასზე და დანა გაუშალა ანუ დაემუქრა მას. აღნიშნულს მოსდევს თ----------------–--ის პასუხი, რომელიც თავის მხრივ, არ უარყოფს იმას, რისთვისაც ყოფილი მეუღლე საყვედურობს და მეტიც, დანაშაულის ჩადენიდან სულ რაღაც ერთ საათში, თ----------------–--ე დაზარალებულს წერს და ემუქრება, რომ აუცილებლად დაასრულებს იმას, რაც დანაშაულის ჩადენის დღეს ბოლომდე ვერ მიიყვანა, რითაც ირიბად ადასტურებს დანაშაულის ჩადენას. პალატა ყურადღებას მიაქცევს მოწმე თ---------------–---–ის ჩვენებაზე, რითაც დადგენილია, რომ სწორედ იმ ტელეფონის ნომერზე, რომლითაც განხორციელდა მ---------–--ის ტელეფონზე შემავალი მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ესაუბრა მსჯავრდებულ თ----------------–--ეს პოლიციაში დაბარებასთან დაკავშირებით და მან განუცხადა, რომ იმყოფებოდა ქუთაისში და ვერ შეძლებდა პოლიციაში გამოცხადებას.

 

რაც შეეხებ დაზარალებულის მიერ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენებას, მსხვერპლის საქციელი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, რომელიც იყო მოტივირებული, ხელი შეეწყო ობიექტური გამოძიებისთვის - მიმართა პოლიციას შეტყობინებით, მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება, რაც დასტურდება მოწმე მ----------------ის ჩვენებით, რითაც დადგენილია, რომ მას შემდეგ რაც დაზარალებულმა, დანაშაულის მომდევნო დღეს შენიშნა კისრის არეში ძალადობის აშკარა კვალი, სურდა აღნიშნული გარემოება დადასტურებული ყოფილიყო საექსპერტო დასკვნით, წარადგინა მის ტელეფონში არსებული ბრალდებულის მამხილებელი მასალები, ხაზგასმით მიუთითებს გამოძიების საწყის ეტაპზე დაზარალებულის მტკიცე სურვილზე ეთანამშრომლა და დახმარებოდა გამოძიებას. თუმცა შემდეგ იგი ფაქტიურად ხელმიუწვდომელი გახდა გამოძიებისთვის. მან ხელი არ მოაწერა საპროცესო დოკუმენტებს, მათ შორის დაზარალებულად ცნობის დადგენილებას და არ მისცა ჩვენება. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიაჩნია, რომ აღნიშნული ქმედებები ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ საქციელს, რომლებიც რიგ შემთხვევაში მოძალადეების მიმართ მოსალოდნელი სასჯელის გამო სიბრალულის და თანაგრძნობის გამოხატულებაა, ხოლო რიგ შემთხვევაში მოძალადის მიმართ შიშის შედეგი შეიძლება იყოს. სწორედ დაზარალებულის მიერ მოძალადის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავება და სასამართლოში ჩვენების მიცამეზე უარი, დაზარალაბულის მხრიდან ზემოთ აღნიშნული ფსიქოლოგიური მდგომარეობის დადასტურებაა.

 

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასამართლომ არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება და მიუთითა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი, როგორც მოწმის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს. თითოეული საგამონაკლისო შემთხვევის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის შეფასება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნების და ამ მიზნების მისაღწევად გამოყენებული საშუალებების კონტექსტში უნდა მოხდეს.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

 

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება ერთი მხრივ თავად არ ხელყოს ადამიანთა უფლებები და მეორე მხრივ დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ. v. TURKEY – ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პაუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეულ იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გახმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გაანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ თ----------------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისიწნებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით;

 

თ----------------–--ეს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწნებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

თ----------------–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

თ----------------–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებება მისი წარსული ცხოვრება.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით „სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით“.

 

სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებეი, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თ----------------–--ისათვის განსაზღვრული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის განაჩენი, თ----------------–--ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ თ----------------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატის ნ-----–---–---–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

თ----------------–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

თ----------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ თ----------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 18 იანვრიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი