განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310015001193826
საქმე N3ბ/1648-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
28 ივნისი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები - ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,ე---- კ------- ი---------–----–“;
(დირექტორი რ----- ზ-----–---–ი);
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო;
წარმომადგენელი - ე-----–- მ----------;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება;
1.2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შპს ,,ე---- კ------- ი---------–----–ის“ 2015 წლის 14 სექტემბრის საჩივრის განხილვა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
შპს ,,ე---- კ------- ი---------–----–ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 21 ივნისის №2---- ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,ე---- კ------- ი---------–----–ის“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2008 წლის 01 იანვრიდან 2013 წლის 01 მაისამდე. შემოწმების შედეგებზე 2014 წლის 04 დეკემბერს შედგა შემოწმების აქტი (ტ.1, ს.ფ. 50-91; 203).
4.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა, 2014 წლის 4 დეკემბრის შემოწმების აქტის საფუძველზე, 2014 წლის 09 დეკემბერს გამოსცა №5---- ბრძანება და №0------ საგადასახადო მოთხოვნა. საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დაერიცხა სულ 1 020 880,5 ლარი, მათ შორის, ძირითადი - 418 468 ლარი, ჯარიმა - 197 157 ლარი, საურავი - 405 255,5 ლარი(ტ.1., ს.ფ. 221-222).
4.3. შპს ,,ე---- კ------- ი---------–----–მა“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 09 დეკემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2015 წლის 05 თებერვლის №2--- ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება საჩივარში მითითებული ფიზიკური პირების მიერ შპს “ე---- კ------- ი---------–----–ისათვის“ საქონლის (ამორტიზებული მაყუჩის ფილტრები) მიწოდების დასადასტურებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საგამოძიებო სამსახურიდან გამოთხოვილი მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტს ასევე დაევალა გადამხდელის მონაწილეობით ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშების საკითხის დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ზემოაღნიშნულის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის სათანადო კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 162-164).
4.4. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 05 თებერვლის №2--- ბრძანება გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე გაიგზავნა 2015 წლის 18 თებერვალს, გადამხდელი გაეცნო 2015 წლის 24 თებერვალს (ტ.1, ს.ფ. 170).
4.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა, 2015 წლის 5 თებერვლის №2--- ბრძანების საფუძველზე, 2015 წლის 10 ივლისს გამოსცა დასკვნა, რომლითაც შპს ,,ე----- კ------- ი---------–----–ისთვის'' შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი (ტ.1, ს.ფ. 171-173).
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა, 2015 წლის 5 თებერვლის №2--- ბრძანებისა და 2015 წლის 10 ივლისის დასკვნის საფუძველზე, 2015 წლის 15 ივლისს გამოსცა №2---- ბრძანება, ხოლო 2015 წლის 16 ივლისს - №0------ საგადასახდო მოთხოვნა (ტ.1, ს.ფ. 181; 174).
4.6. შპს “ე---- კ------- ი---------–----–მა“ 2015 წლის 14 სექტემბერს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის №2---- ბრძანების და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 ივლისის №0------ საგადასახდო მოთხოვნის ბათილად ცნობა. (ტ.1, ს.ფ. 184- 188).
4.7. შპს “ე---- კ------- ი---------–----–ის“ საჩივარი 2015 წლის 16 ივლისის №0------ საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 297-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის 2015 წლის 06 ოქტომბრის №1------- წერილით გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს (ტ.1, ს.ფ. 169; 278-280).
4.8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს “ე---- კ------- ი---------–----–ის“ საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 21 ივნისის №2---- ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა განუხილველი (ტ.1, ს.ფ. 278-280).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” პუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიერ შპს “ე----- კ------- ი---------–----–ის“ საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძლად დაედო სწორედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 5 თებერვლის №2--- ბრძანება შპს ,,ე---- კ------- ი---------–----–ს“ ელექტრონული ფორმით გაეგზავნა 2015 წლის 18 თებერვალს. ასევე დგინდება, რომ აღნიშნულ ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2015 წლის 24 თებერვალს. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად კი, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 5 თებერვლის №2--- ბრძანება შპს ,,ე---- კ------- ი---------–----–ს“ ჩაბარდა 2015 წლის 24 თებერვალს, ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით კი გადასახადის გადამხდელმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს მიმართა 2015 წლის 14 სექტემბერს ანუ კანონმდელობით დადგენილი 20 დღიანი ვადის დარღვევით. აღნიშნული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენდა შპს ,,ე---- კ------- ი---------–----–ის“ საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
6. შპს ,,ე---- კ------- ი---------–----–ის" სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6.1. შპს ,,ე---- კ------- ი---------–----–ის" სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სააპელაციო საჩივარი ეყრდნობა ორ ძირითად გარემოებას. აპელანტი ითხოვს ამორტიზებული მაყუჩის ფილტრების ხარჯის გათვალისწინებას და განმარტავს, რომ ფიზიკური პირები მ------- დ----–-ა, ჯ------- დ----–-ა, ზ---- დ----–-ა და ბ----- ბ--–----- ნამდვილად აწარმოებდნენ ფირმაზე საქონლის მიწოდებას, უფრო მეტიც, ეს პირები იყვნენ ძირითადი მომწოდებლები და მათ მიერ მოწოდებული საქონლის ხარჯი სრულად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.
აპელანტის განმარტებით, საკითხი შეეხებოდა საშემოსავლო გადასახადში დამატებით გადასახდელი თანხის დარიცხვას, რომელიც გამოწვეული იყო იმით, რომ ფირმის ერთ -ერთი მომმარაგებელი არის აზერბაიჯანის მოქალაქე რ----- გ---–---ი, რომელთანაც არსებობს როგორც ხელშეკრულება, ასევე საქონლის შესყიდვის სრული დოკუმენტაცია, საქონელმა გამოიარა საბაჟო, რის შემდეგაც მოხდა ამ საქონლის შესყიდვა. მიუხედავად ამისა, ეს იპერაცია შემმოწმებელმა დაბეგრეს საშემოსავლო გადასახადით, სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, როგორც არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, შესაბამისად წყაროსთან გადასახადის ოდენობა საზოგადოებას დაერიცხა.
აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციული განხილვისას საერთოდ არ ყოფილა მსჯელობა საჩივარში მითითებულ ერთ-ერთ საკითხზე, რომელიც შეეხებოდა აზერბაიჯანის მოქალაქე რ----- გ---–---ისაგან საქონლის და ამ ოპერაციის დაბეგვრის კანონიერების ფაქტს.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” პუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიერ შპს “ე------ კ------- ი---------–----–ის“ საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძლად დაედო სწორედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტი.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახდო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, საგადასახადო ორგანოს მიერ წერილობითი ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს უფლებამოსილი პირი. ადრესატს უნდა გადაეცეს დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ასლი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
პალატა ასევე მიუთითებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის’’ მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კომუნიკაციის განხორციელება დასაშვებია, მხოლოდ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ასეთი სახის მოთხოვნის შემთხვევაში. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლა ხორციელდება გადასახადის გადამხდელის მიერ ვიდეოზარით მიმართვის ან №I-07 დანართის შესაბამისად წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს “ე---- კ------- ი---------–----–სა“ და შემოსავლების სამსახურს შორის კომუნიკაცია წარმოებდა ელექტრონული ფორმით, რაც, ზემოაღნიშნულ ნორმათა გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს ანიჭებდა უფლებას მისთვის დოკუმენტაცია გაეგზავნა ელექტრონული ფორმით.
პალატა ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 21 ივნისის №2---- ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,ე---- კ------- ი---------–----–ის“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2014 წლის 04 დეკემბერს შედგა შემოწმების აქტი. ასევე, დადგენილია, რომ, 2014 წლის 4 დეკემბრის შემოწმების აქტის საფუძველზე, 2014 წლის 09 დეკემბერს გამოიცა №5---- ბრძანება და №0------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც შპს ,,ე---- კ------- ი---------–----–მა“ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 5 თებერვლის №2--- ბრძანებით შპს ,,ე---- კ------- ი---------–----–ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საქმის მასალებით დადგენილა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 5 თებერვლის №2--- ბრძანება შპს ,,ე---- კ------- ი---------–----–ს“ ელექტრონული ფორმით გაეგზავნა 2015 წლის 18 თებერვალს. ასევე, დგინდება, რომ აღნიშნულ ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2015 წლის 24 თებერვალს. პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. ვინაიდან, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 5 თებერვლის №2--- ბრძანება შპს ,,ე---- კ------- ი---------–----–ს“ ჩაბარდა 2015 წლის 24 თებერვალს, ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით კი გადასახადის გადამხდელმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს მიმართა 2015 წლის 14 სექტემბერს, ცალსახად დგინდება, რომ დარღვეულია კანონმდებლობით დადგენილი 20 დღიანი ვადა. აღნიშნული კი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენდა შპს ,,ე---- კ------- ი---------–----–ს“ საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
შესაბამისად, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 19 ნოემბრის №1--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის შპს ,,ე---- კ------- ი---------–----–ის“ 2015 წლის 14 სექტემბრის საჩივრის განხილვის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
2017 წლის 31 ივლისს შპს ,,ე---- კ------- ი---------–----–ის“ სააპელაციო საჩივარზე ა---- ს--------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ე---- კ------- ი---------–----–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება;
3. შპს ,,ე---- კ------- ი---------–----–ის“ მიერ სააპელაციო საჩვარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
გიორგი გოგიაშვილი -