განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001214900
საქმე №1ბ/338-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ვ------------------ის
ადვოკატების: ვ-–----------–-----------------------–----
მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამნეტის უფროსი პროკურორის ვ------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულ მ--–------------ის მიმართ. მ--–------------ე დაბადებულია 1----–-–--------------–ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #------------, ნასამართლევი, რეგისტრირებული ქ. თ---–--–ი, ქ-------------------------------–-- ფაქტობრივად მცხოვრები ქ. თ---–--–ი, ვ-–----–----–-----------------------------–--
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მ--–------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი) და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი).
მ--–------------ის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის ივნისში მ--–------------ემ და უკრაინის მოქალაქე გ---–-----------მ გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებთან ერთად განიზრახეს ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქე ა-------------ს კუთვნილი, ქ.თ---–--–ი, კ----------------–--–სა და ს----------------------------–---------ს შორის მდებარე 80 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის მიხედვით გ---–-----------ს უნდა ემოქმედა ნ-----–---------ს სახელით, ხოლო ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ამ უკანასკნელზე მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების შემდგომ მიწის ნაკვეთი ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდებოდა მ--–------------ის სახელზე. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მათ დაამზადეს 2015 წლის 12 მაისით დათარიღებული ისრაელის სახელმწიფოში გაცემული ყალბი აპოსტილი და რუმინეთის მოქალაქის ყალბი პასპორტი, რომლის მიხედვით თითქოს რუმინეთის მოქალაქე ნ-----–--------- იყო ა-------------ს წარმომადგენელი და საშუალება ჰქონდა, ნებისმიერი სახით განეკარგა უძრავი ქონება.
აღნიშნული ყალბი აპოსტილის და ყალბი პასპორტის გამოყენებით მიწის ნაკვეთი თავდაპირველად 2015 წლის 2 ივნისს დარეგისტრირდა ნ-----–---------ს სახელზე. 2015 წლის 15 ივნისს მ--–------------ესა და ნ-----–---------ს შორის გაფორმებული, 2015 წლის 12 ივნისით დათარიღებული ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა მ--–------------ის სახელზე.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ა-------------ს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით:
მ--–------------ე საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნა უდანაშულოდ და გამართლდა.
მ--–------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძოება - გირაო გაუქმდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ვ------------------ემ და მოითხოვა მ--–------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ვ------------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი გამართლებულ მ--–------------ის მიმართ უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში. სასამართლო პალატა აანალიზებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ, მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ა-------------ს ჩვენებას, მოწმეების ნ-----–---------–---–---------------------------------–--------------–-----------------–-------------------–----------–----------------------------–--------------------------–----------------------------–-–------------------------–----------------–-------------------------–------------–----------–------------ს ჩვენებებს, თვით მ--–------------ის ბრალდებულის სახით მიცემულ ჩვენებას, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით მ-----– ბ------ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის დისპოზიციის თანახმად, როდესაც პირი მოტყუებით ეუფლება სხვის საკუთრებაში არსებულ ნივთს ან მის ქონებრივ უფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სახეზეა თაღლითობის შემადგენლობა. ქმედების თაღლითობად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ დამნაშავე სხვისი ქონების (ნივთის) დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებად იყენებდეს მოტყუებას. ამასთან, მოცემული დანაშაულის ობიექტური მხარის აუცილებელი ნიშანია, რომ ნივთი (ქონება), როგორც დანაშაულის საგანი, დამნაშავეს არ უნდა ეკუთვნოდეს, მის მართლზომიერ მფლობელობაში არ უნდა იყოს, ანუ დამნაშავეს არ უნდა ჰქონდეს არც რეალური და არც სავარაუდო უფლება ნივთის საკუთრებაზე. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება _ ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან/და გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის ან მფლობელის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ის გარემოება, რომ მ-----– ბ------ემ დაზარალებული მოატყუა და აღნიშნული ხერხით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მისი მიწის ნაკვეთს.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მოსაზრებას, რომ მ--–------------ის მიმართ თაღლითობის ბრალდებასთან დაკავშირებით, სასამართლოში წარმოდგენილი სხვადასხვა მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა მხოლოდ ის გარემოება, რომ მ--–------------ემ ნამდვილად გააფორმა ნ-----–---------სთან ნასყიდობის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების გაფორმებამდე დაინტერესებული იყო ამ მიწის ნაკვეთით. მოწმე ნ-----–---------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ მ--–------------ის თხოვნით, როგორც იურისტმა გადაამოწმა, მიწის ნაკვეთის მდგომარეობა. იგივე გარემოება დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ა---------------იამ, რომელმაც განმარტა, რომ მ--–------------ის თხოვნით საჯარო რეესტრის ბაზიდან ამოიღო საჯარო რეესტრის ამონაწერი. თარჯიმნებმა - მ-----ა ლ-------ამ, ე-–---ა მ------ემ, საჯარო რეესტრის თანამშრომელმა ვ--–------ ს--–-----მ დაკითხვისას უჩვენეს, რომ ნ-----–---------სა და მ--–------------ეს შორის ნამდვილად დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რა დროსაც არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. მოწმეებმა ზ---------------------–-----მა დაადასტურეს, რომ მ--–------------ეს ჰქონდა ზ------------–--ის ვალი, რომლის სანაცვლოდ კუთვნილი მიწის ნაკვეთი დაუთმო ზ------------–--ის შვილიშვილს - გ---------–--ეს. ამასთან, სასამართლოში წარმოდგენილი არც ერთი უტყუარი მტკიცებულებით არ დადასტურებულა, რომ მ--–------------ეს წინასწარ ჰქონდა განზრახული ა-------------ს კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება და რომ ეს განზრახვა მოიცავდა გ---–-----------ს მოქმედებას, რომელსაც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით უნდა დაერეგისტრირებინა მიწის ნაკვეთი ნ-----–---------ს სახელზე და შემდგომ ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე გადაეფორმებინა მ--–------------ის სახელზე.
პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებიდან არ აღმოჩნდა მოწმის ჩვენება, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა ან სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც ირიბადაც კი მიუთითებდა იმ ფაქტზე, რომ მ--–------------ემ რაიმე ფორმით დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, იქნებოდა ეს ისრაელის სახელმწიფოში გაცემული ყალბი მინდობილობა თუ რუმინეთის მოქალაქის ყალბი პასპორტი. სასამართლოში წარმოდგენილი არც ერთი უტყუარი მტკიცებულებით არ დადასტურებულა, რომ მ--–------------ემ და გ---–-----------მ ერთად დაამზადეს ყალბი აპოსტილი და პასპორტი, რომლის მიხედვით ნ-----–--------- იყო ა-------------ს წარმომადგენელი და საშუალება ჰქონდა ნებისმიერი სახით განეკარგა უძრავი ქონება.
საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ნ-----–---------ს (გ---–-----------ს) და მ--–------------ეს შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე ეს ქონება უკვე აღრიცხული იყო ნ-----–---------ს სახელზე, რისთვისაც ამ უკანასკნელმა გამოიყენა ისრაელის ნოტარიუსის მიერ გაცემული და აპოსტილით დამოწმებული მიდობილობა, რომლის შინაარსის თანახმად უძრავი ქონების მესაკუთრისაგან ა-------------საგან მას მიღებული ჰქონდა უძრავი ქონების თავის სახელზე გადაფორმების უფლებამოსილება. წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი სქემის თანახმად მ--–------------ესა და გ---–-----------ს შორის შეთანხმებას ადგილი უნდა ჰქონოდა მაშინ, როცა უძრავი ქონება ჯერ კიდევ ა-------------ს სახელზე ირიცხებოდა. თუმცა ასეთი შეთანხმების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. მტკიცებულებებით ვერ დგინდება, რა ფორმით მიიღო მონაწილეობა მ--–------------ემ პასპორტის, მინდობილობისა და აპოსტილის გაყალბებაში. უფრო მეტიც: საქმის მასალებით პასუხი ვერ გაეცა დაცვის მიერ დასმულ კითხვას: მინდობილობის გამცემი ნოტარიუსი რეალური პიროვნებაა თუ არა, თვით ეს მინდობილობა მართლაც ყალბია თუ არა, რაში გამოიხატება აპოსტილის სიყალბე. მტკიცებულებებით ვერ დგინდება, რომ მ--–------------ეს ხელი მიუწვდებოდა ასეთი დოკუმენტების გაყალბებაზე. თუკი დანაშაულებრივი განზრახვა მიზნად ისახავდა ა-------------ს უძრავი ქონების საბოლოოდ მ--–------------ის სახელზე აღრიცხვას და მ--–------------ე თავიდანვე იყო ჩართული თაღლითურ სქემაში, მაშინ ბუნებრივია, ყალბი მინდობილობა პირდაპირ მის სახელზე გაიცემოდა და აღარ გახდებოდა საჭირო ქონების ჯერ გ---–-----------ს (ნ-----–---------ს) სახელზე აღრიცხვა და შემდეგ მასთან ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმება. ასეთ შემთხვევაში გ---–----------- (ნ-----–---------) ზედმეტი - არა საჭირო რგოლი იქნებოდა. ეს გარემოება პირდაპირ მიუთითებს მ--–------------ის ჩვენების დამაჯერებლობაზე იმასთან დაკავშირებით, რომ გ---–-----------სთან (ნ-----–---------სთან) კომუნიკაციის დაწყებისას ქონება უკვე ამ უკანასკნელის სახელზე იყო აღრიცხული. მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ--–------------ემ მართლაც ისარგებლა იურისტის მომსახურებით და გადაამოწმა საჯარო რეესრტრში უძრავი ქონების ნ-----–---------ს სახელზე აღრიცხვის კანონთან შესაბამისობა. დადგენილია, რომ მართლაც აღმოჩნდა ხარვეზი - მესაკუთრის სახელში შეცდომა იყო ერთ ასოში, რაც ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე აღმოიფხვრა. საგულისხმოა, რომ ბრალდებას არ უზრუნია მ--–------------ის მიერ დასახელებული პირებისაგან - თ-------------------------------------–----გან ჩვენებების მიღებაზე, რომლებისგნაც მისის თქმით მიიღო უძრავი ქონების ნასყიდობის გაფორმების წინადადება. ამ გზით შესაძლებელი გახდებოდა მ--–------------ის ჩვენებაში მითითებული გარემოებების გადამოწმება.
ამდენად, ვერ დადასტურდა მ--–------------ის უშუალო მონაწილეობა პასპორტის, მინდობილობისა და აპოსტილის გაყალბებაში. ბრალდებამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ გ---–----------- (ნ-----–---------) იმთავითვე მ--–------------ესთან წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდა. არ დადგინდა მ--–------------ის მონაწილეობის საჭიროება იმ ქმედებებში, რაც აუცილებელი იყო ა-------------ს უძრავი ქონების თაღლითური გზით დაუფლებისათვის. მას შემდეგ, რაც ქონება უკვე აღირიცხა ნ-----–---------ს სახელზე, ამ უკანასკნელს მისი გასხვისება თავისუფლად შეეძლო ნებისმიერ მესამე პირზე, მათ შორის მ--–------------ეზე, და ამისათვის ნ-----–---------ს არ ესაჭიროებოდა მასთან წინასწარი შეთანხმება.
ამდენად, ა-------------ს კუთვნილი უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ნ-----–---------ს სახელზე თაღლითური გზით, თუმცა ამაში მ--–------------ის რაიმე ფორმით მონაწილეობა, ან მასთან ნ-----–---------ს (გ---–-----------ს) წინასწარი შეთანხმება არ დგინდება. რაც შეეხება მათ ურთიერთობას ქონების ნ-----–---------ს სახელზე აღრიცხვის შემდეგ, მიუხედავად იმისა აღნიშნული ურთიერთობა წარმოადგენს თუ არა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, მას არ მოიცავს წარდგენილი ბრალდების ფარგლები, რის შესახებაც ქვემოთ იქნება მოყვანილი მსჯელობა.
ბრალდების თანახახმად მ--–------------ესა და ნ-----–---------ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების სიყალბე იმაში გამოიხატა, რომ ხელშეკრულებაში მითითებული ფასი - 1400000 ლარი არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მ--–------------ეს არც დაუმალავს, რომ ეს თანხა ნ-----–---------სთვის არ გადაუხდია, არამედ მან ნ-----–---------ს გადაუხადა 150000 აშშ დოლარი და გადასცა ფასიანი ქაღალდები (ობლიგაციები), რაც მხარეების შეთანხმებით ემსახურებოდა მხოლოდ გადასახადის თავიდან არიდებას.
წარდგენილი ბარლდების თანახმად მ--–------------ის მიერ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით გამოიხატა ნ-----–-ი ნ------თან ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაში. ბრალდების მხარის მტკიცება მ--–-------------ის დამნაშავეობასთან დაკავშირებით ბრალდების ამ ნაწილშიც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
ოფიციაულრ დოკუმენტში მოაიზრება რაიმე ინფორმაციის შემცველი, სათანადო წესით გაფორმებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ან ხდომილებას. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ყალბი ოფიციალრი დოკუმენტად შესაძლოა მივიჩნიოთ მაშინ, როცა, მასში არასწორადაა მითითებული რაიმე მოვლენის შესახებ, მაგალითად, როცა დამნაშავემ იგი დაამზადა მესაკუთრისაგან მალულად, მისი მონაწილეობის გარეშე, ხელშეკრულებაში მიუთითა, რომ თითქოს მესაკუთრემ გამოხატა ქონების გასხვისების ნება და გააყალბა მისის ხელმოწერა და ამ გზით მიაღწია ან შეეცადა, მიეღწია ქონების დაუფლებისათვის. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დგინდება, რომ ნ-----–---------სა და მ--–------------ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება არ არის ფიქტიური. ხელშეკრულების შინაარსი ადასტურებს მხარეების ნებას, იგი აღირიცხოს მ--–------------ის სახელზე. ხელშეკრულებაში ნასყიდობის შემცირებული ფასის მითითება შესაძლოა მიუთითებდეს სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე, მაგრამ - არა ოფიციალური დოკუმენტის გაყალბებაზე.
ის გარემოება, რომ მ--–------------ემ უძრავი ქონება რეალლურად მიიღო საკუთრებაში და გარიგება არ იყო ფიქტიური, დასტურდება საქმეზე დადგენილი მთელი რიგი გარემოებებეით: მ--–------------ემ უძრავი ქონება გამიჯნა, დატვირთა იპოთეკით, შეეცადა, ქონების მეშვეობით გაესტუმრებინა ვალი. ამდენად, მან უძრავი ქონება რალურად განკარგა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მას გააჩნდა მისი საკუთრებაში მიღების ინტერესი და ნ-----–---------სთან დადებული გარიგებით გამოიხატა მხარეთა ნამდვილი - რეალური ნება. შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება არ ყოფილა ფიქტიური.
უდავოდ ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ დაცვის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებეით ვერ დადასტურდა უძრავი ქონების რეალურ ღირებულებასთან თუნდაც მიახლოებული ფასის გადახდა მ--–------------ის მიერ. რამდენიმე ათეული წლის წინ გაცემული სახელმწიფო ობლიგაციებს, რომლითაც მ--–------------ის ჩვენებით, მან გაისტუმრა ნ-----–--------- (იგივე გ---–-----------) დღეისათვის რაიმე საბაზრო ღირებულება არ გააჩნია. ეს გარემოება იმ მტკიცებულებების ფონზე, რომ მ--–------------ე ეკონომიურად გაჭირვებული იყო, ჰქონდა 70000 აშშ დოლარი ვალი, შესაძლოა, მიუთითებდეს მის მონაწილეობაზე რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში (მათ შორის თვით ნ-----–---------ს მიმართაც), თუმცა ამ ქმედებებს არ მოიცავს წარდგენილი ბრალდების ფარგლები. საქმის არსებითი განხილვა კი მიმდინარეობს სწორედ იმ ბრალდების ფარგლებში, რომელიც სახელმწიფო ბრალდებელმა გამოძიების ეტაპზე მიიჩნია დადგენილად. ბრალდების არგუმენტაცია მ--–------------ის ეკონომიური შეჭირვებულობასთან დაკავშირებით ქმნის მხოლოდ ვარაუდს, რომ მას გააჩნდა მოტივაცია, მონაწილეობა მიეღო წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ სქემაში, თუმცა სახეზე არ არის უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მ--–------------ის მიერ ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენა და რომელიც საკმარისი იქნებოდა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77, სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. შეკრებილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამატყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ სწორედ მ--–------------ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა მ--–------------ის სასარგებლოდ, რაც, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავი შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ მ--–------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი გამართლებულ მ--–------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამნეტის უფროსი პროკურორის ვ------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
მ--–------------ე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
ცნობად იქნას მიღებული, რომ მ--–------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
გამართლებულ მ--–------------ეს განემარტოს, რომ აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;
ნივთიერი მტკიცებულება: 28 (ოცდარვა) ცალი CD დისკი შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თ---–--–ი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე