განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117002097296
საქმე №2ბ/944-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 ივნისი 2018 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი - ე-–---- მ--------ა
წარმომადგენელი - შ-----------–------
მოწინააღმდეგე მხარე - შ-- „მ----------------- ო---------–-ა „რ---- ე-------ი“
წარმომადგენელი - მ-----------------–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – საპროცენტო განაკვეთის შემცირება, გადახდილი სარგებლის სესხის ძირითადი თანხის ანგარიშში ჩათვლა
აპელანტის მოთხოვნა-გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი
1. 2013 წლის 03 აპრილს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N5---, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი. ხელშეკრულების თანხად მიეთითა 9000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 10 წელი, ხოლო სარგებლის მაქსიმალური ოდენობა 60%. 2013 წლის 03 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N5---, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ე-–---- მ--------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ.რ-------–-, საკადასტრო კოდით N0------------------. აღნიშნული იპოთეკით უზრუნველყოფილი იქნა მხარეთა შორის არსებული 2013 წლის 03 აპრილის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N5---.
2. 2013 წლის 04 აპრილს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N5---, როგორც 2013 წლის 03 აპრილის N5--- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების დანართი, რითაც ე-–---- მ--------ას კრედიტის თანხად განესაზღვრა 9000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 35 თვე, წლიური სარგებლის ოდენობა - 30 %.
3. 2014 წლის 04 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N5----01. ხელშეკრულების მიხედვით საკრედიტო თანხად მიეთითა 9000 აშშ დოლარი, კრედიტის ვადა - 35 თვე, წლიური სარგებელი 24%-ის ოდენობით.
4. 2015 წლის 20 იანვარს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N1----, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების თანხად განისაზღვრა 15000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 10 წელი, ხოლო სარგებლის მაქსიმალური ოდენობა წლიური 60%. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, 2015 წლის 20 იანვარს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N1----, 2015 წლის 20 იანვრის N1---- საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულების დანართი, რომლის მიხედვით ე-–---- მ--------ას კრედის თანხად განესაზღვრა 12480 აშშ დოლარი, 35 თვის ვადით 24%-იანი სარგებლის დარიცხვით. 2015 წლის 20 იანვრის იპოთეკის ხელშეკრულება N1----, რა დროსაც იპოთეკით დაიტვირთა ე-–---- მ--------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ.რ-------–-, საკადასტრო კოდით N0------------------. აღნიშნული იპოთეკით უზრუნველყოფილი იქნა 2015 წლის 20 იანვრის ხელშეკრულება N1---- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ. 2015 წლის 18 ივნისს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N1-----01, როგორც 2015 წლის 20 იანვრის N1---- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების დანართი, რომლის საფუძველზე ე-–---- მ--------აზე გაიცა კრედიტო 14775 აშშ დოლარის ოდენობით, 35 თვის ვადით, წლიური 18%-იანი სარგებლის დარიცხვით.
5. 2015 წლის 19 აგვისტოს შ-- „----- რ---- ე-------ის“ წარმომადგენლის მიერ მოთხოვნის შესაბამისად ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი N1--------. ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი გაცემული იქნა 2015 წლის 20 იანვრის ნოტარიუს ც---–---------ს მიერ დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულება N1---- რეგისტრირებული სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ელექტრონულ რეესტრში N1--------. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა - სესხის ძირითადი თანხა - 14775 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული სარგებელი 443,26 აშშ დოლარი, ჯარიმის თანხა - 2290,13 აშშ დოლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 125 აშშ დოლარი. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ნოტარიუსის მიერ დაწყებული იქნა სააღსრულებო წარმოება.
6. ე-–---- მ--------ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ-- „მ----------------- ო---------–-ა „რ---- ე-------ი“ მიმართ და მოითხოვა შემცირდეს 2015 წლის 20 იანვრის, 2014 წლის 04 თებერვლისა და 2015 წლის 18 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი წლიური 60% წლიური 18%-მდე; მოსარჩელე ე-–---- მ--------ას მიერ სარგებლის სახით უკვე გადახდილი 5555,16 აშშ დოლარიდან 2106,46 აშშ დოლარის ჩაითვალოს სესხის ძირ თანხაში სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ასევე შემცირდეს სარგებელი - 443 აშშ დოლარი 221 აშშ დოლარამდე. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ც--------------ს მიერ 2015 წლის 19 აგვისტოს გაცემულ N1-------- სააღსრულებო ფურცელში და სესხის ძირი თანხა განისაზღვროს 12668,54 აშშ დოლარით, ხოლო სარგებელი კი - 221 აშშ დოლარით (სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა 21.12.2017 წელს - მოსამზადებელ სხდომაზე).
7. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 03 აპრილს ე-–---- მ--------ასა და შ-------- „რ---- ე-------ს“ შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ მოპასუხისაგან სესხის სახით მიიღო 9000 აშშ დოლარი 10 წლის ვადით წლიური საპროცენტო სარგებელი მაქსიმუმ 60%. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ე-–---- მ--------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ.რ--------, მ-------------------------, ს/კ N0------------------. მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2015 წლის 20 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მან სესხის სახით აიღო 15 000 აშშ დოლარი. აღიშნული ხელშეკრულებები ითვალისწინებდა მაქსიმალურად მაღალ საპროცენტო განაკვეთს წლიური 60%, რაც თვეში 5%-იან სარგებელს გულისხმობს, აღნიშნული კი არ შეესაბამება სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ სტანდარტს. ვინაიდან საპროცენტო სარგებელი იყო ცვალებადი, მოპასუხე თავისი შეხედულებისამებრ ცვლიდა სარგებლის ოდენობას. მოსარჩელის განმარტებით, მას სარგებლის სახით მოპასუხისთვის 5555,16 აშშ დოლარი აქვს გადახდილი, რაც დასტურდება სარჩელზე არსებული ამონაწერებითა და გადახდის ქვითრებით. აღნიშნულის გათვალისწინებით მხარემ მომართა სასამართლოს და მიაჩნია, რომ საპროცენტო სარგებელი უნდა შემცირდეს 1,5%-მდე, სარგებელში უნდა ჩაითვალოს მის მიერ გადახდილი 3448,7 აშშ დოლარი, ხოლო სარგებლის თანხიდან დარჩენილი 2106,46 აშშ დოლარი კი უნდა ჩაითვალოს ძირითადი თანხის ოდენობაში და სესხის ძირი თანხა, ნაცვლად 14775 აშშ დოლარისა განისაზღვროს 12668,54 აშშ დოლარით. ნოტარიუს ც---–---------ს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოპასუხე მხარე მისგან ითხოვს 17508 აშს დოლარის გადახდას, საიდანაც 14775 აშშ დოლარი არის სესხის ძირი თანხა, მასზე დარიცხული პროცენტი - 443 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 2290 აშშ დოლარი აღსრულებამდე 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარის განმარტებით, ასევე უნდა შემცირდეს სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ერთი თვის სარგებელი 443 აშშ დოლარი (რომელიც 14775 აშშ დოლარის 3%-ს შეადგენს) – 14775 აშშ დოლარის 1,5%-მდე და განისაზღვროს 221 აშშ დოლარით (იხ. სარჩელი და მხარის ახსნა-განმარტება).
8. მოპასუხე შ-- „მ----------------- ო---------–-ა „რ---- ე-------ის“ წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტების მიხედვით, 2013 წლის 03 აპრილს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N5---, ე.წ. „გენერალური ხელშეკრულება“, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა თანამშრომლობის ფარგლები, განისაზღვრა საკრედიტო ხაზი 9000 აშშ დოლარის ოდენობით, მაქსიმალური მოქმედების ვადა - 10 წელი, ხოლო სარგებლის ოდენობა არაუმეტეს 60%-სა, პირგასამტეხლოს ოდენობა სესხის ძირითადი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე დადებული ნებისმიერი საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობლი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილი იქნა გენერალური ხელშეკრულების დანართი 2013 წლის 03 აპრილის N5--- იპოთეკის ხელშეკრულებით, რის შემდეგაც უკვე გენერალური ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით მხარეთა შორის სხვადასხვა დროს დაიდო რამდენიმე საკრედიტო ხელშეკრულება სხვადასხვა პირობებით, ანუ როგორც თავად მოსარჩელე მხარე უთითებს, 9000 აშშ დოლარი გასესხებული იქნა არა 10 წლის ვადით და 60%-იანი სარგებლით, არამედ 2013 წლის 04 აპრილის 35 თვის ვადით 30%-იანი სარგებლით, რომელიც შეწყდა მოსარჩელის მიერ ვალდებულების სრულად შესრულების გამო.
მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, 2015 წლის 20 იანვარს მხარეთა შორის კვლავ დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, ე.წ. „გენერალური ხელშეკრულება“, რითაც განისაზღვრა საკრედიტო ხაზი 15000 აშშ დოლარის ოდენობიოთ, მაქსიმუმ 10 წლიანი ვადით, სარგებლის ოდენობა არაუმეტეს 60%-სა, ასევე პირგასამტეხლო 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე დადებული ნებისმიერი საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების უზრუნველყოფა მოხდა 2015 წლის 20 იანვრის N1---- (სანოტარო რეგისტრაციის ნომერი N1--------) იპოთეკის ხელშეკრულებით, რის შემდეგაც მხარეთა შორის რამდენიმე ხელშეკრულება იქნა დადებული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში. როგორც თავად მოსარჩელე მხარემ განაცხადა მის მიმართ გასესხებული იქნა თანხა არა 15000 აშშ დოლარი 10 წლის ვადით წლიური 60%-იანი სარგებლით, არამედ 2015 წლის 20 იანვარს გასესხებული იქნა 12480 აშშ დოლარი 35 თვის ვადით, წლიური 24%-იანი სარგებლით, რომელზეც მოსარჩელის მიერ არც ძირითადი თანხა, არც სარგებელი და არც პირგასამტეხლო არ გადახდილა და რომელიც არის სადავო თავად მოსარჩელე მხარის მიერ, ვინაიდან სწორედ ამ უკანასკნელ ხელშეკრულებაზე და არა სხვა რომელიმე ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი. მხარის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელის მიერ ოთხ სხვადასხვა სესხზე გადახდილი თანხა სურს ჩათვლილი იქნეს 2015 წლის 20 იანვრის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილ ვალდებულებაზე. სწორედ მხარეთა შორის არსებული ოთხი სხვადასხვა სესხის საფუძველზე ჯამურად გადახდილი 5554,76 აშშ დოლარი და არა 5555,16 აშშ დოლარი, როგორც სარჩელშია მითითებული, გადახდილი აქვს ჯამურად მოსარჩელეს მოპასუხის წინაშე. ამჟამად სადავო ხელშეკრულებით ანუ მხარეთა შორის არსებული ბოლო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველწლიური სარგებელი არის 18% და არა 60%. გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი 60% არის ზედა ზღვარი და მხარეთა შორის აღნიშნული ოდენობით არასდროს დადებული საკრედიტო ხელშეკრულება და არც პირობების შეცვლა მომხდარა სარგებლის აღნიშნული ოდენობით, რის გამოც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს (იხ. შესაგებელი და სხდომის ოქმი).
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით: მოსარჩელე ე-–---- მ--------ას (პირადი N3----------) სარჩელი მოპასუხე შ-- „მ----------------- ო---------–-ა რ---- ე-------ი“-ს მიმართ საპროცენტო განაკვეთის შემცირებისა და გადახდილი სარგებლის სესხის ძირ თანხაში ჩათვლის თაობაზე - არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე ე-–---- მ--------ას (პირადი N3----------) მიერ 2017 წლის 14 სექტემბერს სს „ს----------–--------–-“ N1-- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 222 (ორას ოცდაორი) ლარი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. მოსარჩელე ე-–---- მ--------ას (პირადი N3----------) მიერ 2017 წლის 14 სექტემბერს, სს „ს----------–--------–-“ N1-- საგადახდო დავალებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი - დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ც--------------ს მიერ 2015 წლის 19 აგვისტოს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულება;
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:
9.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ-- “მ----------------- ო---------–-ა რ---- ე-------სა“ და ე-–---- მ--------ას შორის რამდენიმე საკრედიტო ხელშეკრულება იქნა გაფორმებული. წარმოდგენილი მტკიცებულებების თანხმად, მხარეთა შორის დადებულია რამდენიმე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ო---------–-ის მიერ მოსარჩელზე სარგებლიანი სესხის სახით გაცემული იქნა თანხები.
მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელეს მათ წინაშე ყველა სესხიდან გამოდინარე ვალდებულება შესრულებული აქვს, გარდა 2015 წლის 20 იანვრის ხელშკრულებიდან გამომდინარე არსებული ვალდებულებისა, რომლის შეუსრულებლობის გამო მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. ნოტარიუსის მიერ სრულად დაკმაყოფილდა რა მიკროსაფინანო ო---------–-ის შუამდგომლობა, ამ უაკნასკნელის მიერ იძულებითი აღსრულების მოთხოვნით წარდგენილი იქნა სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო ბიუროში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ვალდებულება მხოლოდ სამ ხელშეკრულებაზე იქნა სრულად შესრულებული, ხოლო ამჟამად ვალდებულება შესასრულებელი აქვს 2015 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომლის აღსრულების პროცესიც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოებაში.
უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ გადახდილია 5554,76 აშშ დოლარი, თუმცა მითითებული თანხით გადახდილია ო---------–-ის წინაშე მანამდე არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამდინარე ვალდებულებები, უშუალოდ 2015 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები კი მოსარჩელეს შესრულებული არ აქვს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხა მხოლოდ სადავო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას შეეხება, შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ 2015 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შესასრულებელია, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები, რომ მის მიერ გადახდილი თანხები 2015 წლის 20 იანვრის სახელშეკრულებო ურთიერთობაზე უნდა აისახოს და შემცირდეს სესხის ძირი თანხა და სარგებელი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ წარმოდგენილა, შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ე-–---- მ--------ამ აპელანტის განმარტებით:
10.1. 2013 წლის 03 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ე-–---- მ--------ამ სესხის სახით მიიღო 9000 აშშ დოლარი, 10 წლის ვადით, ხოლო სარგებლის მაქსიმალური ოდენობა 60%. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ე-–---- მ--------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ.რ-------–-, საკადასტრო კოდით N0------------------. 2015 წლის 20 იანვარს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ სესხის სახით აიღო 15 000 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელშეკრულებები ითვალისწინებს მაღალ საპროცენტო განაკვეთს, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი წლიური 60%, თვეში 5%-ის დარიცხვას გულისხმობს, რაც დადგენილ სასამართლო პრაქტიკას არ შეესაბამება, ასევე ეწინააღმდეგება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობას. სარგებლის ოდენობა იყო ცვალებადი და მოპაუხე თავისი შეხედულებისამებრ ზრდიდა საპროცენტო განაკვეთს. მოპასუხეს მოსარჩელისათვის სარგებლის სახით გადახდილი აქვს 5555,16 აშშ დოლარი, რაც დასტურდება სარჩელზე თანდართული ამონაწერით და გადახდის ქვითრებით.
10.2. აპელანტის განმარტებით, სარგებლის სახით გადახდილი 5555,16 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 5000 აშშ დოლარამდე, ხოლო სარგებლის სახით გადახდილი 555,16 აშშ დოლარი ჩაითვალოს სესხის ძირ თანხაში, სესხის ძირი თანხა ნაცვლად 14775 აშშ დოლარისა განისაზღვროს 14775-555,16=14219,84 აშშ დოლარით, ასევე შემცირდეს სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული სარგებელი 443 აშშ დოლარი 350 აშშ დოლარამდე.
სამოტივაციო ნაწილი
11. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
8. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, რაც გამოიხატება სარგებლის სახით გადახდილი 5555,16 აშშ დოლარის 5000 აშშ დოლარამდე შემცირებაში და სარგებლის სახით გადახდილი 555,16 აშშ დოლარის სესხის ძირ თანხაში ჩათვლაში, შესაბამისად სესხის ძირი თანხის ნაცვლად 14775 აშშ დოლარისა განისაზღვროს 14219,84 აშშ დოლარით, ასევე შემცირდეს სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული სარგებელი 443 აშშ დოლარი 350 აშშ დოლარამდე.
9. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით პალატა, საქემეზე წარმოდგენილი საკრედიტო ხელშეკრულებები თანახმად დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
9.1. 2013 წლის 03 აპრილს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N5---, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი. ხელშეკრულების თანხად მიეთითა 9000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 10 წელი, ხოლო სარგებლის მაქსიმალური ოდენობა 60%. აღნიშნული იპოთეკით უზრუნველყოფილი იქნა მხარეთა შორის არსებული 2013 წლის 03 აპრილის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N5---. 2013 წლის 04 აპრილს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N5---, როგორც 2013 წლის 03 აპრილის N5--- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების დანართი, რითაც ე-–---- მ--------ას კრედიტის თანხად განესაზღვრა 9000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 35 თვე, წლიური სარგებლის ოდენობა - 30 %. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა.
9.2. 2014 წლის 04 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N5----01. ხელშეკრულების მიხედვით საკრედიტო თანხად მიეთითა 9000 აშშ დოლარი, კრედიტის ვადა - 35 თვე, წლიური სარგებელი 24%-ის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა.
9.3. 2015 წლის 20 იანვარს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N1----, 2015 წლის 20 იანვრის N1---- საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულების დანართი, რომლის მიხედვით ე-–---- მ--------ას კრედიტის თანხად განესაზღვრა 12480 აშშ დოლარი, 35 თვის ვადით 24%-იანი სარგებლის დარიცხვით. 2015 წლის 20 იანვრის იპოთეკის ხელშეკრულება N1----, რა დროსაც იპოთეკით დაიტვირთა ე-–---- მ--------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ.რ-------–-, საკადასტრო კოდით N0------------------. 2015 წლის 18 ივნისს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N1-----01, როგორც 2015 წლის 20 იანვრის N1---- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების დანართი, რომლის საფუძველზე ე-–---- მ--------აზე გაიცა კრედიტი 14775 აშშ დოლარის ოდენობით, 35 თვის ვადით, წლიური 18%-იანი სარგებლის დარიცხვით. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მოსარჩელის მიერ არ იქნა შესრულებული, რის გამოც 2015 წლის 19 აგვისტოს შ-- „----- რ---- ე-------ის“ წარმომადგენლის მიერ მოთხოვნის შესაბამისად ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი N1--------. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა - სესხის ძირითადი თანხა - 14775 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული სარგებელი 443,26 აშშ დოლარი, ჯარიმის თანხა - 2290,13 აშშ დოლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 125 აშშ დოლარი.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ მის მიერ გადახდილი 2013 წლის 03 აპრილის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების წლიური 30 % და 2014 წლის 04 თებერვალს საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების წლიური 24% იყო შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი, რაც უნდა შემცირდეს და უნდა გამოაკლდეს გამოაკლდეს მის მიერ შესასრულებელ 2015 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხის ძირ თანხას და სარგებელს, სააღსრულებო ფურცლის თანახმად სესხის ძირი თანხის უნდა შემცირდეს 14219,84 აშშ დოლარამდე, ხოლო სარგებელი 350 აშშ დოლარამდე. პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის მოთხოვნას პროცენტის შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიჩნევასთან დაკავშირებით მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აპელანტის მიერ ვალდებულება სრულად იქნა შესრულებული იმ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, რომელზედაც ითხოვს საპროცენტო სარგებლის შემცირებას.
პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლს, რომლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
მოცემულ შემთხვევაში 2013 წლის 04 აპრილს საკრედიტო ხელშეკრულება N5---, სესხის თანხა იყო 9000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 10 წელი, ხოლო სარგებლის მაქსიმალური ოდენობა - 30 %. 2014 წლის 04 თებერვალის საკრედიტო ხელშეკრულება N5----01 მიხედვით საკრედიტო თანხაა 9000 აშშ დოლარი, კრედიტის ვადა - 35 თვე, წლიური სარგებელი 24%-ის ოდენობით. 2015 წლის 20 იანვარს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N1----, მიხედვით ე-–---- მ--------ას კრედიტის თანხად განესაზღვრა 12480 აშშ დოლარი, 35 თვის ვადით 24%-იანი სარგებლის დარიცხვით. აპელატის განმარტებით ეს საპროცენტო განაკვეთები უნდა შემცირდე 18 მდე. პალატა განმარტავს რომ მხარეთა შორის დადებული ზემოაღნიშნული სააკრედიტო ხელშეკრულებიბის დებულებები, რომლითაც სესხისათვის სარგებელი განისაზღვრა, (30; 24 და 24 პროცენტი წლიური) არ არის შეუსაბამოდ მაღალი არ ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით არ არის უცილოდ ბათილი, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიწვევდა არა მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას, არამედ სარგებლის ნაწილში მის ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე. პალატა განმარტავს რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.
პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის №ას-663-629-2015 გადაწყვეტილებაში გაკეთებული განმარტებას, რომელიც შეეხებოდა ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული სესხის იმ პირობის სამართლიანობას, რომელიც სესხისათვის არაგონივრულ სარგებელს ითვალისწინებდა და ამით არღვევდა კრედიტორის ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს „სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა იკვეთებოდა და სარგებლის მიმღები მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა“. ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი შემცირდა წლიურ 48%-მდე. (ას-139-139-2018)
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
10. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე-–---- მ--------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი