განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.07.2018
საქმის ნომერი
330210016001526937
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
05.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001526937

საქმე №2ბბ/6473-17

განჩინება

საქართველოს სახელით

24 მაისი, 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი

მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

ხათუნა არევაძე

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

აპელანტი - სს „თ-----------“

წარმომადგენლები - ნ-----------------, თ--------------

მოწინააღმდეგე მხარეები - ნ-----------------–-, ზ-------------------–-

წარმომადგენელი - ს------------------–-

დავის საგანი - მესაკუთრედ ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

სს „თ-----------ს“ სარჩელი ნ-----------------–-სა და ზ-------------------–-ს მიმართ არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2014 წლის 24 ივნისს, სს „თ------------“ და ს---------------------- შორის, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 30 000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 13,5%-ით, კრედიტის ვადა - 2018 წლის 27 ივნისამდე. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2.2. 2014 წლის 1 სექტემბერს, გარდაიცვალა მსესხებელი - ს----------------------.

 

2.3. ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი გარდაცვლილი ს----------------------ს დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე.

 

2.4. ქ.თბილისში, ლ------------------------- მაცხოვრებლები არიან ს----------------------ს შვილები: ზ---------- ნ-----------------–---.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „თ-----------ს“ მიერ დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილი მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წარდგენის 6 თვიანი ვადა.

 

ზემოდასახელებული ნორმა ადგენს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვეში მემკვიდრისათვის მოთხოვნის წარდგენის ვალდებულებას იმ შემთხვევაში, თუ, როგორც სამკვიდროს გახსნის ფაქტი, ასევე მემკვიდრის ვინაობა ცნობილია კრედიტორისთვის. ხოლო, თუ მემკვიდრის ვინაობა ცნობილი არ არის, მაშინ მოთხოვნის წარდგენა უნდა მოხდეს მემკვიდრის ვინაობის გაგებიდან გონივრულ ვადაში. წარმოდგენილ სარჩელში მოსარჩელე განმარტავს, რომ 2014 წლის 27 აგვისტოს შემდეგ კრედიტის გადახდა აღარ განხორციელებულა.

 

მნიშვნელოვანია ამ გარემოების მიმართ მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება. სამოქალაქო-სამართალწარმოებაში დამკვიდრებული ზოგადი პრინციპის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის გარემოებები, რაზეც იგი ამყარებს მოთხოვნას და შესაგებელს. კრედიტორის მოთხოვნის საფუძვლიანობა ერთმნიშვენელოვნად დამოკიდებულია 6 თვიანი ვადის დაცვაზე. მიმართა თუ არა კრედიტორმა დადგენილ ვადაში მოვალის მემკვიდრეებს, მისი მტკიცების სფეროში შემავალი გარემოებაა. მართალია, აღნიშნული ნორმა არ ადგენს მიმართვის ფორმას, თუმცა, მისი სწორად შერჩევა კრედიტორის რისკის სფეროს წარმოადგენს და მან აღნიშნული რისკი გონივრულად და გულმოდგინედ შეფასების გზით მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს. სს „თ-----------“ არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ კანონით დადგენილ ვადაში ნ-----------------–-- და ზ-------------------–- მიმართა ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, მით უფრო, მაშინ როდესაც მისთვის ცნობილი იყო, როგორც ვალდებულების დარღვევის ფაქტი (2014 წლის 27 აგვისტო), ასევე მსესხებლის გარდაცვალებაც. აღნიშნულის განუხორციელებლობა კი, გამორიცხავს მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს მოპასუხეები ცნობილ იქნენ მამკვიდრებლის დანაშთი ქონების მესაკუთრეებად.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. მოცემულ შემთხვევაში, იმ ფაქტის მტკიცების ტვირთი, რომ კრედიტორისთვის რომ ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, ეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს. სამოქალაქო კოდექსის 1487-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ. ამ შემთხვევაში, მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, რომ კრედიტორს შეატყობინეს სამკვიდროს გახსნის შესახებ. ამასთან, სასამართლოს არ გამოუყენებია სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, გარდაცვლილ მსესხებელთან დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, მისი ვადა განსაზღვრულია 2018 წლის 27 ივნისამდე და გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიური გადახდებით, შესაბამისად, თითოეული გადასახდელის გადაუხდელობა ცალ-ცალკე განიხილება ვალდებულებით დარღვევად. შესაბამისად, ამ ვადის ათვლა არ უნდა მოხდეს მსესხებლის მიერ ბოლოს განხორციელებული გადახდიდან და მოთხოვნის ვადის დადგომად არ უნდა განვიხილოთ 2014 წლის 27 აგვისტო.

 

სასამართლოს მიერ გამოყენებული მუხლით ასევე დადგენილია რომ მოთხოვნა უნდა წარედგინოთ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. მოცემულ შემთხვევაში, სს "თ-----------" აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი და ითხოვს გარდაცვლილი მსესხებლის უფლებამონაცვლის დადგენას, ასევე, გარდაცვლილი მსესხებლის დანაშთი ქონების მესაკუთრეებად ცნობას. ანუ, მემკვიდრე (უფლებამონაცვლე) დადგენილი არ არის, გარდაცვლილის მემკვიდრეობა ოფიციალურად არავის მიუღია, აქედან გამომდინარე, კრედიტორის მოთხოვნა - გასესხებული თანხის უკან დაბრუნება, დაყენებული არ არის და ვერც იქნება, რადგან გაურკვეველია ვის მიმართ უნდა იქნას ეს მოთხოვნა დაყენებული და სარჩელის მიზანიც სწორედ ამ გაურკვევლობის აღმოფხვრა და მემკვიდრის დადგენაა, რომ შემდეგ კრედიტორმა დააყენოს თანხის დაბრუნების მოთხოვნა გარდაცვლილის მემკვიდრის მიმართ. სასამართლოს უნდა ემსჯელა არიან თუ არა ნ---- და ზ-------------------–--- ს----------------------ს უფლებამონაცვლეები, ხოლო ამ მოთხოვნაზე სამსჯელოდ სასამართლოს საპრეტენზიო ვადა საერთოდ არ უნდა გამოეყენებინა. თუ სასამართლო დაადგენს, რომ მოპასუხეები არ არიან გარდაცვლილის უფლებამონაცვლეები, შესაბამისად, კრედიტორი მათ მიმართ საერთოდ აღარ დააყენებს მის მოთხოვნას თანხის მათზე დაკისრებასთან დაკავშირებით და დაიწყებს სხვა პროცედურებს უფლებამონაცვლის დასადგენად - ქონების უმკვიდროდ ცნობისა და სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. სანამ სასამართლო არ დაადგენს თუ ვინ უნდა იყოს გარდაცვლილი ს----------------------ს უფლებამონაცვლე, კრედიტორი ფიზიკურად ვერ წაუყენებს მოთხოვნას მემკვიდრეს. სასამართლო თავის გადაწყვეტილებაშიც განმარტავს, რომ თუ მემკვიდრის ვინაობა ცნობილი არ არის, მაშინ მოთხოვნის წარდგენა უნდა მოხდეს მემკვიდრის ვინაობის გაგებიდან გონივრულ ვადაში. მემკვიდრის ვინაობა დღემდე არ არის ცნობილი, შესაბამისად, არც ამ გონივრული ვადის ათვლა დაწყებულა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. პალატა მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 28 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნად მიუთითა მესაკუთრედ ცნობა (იხ. სხდომის ოქმი 14:12:15 საათი). შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იმსჯელა წარმოდგენილი მოთხოვნის ფარგლებში (მესაკუთრედ ცნობა). ამიტომ, განსახილველი ფაქტობრივი სინამდვილის გათვალისწინებით, იმისათვის, რომ განხორციელდეს მოპასუხეების გარდაცვლილი მსესხებლის დანაშთ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა, კრედიტორის მიერ განხორციელებული ქმედებები უნდა შეესაბამებოდეს სკ-ის 1488-ე მუხლის კონსტრუქციას, კერძოდ:

 

სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად.

 

ზემოდასახელებული ნორმა ადგენს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვეში მემკვიდრისათვის მოთხოვნის წარდგენის ვალდებულებას იმ შემთხვევაში, თუ, როგორც სამკვიდროს გახსნის ფაქტი, ასევე მემკვიდრის ვინაობა ცნობილია კრედიტორისთვის. ხოლო, თუ მემკვიდრის ვინაობა ცნობილი არ არის, მაშინ მოთხოვნის წარდგენა უნდა მოხდეს მემკვიდრის ვინაობის გაგებიდან გონივრულ ვადაში.

 

კანონით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი) გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

კრედიტორი, რომელიც დაინტერესებულია მსესხებლის მიერ ვალდებულება ჯეროვნად იქნეს შესრულებული, ნაკლებ სავარაუდოა, რომ არ გამოიკვლევდა მიზეზს, თუ რატომ არ განხორციელდა ვალდებულების შესრულება 2014 წლის 27 აგვისტოს შემდგომ. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეები ბრუნვაში გონივრულად და წინდახედულად უნდა მონაწილეობდნენ. წინდახედულად ქცევის მასშტაბს უფრო ფართოს ხდის სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლით დადგენილი სუბიექტის (მეწარმე) ბრუნვაში მონაწილეობა, რომელმაც სამოქალაქო რისკი გულმოდგინედ და გონივრულად უნდა შეაფასოს და იგი ამ გზით მინიმუმადე დაიყვანოს. მეწარმის მიერ სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ მიმართული ქმედებისადმი კანონმდებლის მიერ შეფასების უფრო ფართო სტანდარტის დაწესება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ის კერძოსამართლებრივი ურთიერთობებისათვის დამახასიათებელ რისკებს, უკეთ აღიქვამს. ის ფაქტი, რომ სამოქალაქო ბრუნვაში მეწარმის მიერ განხორციელებული ქმედება გონივრული და კონსტრუქციული უნდა იყოს, წარმოადგენს პრეზუმფციას, რომელიც თავისი ბუნებით იურიდიული ფიქციაა და ამ ვარაუდს არ აუქმებს შემდგომში მეწარმე პირის მიერ გამოჩენილი წინდაუხედაობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, მასზედ, რომ კრედიტორის მოთხოვნის საფუძვლიანობა ერთმნიშვენელოვნად დამოკიდებულია 6 თვიანი ვადის დაცვაზე. მიმართა თუ არა კრედიტორმა დადგენილ ვადაში მოვალის მემკვიდრეებს, მისი მტკიცების სფეროში შემავალი გარემოებაა. სს „თ-----------“ არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ კანონით დადგენილ ვადაში ნ-----------------–-- და ზ-------------------–- მიმართა ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, მით უფრო, მაშინ როდესაც მისთვის ცნობილი იყო, როგორც ვალდებულების დარღვევის ფაქტი (2014 წლის 27 აგვისტო), ასევე მსესხებლის გარდაცვალებაც. აღნიშნულის განუხორციელებლობა კი, გამორიცხავს მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს მოპასუხეები ცნობილ იქნენ მამკვიდრებლის დანაშთი ქონების მესაკუთრეებად.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს „თ-----------“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი

 

მოსამართლეები ხათუნა არევაძე

 

თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი