განაჩენი

სისხლის სამართლის 02.07.2018
საქმის ნომერი
330100118002362520
ინსტანცია
თარიღი
02.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002362520

საქმე #1ბ/604-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 ივლისი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ლ-------------ის

ადვოკატის: ა----–-–---–---–ის

მსჯავრდებულის: რ-----------ის

თარჯიმნის: ი----------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №004260218016), რ-----------ის, დაბადებულის 1----–-–---------------–-- საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–------–-------–---–----------------------–-- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ-----------მა ჩაიდინა ოჯახში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;

 

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ-------–--–------–-------–---–----------------------–-- თავის საცხოვრებელ სახლში, რ-----------მა ურთიერთშელაპარაკებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილს, რ-----------------ვს, კერძოდ, თავდაპირველად ყელში მოუჭირა ხელები, შემდეგ კი თავში ჩაარტყა ჭიქა, რის შედეგადაც მიაყენა თხემის მიდამოს ნაკვეთ-ნახეთქი ჭრილობა, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე ნიშნით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენით:

 

რ-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

რ-----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 26 თებერვლიდან 2018 წლის 6 მარტის ჩათვლით პერიოდი;

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ----------------ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა რ-----------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით, კერძოდ, სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა რ-----------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი არ ჩაეთვალოს პირობით და აღნიშნული სასჯელი განესაზღვროს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. მსჯავრდებულ რ-----------ის დანაშაულებრივი ქმედების იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული დაზარალებულ რ-----------------ვის ჩვენებით, აგრეთვე, მხარეთა შეთანხმებით პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: ა-------–----------------------------------------------–------–-----–-------------–------------- გამოკითხვის ოქმებით, რ-----------ის აღიარებითი ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (თანდართული ფოტოცხრილით), ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, რ-----------------ვის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (თანდართული ფოტოცხრილით), ცნობით რ-----------------ვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ რ-----------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

 

პალატა არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, რეალურად შეცვლის შესახებ და აღნიშნავს, რომ კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს რ-----------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ. რ-----------მა როგორც გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, იგი არ არის ნასამართლევი. რაც შეეხება გამოძიებასთან თანამშრომლობას, პალატა მიიჩნევს, რომ რ-----------მა საგამოძიებო ორგანოში და სასამართლოში დროული გამოცხადებისა და საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან. აგრეთვე, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის მთელ რიგ შემამსუბუქებელი გარემოებებს, კერძოდ, რ-----------ი ასაკით არის 59 წლის, დღეის მდგომარეობით დაზარალებული შერიგებულია რ-----------თან და ამ უკანასკნელის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, რ-----------მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. გარდა ამისა, პალატა ყურადღებას მიაქცევს დანაშაულის ჩადენის მოტივს, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ რ-----------ი თავის შვილს, რ-----------------ვს უშლიდა ალკოჰოლური სასმელების მიღებას და ამ ნიადაგზე მოხდა მათ შორის კონფლიქტი, რასაც მოჰყვა ოჯახში ძალადობა. იმავდროულად, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული და პირობითად ჩათვლილი სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის თაობაზე. სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარე, აგრეთვე, გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული ლმობიერი სასჯელი არათუ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, არამედ ის წამახალისებელი იქნება თვითონ დამნაშავისთვის და სხვა პირთათვის. აღნიშნულ მოსაზრებას სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება. სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია, ზოგადად სასჯელი როგორ შეიძლება გახდეს წამახალისებელი სხვა დანაშაულის ჩასადენად.

 

სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოსაზრებას, რომ რ-----------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. რ-----------ის მიერ ჩადენილ, საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის (სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები) მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ-----------ს უნდა გაუმკაცრდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომა და დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, უნდა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფიზიკურ ძალადობას ოჯახში, გააჩნია განსაკუთრებულად მძიმე ხასიათი და ასევე განსაკუთრებულად უარყოფითად აისახება როგორც მსხვერპლის ფსიქიკურ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ისე შვილების ნორმალურ ფსიქიკურ განვითარებაზე. მოცემულ შემთხვევაში, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და დამდგარი შედეგის მხედველობაში მიღებით, მიზანშეწონილია რ-----------ისათვის მოვალეობის დაკისრება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის სახით, რომლის აღსრულებასაც უზრუნველყოფს პრობაციის ბიურო მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი დამატებით ვალდებულებასთან ერთად, რომელიც იქნება უკეთესი გარანტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის უზრუნველსაყოფად, შეძლებს დააფიქროს რ-----------ი, უკეთ გააცნობიეროს შვილის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენის კანონიერებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსსკ–ის 259–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. საქართველოს სსსკ–ის მე–200 მუხლის მე–10 ნაწილის შესაბამისად, გირაოს შემტანს გირაოს თანხა დაუბრუნდება საქმის განმხილველი სასამართლოს ან პროკურორის გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით. ვინაიდან აღნიშნული კუთხით არ არის მსჯელობა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში, პალატას მიაჩნია, რომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენში მსჯავრდებულ რ-----------ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ----------------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენში რ-----------ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;

 

რ-----------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით;

 

რ-----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 26 თებერვლიდან 2018 წლის 6 მარტის ჩათვლით პერიოდი;

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ რ-----------ს დაეკისროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა;

 

რ-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;

 

პირობით მსჯავრდებულ რ-----------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; მსჯავრდებულ რ-----------ს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

სახელურიანი ჭიქა, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

ელექტრონული დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, მისი შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე