განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017001940263
საქმე N3ბ/1259-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
5 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
წარმომადგენელი - ხ----- ფ-----–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ--- რ---–---–ი;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება;
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების სახით - 7 000 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თ--- რ---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე - თ--- რ---–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ანაზღაურება.
3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
3.2.1. 2008 წლის 15 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ--- რ---–---–ს შორის გაფორმდა №----- ხელშეკრულება (კონტრაქტი) „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულებას იღებდა წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად ემსახურა „სამინისტროს“ სამხედრო ქვედანაყოფებში, ხოლო, „სამინისტრო“ ვალდებულებას იღებდა გადაეხადა „სამხედრო მოსამსახურისათვის“ შეთანხმებული ხელფასი და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ვადად განისაზღვრა 4 (ოთხი) წელი, რომლის ვადის ათვლა დაიწყო კონტრაქტის დადების თარიღიდან, რომელიც იმავდროულად ითვლება ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღად. (ს.ფ. 11-17).
3.2.2. 2012 წლის 15 მაისს ერთის მხრივ - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მეორეს მხრივ - თ--- რ---–---–ს შორის გაფორმდა №----- კონტრაქტი „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, მოსამსახურე ვალდებულებას იღებდა წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად ემსახურა სამინისტროს სამხედრო სამსახურში, ხოლო სამინისტრო ვალდებულებას იღებდა გადაეხადა მოსამსახურისათვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, მოსამსახურე ვალდებული იყო ემსახურა ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. მოსამსახურე უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამდა გამოუთხოვად თანხმობას, კონტრაქტის ვადის გაგრძალების თაობაზე. 3.2. პუნქტით კი, კონტრაქტის მოქმედების და სამსახურის გავლის ვადა შეადგენდა 4 (ოთხ) წელს, რომელიც აითვლებოდა ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღიდან. (ს.ფ. 19-23).
3.2.3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 25 აპრილის M-- 6------------ წერილით თ--- რ---–---–ს, 2017 წლის 11 აპრილის №------ ერთჯერადი დახმარების გაცემის საკითხზე პატაკთან დაკავშირებით ეცნობა, რომ განმცხადებლის მიერ 2012 წელს გაფორმებული სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი არ ითვალისწინებდა დახმარების გაცემას. განმცხადებელს განემარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 476-ე პუნქტის მიხედვით, ამავე ბრძანების 472-ე პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემოდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. (ს.ფ. 24).
4.3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
4.3.1. სასამართლო მიუთითა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ--- რ---–---–ს შორის გაფორმდა №----- ხელშეკრულება (კონტრაქტი) „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 4 წლის ვადით, ხოლო 2012 წლის 15 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ--- რ---–---–ს შორის ისევ გაფორმდა №----- კონტრაქტი „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 4 წლის ვადით. შესაბამისად, აღნიშნული კონტრაქტის მოქმედების ვადა ამოიწურა 2016 წლის 15 მაისს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ თ--- რ---–---–ი უწყვეტად იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსთან მასთან გაფორმებული ორი კონტრაქტის საფუძველზე, კერძოდ, 2008 წლის 15 აგვისტოდან 4 წლიანი ვადით და აღნიშნული ვადის გასვლამდე 2012 წლის 15 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით 4 წლიანი ვადით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მასზე გაცემული უნდა ყოფილიყო ერთჯერადი დახმარება 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე - თ--- რ---–---–ს, 2016 წლის 15 მაისს წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471-ე და 472-ე პუნქტების საფუძველზე.
5. სააპელაციო მოთხოვნა:
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
6.1. აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ ერთჯერადი გასაცემლისათვის სავალდებულოა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ახალი კონტრქტი ითვალისწინებდეს თავდაცვის სამინისტროს ამგვარი დახმარების გაცემის ვალდებულებას.
წარმომადგენლის განმარტებით, თ--- რ----–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2012 წლის 15 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა სამხედრო სამსახურისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. აღნიშნული გარემოებებიდან გამომოდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოდ დაკმაყოფილდა თ--- რ---–---–ის სასარჩელო მოთხოვნა
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
სააპელაციო პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მითითებას „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება - მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ -სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
მითითებული კანონის პირველი მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.
ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეს ცხოვრების შესაფერისი პირობებით, სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით. ყველა სამხედრო მოსამსახურე, დაკავებული თანამდებობისა და სამხედრო წოდების მიუხედავად, თანასწორია კანონის წინაშე. სამხედრო მოსამსახურეთა უფლებრივ განსხვავებას, სამხედრო სამსახურის გავლის პირობებსა და მატერიალური უზრუნველყოფის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.
7.2. პალატა ყურადღებას ამახვილებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების (სადავო პერიოდში მოქმედი ბრძანება) 471-ე პუნქტზე რომლის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472-ე პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე: ა) სამხედრო მოსამსახურემ: ა.ა) იმსახურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამით და ამავე დროს კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა სამი წლისა და სამი თვის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.ბ) კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.გ) წინა კონტრაქტი შეუწყდა 8 წლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე; ა.დ) ამ პუნქტის „ა.ა” ან „ა.ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ბ) მე-4 პუნქტში მითითებულმა სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა მე-4 პუნქტში მითითებული 2, 4 ან 8-წლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ; გ) სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა ერთწლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ.
მითითებული ბრძანების 472-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 471-ე პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება მიეცემა ოთხ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7 000 ლარი.
განსახილველ შემთხვევაში პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ--- რ---–---–ს შორის გაფორმდა №----- ხელშეკრულება (კონტრაქტი) „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 4 წლის ვადით, ხოლო 2012 წლის 15 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ--- რ---–---–ს შორის ისევ გაფორმდა №----- კონტრაქტი „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 4 წლის ვადით. შესაბამისად, აღნიშნული კონტრაქტის მოქმედების ვადა ამოიწურა 2016 წლის 15 მაისს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მოსარჩელე - თ--- რ---–---–ს, 2016 წლის 15 მაისს წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471-ე და 472-ე პუნქტების საფუძველზე.
7.3. პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში და ბრძანებას დაემატა 476-ე პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ 472-ე პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას“. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანება ამოქმედდა 2017 წლის 10 მარტიდან.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, მოცემულ შემთხვევაში ვალდებულებაზე.
პალატა მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
პალატა მიუთითებს შემდეგს: „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით, რომელიც წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, უკუძალა დადგენილი არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თ--- რ---–---–ს უარი უნდა ეთქვას ერთჯერადი დახმარების სახით 7 000 ლარის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ მხარეებს შორის 2012 წლის 15 მაისს გაფორმებული №----- კონტრაქტი აღნიშნულს არ ითვალისწინებდა.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ თ--- რ---–---–ი უწყვეტად იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსთან მასთან გაფორმებული ორი კონტრაქტის საფუძველზე, კერძოდ, 2008 წლის 15 აგვისტოდან 4 წლიანი ვადით და აღნიშნული ვადის გასვლამდე 2012 წლის 15 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით 4 წლიანი ვადით. მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შესაბამისად მართებულად გაიცა მასზე ერთჯერადი დახმარება 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.
7.4. პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს უარი, პირისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარების გაცემის თაობაზე, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის ინტერესს და შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ერთჯერადი დახმარების გაცემა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
8. პროცესის ხარჯები:
8.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -