განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/2040-17
საქმე №330310016001449570
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი: ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ე---------------------–---
წარმომადგენელი - ს---------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ბ----------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
წარმომადგენლი - გ----------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება
1.1 აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ე---------------------–--ის სარჩელი, მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. 2014 წლის 28 ნოემბერს ე---------------------–---მ სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს №--------- განცხადებით მიმართა მის საკუთრებაში არსებულ, №---------------- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ, თბილისში, ს------–---------–- მდებარე მიწის ნაკვეთზე I კლასს მიკუთვნებული მშენებლობის განხორციელებაზე წერილობითი დასტურის გაცემის მოთხოვნით.
2.2. ე---------------------–--ის №--------- განცხადება ზონალურმა საბჭომ 2014 წლის 11 ნოემბრის №1------ გადაწყვეტილებით დადებითად შეაფასა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 19 დეკემბრის №2--- ბრძანებით კი ამ განცხადებით მითითებულ მშენებლობაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გაიცა.
2.3. ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე (სხდომის ოქმი №4-) ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის შესასვლელში არსებული კვანძის, ცენტრალური მაგისტრალისა და მისი სამხრეთით განთავსებული ტერიტორიის პერსპექტიული განვითარების (ჩარჩო-გეგმა) განაშენიანების რეგულირების და სავალდებულო ხაზების სისტემური კორექტირების საკითხი დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც, სტანდარტული კვარტლებისათვის საზოგადოებრივი საზღვრებიდან (გზების მხარეს) - 10 მეტრის დაშორებით განაშენიანების (ლურჯი) ხაზი, ხოლო საზოგადოებრივი საზღვრის (გზის) სანაპირო სამეზობლო საზღვრებიდან 10 მეტრის დაშორებით განაშენიანების რეგულირების (წითელი) ხაზი იქნა გათვალისწინებული.
2.4. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 26 იანვრის №1------ გადაწყვეტილებით ე---------------------–--ის 2014 წლის 28 ნოემბრის №--------- განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით სამშენებლო სამუშაოების განხორციელება არ იქნა მიჩნეული შესაძლებლად. განმცხადებელს განემარტა, რომ საპროექტო შენობა უნდა განთავსებულიყო ახალი რეგულირების ხაზების გათვალისწინებით.
2.5. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 26 იანვრის №1------ გადაწყვეტილება ე---------------------–---მ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გაასაჩივრა.
2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ე---------------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 26 იანვრის №1------ გადაწყვეტილება. სასამართლოს განმარტებით, საერთო წესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმის მოქმედების ძალა შემოიფარგლება მისი გამოქვეყნებისა და გაუქმების პერიოდით და წარმოშობილი ურთიერთობის მოწესრიგებისათვის გამოიყენება ის სამართლებრივი ნორმა, რომლის მოქმედების პერიოდშიც ამ ურთიერთობას აქვს ადგილი. შესაბამისად, იმ ფაქტების მიმართ ახალი რეგულაციის გავრცელება, რომელიც არსებობდა ნორმის გამოცემამდე და რომელსაც, შესაძლებელია, გაეუარესებინა პირის მდგომარეობა, დაუშვებლად იქნა მიჩნეული. ამდენად, სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი ახალი რეგულაციების ე---------------------–--ის განცხადებაზე გავრცელება არამართებულად ჩათვალა, რამეთუ ე---------------------–---მ უფლების რეალიზაცია მოახდინა 2014 წლის 25 დეკემბრამდე, ვიდრე ახალი რეგულაცია დადგინდებოდა.
2.7. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 ნოემბრის N5-- ბრძანებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ვადად 2 თვე განისაზღვრა და ე---------------------–---ს წარდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით დადგენილი წესით ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენა დაევალა.
2.8. ე---------------------–--ის მიერ სამსახურში წარდგენილი დამატებითი დოკუმენტაციის საფუძველზე გამოირკვა, რომ საპროექტო შენობა-ნაგებობა უკვე აშენებული იყო.
2.9. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 ნოემბრის N2------ გადაწყვეტილებით ე---------------------–---ს განემარტა, რომ უკვე აშენებულ შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებით ნებართვის გაცემაზე არქიტექტურის სამსახური უფლებამოსილი იყო მხოლოდ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე წარმოების ჩატარების, დამრღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის, ან უკანონო ნაგებობის დემონტაჟის შემდეგ.
2.10. 2015 წლის 3 დეკემბერს ე---------------------–---მ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა, რომლითაც სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 ნოემბრის N5-- ბრძანებისა და 2015 წლის 20 ნოემბრის N2------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. საჩივრის მიხედვით, 2015 წლის 17 ნოემბრის ბრძანებით ე---------------------–---ს უსაფუძვლოდ დაევალა ახალი დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენა, ვინაიდან არქიტექტურის სამსახური ვალდებული იყო, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხზე იმ მდგომარეობით ემსჯელა, რაც ამ გადაწყვეტილებით გაბათილებული აქტის გამოცემისას არსებობდა.
2.11. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 29 ივნისის N1----- ბრძანებით ე---------------------–--ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.12. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის დეფინიციის მიხედვით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 ნოემბრის N5-- ბრძანება, ამავე სამსახურის 2015 წლის 20 ნოემბრის N2------ გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 29 ივნისის N1----- ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, რომლებიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგებიან კანონს ან არსებითად დარღვეულია მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შინაარსიდან გამომდინარე, მათი კანონიერების საკითხის გადაწყვეტისათვის უნდა დადგინდეს პირველ კლასს მიკუთვნებული მშენებლობის განხორციელების დადასტურების შესახებ ე---------------------–--ის განცხადების განხილვისას სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს გააჩნდა თუ არა განმცხადებლისათვის არსებული მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციისა და მტკიცებულებების, ხოლო შემდგომ - უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით დამატებით დოკუმენტების წარდგენის დავალდებულების საფუძველი.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვას, დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენას, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის გაცემას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-104 დადგენილებით დამტკიცებული წესდების (დებულების) 1-ლი და მე-3 მუხლები). საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება არეგულირებს.
დასახელებული დადგენილების მიხედვით, პირველ კლასს მიკუთვნებული მშენებლობის - 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობის ასაშენებლად მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს და განცხადებაში ასახოს ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ („მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 66-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები). მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას. ამ მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა (საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტები).
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული უნებართვო ან/და სამშენებლო დოკუმენტის დარღვევით წარმოებული მშენებლობის დროს ნებართვის მაძიებელი ვალდებულია მშენებლობის ნებართვის ან ახალი ნებართვის მისაღებად სამშენებლო დოკუმენტის პროექტში გაითვალისწინოს წარმოებული სამშენებლო სამუშაოები (მშენებლობის ორგანიზების პროექტი, მშენებლობის დასრულების ეტაპები და ა.შ.) და მოიპოვოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნა უნებართვოდ ან/და სამშენებლო დოკუმენტის დარღვევით წარმოებული მშენებლობის შესახებ. მშენებლობის ახალი ნებართვა გაიცემა უკვე წარმოებული მშენებლობის გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ე---------------------–--ის მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვისას სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა მართლზომიერად გამოიკვლია საკითხის გადაწყვეტის დროს არსებული ფაქტები, ამ ფაქტების გამოკვლევით გამოვლენილმა გარემოებამ - დასადასტურებელი მშენებლობის დადასტურებამდე წარმოებამ კი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის საჭიროება დააყენა, რაც მოსარჩელეს არ შეუსრულებია. სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 ნოემბრის N5-- ბრძანება და ამავე სამსახურის 2015 წლის 20 ნოემბრის N2------ გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და ვერც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ გამოტანილად ჩაითვლება. შესაბამისად, მითითებულ აქტებზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარიც მართლზომიერად იქნა უარყოფილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 29 ივნისის N1----- ბრძანებით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ე---------------------–--ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებაზე და თვლის, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქტიტექტურის სამსახურის მიერ მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისას უკანონოდ მოეთხოვა დამატებითი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარდგენა. აპელანტის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად, უნდა ემსჯელა სწორედ იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი აქტის გამოცემისას იყო განმცხადებლის მიერ წარდგენილი. ამასთანავე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით უდავოდ დადგინდა, რომ ე---------------------–--ის მიერ შენობა-ნაგებობის აშენება შესაბამისი კომისიის დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
4.1. სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე---------------------–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
4.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს ამავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
4.6. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრების ფარგლებში აფასებს რა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას არ იზიარებს.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.7. დადგენილია, რომ ე---------------------–---მ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში 2014 წლის 28 ნოემბერს წარადგინა №--------- განცხადება საკუთრებაში არსებულ, თბილისში, ს------–---------–- მდებარე მიწის ნაკვეთზე I კლასს მიკუთვნებული მშენებლობის განხორციელებაზე წერილობითი დასტურის გაცემის თაობაზე.
ზონალურის საბჭოს 2014 წლის 11 დეკემბრის №1------ გადაწყვეტილებით I კლასს მიკუთვნებულ მშენებლობას, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თბილისში, ს------–---------–-, დიდ დიღომში მდებარე მიწის ნაკვეთზე 60 კვ.მ-მდე ფართობის 5 მ-მდე სიმაღლის და 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობის განთავსებას, მიეცა დადებითი შეფასება.
4.8. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა №--------- განცხადებასთან დაკავშირებით ზონალურის საბჭოს დადებითი შეფასება ე---------------------–---ს აცნობა 2014 წლის 16 დეკემბერს, სატელეფონო შეტყობინების საშუალებით.
4.9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 19 დეკემბრის №2--- ბრძანებით ქ. თბილისში, სოფელი დიღომში, დიდ დიღომში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №----------------) I კლასის შენობა-ნაგებობის განთავსების მიზნით გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება. ამავე ბრძანებით სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
4.10. ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე (სხდომის ოქმი №4-) დამტკიცდა ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის შესასვლელში არსებული კვანძის, ცენტრალური მაგისტრალისა და მისი სამხრეთით განთავსებული ტერიტორიის პრესპექტიული განვითარების (ჩარჩო-გეგმა) განაშენიანების რეგულირების და სავალდებულო ხაზების სისტემური კორექტირების საკითხი, რომლის მიხედვითაც, სტანდარტული კვარატლებისათვის საზოგადოებრივი საზღვრებიდან (გზების მხარეს) 10 მეტრის დაშორებით გათვალისწინებულია განაშენიანების (ლურჯი) ხაზი, ხოლო საზოგადოებრივი საზღვრის (გზის) სანაპირო სამეზობლო საზღვრებიდან - 10 მეტრის დაშორებით განაშენიანების რეგულირების (წითელი) ხაზი.
4.11. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2015 წლის 26 იანვრის №1------ გადაწყვეტილებით შესაძლებლად არ მიიჩნია სამშენებლო სამუშაოების განხორციელება ე---------------------–--ის 2014 წლის 28 ნოემბრის №--------- განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით. განმცხადებელს განემარტა, რომ საპროექტო შენობა უნდა განთავსდეს ახალი რეგულირების ხაზების გათვალისწინებით (განაშენიანების სავალდებულო ლურჯ და განაშენიანების რეგულირების 10-10 მეტრიან ხაზებს შორის), რისთვისაც უნდა ეხელმძღვანელა სამსახურის მიერ გადაგზავნილი დანართით.
4.12. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 26 იანვრის №1------ გადაწყვეტილება ე---------------------–---მ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გაასაჩივრა.
წარდგენილ სარჩელში ე---------------------–--- აღნიშნავდა, რომ ზონალური საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე განახორციელა შეთანხმებული I კლასის მშენებლობა, რაც უკვე წარმოადგენს დასრულებული სახის ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს. მტკიცებულებად მოსარჩელე მიუთითებს ფოტომასალაზე. (სარჩელში დავის ფაქტობრივი გარემოებების მე-6 პუნქტი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე N3/1168-15) ე---------------------–--ის სარჩელი, მოპასუხე სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 26 იანვრის №1------ გადაწყვეტილება.
სასამართლომ მხარეთა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის მიერ ახალი რეგულაციის ხაზების დადგენა მოხდა მას შემდეგ, რაც ქ. თბილისში, სოფელი დიღომში, დიდ დიღომში არსებულ მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი: №----------------) მიმართებაში მიღებული იყო კომისიის დადებითი გადაწყვეტილება. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეს დაავალა ახალი რეგულაციების გათვალისწინებით შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა. სასამართლომ განმარტა, რომ „საერთო წესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმის მოქმედების ძალა შემოიფარგლება მისი გამოქვეყნებისა და გაუქმების პერიოდით. ამდენად, წარმოშობილი ურთიერთობის მოწესრიგებისათვის გამოიყენება ის სამართლებრივი ნორმა, რომლის მოქმედების პერიოდშიც ფაქტებს აქვს ადგილი. ამდენად, იმ ფაქტების მიმართ ახალი რეგულაციის გავრცელება, რომელიც არსებობდა ნორმის გამოცემამდე და რომელმაც შესაძლოა გააუარესოს პირის მდგომარეობა დაუშვებელია. შესაბამისად, სასამართლო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი ახალი რეგულაციების გავრცელებას მოცემულ შემთხვევაში მართებულად ვერ მიიჩნევს, რამეთუ მოსარჩელემ უფლების რეალიზაცია მოახდინა 2014 წლის 25 დეკემბრამდე, კერძოდ წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის პერიოდისათვის დადგენილი რეგულაციით.“
სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ ქ. თბილისში, ს------–---------–- მდებარე არჩილ გვიმრაძის საკუთრებაში არსებულ 1100 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2)-ში და მასზე დასმული განაშენიანების რეგულირების ხაზები შეადგენს 3.0 მეტრს და 10.0 მეტრს, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტეტურის სამსახურის 2015 წლის 08 აპრილის №1------ ბრძანებით გაიცა თანხმობა II კლასს მიკუთვნებული ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის განხორციელებაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ე---------------------–---სთან მიმართებაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია თანასწორობის პრინციპი, ვინაიდან ორივე პირის საქმის გარემოებების იდენტურობისას მოსარჩელის მიმართ ადგილი აქვს განსხვავებულ მოპყრობას, რითაც დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მოთხოვნა, რომელიც ადგენს იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანასწორად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე N3/1168-15) შესულია კანონიერ ძალაში.
4.13. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 ნოემბრის N5-- ბრძანებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით დაწყებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ვადად 2 თვე განისაზღვრა და ე---------------------–---ს დაევალა დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენა ელექტრონული ფორმით.
4.14. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 ნოემბრის N2------ გადაწყვეტილებით ე---------------------–---ს, I კლასის 60 კვ.მ.-მდე ფართობის 5 მ.-მდე სიმაღლისა და 2 მ.-მდე ჩაღრმავების მქონე შენობის ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, განემარტა, რომ წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, საპროექტო შენობა-ნაგებობა უკვე აშენებულია, შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშნებელობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის წარდგენის შემდეგ ან ობიექტი უნდა იყოს დემონტირებული, რომლის შემდგომ წარსადგენი იქნება განახლებული ფოტოსურათები და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მითითება განხორციელებული დემონტაჟის თაობაზე. განმცხადებელს განემარტა, რომ სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზის 30 დღეში გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩებოდა განუხილველი.
4.15. ე---------------------–---მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 ნოემბრის N5-- ბრძანებისა და 2015 წლის 20 ნოემბრის N2------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 29 ივნისის N1----- ბრძანებით ე---------------------–--ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სამართლებრივი დასაბუთება
4.16. საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე---------------------–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე---------------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდება.
4.17. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს გასაჩივრებული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 29 ივნისის N1----- ბრძანების, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 ნოემბრის N5-- ბრძანებისა და ამავე სამსახურის 2015 წლის 20 ნოემბრის N2------ გადაწყვეტილების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. აღნიშნულზე არის დამოკიდებული სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის ე---------------------–--ის მიმართ ახალი აქტის გამოცემის დავალების შესახებ მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხიც. აღსანიშნავია, რომ დავის საგანს წარმოადგენს ე---------------------–--ის მოთხოვნის კანონიერება მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე პირველ კლასს მიკუთვნებული მშენებლობის განხორციელებაზე დასტურის გაცემის თაობაზე.
4.18. საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს არეგულირებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება.
დასახელებული დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა.
ამავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. მითითებული მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო მე-8 პუნქტის მიხედვით, თუ ხუთი დღის ვადაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო განმცხადებელს პასუხს არ აცნობებს, მესაკუთრე ან/და მოსარგებლე უფლებამოსილია დაიწყოს მშენებლობა. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
4.19. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული უნებართვო ან/და სამშენებლო დოკუმენტის დარღვევით წარმოებული მშენებლობის დროს ნებართვის მაძიებელი ვალდებულია მშენებლობის ნებართვის ან ახალი ნებართვის მისაღებად სამშენებლო დოკუმენტის პროექტში გაითვალისწინოს წარმოებული სამშენებლო სამუშაოები (მშენებლობის ორგანიზების პროექტი, მშენებლობის დასრულების ეტაპები და ა.შ.) და მოიპოვოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნა უნებართვოდ ან/და სამშენებლო დოკუმენტის დარღვევით წარმოებული მშენებლობის შესახებ. მშენებლობის ახალი ნებართვა გაიცემა უკვე წარმოებული მშენებლობის გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა უნდა განხორციელდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, რომლის მოპოვების პროცედურები დეტალურად არის გათვალისწინებული კანონმდებლობით.
4.20. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. ამდენად, მათი კანონიერების შემოწმებისას შესწავლილ უნდა იქნას სადავო აქტების შესაბამისობა სასამართლოს გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებთანაც.
კერძოდ, დადგენილია, რომ ე---------------------–---მ 2014 წლის 28 ნოემბრის NAR1269076 განცხადებით მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ, თბილისში, ს------–---------–- მდებარე მიწის ნაკვეთზე I კლასს მიკუთვნებული მშენებლობის განხორციელებაზე წერილობითი დასტურის გაცემა. ზონალურის საბჭოს 2014 წლის 11 დეკემბრის №1------ გადაწყვეტილებით I კლასს მიკუთვნებულ, აღნიშნულ მშენებლობას მიეცა დადებითი შეფასება, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 19 დეკემბრის №2--- ბრძანებით შენობა-ნაგებობის განთავსების მიზნით გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება.
ასევე, დადგენილია, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2015 წლის 26 იანვრის №1------ გადაწყვეტილებით შესაძლებლად არ მიიჩნია სამშენებლო სამუშაოების განხორციელება ე---------------------–--ის 2014 წლის 28 ნოემბრის №--------- განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, რაც განპირობებულ იქნა ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე (სხდომის ოქმი №4-) ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის შესასვლელში არსებული კვანძის, ცენტრალური მაგისტრალისა და მისი სამხრეთით განთავსებული ტერიტორიის პრესპექტიული განვითარების (ჩარჩო-გეგმა) განაშენიანების რეგულირების და სავალდებულო ხაზების სისტემური კორექტირების საკითხის განსხვავებულად რეგულირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე N3/1168-15) ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 26 იანვრის №1------ გადაწყვეტილება.
4.21. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
4.22. პალატა ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 27 სექტემბრის განჩინებაზე საქმეზე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“ (განაცხადი № 28537/02), სადაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ „სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა თუ მაღალი ხელშემკვრელი მხარის ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს (სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece, judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40).“
4.23. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. გადაწყვეტილების აღსრულება კი გამოიხატება გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებასა და შესრულებაში. კონკრეტულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე N3/1168-15) სრულად დაკმაყოფილდა ე---------------------–--ის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 26 იანვრის №1------ გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლოს არ დაუვალებია ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის დამატებით შესწავლა, გამოკვლევა, სარჩელი არ დაკმაყოფილებულა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლომ ცალსახად დაადგინა თბილისის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 26 იანვრის №1------ გადაწყვეტილების უკანონობა. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ წარდგენილ სარჩელში ე---------------------–--- აღნიშნავდა, რომ ზონალური საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე განახორციელა შეთანხმებული I კლასის მშენებლობა, რაც უკვე წარმოადგენს დასრულებული სახის ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს.
4.24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეესაბამება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომლის აღსასრულებლადაც იქნა ისინი გამოცემული. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების გამოცემისას შესწავლილ იქნა რა ე---------------------–--ისთვის მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე პირველ კლასს მიკუთვნებული მშენებლობის განხორციელებაზე დასტურის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება, სასამართლომ მიიჩნია, რომ უკანონო იყო განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, სასამართლოს არ მიუჩნევია, რომ წარდგენილი განცხადება იყო ხარვეზიანი, საჭიროებდა დამატებით გამოკვლევასა და შესწავლას. უფრო მეტიც, სარჩელის წარდგენისას უკვე დასრულებული იყო მშენებლობა, რასაც მოსარჩელე წარდგენილ სარჩელივე აღიარებდა. ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 29 ივნისის N1----- ბრძანების, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 ნოემბრის N5-- ბრძანებისა და ამავე სამსახურის 2015 წლის 20 ნოემბრის N2------ გადაწყვეტილების გამოცემის საფუძველი გახდა ე---------------------–--ისათვის ისეთი დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის დავალდებულება, რომელთა წარდგენაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ წარმოშობილი გარემოებებით არ ყოფილა განპირობებული და რომელთა წარდგენის საჭიროებაც საკითხის განხილვისას სასამართლოს არ დაუდგენია, როდესაც მიიჩნია, რომ მშენებლობის განხორციელების დადასტურებაზე უარის თქმა იყო უკანონო. ამდენად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეფუძნება რა ისეთ გარემოებებს, რომლებიც წინა სასამართლოს განხილვის დროსაც არსებობდა, თუმცა სასამართლოს ე---------------------–--ის სარჩელის სრულად დააკმაყოფილის ხელშემშლელ ფაქტებად ეს გარემოებები არ მიუჩნევია, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით არ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების შესრულების გვერდის ავლა.
4.25. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
4.26. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე---------------------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, ბათილად უნდა იქნას ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 29 ივნისის N1----- ბრძანება, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 ნოემბრის N5-- ბრძანება და ამავე სამსახურის 2015 წლის 20 ნოემბრის N2------ გადაწყვეტილება და დაევალოს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ე---------------------–--ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება ე---------------------–--ის მოთხოვნა მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე პირველ კლასს მიკუთვნებული მშენებლობის განხორციელებაზე დასტურის გაცემის თაობაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რომ ე---------------------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ე---------------------–--ის სასარგებლოდ თანაბარწილად უნდა დაეკისროთ სააპელაციო საჩივარსა და სარჩელზე გადახდილი ბაჟის - სულ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ე---------------------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ე---------------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 29 ივნისის N1----- ბრძანება, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 ნოემბრის N5-- ბრძანება და ამავე სამსახურის 2015 წლის 20 ნოემბრის N2------ გადაწყვეტილება და დაევალოს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ე---------------------–--ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება ე---------------------–--ის მოთხოვნა მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე პირველ კლასს მიკუთვნებული მშენებლობის განხორციელებაზე დასტურის გაცემის თაობაზე;
5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ე---------------------–--ის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისროთ სააპელაციო საჩივარსა და სარჩელზე გადახდილი ბაჟის - სულ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე