განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/2925-17
საქმე №330310016001650465
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი: ლიანა გელაშვილი
აპელანტები (მოსარჩელეები) - დ--------------–---–ი, ა-----–------------ი, მ--–--------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს პარლამენტი
წარმომადგენელი - ბ--------------–----
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - თ----------–-----
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1.1 აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ--------------–---–ის, ა-----–------------ისა და მ--–--------–-–---–ის სარჩელი, მოპასუხე საქართველოს პარლამენტის მიმართ, მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ქმედების განხორციელების დავალების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. დ--------------–---–ი, ა-----–------------ი, მ--–--------–-–---–ი წარმოადგენდნენ 1990-1992 წწ. მოწვევის საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრებს, რომლებიც არჩეული იყვნენ 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2015 წლის 04 მარტის №-------- ცნობის მიხედვით, დ--------------–---–ი 1990-1992 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2015 წლის 04 მარტის №-------- ცნობის მიხედვით, ა-----–------------ი 1990-1992 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2015 წლის 04 მარტის №-------- ცნობის მიხედვით, მ--–--------–-–---–ი 1990-1992 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი.
2.2. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 19 ნოემბრის დადგენილებით განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრების შრომის ანაზღაურების პირობები. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეებისა და სესიის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილეებს ხელფასი განესაზღვრათ 1700 მანეთი, მუდმივი კომისიების მდივნებს 1600 მანეთი, ქვეკომისიათა თავმჯდომარეებს 1500 მანეთი. უზენაესი საბჭოს წევრებს, რომლებიც წყვეტდნენ საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას და იყვნენ მუდმივი კომისიის წევრები ხელფასი განესაზღვრათ 1400 მანეთით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015 წლის 22 ივლისის №7-2138 ცნობით დადგენილია, რომ მანეთის, კუპონისა და ლარის ინფლაციის გათვალისწინებით, 2015 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, 1991 წლის ნოემბრის 1400 მანეთი შეადგენს 877,32 ლარს; 1991 წლის ნოემბრის 1600 მანეთი შეადგენს 1002,65 ლარს; 1991 წლის 1700 მანეთი შეადგენს 1065,32 ლარს.
2.3. დადგენილია, რომ 1992 წლის 2 იანვარს სამხედრო საბჭოს მიერ შეჩერებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის იმ დროს მოქმედი კონსტიტუციის და მასთან ერთად საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა უფლებამოსილება.
„1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილების თანახმად, 1991 წელს საქართველოში დაიწყო დაპირისპირება, რასაც მოჰყვა კანონიერი ხელისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფლიქტი. იმავე დადგენილებით, საქართველოს პარლამენტის მიერ დაგმობილ იქნა სახელმწიფოში პოლიტიკური პრობლემების ძალადობის გზით გადაჭრა და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის ყოველგვარი მცდელობა.
„1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილებით საქართველოს პარლამენტმა დაადასტურა 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს ლეგიტიმურობა სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. იმავე დადგენილებით დაიგმო 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.
2.4. საქართველოს პარლამენტის აპარატის 2006 წლის 1 თებერვლის №------ წერილით დ--------------–---–ს ეცნობა, რომ საქართველოს პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტის მონაცემებით პარლამენტის აპარატს უზენაესი საბჭოდან არცერთი სახის დავალიანება არ გადასცემია, შესაბამისად, საკითხი უნდა გადაეწყვიტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
2.5. დ--------------–---–მა, ა-----–------------მა და მ--–--------–-–---–მა 2015 წლის 9 მარტს სარჩელით მომართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ--------------–---–ის, ა-----–------------ისა და მ--–--------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული მათ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განჩინებით დ--------------–---–ის, ა-----–------------ის და მ--–--------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლოს საკითხის ხელახლა განხილვისას უნდა ემსჯელა ექვემდებარებოდა თუ არა დაკმაყოფილებას მოთხოვნა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში, 1991 წლის დეკემბრის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების შესახებ, ხოლო აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემდეგ უნდა გამოეკვლია და დაედგინა მოსარჩელეებს მიღებული ჰქონდათ თუ არა 1991 წლის დეკემბრის ხელფასი. რაც შეეხება მოთხოვნას სადეპუტატო უფლებამოსილების დარჩენილი ვადის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი სადავო პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების უფლებას უკავშირებდა დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და ამ შეწყვეტის უკანონობის სათანადო ორგანოების მიერ დადასტურების ფაქტს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. მოსარჩელეები თანამდებობიდან დათხოვნილ იქნენ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად, რაც შემდგომში დაგმობილ იქნა სახელმწიფოს მიერ. ამდენად, სახეზე იყო კლასიკური შრომითი ურთიერთობებისაგან განსხვავებული შემთხვევა, რის გამოც კანონმდებელმა მოახდინა რა ლეგიტიმური ხელისუფლების ორგანოს დათხოვნის ფაქტის სამართლებრივი შეფასება და მის წევრებს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სტატუსი მიანიჭა, სრულიად სხვა სამართლებრივ რეჟიმში მოაქცია მათი სამართლებრივი მდგომარეობა. ამასთან, იძულებითი განაცდურისა და რეპრესიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სრულიად სხვადასხვა სამართლებრივი რეგულირება გააჩნიათ, რის გამოც საქალაქო სასამართლოს უნდა ემსჯელა თუ რამდენად იყო სახეზე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ განსახილველი დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის წინამძღვრებიდან მოსარჩელეების მოთხოვნა 1991 წლის ნოემბრიდან 1995 წლის ნოემბრამდე მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს რესპუბლიკის 1978 წლის 15 აპრილის კონსტიტუციის 104-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო წარმოადგენდა სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ--------------–---–ი, ა-----–------------ი და მ--–--------–-–---–ი წარმოადგენდნენ 1990-1992 წწ. მოწვევის საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრებს, რომლებიც არჩეული იყვნენ 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების საფუძველზე. ამდენად, ისინი შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოსთან.
საქართველოს 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრების - უზენაეს საბჭოში არჩეული დეპუტატების სტატუსს, მათ უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესსა და გარანტიებს განსაზღვრავდა „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 27 დეკემბრის კანონი. მითითებული კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, უზენაესი საბჭოს წევრს, რომელიც წყვეტდა საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას, აუნაზღაურდებოდა ხელფასი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ხელფასის ოდენობასა და გაცემის წესს ადგენდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრებისათვის განვითარებული მოვლენების შედეგად მათ დათხოვნამდე, 1991 წლის როგორც ნოემბრისა და დეკემბრის თვის ხელფასისა და დანამატის ანაზღაურება, ასევე შემდგომი პერიოდისათვის იძულებითი განაცდურის გადახდის დაკისრება.
საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 20 დეკემბრის კანონით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის საქმიანობის უზრუნველყოფის დროებითი დებულებით“ განსაზღვრული იყო სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისათვის ხელფასის ოდენობები უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და წევრებისათვის. მითითებული დებულების მე-2 პუნქტის თანახმად, უზენაესი საბჭოს წევრებს, რომლებიც წყვეტდნენ საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას, საწარმოო თუ სამსახურებრივი საქმიანობის შეწყვეტის დღიდან ეძლეოდათ ყოველთვიური ხელფასი 600 მანეთის ოდენობით. ამავე დებულების მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყველა წევრს დეპუტატის უფლებამოსილების განსახორციელებლად ხარჯებისათვის ყოველთვიურად ეძლეოდა 200 მანეთი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეები ითხოვენ 1991 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეების ხელფასის ანაზღაურებას საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 19.11.1991წ. დადგენილების საფუძველზე, რომლის მიხედვით უზენაესი საბჭოს წევრის ხელფასი შეადგენდა 1400 მანეთს თვეში. საქმის მასალებით არ დასტურდება უზენაესი საბჭოს წევრების მიერ ხელფასის მიღება პრეზიდიუმის 19.11.91წ. N--- დადგენილების საფუძველზე, ამასთანავე, „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის საქმიანობის უზრუნველყოფის დროებითი დებულება“ საკანონმდებლო კოლეგიური ორგანოს - უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული 20.12.1990წ. კანონით არის დამტკიცებული, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ ხელმოწერილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება კი იერარქიულად ნაკლები ძალის მქონე აქტია, ის ვერ შეცვლიდა კანონით დადგენილ დანაწესს, ამასთანავე, სესიებს შორის პერიოდში გამოცემული უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 19.11.1991წ. დადგენილება დასამტკიცებლად სესიაზე არ წარდგენილა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, 13.10.2016წ. Nბს-11-11(კ-15)).
სასამართლომ მიუთითა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 30 იანვრის №-- დადგენილებაზე, რომელშიც მითითებული იყო უზენაესი საბჭოს ყოფილ დეპუტატებთან ანგარიშსწორებაზე. კერძოდ, მითითებული დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსს დაევალა მუდმივ კომისიებში გაერთიანებულ ყოფილ უზენაესი საბჭოს დეპუტატებთან ანგარიშსწორების მოხდენა 1992 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნულ დადგენილებაზე დაყრდნობით სასამართლოს უნდა გამოეკვლია და სამართლებრივი შეფასება მოეხდინა განხორციელდა თუ არა ანგარიშსწორება უზენაესი საბჭოს დეპუტატებთან და მათ მიღებული ჰქონდათ თუ არა იმ თვეების (1991 წლის ნოემბერი და დეკემბერი) ხელფასი, როდესაც ისინი რეალურად ახორციელებდნენ სადეპუტატო უფლებამოსილებას.
საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის აპარატის 2006 წლის 1 თებერვლის №------ წერილით დ--------------–---–ს ეცნობა, რომ საქართველოს პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტის მონაცემებით პარლამენტის აპარატს უზენაესი საბჭოდან არცერთი სახის დავალიანება არ გადასცემია, შესაბამისად, საკითხი უნდა გადაეწყვიტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მართალია, მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთს ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს, თუმცა აღნიშნული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, მეორე მხარეს არ ათავისუფლებს დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც ამყარებენ თავიანთ მოთხოვნას თუ შესაგებელს. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, მათ შორის ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ კუთვნილი ხელფასის გაცემის ფაქტი უნდა დადასტურდეს შესაბამის დაწესებულებაში დაცული სახელფასო უწყისებით, რომელიც შეიცავს მონაცემებს ხელფასის გაცემის შესახებ და თანხის მიმღები პირის ხელმოწერას, რითაც უდავოდ დადასტურებული იქნება მოსარჩელეთა მიმართ 1991 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვის ხელფასისა და სადეპუტატო დანამატის დავალიანების არარსებობის ფაქტი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად ყოფილი უზენაესი საბჭოს შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად თითქმის მთლიანად იქნა განადგურებული საბუღალტრო თუ სხვა ფინანსური დოკუმენტაცია, რის გამოც მოპასუხე ობიექტურად არის მოკლებული შესაძლებლობას წარმოადგინოს იმ სახის მტკიცებულებები, ისეთ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლომ არაგონივრულად მიიჩნია მოსარჩელის განმარტების ცალმხრივად გაზიარება, მით უფრო იმ პირობებში, რომ ისინი მოითხოვენ არა მხოლოდ 1991 წლის დეკემბრის, არამედ ნოემბრის თვის ხელფასის ანაზღაურებასაც. სასამართლომ გაიზიარა რა საქართველოს პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტის მონაცემები იმის შესახებ, რომ პარლამენტის აპარატს უზენაესი საბჭოდან არცერთი სახის დავალიანება არ გადასცემია, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეების მოთხოვნა 1991 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეების შრომის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე.
2.7. სასამართლომ აღნიშნა, რომ ასევე უსაფუძვლოა სადეპუტატო უფლებამოსილების დარჩენილი ვადის – 1992 წლის იანვრიდან 1995 წლის ნოემბრამდე პერიოდის ხელფასისა და დანამატის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა.
2000 წლის 20 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც დაიგმო სახელმწიფო პოლიტიკური პრობლემების ძალადობის გზით გადაჭრისა და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის მეთოდები. საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის №---- დადგენილებით დადასტურდა 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობა სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების და საქართველოს პარლამენტის ზემოხსენებული დადგენილებების მიღების პერიოდში მოქმედი 28.06.1973წ. შრომის კანონთა კოდექსის თანახმად, რომელიც ძალადაკარგულად 25.05.06წ. კანონით გამოცხადდა, სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მუშას ან მოსამსახურეს სასამართლოს გადაწყვეტილებით აუნაზღაურდებოდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან, მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა (13.08.92წ. შეტანილი ცვლილებების შედეგად, სამთვიანი ვადა ერთ წლამდე გაიზარდა). აღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობას კანონმდებელი უკავშირებდა ორი პირობის ერთდროულად არსებობის ფაქტს, კერძოდ, სახეზე უნდა ყოფილიყო სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი და უნდა მომხდარიყო პირის სამუშაოზე აღდგენა. ამ ორი პირობის ერთდროულად არსებობის გარეშე იძულებითი განაცდური არ ანაზღაურდებოდა (სუს 22.10.2009წ. Nბს-708-674(კ-09)).
სასამართლომ მიუთითა, რომ 1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირება განიხილება როგორც საქართველოს ისტორიის ტრაგიკული პერიოდი, როცა ერთმანეთს გადაეჯაჭვა ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკურ-სამართლებრივი პრობლემები. საქართველოს პარლამენტმა ეროვნული თანხმობის პროცესის ხელშეწყობის, სამოქალაქო დაპირისპირების დასრულების მიზნით დაგმო შეიარაღებული ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება. საქართველოს პარლამენტის 11.03.05წ. დადგენილების მიღების დროს მოქმედი „ნორმატიული აქტების შესახებ“ 29.10.1996წ. კანონის მე-4 მუხლის თანახმად საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს კანონთან მიმართებაში წარმოადგენდა იერარქიულად ქვემდგომ ნორმატიულ აქტს, მას არ შეეძლო შეეცვალა ან შეეწყვიტა შრომის კოდექსის ნორმების მოქმედება. საქართველოს პარლამენტის 11.03.05წ. დადგენილებით არ გაუქმებულა შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება 13.10.2016წ. Nბს-11-11(კ-15)).
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება მასზედ, რომ საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილებით უზენაესი საბჭოს ლეგიტიმურობის დადასტურება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ფორმალურად ტოლფასია იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება უკანონოდ დათხოვნილი პირის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, დაიგმო 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება, თუმცა აღნიშნული გარემოება ვერ მიიჩნევა მოსარჩელეთა სამსახურიდან იძულებითი გათავისუფლების ტოლფას ისეთ შემთხვევად, როცა სასამართლოს მიერ ხორციელდება უკანონოდ დათხოვნილი პირის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რადგან იძულებით განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს სამსახურში აღდგენის მოთხოვნის თანმდევ შედეგს, რომლის გარეშეც შეუძლებელია ხსენებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, ხოლო პირის უკანონოდ დათხოვნა დამსაქმებლის ბრალეული ქმედების საფუძველზე უნდა იყოს განპირობებული, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, რამდენადაც საყოველთაოდ ცნობილი ისტორიული მოვლენების გამო, იმ ორგანომ - საქართველოს უზენაესმა საბჭომ, სადაც მოსარჩელეების საქმიანობდნენ, საქმიანობა შეწყვიტა იძულებით, თავისი ნების საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პარლამენტს მოსარჩელეები არ გაუთავისუფლებია დაკავებული თანამდებობებიდან და მათი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტი არ უკავშირდება მოპასუხის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებას, ამასთან, მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენა არ მომხდარა, რის გამოც მათი მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.8. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. იმავე კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოთხოვნის უფლებაზე კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა მიზნად ისახავს სამართლებრივი სტაბილურობის და სამართლებრივი სიცხადის უზრუნველყოფას და იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნებზე კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა სწორედ ასეა შეფასებული (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე „ზოლოტასი საბერძნეთის წინააღმდეგ“ განაცხადის ნომერი: 66610/09, პუნქტი №44), კერძოდ, მითითებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო დამატებით იმეორებს მის პრეცედენტულ სამართალს იმ თვალსაზრისით, რომ ფაქტი იმის შესახებ, რომ მომჩივნის მოთხოვნები ექვემდებარება ხანდაზმულობის ვადას, თავისთავად არ წარმოშობს რაიმე საკითხს კონვენციასთან მიმართებაში. ხანდაზმულობის ვადები არის ჩვეულებრივი მახასიათებელი მონაწილე სახელმწიფოების ადგილობრივი სამართლებრივი სისტემებისათვის, შექმნილი იმისათვის, რომ უზრუნველყოს სამართლებრივი სიცხადე და საბოლოობა და თავიდან აიცილოს უსამართლობა, რაც შეიძლება წარმოიშვას თუ სასამართლოები ვალდებულნი იქნებიან მიიღონ გადაწყვეტილება ისეთ მოვლენებზე, რასაც ადგილი ქონდა შორეულ წარსულში (იხილეთ J.A. Pye (ოქსფორდი) ლიმიტიდ ეტ J.A. Pye (ოქსფორდი) ლენდი ლიმიტიდ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [GC], no. 44302/02, § 68, ECHR 2007-III, და სტუბინგსი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 22 ოქტომბერი 1996, § 51, ანგარიშები და გადაწყვეტილებები, 1996-IV).
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე (იხ. თუნდაც, საქმე №ბს-352-348 (კს-15) 04.09.2015 განჩინება), სადაც საკასაციო პალატამ ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით განმარტა რომ „სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, კერძოდ, კანონმდებლობა ვადებით ზღუდავს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით განსაზღვრავს უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებს. შესაბამისად, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თავის მხრივ უფლების დაცვის ვადა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ხოლო ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილია მხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალური ხელმისაწვდომობა“. „საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზეც, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს. ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს დროის გაურკვეველ პერიოდს. მას აქვს დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისას კი მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრებისათვის განვითარებული მოვლენების შედეგად, მათ დათხოვნამდე, 1991 წლის როგორც ნოემბრისა და დეკემბრის თვის ხელფასისა და დანამატის ანაზღაურება, ასევე შემდგომი პერიოდისათვის (1995 წლის ნოემბრამდე) იძულებითი განაცდურის გადახდის დაკისრება, ხოლო მოსარჩელეებმა სასამართლოს სარჩელით მიმართეს 2015 წლის მარტში, შესაბამისად, მოსარჩელეთა მიერ მითითებული პერიოდიდან 20 წელზე მეტი დროის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებშიც კი, თუ მოსარჩელეთა მოთხოვნები სათანადო სამართლებრივი საფუძვლებით იქნებოდა გამყარებული, აღნიშნული მოთხოვნები ხანდაზმულია, რაც მოპასუხეს ათავისუფლებს ვალდებულების (ასეთის არსებობის, დადასტურების შემთხვევაში) შესრულების მოვალეობისაგან.
2.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და მოსარჩელეებს - დ--------------–---–ს, ა-----–------------სა და მ--–--------–-–---–ს უარი უნდა ეთქვათ მათ სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების სახით თითოეულისთვის 1991 წლის ნოემბრიდან 1995 წლის ნოემბრამდე მიუღებელი ხელფასის 45428 ლარის ოდენობით მოპასუხისთვის ანაზღაურების დაკისრებაზე.
3. დ--------------–---–ის, ა-----–------------ისა და მ--–--------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტები განმარტავენ, რომ 1990 წლის 28 ოქტომბერს 5 წლის ვადით იქნენ არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრებად. სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისათვის ისინი იღებდნენ ყოველთვიურ გასამრჯელოს. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის სამხედრო გადატრიალების შედეგად აპელანტებს ვადამდე შეუწყდათ სადეპუტატო უფლებამოსილება, რის გამოც 1991 წლის ნოემბრიდან 1995 წლის ნოემბრამდე კუთვნილი ხელფასი ვერ აიღეს. აპელანტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის.
აპელანტების მოსაზრებით, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის განჩინებას, რომლითაც სასამართლოს დაევალა, გამოეკვლია მოსარჩელეებს ჰქონდათ თუ არა აღებული 1991 წლის დეკემბრის ხელფასი. მიუხედავად ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის წერილს, არ გამოითხოვა შესაბამისი მტკიცებულებები და ისე უთხრა უარი მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას, ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლა უნდა დაიწყოს 2005 წელს მიღებული დადგენილებიდან. შესაბამისად, სარჩელი წარმოდგენილია კანონით დადგენილი ვადების დაცვით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
4.1. სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
4.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს ამავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
4.6. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრების ფარგლებში აფასებს რა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ 1991 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას არ იზიარებს.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.7. დ--------------–---–ი, ა-----–------------ი, მ--–--------–-–---–ი წარმოადგენდნენ 1990-1992 წწ. მოწვევის საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრებს, რომლებიც არჩეული იყვნენ 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების საფუძველზე.
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2015 წლის 04 მარტის №-------- ცნობის მიხედვით, დ--------------–---–ი 1990-1992 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი.
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2015 წლის 04 მარტის №-------- ცნობის მიხედვით, ა-----–------------ი 1990-1992 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი.
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2015 წლის 04 მარტის №-------- ცნობის მიხედვით, მ--–--------–-–---–ი 1990-1992 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი.
4.8. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 19 ნოემბრის დადგენილებით განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრების შრომის ანაზღაურების პირობები. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეებისა და სესიის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილეებს ხელფასი განესაზღვრათ 1700 მანეთი, მუდმივი კომისიების მდივნებს 1600 მანეთი, ქვეკომისიათა თავმჯდომარეებს 1500 მანეთი. უზენაესი საბჭოს წევრებს, რომლებიც წყვეტდნენ საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას და იყვნენ მუდმივი კომისიის წევრები ხელფასი განესაზღვრათ 1400 მანეთით.
4.9. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015 წლის 22 ივლისის №7-2138 ცნობით დადგენილია, რომ მანეთის, კუპონისა და ლარის ინფლაციის გათვალისწინებით, 2015 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, 1991 წლის ნოემბრის 1400 მანეთი შეადგენს 877,32 ლარს; 1991 წლის ნოემბრის 1600 მანეთი შეადგენს 1002,65 ლარს; 1991 წლის 1700 მანეთი შეადგენს 1065,32 ლარს.
4.10. დადგენილია, რომ 1992 წლის 2 იანვარს სამხედრო საბჭოს მიერ შეჩერებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის იმ დროს მოქმედი კონსტიტუციის და მასთან ერთად საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა უფლებამოსილება.
„1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილების თანახმად, 1991 წელს საქართველოში დაიწყო დაპირისპირება, რასაც მოჰყვა კანონიერი ხელისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფლიქტი. იმავე დადგენილებით, საქართველოს პარლამენტის მიერ დაგმობილ იქნა სახელმწიფოში პოლიტიკური პრობლემების ძალადობის გზით გადაჭრა და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის ყოველგვარი მცდელობა.
„1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილებით საქართველოს პარლამენტმა დაადასტურა 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს ლეგიტიმურობა სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. იმავე დადგენილებით დაიგმო 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.
4.11. საქართველოს პარლამენტის აპარატის 2006 წლის 1 თებერვლის №------ წერილით დ--------------–---–ს ეცნობა, რომ საქართველოს პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტის მონაცემებით პარლამენტის აპარატს უზენაესი საბჭოდან არცერთი სახის დავალიანება არ გადასცემია, შესაბამისად, საკითხი უნდა გადაეწყვიტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
412. დ--------------–---–მა, ა-----–------------მა და მ--–--------–-–---–მა 2015 წლის 9 მარტს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ--------------–---–ის, ა-----–------------ისა და მ--–--------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული მათ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განჩინებით დ--------------–---–ის, ა-----–------------ის და მ--–--------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეების მიერ დაყენებულ მოთხოვნაზე 1991 წლის დეკემბრის მიუღებელი ხელფასისა და სადეპუტატო დანამატის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ „აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას საქალაქო სასამართლოს უნდა ემსჯელა, ექვემდებარებოდა თუ არა დაკმაყოფილებას მოთხოვნა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების შესახებ, ხოლო აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემდეგ უნდა გამოეკვლია და დაედგინა მოსარჩელეებს მიღებული ჰქონდათ თუ არა 1991 წლის დეკემბრის ხელფასი.“ სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ „საქმის ხელახალი განხილვისას, სასამართლომ მოცემულ ნაწილში ყურადღება უნდა გაამახვილოს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორ გადანაწილებას და შესაბამისად, საქმის გარემოებების სწორად დადგენას.“ „საქალაქო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს დანამატის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, 1991 წლის 19 ნოემბრის დადგენლების მიღების შედეგად გაუქმდა თუ არა „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის საქმიანობის უზრუნველყოფის დროებითი დებულება“ და დეპუტატებისათვის დაწესებული ხელფასის გაზრდილი ოდენობით გაცემის შემდეგ ხდებოდა თუ არა დებულებით განსაზღვრული დანამატის გაცემაც.“
სადეპუტატო უფლებამოსილების დარჩენილი ვადის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, „1991 წელს მოქმედი შრომის კოდექსის ნორმის შინაარსი უდავოდ ცხადყოფს, რომ იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობას კანონმდებელი უკავშირებდა ორი პირობის ერთდროულად არსებობას, კერძოდ, სახეზე უნდა ყოფილიყო სამუშაოდან უკანონოდ განთავისუფლების ფაქტი და უნდა მომხდარიყო პირის სამუშაოზე აღდგენა. ამ ორი პირობის ერთდროულად არსებობის გარეშე, იძულებითი განაცდური არ ანაზღაურდებოდა. საქართველოს პარლამენტის 2000 და 2005 წლების დადგენილებით და დადასტურებულია, რომ 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭო, 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალების შედეგად უკანონოდ იქნა დათხოვნილი, მხოლოდ 2005 წელს იქნა აღიარებული უზენაესი საბჭოს უკანონო დათხოვნის ფაქტი, შესაბამისად, მათი აღდგენა სამსახურში ვერ მოხდებოდა.“ „საქალაქო სასამართლომ, სარჩელის ხელახალი განხილვისას, უნდა იმსჯელოს, შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის დანაწესზე, რომელიც იძულებითი განაცდურის ანაზღაურების აუცილებელ პირობად ადგენდა სამუშაოზე აღდგენას, მოსარჩელეებთან მიმართებაში, ხომ არ უტოლდება საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის №---- დადგენილებით უზენაესი საბჭოს ლეგიტიმურობის აღიარებას.“ „შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი სადავო პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების უფლებას უკავშირებდა დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და ამ შეწყვეტის უკანონობის სათანადო ორგანოების მიერ დადასტურების ფაქტს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელეები თანამდებობიდან დათხოვნილ იქნენ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად, რაც შემდგომში დაგმობილ იქნა სახელმწიფოს მიერ. ამდენად, სახეზეა კლასიკური შრომითი ურთიერთობებისაგან განსხვავებული შემთხვევა, რამდენადაც უპირველეს ყოვლისა, საქმე ეხება უმაღლეს სახელმწიფო ორგანოში კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით არჩეულ თანამდებობის პირებს, რომლებიც განსაკუთრებული სოციალური გარანტიებით სარგებლობდნენ და შესაბამისად, განსხვავებული იყო მათი დათხოვნის წესიც. ამასთან, კანონმდებელმა სამართლებრივი შეფასება მოახდინა რა ლეგიტიმური ხელისუფლების ორგანოს დათხოვნის ფაქტის და მის წევრებს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სტატუსი მიანიჭა, სრულიად სხვა სამართლებრივ რეჟიმში მოაქცია მათი სამართლებრივი მდგომარეობა. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ იძულებითი განაცდურისა და რეპრესიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სრულიად სხვადასხვა სამართლებრივი რეგულირება გააჩნიათ.“
სამართლებრივი დასაბუთება
4.13. საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ--------------–---–ის, ა-----–------------ისა და მ--–--------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დ--------------–---–ის, ა-----–------------ისა და მ--–--------–-–---–ის სარჩელი 1991 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე და აღნიშნულ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება. დ--------------–---–ის, ა-----–------------ისა და მ--–--------–-–---–ის სარჩელი 1991 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
4.14. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დ--------------–---–ი, ა-----–------------ი და მ--–--------–-–---–ი წარმოადგენდნენ 1990-1992 წწ. მოწვევის საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრებს, რომლებიც არჩეული იყვნენ 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების საფუძველზე. ამდენად, ისინი შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოსთან. ასევე დადგენილია, რომ 1992 წლის 2 იანვარს, სამხედრო საბჭოს მიერ შეჩერებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის იმ დროს მოქმედი კონსტიტუციის და მასთან ერთად საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა (მოსარჩელეთა) უფლებამოსილება. „1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილების თანახმად, 1991 წელს საქართველოში დაიწყო დაპირისპირება, რასაც მოჰყვა კანონიერი ხელისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფლიქტი. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს პარლამენტისათვის აპელანტების სასარგებლოდ განვითარებული მოვლენების შედეგად მათ დათხოვნამდე, 1991 წლის როგორც ნოემბრისა და დეკემბრის თვის ხელფასისა და დანამატის ანაზღაურება, ასევე შემდგომი პერიოდისათვის იძულებითი განაცდურის გადახდის დაკისრება.
4.15. საქართველოს 1978 წლის 15 აპრილის კონსტიტუციის 104-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო წარმოადგენდა სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს. საქართველოს 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრების - უზენაეს საბჭოში არჩეული დეპუტატების სტატუსს, მათ უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესსა და გარანტიებს განსაზღვრავდა საქართველოს რესპუბლიკის 1978 წლის 15 აპრილის კონსტიტუცია, „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 27 დეკემბრის კანონი. მითითებული კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, უზენაესი საბჭოს წევრს, რომელიც წყვეტდა საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას, აუნაზღაურდებოდა ხელფასი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ხელფასის ოდენობასა და გაცემის წესს ადგენდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტთა მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხის შესწავლისას დამოუკიდებლად უნდა იქნას განხილული მოთხოვნა 1991 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასის ანაზღაურების შესახებ, რამეთუ ამ პერიოდში დ--------------–---–ი, მ--–--------–-–---–ი და ა-----–------------ი ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობებს. რაც შეეხებას მოთხოვნას შემდგომი პერიოდის იძულებითი განაცდურის გადახდის დაკისრების თაობაზე, აღნიშნული ექცევა სხვა სამართლებრივი მოწესრიგების ქვეშ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება წარმოშობს შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნას. კონკრეტულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს არ უნდა მიეღოთ შესაბამისი ხელფასი, არამედ სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა 1991 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასის გაუცემლობა.
4.16. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 30 იანვრის №-- დადგენილებაზე, რომელშიც მითითებული იყო უზენაესი საბჭოს ყოფილ დეპუტატებთან ანგარიშსწორებაზე. კერძოდ, მითითებული დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსს დაევალა მუდმივ კომისიებში გაერთიანებულ ყოფილ უზენაესი საბჭოს დეპუტატებთან ანგარიშსწორების მოხდენა 1992 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნულ დადგენილებაზე დაყრდნობით სასამართლოს უნდა გამოეკვლია და სამართლებრივი შეფასება მოეხდინა განხორციელდა თუ არა ანგარიშსწორება უზენაესი საბჭოს დეპუტატებთან და მათ მიღებული ჰქონდათ თუ არა 1991 წლის ნოემბერისა და დეკემბრის ხელფასი, როდესაც ისინი რეალურად ახორციელებდნენ სადეპუტატო უფლებამოსილებას. მართალია, საქართველოს პარლამენტის აპარატის 2006 წლის 1 თებერვლის №------ წერილით დ--------------–---–ს ეცნობა, რომ საქართველოს პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტის მონაცემებით პარლამენტის აპარატს უზენაესი საბჭოდან არცერთი სახის დავალიანება არ გადასცემია, თუმცაღა დადგენილია, რომ 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად ყოფილი უზენაესი საბჭოს შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად თითქმის მთლიანად იქნა განადგურებული საბუღალტრო თუ სხვა ფინანსური დოკუმენტაცია. აღნიშნული ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ობიექტურად არის მოკლებული შესაძლებლობას წარმოადგინოს იმ სახის მტკიცებულებები, ისეთ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
4.17. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ვერ ახერხებს სათანადო დოკუმენტაციის, აპელანტებთან ანგარიშსწორების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენას, არასწორია მტკიცების ტვირთის ფიზიკურ პირებზე გადატანა. მით უფრო, რომ შეუძლებელია აპელანტებმა უზრუნველყონ უარყოფითი ფაქტის არსებობის - ხელფასის მიუღებლობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა. სწორედ ამიტომ, სადავო შემთხვევის სპეციფიკის, აპელანტების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, 1991 წლის ბოლოს განვითარებული მოვლენების თავისებურებიდან გამომდინარე, ვინაიდან საწინააღმდეგო ფაქტის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლებელია და სავარაუდოა, რომ ქვეყანაში მომხდარი გადატრიალების შედეგად სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ამ პერიოდში ხელფასი არ მიეცემოდათ, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტებს უნდა აუნაზღაურდეთ 1991 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასი.
4.18. რაც შეეხება ანაზღაურების ოდენობას, აპელანტები ითხოვენ 1991 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეების ხელფასის ანაზღაურებას საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 19 ნოემბრის დადგენილების საფუძველზე, რომლის მიხედვით უზენაესი საბჭოს წევრის ხელფასი შეადგენდა 1400 მანეთს თვეში. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 20 დეკემბრის კანონით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის საქმიანობის უზრუნველყოფის დროებითი დებულებით“ განსაზღვრული იყო სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისათვის ხელფასის ოდენობები უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და წევრებისათვის. მითითებული დებულების მე-2 პუნქტის თანახმად, უზენაესი საბჭოს წევრებს, რომლებიც წყვეტდნენ საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას, საწარმოო თუ სამსახურებრივი საქმიანობის შეწყვეტის დღიდან ეძლეოდათ ყოველთვიური ხელფასი 600 მანეთის ოდენობით. ამავე დებულების მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყველა წევრს დეპუტატის უფლებამოსილების განსახორციელებლად ხარჯებისათვის ყოველთვიურად ეძლეოდა 200 მანეთი.
4.19. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება უზენაესი საბჭოს წევრების მიერ ხელფასის მიღება პრეზიდიუმის 19.11.91 წ. N--- დადგენილების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე საქმე №ბს-11-11 (კ-15)), რომ „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის საქმიანობის უზრუნველყოფის დროებითი დებულება“ საკანონმდებლო კოლეგიური ორგანოს - უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული 20.12.1990 წ. კანონით არის დამტკიცებული, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ ხელმოწერილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება იერარქიულად ნაკლები ძალის მქონე აქტია, ის ვერ შეცვლიდა კანონით დადგენილ დანაწესს, ამასთანავე, სესიებს შორის პერიოდში გამოცემული უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 19.11.1991წ. დადგენილება დასამტკიცებლად სესიაზე არ წარდგენილა.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ აპელანტებს 1991 წლის ნოემბერ-დეკემბრის ხელფასი უნდა აუნაზღაურდეთ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 20 დეკემბრის კანონით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის საქმიანობის უზრუნველყოფის დროებითი დებულებით“ განსაზღვრული ოდენობით, რაც იმ დროისთვის შეადგენდა 800 მანეთს (ხელფასი შეადგენდა 600 მანეთს და დანამატი - 200 მანეთს).
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ,,საქსტატის" 2013 წლის 17 აპრილის წერილის თანახმად, მანეთის, კუპონისა და ლარის ინფლაციის გათვალისწინებით 1991 წლის ნოემბრის 200 მანეთი 2013 წლის 01 მარტის მდგომარეობით შეადგენდა 117.01 ლარს. აღნიშნული ცნობიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ 800 მანეთი შეადგენს 468.04 ლარს (117.01X4). მოსარჩელეებს მისაღები აქვთ 1991 წლის ნოემბრის და დეკემბრის ხელფასი, რაც დღეის მდგომარეობით, შეადგენს 936,08 ლარს (468.04X2) თითოეული მოსარჩელისათვის.
4.20. რაც შეეხება მოთხოვნას სადეპუტატო უფლებამოსილების დარჩენილი ვადის - 1992 წლის იანვრიდან 1995 წლის ნოემბრამდე პერიოდის ხელფასისა და დანამატის ანაზღაურების შესახებ, 2000 წლის 20 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც დაიგმო სახელმწიფო პოლიტიკური პრობლემების ძალადობის გზით გადაჭრისა და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის მეთოდები. საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის №---- დადგენილებით დადასტურდა 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობა სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
4.21. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების და საქართველოს პარლამენტის ზემოხსენებული დადგენილებების მიღების პერიოდში მოქმედი 28.06.1973 წ. შრომის კანონთა კოდექსის (ძალადაკარგულად 25.05.06წ. კანონით გამოცხადდა) 207-ე მუხლის თანახმად, სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მუშას ან მოსამსახურეს სასამართლოს გადაწყვეტილებით აუნაზღაურდება იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან, მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა (13.08.92 წ. შეტანილი ცვლილებით 3 თვე გაიზარდა 1 წლამდე). ამდენად, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობას კანონმდებელი უკავშირებდა ორი პირობის ერთდროულად არსებობის ფაქტს, კერძოდ, სახეზე უნდა ყოფილიყო სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი და უნდა მომხდარიყო პირის სამუშაოზე აღდგენა. ამ ორი პირობის ერთდროულად არსებობის გარეშე იძულებითი განაცდური არ ანაზღაურდებოდა.
საგულისხმოა, რომ საკასაციო სასამართლომ 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებაში (საქმე საქმე №ბს-11-11 (კ-15)) აღნიშნა, რომ „1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირება განიხილება როგორც საქართველოს ისტორიის ტრაგიკული პერიოდი, როცა ერთმანეთს გადაეჯაჭვა ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკურ-სამართლებრივი პრობლემები. საქართველოს პარლამენტმა ეროვნული თანხმობის პროცესის ხელშეწყობის, სამოქალაქო დაპირისპირების დასრულების მიზნით დაგმო შეიარაღებული ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება. საქართველოს პარლამენტის 11.03.05წ. დადგენილების მიღების დროს მოქმედი „ნორმატიული აქტების შესახებ“ 29.10.1996წ. კანონის მე-4 მუხლის თანახმად საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს კანონთან მიმართებაში წარმოადგენდა იერარქიულად ქვემდგომ ნორმატიულ აქტს, მას არ შეეძლო შეეცვალა ან შეეწყვიტა შრომის კოდექსის ნორმების მოქმედება. საქართველოს პარლამენტის 11.03.05წ. დადგენილებით არ გაუქმებულა შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლი.“
4.22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში მართებულად განმარტა, რომ იძულებით განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს სამსახურში აღდგენის მოთხოვნის თანმდევ შედეგს, რომლის გარეშეც შეუძლებელია ხსენებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, ხოლო პირის უკანონოდ დათხოვნა დამსაქმებლის ბრალეული ქმედების საფუძველზე უნდა იყოს განპირობებული, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. საქართველოს პარლამენტს მოსარჩელეები არ გაუთავისუფლებია დაკავებული თანამდებობებიდან და მათი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტი არ უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებას, ამასთან, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენა არ მომხდარა, რის გამოც მათი მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4.23. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ დამატებით საფუძვლად მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. იმავე კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. ამასთანავე, მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მსჯელობისას აუცილებელია ზუსტად და ნათლად განისაზღვროს ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლის წერტილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
4.24. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა მოთხოვნის წარმოშობის და ასეთის შესახებ პირის შეტყობის გარეშე ვერ დაიწყება. კონკრეტულ შემთხვევაშია, მართალია, 1991-1992 წლებში განვითარებული მოვლენებით დაირღვა აპელანტთა უფლებები, რაც იმთავითვე ცხადი იყო, მაგრამ მხოლოდ ასეთი ინფორმაციის არსებობა, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით არ არის გამყარებული და პირს საკანონმდებლო დონეზე არ აქვს მინიჭებული საკუთარი უფლების დაცვის რეალური შესაძლებლობა, ნორმატიულად არ არის გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნის წარმოშობის, გამოხატვის, დაკმაყოფილების მექანიზმი, ვერ გამოიწვევს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებას. კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილებით დაადასტურა საქართველოს პარლამენტმა 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს ლეგიტიმურობა სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. იმავე დადგენილებით დაიგმო 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება. ამდენად, აღნიშნული დადგენილებით მოხდა აპელანტთა უფლებების დარღვევის აღიარება, რაც შესაბამის მოთხოვნას წარმოშობას. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენაც ამ მომენტს უნდა დაუკავშირდეს. ვინაიდან სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილია 2015 წლის 9 მარტს, დაცულია კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის საერთო ვადა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს პარლამენტს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრება 936,08 ლარის გადახდა.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დ--------------–---–ის, ა-----–------------ისა და მ--–--------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დ--------------–---–ის, ა-----–------------ისა და მ--–--------–-–---–ის სარჩელი 1991 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე და აღნიშნულ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დ--------------–---–ის, ა-----–------------ისა და მ--–--------–-–---–ის სარჩელი 1991 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს პარლამენტს დ--------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 936,08 ლარის (ცხრაასოცდათექვსმეტი ლარი და რვა თეთრი) ანაზღაურება;
5. საქართველოს პარლამენტს ა-----–------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 936,08 ლარის (ცხრაასოცდათექვსმეტი ლარი და რვა თეთრი) ანაზღაურება;
6. საქართველოს პარლამენტს მ--–--------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 936,08 ლარის (ცხრაასოცდათექვსმეტი ლარი და რვა თეთრი) ანაზღაურება;
7. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე