განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.07.2018
საქმის ნომერი
330210017001672631
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
11.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001672631

საქმე №2ბ/788-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 ივნისი 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი

მოსამართლეები: ლევან გვარამია

გელა ქირია

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

აპელანტი - გ----------–------

წარმომადგენელი - დ-----------------

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შ--------–----------------

წარმომადგენელი - მ--------------–--

დავის საგანი - იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

არ დაკმაყოფილდეს, გ----------–------- სარჩელი სსიპ შ--------–----------------ს მიმართ იძულებითი განაცდურის ანაზღურების შესახებ;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. მოსარჩელე მუშაობდა სსიპ შ--------–---------------–-. მოპასუხემ 2010 წლის 07 სექტემბრიდან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა მოსარჩელესთან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის აღდგენა თანამდებობაზე და მისთვის განაცდურის ანაზღაურება 2010 წლის 07 სექტემბრიდან, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრამდე, კერძოდ 2013 წლის 10 მაისამდე ყოველთვიურად 640 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 27 იანვარს. გადაწყვეტილების აღსრულება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში მოხდა 2015 წლის 01 აპრილს 21 120 ლარის გადახდით, ხოლო მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, 2015 წლის 13 მაისს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის აღდგენა თანამდებობაზე და მისთვის განაცდურის ანაზღაურება 2010 წლის 07 სექტემბრიდან, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრამდე, კერძოდ 2013 წლის 10 მაისამდე ყოველთვიურად 640 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

ასევე, უდავოდ დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 27 იანვარს. გადაწყვეტილების აღსრულება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში მოხდა 2015 წლის 01 აპრილს 21 120 ლარის გადახდით, ხოლო მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, 2015 წლის 13 მაისს. (იხ. 3.2.1 უდავო ფაქტობრივი გარემეობა).

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს იმ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, რომელიც უნდა მიეღო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა გადაწყვეტილების აღუსრულებლობას დადგენილ ვადებში.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მის მიერ აღძრული თავდაპირველი სარჩელით ითხოვდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. მოსარჩელეს საქმის წარმოების დროს ასევე უფლება ჰქონდა ესარგებლა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით მისათვის მინიჭებული უფლებით სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის, დაზუსტების შესახებ, რითაც მოსარჩელეს არ უსარგებლია. მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა წარმოადგენს პირის სამართლის ნორმებით უზრუნველყოფილ უფლებას კონკრეტული მოვალისაგან მოითხოვოს შესრულება. ამ უფლების ძალით კრედიტორს (მოსარჩელეს) კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით კონკრეტული მიზნის მისაღწევად, მხოლოდ ერთხელ შეუძლია აღძრას სარჩელი. მოსარჩელე თვითონ განსაზღვრავს დავის საგანს, ანუ მოთხოვნის ფარგლებს (სსსკ-ის 3.1. მუხლი), შესაბამისად, სასამართლოც ამ ფარგლებითაა შებოჭილი (სსსკ-ის 248-ე მუხლი). აქვე სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სსსკ-ის 266-ე მუხლის შინაარსზე, რომელიც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს უფლებას უკარგავს, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. სასამართლომ, მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილი. ამასთან, სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც დადგენილია, რომ დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს განაცდურის დაკისრებას 15360 ლარის ოდენობით და ინფლაციის თანხას 1125,4 ლარს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

 

დისპოზიციურობის პრინციპი უზრუნველყოფს დავის საგანზე მხარეთა ბატონობას და ანიჭებს მხარეებს შესაძლებლობას თვითონ გადაწყვიტონ, თუ რომელი ფაქტები დაურთონ მოთხოვნას საფუძვლად. თუმცა, მისი შინაარსი იმგვარად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ სრულყოფილად განსაზღვროს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის ნორმატიული შინაარსი. ამ პირობას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ფუნქცია გააჩნია, რადგან შესაძლებლობას ანიჭებს სასამართლოს შეამოწმოს იურიდიული კავშირი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ფაქტებსა და მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს შორის. ამავდროულად, სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მხარისათვის მოულოდნელი. მოთხოვნის ადრესატმა უნდა იცოდეს მის მიმართ არსებული პრეტენზიის, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი შინაარსი.

 

პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ სახეზეა, სსსკ-ის 266-ე მუხლის გამოყენების საფუძველი, რომელიც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს უფლებას უკარგავს, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა განსხვავებული, როგორც სასარჩელო მოთხოვნა, ასევე ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც ეფუძნება იგი. კერძოდ, სარჩელით მოთხოვნილია შრომის იძულებითი განაცდური 2013 წლის 10 მაისიდან (თავდაპირველი სარჩელის შეტანიდან) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე 2015 წლის 8 მაისამდე (24 თვე).

 

შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, „სრული ოდენობა“ გულისხმობს იძულებით მოცდენის მთლიან პერიოდისათვის ანაზღაურებას. მოცემულ შემთხვევაში, კი იძულებითი მოცდენის პერიოდი გაგრძელდა 2015 წლის 8 მაისამდე, დასახელებული კი, მოსარჩელეს აღჭურავს უფლებით მოითხოვოს იძულებითი განაცდური. შესაბამისად, პირი, რომლის უფლებაც იქნა დარღვეული უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და შეხედულებისამებრ მოითხოვოს დარღვეული უფლების დაცვა, მით უფრო მაშინ, როდესაც სახეზე არ არის ერთი და იგივე მოთხოვნა. შესაბამისად, სახეზეა შრომის კოდექსის 32-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები და სსიპ შემოსავლების სამსახურს გ----------–------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 15360 ლარის გადახდა.

 

4.2. რაც შეეხება „ინფლაციის თანხას“, აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი მოთხოვნის შინაარსის იმგვარად ჩამოყალიბება, რომ სრულყოფილად მომხდარიყო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის ნორმატიული შინაარსის განსაზღვრა (მაგალითად, სკ-ის 389-ე მუხლი) და შესაბამისი კვლევა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გ----------–------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. გ----------–------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. სსიპ შემოსავლების სამსახურს გ-----------–------- სასარგებლოდ დაეკისროს 15360 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი

 

მოსამართლეები ლევან გვარამია

 

გელა ქირია