განაჩენი

სისხლის სამართლის 11.07.2018
საქმის ნომერი
140100118002341885
ინსტანცია
თარიღი
11.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002341885

საქმე №1/ბ-742-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 ივლისი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ბ---------------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ--------------------------–---–-- მიმართ, დაბადებულის 1------–-–----------------, პირადი №5----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების: გ------------------------–--------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განაჩენით თ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01(ერთი) წელი.

 

თ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 02 თებერვლიდან 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით.

 

თ--------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით

გათვალსწინებული შედეგი.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 02 თებერვალს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქალაქ გორში, გ-------–---–--------ში მდებარე სსიპ გორის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თ--------------–---–მა განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის - ლ--------ს მიმართ. კერძოდ, თ--------------–---–მა შელაპარაკეების ნიადაგზე ხელი ტანის არეში ერთხელ დაარტყა ლ--------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ბ---------------მ, რომელმაც მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ თ--------------–---–მა მეუღლის მიმართ განახორციელა ძალადობრივი ქმედება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გორის ,,იუსტიციის სახლის“ ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რითაც უხეშად დაარღვია მართლწესრიგი და ეს არ ყოფილა ძალადობის პირველი ფაქტი, არამედ წარსულშიც არაერთხელ ჰქონია მისი მხრიდან მეუღლის ლ--------ს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი. რადგან მსჯავრდებულისათვის კარგადაა ცნობილი დაზარალებულის დემოგრაფიული მონაცემები, არსებობს მისი მხრიდან მომეტებული საფრთხე ოჯახის წევრის მიმართ ახალი დანაშაულის ჩადენისა.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თ--------------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. თ--------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით კერძოდ: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმით, თ--------------–---–ის დაკავების ოქმითა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც პრეტენზია არ გააჩნია მის მიმართ, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ბ---------------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

თ--------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა

06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს მსჯავრდებულ თ---------------–---–ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

 

პირობით მსჯავრდებულ თ---------------–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისადმი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

თ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება- გირაო, გაუქმებულია.

 

თ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 02 თებერვლიდან 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ქურთუკი, რომელიც ინახება შსს გორის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი