განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100118002394098 №1/ბ-6-2-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ივნისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ-–----------ა;
დაცვის მხარე:
გამართლებული - ს---–--------------------–-------ე, დაბადებული 197- წლის 2-----–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ო----------ი, ლ------------ის №2; ფაქტობრივად მცხოვრები: მ-------ი, ლ----ის გამზირი №6- (მონაწილეობის გარეშე);
ადვოკატები - გ--–----------–--ე, ლ--–-----–------ი;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მეორე ნაწილი („კანონიერი ქურდობა“).
სასჯელი:
ს---–-----–-------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის ვ-–----------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 მაისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ს---–-----–-------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მეორე ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ს---–-----–-------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. ს---–-----–-------ე 1993 წლიდან აღიარებულია კანონიერ ქურდად, იგი ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს, თავისი ცხოვრების წესით საჯაროდ გამოხატავს ქურდული სამყაროსადმი მხარდაჭერას. იგი ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად მართავს და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს, მას ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიური ურთიერთობა აქვს კანონიერ ქურდებთან და ქურდული სამყაროს წევრებთან. იგი ასევე აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად, მონაწილეობს ქურდულ გარჩევებსა და სპეციალური წესების შემუშავებაში ქურდული სამყაროსთვის სარგებლის მიღების მიზნით (იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
დაცვის მხარის მოთხოვნა - 2018 წლის 02 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ს---–-----–-------ის ბრალეულობას (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 მაისის განაჩენით, ს---–-----–-------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულად არ მიიჩნია წარდგენილი ბრალდებით ს---–-----–-------ის ბრალეულობა. დადგენილებით, პირის ბრალდების შესახებ, ს---–-----–-------ე 1993 წლიდან, აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. იგი ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს, თავისი ცხოვრების წესით საჯაროდ გამოხატავს ქურდული სამყაროს მხარდაჭერას. იგი ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად მართავს და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს. მას ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიური ურთიერთობა აქვს ქურდული სამყაროს წევრებთან. იგი ასევე აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად, მონაწილეობს ქურდულ გარჩევებსა და სპეციალური წესების შემუშავებაში ქურდული სამყაროსთვის სარგებლის მიღების მიზნით.
2018 წლის 15 მარტს, ს---–-----–-------ე დაკავებული იქნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება სააპელაციო სასამართლოში მიიჩნევა გამოკვლეულად, ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც წარმოდგენილი იქნა ბრალდების მხარის მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ს---–-----–-------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გამამართლებელი განაჩენი მის მიმართ.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებების შეფასებამდე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის განმარტება, რის გარეშეც წარმოუდგენელია სრულყოფილი და ცხადი გადაწყვეტილების მიღება.
„კანონიერი ქურდობა“ კრიმინალიზებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლი ბლანკეტური ხასიათის ნორმაა და მისი შინაარსის სწორად დასადგენად საჭიროა ”ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ” გაეროს კონვენციითა და ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინება, რამდენადაც ე.წ. ,,ქურდული სამყარო’’ განიხილება, როგორც თანამედროვე ორგანიზებული დანაშაულის სტრუქტურის ხერხემალი. შესაბამისად, იმისათვის, რათა ე.წ. კანონიერმა ქურდობამ სისხლისსამართლებრივად რელევანტური ხასიათი შეიძინოს, საჭიროა არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილის შეფასება, არამედ კანონით და კონვენციით სადავო საკითხთან მიმართებით დადგენილი წესრიგის გაანალიზებაც.
,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ” (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების დროს მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში ამომწურავად არის ჩამოთვლილი ქურდული სამყაროს ობიექტური შემადგენლობის ცალკეული ელემენტები, კერძოდ, კანონმდებლის მიერ ტერმინი ,,ქურდული სამყარო” იმგვარი სოციალური ჯგუფის დასახასიათებლად არის გამოყენებული, რომელიც მოქმედებს მათ მიერვე დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომელთა მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, ან დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ქურდული სამყაროს წევრია ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქურდული გარჩევა გულისხმობს ქურდული სამყაროს წევრის მიერ ორ ან ორზე მეტ პირს შორის არსებული დავის გადაწყვეტას, რომელსაც ახლავს მუქარა, იძულება, დაშინება ან სხვა უკანონო ქმედება, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, კანონიერი ქურდი ქურდული სამყაროს წევრია, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს.
კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნებიდან გამომდინარე, კანონიერი ქურდობა, ერთის მხრივ, გულისხმობს ქურდული სამყაროსადმი, როგორც ორგანიზებული ჯგუფისადმი კუთვნილებას, ქურდული სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფის მართვას და ორგანიზებას, ხოლო მეორე მხრივ, ქურდული სამყაროს მიზნების მისაღწევად გარკვეული უკანონო ქმედებების განხორციელებას. ამასთან, ქურდულ სამყაროს, როგორც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთ ნაირსახეობას, აქვს კონკრეტულად განსაზღვრული მიზანი - სარგებლის მიღება, რომლის გარეშეც პირთა გაერთიანება ქურდულ სამყაროდ ვერ ჩაითვლება.
”ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ” გაეროს კონვენცია, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2006 წლის 7 ივნისის დადგენილებით, დეტალურად განსაზღვრავს ორგანიზებული ჯგუფის ცნებას, კერძოდ, კონვენციაში, ორგანიზებული ჯგუფისათვის დამახასიათებელ ერთ-ერთ სავალდებულო ნიშნად დასახელებულია პირდაპირ, ან არაპირდაპირ ფინანსური, ან სხვა სახის სარგებლის მიღების მიზანი.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდობა“ ასახავს კარგად ცნობილ ორგანიზებულ დანაშაულს, რომლის მიმართაც საქართველოს პარლამენტის მიერ, 2005 წლის 20 დეკემბერს მიღებულ იქნა ფართო საკანონმდებლო პაკეტი, რათა გაძლიერებულიყო ბრძოლა ამგვარი დანაშაულებრივი სინდიკატების წინააღმდეგ... ეს დანაშაულებრივი ფენომენი იმდენად ღრმად იყო საზოგადოებაში გამჯდარი და „კანონიერი ქურდების“ სოციალური ავტორიტეტი იმდენად მაღალი იყო, რომ საზოგადოების ჩვეულებრივი წევრებისთვის ცნებები - „ქურდული სამყარო“, „კანონიერი ქურდი“, „დავების გადაწყვეტა კანონიერი ქურდის ავტორიტეტის გამოყენებით“, „ობშიაკი“ და ა.შ. იყო საყოველთაოდ ცნობილი და გაგებული... შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ 2005 წლის 20 დეკემბერს ორი ახალი დანაშაულის წარდგინებით, კერძოდ, „ქურდული სამყაროს წევრობა“ და „კანონიერი ქურდობა“, საქართველოს კანონმდებლობამ მხოლოდ ამ ცნებების და დანაშაულებრივ („ქურდულ“) სუბკულტურასთან დაკავშირებული ქმედებების კრიმინალიზაცია მოახდინა...(ვრცლად იხ. აშლარბა საქართველოს წინააღმდეგ (Ashlarba v. Georgia), განაცხადი №45554/08, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის განჩინება).
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე თავის პოზიციას ამყარებს შემდეგ არგუმენტებზე:
1. საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების გამოკითხვის ოქმებზე, რომლებისთვისაც ოპერატიული ინფორმაციით ცნობილია, რომ ს---–-----–-------ე „კანონიერი ქურდია“.
პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების დაშვების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებასაც გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი […] მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისთვის რელევანტური ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც, საბოლოო ჯამში, პირის ბრალეულობაზე მიუთითებს […] მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს იმას, რომ საეჭვო, მცდარი ან სავარაუდოდ გაყალბებული მტკიცებულებები გამოირიცხოს სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებიდან. გამორიცხული უნდა იყოს გონივრული ეჭვი წარდგენილი მტკიცებულების ნამდვილობასთან და სანდოობასთან დაკავშირებით. სათანადო პროცესუალური სტანდარტების შემცველი, არაორაზროვანი ნორმების საფუძველზე, სასამართლოს, კონკრეტული საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით, უნდა შეეძლოს წარმოდგენილი მტკიცებულებების რელევანტურობის, მათი მნიშვნელობისა და უტყუარობის შეფასება. შესაბამისად, კანონმდებელი ვალდებულია, აღჭურვოს სასამართლო სახელმძღვანელო პრინციპებით, რომელიც მას ირიბი ჩვენების დასაშვებობის საკითხის ან, ასეთ ჩვენებაზე დაყრდნობით, განაჩენის მიღებაში დაეხმარება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება).
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა პირდაპირი მტკიცებულება და ვერ დაასაბუთა თუ რატომ უნდა გაიზიაროს პალატამ იმ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობილი ჩვენება, რომლის გადამოწმების, შემოწმების და შეფასების საშუალება სასამართლოს არ ჰქონია. ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ ს---–-----–-------ე, 1993 წლიდან აღიარებულია ე.წ. „კანონიერ ქურდად“. იგი ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს, თავისი ცხოვრების წესით საჯაროდ გამოხატავს ქურდული სამყაროსადმი მხარდაჭერას. იგი ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად მართავს და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს, მას ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიური ურთიერთობა აქვს კანონიერ ქურდებთან და ქურდული სამყაროს წევრებთან. იგი ასევე აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად, მონაწილეობს ქურდულ გარჩევებსა და სპეციალური წესების შემუშავებაში ქურდული სამყაროსთვის სარგებლის მიღების მიზნით. ბრალდების მხარე აღნიშნულ გარემოებებს ადასტურებს იმ მოწმეთა ჩვენებებით, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათ გააჩნიათ ინფორმაცია ს---–-----–-------ის „კანონიერი ქურდობის“ შესახებ, თუმცა რაიმე კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ აქვთ, რითაც დადგინდებოდა ამ პირის ქურდული სამყაროსადმი კუთვნილება. საზოგადოებაში არსებული მოსაზრება კონკრეტული პირის ავტორიტეტობის, ლიდერობის, „კანონიერი ქურდობის“ და ა.შ. თაობაზე, ვერ გახდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის დადასტურების მყარი საფუძველი. ს---–-----–-------ის „კანონიერ ქურდად“ მოხსენიება არ წარმოადგენს იმ სახის მტკიცებულებას, რომელიც საკმარისი იქნება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
რაც შეეხება ქურდული სამყაროს მიზნების განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობას, რაც ერთ-ერთი ძირითადი და სავალდებულო ნიშანია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის დასადასტურებლად, არ დადასტურებულა ე.წ. ქურდულ გარჩევებში, სხვადასხვა პირებისათვის ფულის გამოძალვაში, სპეციალური წესების მიღებაში მონაწილეობა, რაც წარდგენილი ჰქონდა ბრალად. სხდომაზე არ წარმოდგენილა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება ან პრეიუდიციულად დადგენილი რაიმე ინფორმაცია.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა ერთმანეთთან შეთანხმებულ და ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა არსებობა. მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები ეფუძნება არა უშუალოდ ნანახს, არამედ ოპერატიული თუ სხვა წყაროებიდან მოძიებულ და სასამართლოსთვის უცნობ ინფორმაციას, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
2. ინტერნეტგვერდის www.primecrime.ru-ს დათვალიერების ოქმზე, სადაც განთავსებულია ინფორმაცია „კანონიერი ქურდის“ ს---–-----–-------ის შესახებ.
2018 წლის 14 მარტის დათვალიერების ოქმის თანახმად, მოხდა რუსული ინტერნეტგვერდის http://www.primecrime.ru /-ის დათვალიერება, სადაც მითითებული პირები მოხსენიებულნი არიან კანონიერ ქურდებად, თავისივე ქურდული ზედმეტსახელით, ქურდულად მონათვლის წლით და სასჯელის მოხდის წლების მითითებით. აღნიშნული ვებსაიტის ოცდამეთოთხმეტე გვერდზე N3304-ე არის მამაკაცის სურათი, სადაც რუსულ ენაზე მითითებულია სახელი, გვარი და მამის სახელი „Ш---------------------------“, ზედმეტი სახელით „С-----------------“, ეროვნება „г-----“, დაბადების წელი 197- და ადგილი „Т-------------------------------“. გვერდიდან ამობეჭდილი მონაცემების ქართული თარგმანი მოთავსებულია ასევე სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულების სახით.
პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული საიტის დათვალიერების შედეგად მიღებული ინფორმაცია არ წარმოადგენს აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე მტკიცებითი სახის ინფორმაციას. მტკიცებულების უტყუარობას - კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციის სანდოობას განაპირობებს ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ან უზრუნველყოფილი მისი შემოწმება. მოცემულ შემთხვევაში დაუშვებელია ზემოაღნიშნულ ინტერნეტგვერდზე განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
„ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ [...]. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს“ (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ს---–-----–-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, რასაც სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.
პალატა აღნიშნავს, ის გარემოება, რომ დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, უპირობოდ არ იწვევს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუნდაც უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით რამდენად წარმოადგენს საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. თავად ს---–-----–-------ემ არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სხვა მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარეს აქვს მოპოვებული, ვერ პასუხობენ მტკიცებულების უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტს, რაც საკმარისი აღმოჩნდებოდა პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 მაისის განაჩენი კანონიერია, დასაბუთებულია, სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის ვ-–----------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 მაისის განაჩენი ს---–-----–-------ის მიმართ.
ს---–-----–-------ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია ს---–-----–-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გათავისუფლებულია სხდომის დარბაზიდან.
ს---–-----–-------ეს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე