განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.01.2018
საქმის ნომერი
330210015745788
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/5915-15 30 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე

 

მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი – შპს ,,ბ----------–----------–----------ა”

 

წარმომადგენელი – მ----------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარეები - ნ------------–ი, ა--------------–--ე, ა-–---------------–--ე

 

წარმომადგენლები – ი---------ე, ნ------------–ი (ა--------------–--ის და ა-–---------------–--ის კანონიერი წარმომადგენელი)

 

აპელანტი შეგებებული სააპელაციო საჩივრით – ნ------------–ი, ა--------------–--ე, ა-–---------------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ბ----------–----------–----------ა”

 

დავის საგანი - ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, გადახდილი თანხების დაბრუნება, მორალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–----- ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

 

შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–----- ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა-–---------------–--ის, ა--------------–--ისა და ნ------------–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

ბათილად იქნა ცნობილი 2----–-–----------------–ს შპს ,,ბ----------–----------–-----------ა” და მეორეს მხრივ, ა-–---ი და ა--------------–--ეების კანონიერ წარმომადგენელს - ნ------------–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მე-7 მუხლის 7.4 პუნქტები;

შპს ,,ბ----------–----------–---------ას” ა-–---------------–--ის, ა-------------–--ისა და ნ------------–ის სასარგებლოდ დაეკისრა 1553.48 ლარის გადახდა.

ა-–---------------–--ეს, ა--------------–--ესა და ნ------------–ს უარი ეთქვათ მორალური ზიანის სახით 2000 ლარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2----–-–----------------–ს შპს ,,ბ----------–----------–-----------სა” და ა-–---ი და ა--------------–--ეების კანონიერ წარმომადგენელ ნ------------–ს შორის, დაიდო ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვით, მოპასუხე მხარემ აიღო ვალდებულება უზრუნველყო მოსარჩელეების მომზადება სკოლამდელი პროგრამების შესაბამისად.

თავის მხრივ, მოსარჩელეთა კანონიერმა წარმომადგენელმა აიღო ვალდებულება გადაეხადა სწავლის ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად (ტომი 1, ს.ფ. 18-25);

2.2. ა-–---ი და ა--------------–--ეების კანონიერი წარმომადგენელის, ნ------------–ის მიერ, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებულია და თითოულ ბავშვზე გადახდილია სწავლის საფასური 2 052 ლარის ოდენობით (ტომი 1, ს.ფ. 16-17);

2.3. ა-–---ი და ა--------------–--ეები შპს ,,ბ----------–----------–-----------ში” სკოლამდელი განათლების პროგრამების შესაბამისად მომზადებას გადიოდნენ 2012 წლის 11 მაისიდან. მათ 2014 წლის სასწავლო პროგრამისთვის მომზადება შეუწყდათ 2014 წლის 08 ნოემბრიდან, რადგან ა-–---ი და ა--------------–--ეები გადაყვანილი იქნენ შპს ,,ბ----------–----------–----------იდან”.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4. შპს ,,ბ----------–----------–-----------” ა-–---ი და ა--------------–--ეებს 2----–-–-----------ის თვიდან არ უწევს სასწავლო მომსახურებას და ზედმეტად გადახდილი სწავლის საფასური თითოეულ ბავშვზე შეადგენს 776.74 ლარს, ჯამში _ 1553.48 ლარს.

2.5. შპს ,,ბ----------–----------–-----------ს” მხრიდან ადგილი არ ჰქონია ა-–---------------–--ის მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას.

 

2.6. ა-–---ი და ა--------------–--ეების კანონიერი წარმომადგენელის ნ------------–ის მიერ 2----–-–---------------–ის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

2.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ან არარსებობის შესახებ.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ 2----–-–----------------–ის ხელშეკრულების 7.4. პუნქტით გათვალისწინებული პირობა - ,,მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის ან ა--------- ინიციატივით წინამდებარე ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში გადახდილი სწავლის ღირებულება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება”,- არის პირგასამტეხლო; სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას; შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენდა მოსარჩელე მხარის მიერ 2----–-–---------------–ის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების - სწავლის საფასურის გადახდის ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სრულად შესრულების ფაქტი; ამასთან, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებებით შეთანხმებული არ იყო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და შესაბამისად, არ გაიზიარა 2----–-–---------------–ის ხელშეკრულების 7.4. პუნქტის, როგორც პირგასამტეხლოს დათქმად განმარტება.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ბ----------–----------–-----------სა” და ა-–---ი და ა--------------–--ეების კანონიერი წარმომადგენელის ნ------------–ს შორის 2----–-–---------------–ის ხელშეკრულებების მე-7 მუხლის 7.4. პუნქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

ამავე კოდექსის 317.1-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

სასამართლოს შეფასებით, გასახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ შპს ,,ბ----------–----------–-----------სთვის” უსაფუძვლოდ იქნა გადახდილი 1553.48 ლარი. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია, როგორც ფაქტობრივად ისე სამართლებრივად.

2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

სასამართლომ მიუთითა, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ დავებში განსაკუთრებით დიდია სასამართლოს როლი, თუ გავითვალისწინებთ, რომ კანონმდებლობა არ ადგენს არც არაქონებრივი ზიანის ცნებას და არც მისი ოდენობის გამოთვლის რაიმე წესს. თავისი არსით არაქონებრივი ანუ მორალური ზიანი არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომელსაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად კი არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფის გამო. მხედველობაშია მისაღები კონკრეტული საზოგადოების მორალური სტანდარტები. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ შეადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. სასამართლოს განმარტებით, ძალიან ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

სასამართლოს შეფასებით, საქმე ეხება სპეციფიურ შემთხვევას, როცა მორალური ზიანი უშუალოდ დაკავშირებულია ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ფაქტთან; კერძოდ, მოსარჩელე ვალდებული იყო დაემტკიცებინა, რომ მის ჯანმრთელობას ზიანი მიადგა და სწორედ ამით მან მიიღო მორალური ტრავმა. სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიმართ ზიანის მიყენების ფაქტი, რაც, სასამართლოს შეფასებით, გამორიცხავს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობას. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ არც მოწმეთა ჩვენებებითა და არც მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოპასუხის მხრიდან დისკრიმინაციული ქმედებები ნ------------–ის (ან მისი შვილების) მიმართ, არ დადასტურდა, რაც გამორიცხავს მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის შპს ,,ბ----------–----------–----------ის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.3 პუნქტით არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ა-–---ი და ა-------------–--ეების წარმომადგენლის - ნ------------–ის მიერ, 2----–-–---------------–ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. აპელანტი განმარტავს, რომ ნ------------–სა და შპს ,,ბ----------–----------–---------ას“ შორის დადებუული 2----–-–---------------–ის ხელშეკრულების მეორე მუხლით დადგინდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2----–-–------------- ჩათვლით; ამრიგად, ორივე მხარემ იკისრა ვალდებულება, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობაში უნდა ყოფილიყვნენ მითითებული ვადის განმავლობაში და ამ ვადის გასვლამდე ხელშეკრულების შეწყვეტა ნ------------–ის ინიციატივით, წარმოადგენს სწორედ მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის დარღვევის ფაქტს, რისთვისაც ხელშეკრულების 7.4. პუნქტით გათვალისწინებულია ფულადი სანქცია; ამ პირობის დაწესებას მოქმედი კანონმდებლობა მხარეებს არ უკრძალავს და მათ შეუძლიათ გაითვალისწინონ ხელშეკრულების ვადამდე ადრე სხვადასხვა მიზეზით შეწყვეტისათვის გარკვეული ფულადი სანქციები; მხარეებმა განსაზღვრეს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის წესი, პირობები და ვადა, ხოლო ამ პირობების დარღვევისათვის შეთანხმდნენ გარკვეულ ფულად სანქციაზე - ჯარიმაზე, რომელიც თავისი არსით პირგასამტეხლოს ფუნქციის მატარებელია.

 

3.1.2. აპელანტის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----- ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში დაუსაბუთებელია, ამასთან, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ - სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, გარიგების ნაწილობრივ ბათილობასთან დაკავშირებით; აპელანტი მიუთითებს, რომ მხარეთა შორის 2----–-–----------------–ს დადებული ხელშეკრულების 7.4 მუხლის ბათილობის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 54–ე მუხლის მოხმობა აბსოლუტურად შეუსაბამოა გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან; მოხმობილი სამართლებრივი ნორმის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი კი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი გარიგების დადებისათვის ადგენს გარკვეულ წესებს, რომელთა დარღვევას შედეგად გარიგების ბათილად ცნობა მოჰყვება. აპელანტის შეფასებით, სასამართლო ვერ უთითებს კანონით დადგენილ რომელ წესსა და აკრძალვებს, საჯარო წესრიგის ან ზნეობის რომელ ნორმებს არღვევს მხარეთა შორის ხელშეკრულების 7.4. მუხლი; კანონმდებელი არ კრძალავს მხარეებმა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის (ხელშეკრულებიდან გასვლისათვის) გაითვალისწინონ გარკვეული სახის ფულადი სანქციები ჯარიმის სახით, რაც გამოყენებული აქვთ მხარეებს 2----–-–---------------–ის ხელშეკრულებაში; კერძოდ, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-7 მუხლით დადგენილია ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები და წესი, ვადა და სხვადასხვა ოდენობის ფულადი სახის ჯარიმა; კონკრეტულად, ხელშეკრულების 7.1. მუხლის მიხედვით, ,,თუ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 დღის განმავლობაში წერილობით მიმართავს ა-------ას ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით, ასეთ შემთხვევაში გადახდილი თანხა ა-------ური წლის ღირებულების 10%–ის გამოკლებით სრულად უბრუნდება მხარეს, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება“.

 

აპელნატი მიუთითებს, რომ ა--ა და ა-–---------------–--ეების კანონიერ წარმომადგენელთან ხელშეკრულება დადებულია 2----–-–----------------–ს, ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით კი მათ ა-------ას მიმართეს 2014 წლის ოქტომბერში; ვინაიდან მოსარჩელის მიერ დაცული არ იყო 7.1. მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების მოშლის ვადა, მათ მიერ გადახდილი თანხა ამავე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა. შესაბამისად, აპელანტის შეფასებით, ხელშეკრულების მეშვიდე მუხლის და კონკრეტულად სადავო და სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი 7.4 მუხლი, არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და სრულ შესაბამისობაშია სამოქალაქო კოდექსის 319–ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნასთან; დასახელებული ნორმის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი; პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში ვერ უთითებს, კონრეტულად რომელი კანონის რომელ დადგენილ წესსა და აკრძალვებს არღვევს ხელშეკრულების ბათილად ცნობილი 7.4. მუხლი, რით ეწინააღმდეგება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

3.2. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.2.1. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი უსწორობა მდგომარეობს მის 6.3 პუნქტში, კერძოდ კი, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტი იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მხრიდან დისკრიმინაციულ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლოს მსჯელობა წინააღმდეგობაში მოდის მხარეთა ახსნა-განმარტებებთან, მოწმეთა ჩვენებებთან და საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, რომლითაც დასტურდება შპს ,,ბ----------–----------–----------ის“ მხრიდან ა-–---------------–--ისადმი დისკრიმინაციული მოპყრობა; აღნიშნულის შედეგად ნ------------–ს მოუხდა ტკივილის გადატანა; ამასთან, შვილის განვითარებისათვის გაწეული თითქმის ორწლიანი შრომა, პედაგოგის ქმედებების გამო შედეგოდ ხდებოდა. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დასტურდება ის ფაქტი, რომ ა-–---------------–--ეს სკოლამდელი აღზრდის პროგრამის გავლის პარიოდში რაიმე სახის პრობლემა, არც სასაწავლო და არც სხვა სახის აქტივობებთან დაკავშირებით, არ შექმნია; პრობლემები შეიქმნა 20133-2014 სასწავლო წლის დასაწყისში; კერძოდ, ბავშვი აპროტესტებდა ბაღში წასვლას, პედაგოგის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო აღმზრდელობითი ღონისძიებების გატარებას, მასწავლებელი სისტემატიურად ითხოვდა ბავშვის ბაღიდან დროზე ადრე გაყვანას და ბავშვს დასჭირდა ფსიქოლოგი; დასახელებულ გარემოებათა ერთობლიობა, ადასტურებს დისკრიმინაციულ მოპყრობას და იმას, თუ რა სახის ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა ა-–---------------–--ეს და რა სულიერი ტკივილისა და ტანჯვის გადატანა მოუხდა დედას _ ნ------------–ს.

 

3.2.2. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 და 413-ე მუხლებს, რის გამოც 2----–-–----- ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში დაუსაბუთებელია, კანონშეუსაბამოა, უნდა გაუქმდეს და დაკმაყოფილდეს ნ------------–ის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

შპს ,,ბ----------–----------–----------ას“ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით:

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში იკვლევს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

4.1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში, აპელანტი შპს ,,ბ----------–----------–----------ა“, მიუთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის და უსაფუძვლობის თაობაზე, რაც ემყარება იმ არგუმენტს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება ნ------------–ის მხრიდან 2----–-–---------------–ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის არარსებობის შესახებ, იმ პირობებში, როდესაც ნ------------–ის მიერ არ იქნა დაცული ხსენებული ხელშეკრულების 7.1. მუხლი; დასახელებული 7.1. მუხლის მიხედვით, ,,თუ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 დღის განმავლობაში წერილობით მიმართავს ა-------ას ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით, ასეთ შემთხვევაში, გადახდილი თანხა, ა-------ური წლის ღირებულების 10%–ის გამოკლებით, სრულად უბრუნდება მხარეს, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება“.

4.2. მოცემულ საქმეში შეფასების საგანს წარმოადგენს აგრეთვე მხარეთა შორის 2----–-–----------------–ს დადებული ხელშეკრულების 7.4 მუხლის ბათილობის სამართლებრივი საფუძვლის შეფასება.

სამოქალაქო კოდექსის 50–ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი და მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები თავისუფლად განკარგავენ თავიანთ უფლებებს, შედიან ურთიერთობაში კონტრაჰენტთან და დებენ გარიგებებს. სამოქალაქო სამართალი არის მხარეთა თავისუფალი ნების სამართალი, მხარეები თავისუფლად განაგებენ სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანს და ფარგლებს, ამავდროულად, კანონმდებლობა იცავს იმ მხარეს, რომლის უფლებები უგულებელყოფილი იქნა.

სამოქალაქო კოდექსი ამკვიდრებს პრინციპებს, რომ მხარეთა ნების ავტონომია იქნება გარანტირებულად დაცული, რომ მხარეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის, კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება (სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლი), მაგრამ, მეორე მხრივ, სამოქალაქო კოდექსი ხაზს უსვამს, რომ მხარეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი (სამოქალაქო კოდექსის მე-8, 54-ე, 115-ე მუხლები).

პალატა აღნიშნავს, რომ ისეთი შინაარსის ურთიერთობებისათვის, როგორიც მხარეთა შორის 2----–-–----------------–ს გაფორმებული ხელშეკრულებაა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების საგანს, მხარეთა ნებასა და მოლოდინს მისი შესრულების მიმართ, კერძოდ კი, რამდენადაც ხსენებული ხელშეკრულების საგანს ა-------ის მხრიდან მოსწავლის სკოლამდელი განათლების პროგრამის შესაბამისად მომზადება და მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ სწავლის ღირებულების გადახდა წარმოადგენდა, ყურადღება უნდა მიექცეს მხარეთა მოლოდინს ხელშეკრულების შესრულების მიმართ; ნ------------–ის შემთხვევაში ინტერესის სფეროს წარმოადგენდა ის, რომ მის შვილებს მიეღოთ ადეკვატური და სათანადო სკოლამდელი განათლება, ხოლო ა-------ის შემთხვევაში - მიეღო ადეკვატური და სათანადო სკოლამდელი განათლების შესაბამისი სწავლის საფასური. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ შპს ,,ბ----------–----------–----------ის“ მხრიდან ვერ იქნა უზრუნველყოფილი ხელშეკრულების საგნის სათანადო ხარისხით და პირობებით მიწოდება, მისივე განმარტებით, სარჩელში ასახული გარემოებების გათვალისწინებით, მისთვის მიუღებელი იყო შემდგომში ხელშეკრულების გაგრძელება, შესაბამისად, ნ------------–მა დაკარგა რა სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელების ინტერესი, ვადამდე შეწყვიტა ხელშეკრულება, იმისდა მიუხედავად, რომ მის მიერ სწავლის საფასურის წინასწარ სრულად იყო გადახდილი.

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ 2----–-–----------------–ის ხელშეკრულების 7.4. პუნქტით გათვალისწინებული პირობა: ,,მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის ან ა--------- ინიციატივით წინამდებარე ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში გადახდილი სწავლის ღირებულება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება“, არ წარმოადგენს პირგასამტეხლოს თაობაზე მხარეთა შეთანხმებას და აღნიშნულის შესახებ დათქმას, ვინაიდან აღნიშნული პუნქტი არ მიესადაგება პირგასამტეხლოს სამართლებრივ ბუნებას და არსს; მეტიც - იურიდიულ ლიტერატურაში დამკვიდრებული დეფინიციით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის; განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია მითითებული წესის დაცვით მხარეთა შეთანხმებას და მის გარიგებაში ასახვას; არც დასახელებული გარემოებების არსებობაა სახეზე; დადგენილია, რომ ნ------------–ს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად აქვს შესრულებული სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულება. ამდენად, პალატის შეფასებით, 2----–-–---------------–ის სადავო 7.4 პუნქტის დანაწესი, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის ან ა--------- ინიციატივით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში გადახდილი სწავლის ღირებულების დაუბრუნებლობის თაობაზე, არ წარმოადგენს პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმებას;

სააპელაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისთვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავეზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა.

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების პირობების სტანდარტულ პირობებად მიჩნევის სავალდებულო ნიშნებია:

 

_ სტანდარტული პირობები არის სახელშეკრულებო პირობები;

_ სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული პირობები;

_ სტანდარტული პირობები არის მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები;

_ სტანდარტულ პირობებს ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს;

_ სტანდარტული პირობებით უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ამ მათი შემვსები წესების დადგენა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული 2----–-–---------------–ის ხელშეკრულებების მე-7 მუხლის პირობა იმის თაობაზე, რომ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის ან ა-------ის ინიციატივით წინამდებარე ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში გადახდილი სწავლის ღირებულება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, პასუხობს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობად მიჩნევისათვის სავალდებულო ნიშნებს;

 

სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლის თანახმად, ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად მისი ხელშეკრულებაში ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოებები, რომელთა არსებობისას იქნა ეს პირობები ხელშეკრულებაში შეტანილი, მხარეთა ორმხრივი ინტერესები და სხვა.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა შეიცავს ხელშეკრულების მეორე მხარის ინტერესების დაცვის საგარანტიოდ, ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბათილობის სამართლებრივ შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუკი სტანდარტული პირობა ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული დათქმა წარმოადგენს ხელშეკრულებაში გაწერილ მხარისთვის აშკარად საზიანო პირობას, რომელიც უაღრესად არახელსაყრელ მდგომარეობაში აგდებს მოწინააღმდეგე მხარეს. კერძოდ, აღნიშნულ ურთიერთობაში დაუცველი მხარე არის არასრულწლოვანი ა--------------–--ის და ა-–---------------–--ის კანონიერი წარმომადგენელი ნ------------–ი; მისი განმარტებით, მიზანი, რაც გააჩნდა მხარესთან დადებული გარიგებით - მიუღწეველია და მეტიც, გარიგების ფარგლებში ურთიერთობის შემდგომი გაგრძელება მიუღებელი აღმოჩნდა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე; ამდენად, მხარის მოთხოვნა სწორედ ამ გარემოებებს ემყარება და სარჩელშიც აღნიშნულია იმის თაობაზე, რომ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების და კანონმდებლობით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის უფლების გამოყენების პირობებში, ა-------ის მხრიდან წინასწარ გადახდილი იმ თანხის დაუბრუნებლობა, რომლის სანაცვლოდ მომსახურება არ გაწეულა, ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგო პირობაა და იგი საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის, რაც სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლის შესაბამისად, მხარეებს შორის დადებული 2----–-–---------------–ის ხელშეკრულებების სადავო პირობის ბათილობის საფუძველია.

ნ------------–ის შეგებებულ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით:

 

4.3. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტში მითითებული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე შპს ,,ბ----------–----------–----------ის“ მხრიდან, ა-–---------------–--ისადმი დისკრიმინაციულ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

 

4.4. სამართლებრივი თვალსაზრისით შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 და 413-ე მუხლების არასწორ შეფასებას.

 

პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვით, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორმა უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ შპს ,,ბ----------–----------–----------ის“ მხრიდან ა-–---------------–--ისადმი დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენის მიზნით, უნდა განიმარტოს დისკრიმინაციის არსი;

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის შინაარსით ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის შესაბამისად, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ დისკრიმინაციის აკრძალვის თაობაზე მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებაშია მოხსენიებული და განსაკუთრებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა.

ზემოაღნიშნული მე-14 მუხლისაგან განსხვავებით, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას მხოლოდ კონვენციით გარანტირებულ უფლებებთან მიმართებით, კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლის თანახმად, კანონით დადგენილი, ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონების, დაბადების ან სხვა ნიშნისა; დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია პირველ პუნქტში აღნიშნული რომელიმე საფუძვლით. მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით კი შესაძლებელია დავასკვნათ, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები კრძალავს ყველა სახის განსხვავებულ მოპყრობას. პალატა მიუთითებს, რომ დისკრიმინაცია სახეზეა, როდესაც პირს ხელი ეშლება საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობისას, არსებობს განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში მყოფი პირების მიმართ, არ არსებობს კანონით განსაზღვრული მიზანი, განსხვავებულ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და იგი დასახული მიზნის არათანაზომიერია.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებებით, არ დასტურდება ა-------ის მხრიდან, ა-–---------------–--ის მიმართ, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტობრივი გარემოება და არც შეგებებული საჩივრის ავტორს წარუდგენია სასამართლოსთვის შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც დასახელებული გარემოება დადასტურდებოდა.

 

4.5. აქვე პალატა შენიშნავს, რომ სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 და 413-ე მუხლების არასწორ შეფასებასთან დაკავშირებით. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიზნებისათვის, მორალური ზიანის შინაარსში იგულისხმება სამართლებრივად დაცული იმ არაქონებრივი ინტერესის ხელყოფა, რომელსაც მატერიალურად არაფერი შეესაბამება (სულიერი ან ფიზიკური ტკივილი, განცდა და სხვა). მორალური ზიანი სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ზიანს გულისხმობს. ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში, გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია და, შესაბამისად, არამატერიალიზებული ზიანია. არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფა კი, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას იწვევს. ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს მორალური ზიანის არსებობა, რომლის არსებობა გარეგნულად ცალსახად გამოხატული არ არის, მისი კონკრეტული მტკიცებულებით დადასტურება რთულია და ზოგ შემთხვევაში, შეუძლებელიც კი; შესაბამისად, მხარის მტკიცების ტვირთი არ უნდა დამძიმდეს. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს, მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოიწვევდა თუ არა მის ფსიქიკაში ნეგატიურ ცვლილებებს.

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. აღნიშნული ნორმის თანახმად, მორალური ზიანის ანაზღაურება შემოიფარგლება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებით. აქ იგულისხმება არა მხოლოდ სამოქალაქო კოდექსით დადგენილი შემთხვევები, როგორიცაა მე-18 მუხლი თუ სხვა, არამედ მხედველობაში მიიღება ასევე კერძო და საჯარო სამართლის სხვა ნორმატიული აქტები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოქმედება ვრცელდება არასახელშეკრულებო, დელიქტური ურთიერთობების მიმართ, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურება, როგორც სამოქალაქო-სამართლებრივი სანქცია, გათვალისწინებულია არაქონებრივი და არამატერიალური ზიანისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის განმარტების მიზნებისათვის, პალატა მოიხმობს საკასაციო სასამართლოს დადგენილ მყარ სასამართლო პრაქტიკას და მიუთითებს, რომ ,,კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს მორალური, სულიერი განცდები, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. განსახილველი ნორმის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი... სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა. სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა, უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის მახასიათებელი თვისება არის ადამიანის ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროში ნეგატიური ზემოქმედების მოხდენა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში“ (სუსგ Nას-452-431-2015, 28.09.2015).

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მსჯელობას და მიუთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ჩანაწერზე, სადაც ნახსენებია, რომ საქმე ეხება სპეციფიურ შემთხვევას, როცა მორალური ზიანი უშუალოდ დაკავშირებულია ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ფაქტთან; კერძოდ, როგორც სარჩელის, ასევე - შეგებებული სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ნ------------–ი ვალდებული იყო დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედებით მის ჯანმრთელობას ზიანი მიადგა და ამით მან მიიღო მორალური ტრავმა, საქმის მასალებით კი არ დასტურდება მსგავსი ფაქტობრივი გარემოება; მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება მოწინააღმდეგე მხარის მიერ ა-–---------------–--ისათვის სკოლამდელი განათლების პროგრამით გათვალისწინებული სწავლების არაჯეროვან განხორციელებას და აღნიშნულის გამო მშობლის მიერ განცდილ ფსიქოლოგიურ ტკივილს; სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასახელებული დასაბუთებით მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივრების დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ,,ბ----------–----------–----------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ნ------------–ის, ა--------------–--ისა და ა-–---------------–--ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

3. მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–----- ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე /ხათუნა არევაძე/

 

მოსამართლეები: / თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი/

 

/ გოგიტა თოთოსაშვილი /