განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.05.2018
საქმის ნომერი
330210016001498320
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
24.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210016001498320

საქმე №2ბ/736-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა

მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი

გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი

 

I. აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - სს „სა---------–-------------ა“

წარმომადგენელი - ნა-------–-------–---–ი

 

II. აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - გი-------------ა

წარმომადგენელი - მა-------------–--ე

 

დავის საგანი - სარჩოს ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

I. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

II. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით გი-------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს „სა---------–-------------ას“ გი-------------ას სასარგებლოდ დაეკისრა სარჩოს ანაზღაურება: 2013 წლის ნოემბრიდან, 2016 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით ჯამში 10496.22 ლარის ოდენობით (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გარეშე); 2016 წლის 1 სექტემბრიდან 531.17 ლარის გადახდა (საპენსიო ასაკის მიღწევამდე).

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. გი-------------ა წლების განმავლობაში მუშაობდა სს „სა---------–-------------აში“ სადგურ სამტრედიის მებუნიკედ;

 

2.2. 1990 წელს მიღებული საწარმოო ტრავმის გამო მოსარჩელე ყოველთვიურად იღებდა სარჩოს მოპასუხე ორგანიზაციიდან;

 

2.3. 2013 წელს გი-------------ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სს „სა---------–-------------ის“ მიმართ სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებისა და მიუღებელი სარჩოს სხვაობის დაკისრების მოთხოვნით 2010 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით გი-------------ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სს „სა---------–-------------ას“ გი-------------ას სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი სარჩოს სხვაობის ერთჯერადად გადახდა 8003.88 ლარის ოდენობით (ტ. І, ს.ფ. 16).

 

2.4. სს „სა---------–-------------ის“ სადგურ სამტრედიის მებუნიკის ყოველთვიური ხელფასი 2014 წლის 01 იანვრიდან გაიზარდა და დღემდე შეადგენს 590 ლარს (ტ. І, ს.ფ. 26).

 

2.5 2014 წლის 01 ინვრიდან გაზრდილი ხელფასის მიუხედავად გი-------------ას სარჩოს ოდენობა 2013 წლის 01 ნოემბრიდან 2016 წლის 01 სექტემბრამდე არ გაზრდილა (ტ. І, ს.ფ 24).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.6. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს ზიანის მიყენების შესახებ სამართლებრივი ურთიერთობიდან. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის წინაშე ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა სს „სა---------–-------------ა“.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

სშკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება დელიქტური პასუხისმგებლობის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

 

2.7. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ წარმოშობილი სს „სა---------–-------------ის“ ვალდებულება დელიქტურ ვალდებულებას წარმოადგენს, რომელსაც ის ნაწილობრივ ასრულებს. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად კი, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

 

მოცემულ საქმეში, დადგენილია და სადავო არ არის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გი-------------ას მიერ საწარმოო ტრავმის მიღების ფაქტი. მოსარჩელე მოპასუხისაგან იღებს ყოველთვიურ სარჩოს. წინამდებარე სასარჩელო წარმოების გზით გი-------------ასთვის სარჩოს დაწესება კი არ ხდება, არამედ დაწესებული სარჩოს გადაანგარიშება. სს „სა---------–-------------ას“ აღიარებული აქვს ვალდებულება მოსარჩელისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდაზე, რასაც ასრულებს კიდეც.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც დადგენილია, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „სა---------–-------------ას“ გი-------------ას სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი სარჩოს ერთჯერადად გადახდა 8003.88 ლარის ოდენობით. 2014 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 01 სექტემბრამდე, მებუნიკის ყოველთვიური ხელფასი გაიზარდა და დღეის მდგომარეობით შეადგენს 590 ლარს. მიუხედავად გაზრდილი ხელფასისა, გი-------------ას სარჩოს ოდენობა არ შეცვლილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს 2013 წლის 01 ნოემბრიდან 2016 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით გადაანგარიშებული სარჩოს სხვაობის 10496.22 ლარის გადახდას, ასევე მოსარჩელე ითხოვს 2016 წლის 01 სექტემბრიდან ყოველთვიურად მებუნიკის ხელფასის 90%-ის გადახდას.

 

როგორც დადგენილია, 2014 წლის 01 იანვრიდან სადგურ სამტრედიის მებუნიკის ხელფასი შეადგენს 590 ლარს, სარჩელის აღძვრამდე ბოლო სამი წლის განმავლობაში 2013 წლის 01 ნოემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტოს დროის მონაკვეთში მოსარჩელის მიერ სარჩოს სახით მიღებულ და მისაღებ თანხებს შორის სხვაობა შეადგენს სულ 10496.22 ლარს (აღნიშნული თანხა წარმოადგენს ხელზე ასაღებ ოდენობას), რომლის გადახდაც გი-------------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სს „სა---------–-------------ას“.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლი კი ადგენს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

ზიანის (განცდილი ქონებრივი დანაკლისი) ანაზღაურების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა, ისე, როგორც ეს იყო ზიანის მიყენებამდე, მისი რესტიტუცია ანუ იმ პირობებში ჩაყენება, თითქოსდა არ არსებულა ზიანის მავალდებულებელი გარემოება. განსახილველ შემთხვევაში, სარჩოს გადაანგარიშების მიზანია დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება, რასაც მოსარჩელე მიიღებდა, სარჩოს მიღების საფუძვლის-დაზიანების (უბედური შემთხვევის) ფაქტის არარსებობისას.

 

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლზე რომლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

იმ გარემობის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი მუშაკის, სადგურ სამტრედიის მებუნიკის ხელფასი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო, დარიცხული ხელფასი სარჩელის აღძვრის მომენტისათვის - 2016 წლის 1 სექტემბრისათვის შეადგენს 590 ლარს, რაც ამჟამადაც უცვლელია, მოსარჩელის მიერ სარჩოს სახით მისაღები ოდენობა, მისი შრომის უნარის დაკარგვის ხარისხის 90%-ის გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს 531 ლარით ყოველთვიურად. ამავე დროს, მოპასუხეს აღნიშნული ვალდებულება უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევამდე.

 

სამართალურთიერთობის სწორ შეფასებას წარმოადგენს ის, რომ მოპასუხე სს „ს----------–----------------ა“ არამართლზომიერად ახდენდა მოსარჩელის სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებას. შესაბამისად, სარჩოს სახით, ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენს, რასაც დაზარალებული იღებდა დაწესებულებიდან ჯანმრთელობის დაზიანებამდე, შრომის უნარის დაკარგვის ხარისხთან შეფარდებით; ამასთან, ვინაიდან დაზარალებულის განრიგის მუშაკების ხელფასი გარკვეულ პერიოდში იზრდებოდა, სარჩოს გადაანგარიშება უნდა მოხდეს გაზრდილი ხელფასის პროპორციულად. თუმცა, სარჩოს გადახდის ვალდებულებაც, ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად უნდა ჩაჯდეს გარკვეულ ჩარჩოებში.

 

ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებებში, პრეზუმირებულია, რომ მოსარჩელე იმუშავებდა საპენსიო ასაკის მიღწევამდე. შესაბამისად, საწარმომ - ზიანის მიმყენებელმა - სარჩოს მიცემის ვალდებულება უნდა შეასრულოს მანამდე, ვიდრე საწარმოს ბრალით დაზარალებული თანამშრომელს ექნებოდა შესაძლებლობა ემუშავა საწარმოში. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა ეფუძნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკასა და განმარტებას. (იხ. სუსგ№789-746-2015, 22.01.2016წ.)

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი იყო დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

І აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილებით მოსარჩელე მხარეს მიაკუთვნა იმდენი თანხა, რაც სარჩელით არ მოუთხოვია, კერძოდ: სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა გაზრდილი მებუნიკის ხელფასის შესაბამისად, 2013 წლის ნოემბრიდან 2016 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით - ჯამში სხვაობის 10496,22 ლარის დაკისრება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით, ასევე, 2016 წლის 1 სექტემბრიდან ყოველთვიურად მებუნიკის ხელფასის შესაბამისად (90%-ის გათვალისწინებით), რაც შეადგენს სარჩელის მიხედვით 531 ლარს, საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით. სასამართლომ კი სს „სა---------–-------------ას“ დააკისრა, 2013 წლის ნოემბრიდან 2016 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით მისაღები სარჩოს სხვაობის ჯამში - 10 496,22 ლარის გადახდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გარეშე. ასევე 2016 წლის 1 სექტემბრიდან 531.17 ლარის გადახდა (საპენსიო ასაკის მიღწევამდე), საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინების გარეშე, რაც არ ემთხვევა, როგორც სარჩელით მოთხოვნილ თანხას, აგრეთვე აღნიშნულ თანხაში არ არის ჩათვლილი საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი, რაც გაცილებით მეტია სარჩელო მოთხოვნაზე.

 

3.1.2. აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული ნორმები არ აწესრიგებს სარჩოს დანიშვნის წესს, სამოქალაქო კოდექსში, სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას არეგულირებს 408-ე მუხლის მე-2 და არავითარ შემთხვევაში 1-ლი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ დანაწესს, რომელიც, უშუალოდ შეეხება სხეულის დაზიანების ფაქტს და მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ადგენს კომპენსაციის პირველადი მდგომარეობის აღდგენის საშუალებას სარჩოს დანიშვნის გზით. 408-ე მუხლის მეორე ნაწილი პირდაპირ ადგენს, ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში თუ რა მეთოდით უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და მასზე ამავე მუხლის პირველი ნაწილის გავრცელება, როგორც განსხვავებული მოწესრიგება, დაუშვებელია. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ზოგადად მიუთითებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულებაზე, ხოლო, მისი მეორე ნაწილი გამომდინარეობს პირველი ნაწილისგან და აზუსტებს მას, ანუ ადგენს სხეულის დაზიანების შემთხვევაში მდგომარეობის აღდგენის მეთოდს. მუშაკის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა სარჩოს დანიშვნა უვადოდ არაეფექტური და არაზუსტი გადაწყვეტაა პრობლემისა, ვინაიდან, წინასწარ ზუსტად განსაზღვრა მიუღებელი შემოსავლისა მთელი ცხოვრების მანძილზე შეუძლებელია და ამასთან, საგულისხმოა, რომ მტკიცების სირთულის თვალსაზრისით მოდავე მხარეებისათვის თანაბარმნიშვნელოვანია. კანონი ლოგიკურად დარჩა საკითხის მოწესრიგების იმგვარ ფორმაზე, როგორიცაა სარჩოს დანიშვნა იმ ოდენობიდან, რა ოდენობითაც დაზარალებული იღებდა ხელფასს ზიანის მიყენების დროს და მას ეს სარჩო ერიცხება ცხოვრების ბოლომდე. როგორც ჩანს, აღნიშნული მოწესრიგების ,,ხარვეზიანობის" სავარაუდოობისა და საეჭვოობის ,,საკომპენსაციოდ" კანონი როგორც უკვე აღვნიშნეთ, ითვალისწინებს სარჩოს გადახდას სტაბილურად ფიქსირებული ოდენობით მთელი ცხოვრების მანძილზე. კანონმდებელმა ამ გზით, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის ფონზე მათი უფლებებისა და ინტერესების შეჯერების საფუძველზე მოაწესრიგა აღნიშნული საკითხი, რაც სავსებით ლოგიკურია ზოგად-სამართლებრივი თვალსაზრისით. აღნიშნულ შემთხვევაში, როგორც ერთი მხარის, ისე მეორე მხარის უფლებების მოსალოდნელი შეზღუდვა დაყვანილია მინიმალურ დონეზე. შესაბამისად, მოსარჩელე ნომინალურ დონეზეც კი ვერ ასაბუთებს მოთხოვნას, რაც სარჩელის შინაარსს ფორმალური თვალსაზრისით შეავსებდა. აღნიშნული კი განპირობებულია სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების როგორც სათანადო კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლის, ისე შესაბამისი ზოგადი სამართლებრივი პრინციპის არარსებობით.

 

აპელანტის მითითებით, მოსარჩელის მიერ მითითებული სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი პირველი ნაწილი ვრცელდება სახელშეკრულებო ან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც არ შეიძლება გავრცელდეს ჯანმრთლობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურებაზე.

 

3.1.3. ზემოაღნიშნული გარემოებები ნათელს ხდის, რომ პირვანდელი მდგომარეობა მოსარჩელის მიერ დაყენებული მოთხოვნის ლოგიკიდან გამომდინარე, მხოლოდ სავარაუდო ხასიათს ატარებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც თავისი მოთხოვნის საფუძვლად უთითებს. აღნიშნული დანაწესი გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპის შეჯიბრებითობის პრინციპიდან. სასამართლომ სარჩელით მოთხოვნილი ერთობლივი გასაცემი და ყოველთვიურად თანხის დაკისრება განახორციელა საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, ვინაიდან სარჩო წარმოადგენს შემოსავალს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 და 82-ე მუხლების თანახმად ის იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. სს "სა---------–-------------ა" მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად წარმოადგენს საგადასახადო აგენტს, რომელიც ახდენს საშემოსავლო გადასახადის გამოანგარიშებას გადამხდელთათვის, მის დაკავებას და გადასახადის თანხის კანონმდებლობის შესაბამისად ბიუჯეტში გადარიცხვას. უფრო მეტიც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა, როგორც ერთობლივი ასევე, ყოველთვიური სარჩოს გადახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.

 

3.1.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი სს „სა---------–-------------ა“ მოითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც არ დაკმაყოფილდება გი-------------ას სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

 

ІІ აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.2.1. აპელანტის მოსაზრებით, საპენსიო ასაკის მიღწევა არ ნიშნავს ჯანმრთელი ადამიანისთვის შრომისუნარის წართმევას და სიკვდილის დადგომას. მოპასუხე ორგანიზაციაში მრავლად არიან დასაქმებულნი 65 წელს გადაცილებული თანამშრომლები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1. უპირველეს ყოვლისა სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნებზე, რომელთა თანახმადაც, გი-------------ა მოპასუხისგან ითხოვს 2013 წლის 01 ნოემბრიდან 2016 წლის 01 სექტემბრამდე გადაანგარიშებული სარჩოს სხვაობას - 10496.22 ლარს და 2016 წლის 01 სექტემბრიდან ყოველთვიურად 531 ლარის გადახდას მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო განაკვეთის გათვალისწინებით.

 

4.2. უდავოა, რომ გი-------------ა წლების განმავლობაში მუშაობდა სს „სა---------–-------------აში“ სადგურ სამტრედიის მებუნიკედ. 1990 წლის 20 მარტს გი-------------ამ მიიღო საწარმოო ტრავმა და დაკარგა პროფესიული შრომის უნარი 100%-ით, საიდანაც მას ბრალად შეერაცხა 10%, ხოლო მოპასუხის ბრალს წარმოადგენდა 90%.

 

4.3. გი-------------ა საწარმოო ტრავმის გამო ყოველთვიურად იღებდა სარჩოს მოპასუხე ორგანიზაციიდან 220.17 ლარის ოდენობით.

 

4.4. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე გი-------------ას მოპასუხისგან მიღებულია აქვს 2010 წლის 01 ოქტომბრიდან 2013 წლის 01 ნოემბრამდე პერიოდზე სარჩოს გადანგარიშებულ და მიღებულ ოდენობებს შორის სხვაობა.

 

4.5. უდავოა, რომ სს „სა---------–-------------ის“ სადგურ სამტრედიის მებუნიკის ყოველთვიური ხელფასი 2013 წლის 01 ნოემბრიდან 2014 წლის 01 იანვარმდე შეადგენდა 550 ლარს (დარიცხული), ხოლო 2014 წლის 01 იანვრიდან დღემდე შეადგენს 590 ლარს (დარიცხული); ასევე უდავოა, რომ მიუხედავად მებუნიკის ხელფასის ზრდისა, გი-------------ას სარჩოს ოდენობა 2013 წლის 01 ნოემბრიდან 2016 წლის 01 სექტემბრამდე არ გაზრდილა.

 

4.6. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და შესაბამის სამართლებრივ ნორმებზე მითითებით სწორად ჩათვალა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობდა ზიანის მიყენების შესახებ სამართლებრივი ურთიერთობიდან. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაწესზე მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ გი-------------ას წინაშე ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა სს „სა---------–-------------ა“.

 

აპელანტი სს „სა---------–-------------ა“ პრეტენზიას ძირითადად ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ დასახელებული ნორმების შინაარსი აძლევს მოსარჩელეს სამართლებრივ საფუძველს, რომ მოითხოვოს სარჩოს გადახდევინება გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, რამდენადაც ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების – საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში, გ.--------ა მიიღებდა გაზრდილ ხელფასს. მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის არის თავად ის გარემოება, რომ მუშაკმა მიიღო სხეულის დაზიანება საწარმოო ტრავმის შედეგად, რასაც მოჰყვა შრომის უნარის დაკარგვა 100%-ით, უვადოდ. პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩოს ანაზღაურების მავლადებულებელი გარემოების დადგომა, პირს და მის რჩენაზე მყოფ პირებს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის ანაზღაურებას. ამასთან, სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას, აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო საწარმოო ტრავმის სახით. სარჩოს მიღებით ხდება პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ საწარმოო ტრავმის მიღების გამო მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ საწარმოო ტრავმის მიუღებლობის შემთხვევაში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და იგი მიიღებდა გაზრდილ ხელფასს.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩოს გადაანგარიშების საკითხზე მსჯელობისას სწორად იხელმძღვანელა ზემოთ მოხმობილი ნორმებით, ასევე, საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმით და სწორად შეაფასა, რომ მოპასუხე სს „სა---------–-------------ა“ არამართლზომიერად არ ახდენდა მოსარჩელის სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებას სადგურ სამტრდიის მებუნიკის გაზრდილი ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით და მოსარჩელე არასრულად იღებდა სარჩოს, რითაც მას ადგებოდა ზიანი.

 

მოცემულ დავაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გი-------------ას მიერ საწარმოო ტრავმის მიღების ფაქტი და მის სასარგებლოდ სარჩოს დანიშვნა დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ხოლო აღნიშნულ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ წინამდებარე დავაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. წინამდებარე სასარჩელო წარმოების გზით გი-------------ასთვის სარჩოს დაწესება კი არ ხდება, არამედ დაწესებული სარჩოს გადაანგარიშება. სს „სა---------–-------------ას“ აღიარებული აქვს ვალდებულება მოსარჩელისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდაზე, რასაც ასრულებს კიდეც.

 

2013 წლის 01 ნოემბრიდან 2016 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში მოსარჩელის მიერ სარჩოს სახით მიღებულ და მისაღებ თანხებს შორის სხვაობა შეადგენს 10496.22 ლარს ((495-220.17)*2+(531-220.17)*32), რა თანხაც წარმოადგენს დარიცხულ და არა ხელზე ასაღებ ოდენობას (იხ.: სარჩელი, ხელფასის ცნობა, ტ. І, ს.ფ. 6, 23).

 

ამდენად, გი-------------ამ ვერ მიიღო სარჩოს სხვაობა 2013 წლის ნოემბრიდან 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით, სულ 10 496.22 ლარი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.

 

4.7. სს „სა---------–-------------ას“ გი-------------ას სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს 2016 წლის 1 სექტემბრიდან, საპენსიო ასაკის მიღწევამდე, ყოველთვიურად, სარჩოს გადახდა 531 ლარის (590*90%) ოდენობით მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო განაკვეთის გათვალისწინებით.

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მამაკაცისათვის საპენსიო ასაკი 65 წლით არის განსაზღვრული.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში გადაანგარიშებული სარჩოს გადახდის ვალდებულება მომავლის პერიოდისათვის უნდა შემოიფარგლოს გარკვეული ჩარჩოთი - კონკრეტული ვადით, რადგან ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, პრეზუმირებულია, რომ გი-------------ა მოპასუხე ორგანიზაციაში იმუშავებდა მაქსიმუმ საპენსიო ასაკის მიღწევამდე და მიიღებდა შესაბამის ხელფასს. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა ეფუძნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკასა და განმარტებებს. (იხ. სუსგ №ას-789-746-2015, 22.01.2016წ. №ას-637-608-2016 23.09.2016წ.)

 

ამდენად, სააპელაციო პალატა არ იზიარებს გი-------------ას მოსაზრებას, რომ მის სასარგებლოდ მოპასუხეს სარჩო სიცოცხლის ბოლომდე უნდა დაკისრებოდა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გი-------------ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სს „სა---------–-------------ის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 და მე-2 პუნქტის შეცვლით მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „სა---------–-------------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. გი-------------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. და მე-2 პუნქტის შეცვლით, ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

 

4. სს „სა---------–-------------ას“ გი-------------ას სასარგებლოდ დაეკისროს სარჩოს ანაზღაურება: 2013 წლის 01 ნოემბრიდან, 2016 წლის 01 სექტემბრამდე 10 496.22 ლარის ოდენობით (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით).

 

5. სს „სა---------–-------------ას“ გი-------------ას სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 1 სექტემბრიდან საპენსიო ასაკის მიღწევამდე ყოველთვიურად სარჩოს - 531 ლარის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით) გადახდა.

 

6. სხვა ნაწილებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა

 

მოსამართლეები დიანა ბერეკაშვილი

 

გოდერძი გიორგიშვილი