განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820210017001889222
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ- 1312
18 აპრილი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: ირმა პერანიძე
სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი _ მირანდა ირემაძე
აპელანტი: რ----- ზ----ე;
წარმომადგენელი: ჯ------- ქ--------–-–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,ა-------–---–- ჯ--------“;
წარმომადგენელი: პ----- ფ----------ე, დ----- ფ----------ე;
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა: - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო პალატამ გამოარკვია:
რ----- ზ----ემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხედ შპს ,,ა-------–---–- ჯ--------“ დაასახელა და მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს 44835 ლარისა და მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,ა-------–---–- ჯ--------“ ახორციელებს ჰიდრო- ელექტრო სადგურის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობას შ------ში. მშენებლობის პროცესში კომპანია ახორციელებს მშენებლობის ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი მოქალაქეებისათვის საკომპენსაციო თანხების გადახდას. ამგვარი ზემოქმედების ქვეშ მოხვდა შ------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–----აში რ----- ზ----ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სადაც მას გაშენებული ჰქონდა მრავალწლოვანი ნარგავები, სხვადასხვა სახის ხეხილი. მოსარჩელის მფლობელობაში მყოფ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ხეები მოიჭრა იმის გამო,რომ მშენებელ კომპანიას დასჭირდა საავტომობილო გზის მოწყობა, რამაც მიწების ნაკვეთებიც მოიცვა. მშენებელი კომპანიის დაკვეთით შპს ,,ე-------------I“-ის მიერ შედგენილი იქნა შეფასების აქტი, რომლითაც მოჭრილი ხილის საკომპენსაციო ღირებულებამ შეადგინა ერთ წელზე გაანგარიშებით 6405 ლარი. თუმცა, შეფასების აქტში არ არის დაზუსტებული ხილის ჯიშები, არამედ არის ზოგადი მითითება ვაშლზე, ქლიავზე და ა.შ., მაშინ როდესაც სხვადასხვა ჯიშის ხილს აქვს სხვადასხვა პერიოდი, როდესაც ეს ხილი იწყებს მოსავლის მოცემას.
მოსარჩელემ განმარტა, რომ მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზით განისაზღვრა სხვადასხვა ჯიშის ხეხილის ნარგავების ნაყოფის მოცემისა და სრული მსხმოიარობის ვადები. მართალია, კომპანიის მიერ გადახდილი იქნა ხეხილის მოჭრის შედეგად მიყენებული ზიანი 5 წლით გადაანგარიშებაზე, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნით 5 წლის ასაკში, ზოგი ნარგავი არ იძლევა სრულ მოსავალს, მაშინ, როცა მოჭრილი ხეები სრულმოსავლიანი იყო. დასკვნის მიხედვით, მოჭრილი ხილი სრულ მოსავლიანობას იწყებს 10 წლის ასაკიდან, ანუ კომპანიას გადასახდელი აქვს ზიანი კიდევ 5 წელზე გათვლით, რაც შეადგენს 32 025 ლარს (5*6405), რადგან 5 წლის ზიანი უკვე ანაზღაურებულია.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხე მხარეს დაეკისროს 27 725 ლარის გადახდა.
მოპასუხე შპს ,,ა-------–---–- ჯ--------ს“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და თავის მხრივ განმარტა, რომ შპს ,,ა--------–---–- ჯ--------“ ახორციელებს შ-----------ის პროექტს, რის გამოც აუცილებელი იყო რ----- ზ----ის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების შეძენა და კომპანიის მიერ აღნიშნულ მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვება. კომპანიას და რ----- ზ----ეს შორის გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რ----- ზ----ეს გადაუხადეს კომპენსაცია. კომპენსაციის გადახდის შემდგომ ცხადია მოიჭრა მიწაზე არსებული ხეები. კომპანია და რ----- ზ----ე ნარგავების კომპენსაციის გადახდის შესახებ ხელშეკრულებით ერთობლივად შეთანხმდნენ, რომ უძრავ ქონებაზე არსებული ნარგავების შეფასებას მოახდენდა მხარეთა შორის შეთანხმებული მესამე პირი, კერძოდ, შპს ,,ე-------------“. აღნიშნულ შეთანხმებაში რ----- ზ----ე აცხადებს და ადასტურებს, რომ საკომპენსაციო თანხის გადახდის შემდეგ მას აღარ ექნებოდა პრეტენზია და მოთხოვნა კომპანიის მიმართ კომპენსაციის თაობაზე. კომპანიამ ნარგავების კომპენსაციის გაცემა განახორციელა მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის შეფასების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მხარეთა მიერ შეთანხმებული ექსპერტის მიერ დადგენილი იქნა მრავალწლიანი ნარგავების საბაზრო ღირებულება 1 წელზე გაანგარიშებით. მიუხედავად იმისა, რომ რ----- ზ----ე თანახმა იყო მიეღო აღნიშნული საბაზისო ღირებულება, ანუ ერთწლიანი კომპენსაცია და არ გააჩნდა არანაირი სამართლებრივი ან სხვა სახის მოთხოვნა/პრეტენზია კომპანიის მიმართ, შპს ,,ა-------–---–- ჯ--------მ“ თავისი სურვილით მოახდინა არა ერთწლიანი არამედ 5 წლიანი ღირებულების გამოთვლით კომპენსაციის გადახდა. ზოგიერთ ჯიშის ხეხილზე, კერძოდ, კაკალზე, თუთაზე და კომშზე კი მოახდინა 8 წლიანი კომპენსაციის გადახდა. მოსარჩელის მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. მხარეებს შორის უკვე არსებობს ორმხრივი შეთანხმება, რის საფუძველზეც რ----- ზ----ემ სრულიად მიიღო ნარგავების კომპენსაციის თანხა და რომელი შეთანხმებითაც იგი ადასტურებს, რომ მომავალში არ ექნებოდა არანაირი სახის მოთხოვნა/პრეტენზია კომპანიის მიმართ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ----- ზ----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სარჩელის განმხილველმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილი იქნა, რომ 2013 წლის 13 მარტს შპს ,,ა--------–---–- ჯ--------ს“ და რ----- ზ----ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მიწით სარგებლობის შეწყვეტის შესახებ, რომლის თანახმადაც რ----- ზ----ემ განაცხადა თანხმობა შეწყვიტოს უძრავი ქონებით (მდებარე შ------ის რაიონის სოფელ ა---–----აში 1967 კვ.მ. მიწის ნაკვეთი) სარგებლობა და გავიდეს უძრავი ქონებიდან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან 5 დღის ვადაში.
დადგენილი იქნა, რომ 2013 წლის 13 მარტის, შპს ,,ა-------–---–- ჯ--------ს“ და რ----- ზ----ეს შორის გაფორმებული მიწით სარგებლობის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ კომპანია უზრუნველყოფს უძრავ ქონებაზე განთავსებული ნარგავების ღირებულების ანაზღაურებას საბაზრო ფასით, რომელსაც დადგენს მხარეთა მიერ შერჩეული შპს ,,ე-------------“.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 13 მარტის ხელშეკრულებით კომპანიამ აიღო ვალდებულება გადაუხადოს მიწით მოსარგებლეს კომპენსაცია უძრავ ქონებაზე განთავსებული ნარგავებისათვის ექსპერტის მიერ განსაზღვრული საბაზრო ფასის ოდენობით 2013 წლის 15 აპრილამდე. საკომპენსაციო თანხის მიღებისას მიწით მოსარგებლე იღებს ვალდებულებას არ მოითხოვოს საკომპენსაციო თანხის გაზრდა, ან რაიმე სხვა კომპენსაცია მის მიერ უძრავი ქონებით სარგებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,ექ-------------“-ის 2013 წლის 15 აპრილის შეფასების ანგარიშით შ------ის რაიონის სოფელ ა---–----აში მდებარე რ----- ზ----ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე არსებული ხეხილის საბაზრო ღირებულება შეფასების მომენტისათვის, 2013 წლის 15 აპრილის მდგომარეობით, შეადგენდა 6405 ლარს.
დადგენილი იქნა, რომ 2013 წლის 01 სექტემბერს შპს ,,ა-------–---–- ჯ--------ს“ და რ----- ზ----ეს შორის გაფორმდა შეთანხმება ნარგავების კომპენსაციის გადახდის შესახებ.
დადგენილი იქნა, რომ რ----- ზ----ის ანგარიშზე შპს ,,ა-------–---–- ჯ--------ს“ მიერ ჩაერიცხა 42 595 ლარი.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე მოპასუხისგან ითხოვდა ნარგავების მოჭრით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას არა ხუთ წელზე გათვლით, არამედ 10 წელზე გათვლით, რაც შეადგენს 27 725 ლარს.
შპს ,,ე-------------“-ის 2013 წლის 15 აპრილის შეფასებით შ------ის რაიონის სოფელ ა---–----აში მდებარე რ----- ზ----ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული ხეხილის საბაზრო ღირებულება 1 წელზე გაანგარიშებით შეფასების მომენტისათვის, 2013 წლის 15 აპრილის მდგომარეობით, შეადგენდა 6405 ლარს.
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 13 მარტის შეთანხმების შემდეგ 2013 წლის 01 სექტემბერს შპს ,,ა-------–---–- ჯ--------ს“ და რ----- ზ----ეს შორის გაფორმდა შეთანხმება ნარგავების კომპენსაციის გადახდის თაობაზე. 2013 წლის 13 მარტის ხელშეკრულება და 2013 წლის 01 სექტემბრის შეთანხმება არ არის კანონსაწინააღმდეგო, გამოხატავს მხარეთა ნებას და გაუქმებული არ არის.
რ----- ზ----ის ანგარიშზე შპს ,,ა-------–---–- ჯ--------ს“ მიერ ეტაპობრივად ჩაირიცხა მთლიანობაში 42 595 ლარი. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მოპასუხისგან მიღებული აქვს საკომპენსაციო თანხები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ რ----- ზ----ის მოთხოვნა რაიმე კონკრეტულ საფუძვლებს არ ემყარება და დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ შეასრულა მასსა და მოსარჩელეს შორის დადებული ხელშეკრულებით და შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება ჯეროვნად და სრულად, 42 595 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იყო უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარჩელის დაკმაყოფლებიაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე და 361-ე მუხლებზე.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი საფუძვლები:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელე რ----- ზ----ის მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.
აპელანტმა მიუთითა იგივე გარემოებებზე, რაზედაც სარჩელში უთითებდა, ამასთან განმარტა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თავად მოპასუხე კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, მოპასუხის მიერ უნდა მომხდარიყო მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება ანუ იმ პერიოდამდე, ვიდრე ახლად დარგული ნარგავები არ მიაღწევდნენ სრულ მსხმოიარობის პერიოდს. ეს შეთანხმება უდავოდ დასტურდებოდა, თუმცა სასამართლომ მას არ მისცა სათანადო შეფასება, რის გამოც საქმეზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.
სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რ----- ზ----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება რ----- ზ----ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ, შპს ,,ა-------–---–- ჯ--------ს“ რ----- ზ----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 22 865 ლარის ანაზღაურება.
ამგვარ გადაწყვეტილებამდე პალატა მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ 2013 წლის 13 მარტს შპს ,,ა--------–---–- ჯ--------ს“ და რ----- ზ----ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მიწით სარგებლობის შეწყვეტის შესახებ, რომლის თანახმადაც რ----- ზ----ემ განაცხადა თანხმობა შეწყვიტოს უძრავი ქონებით (მდებარე შ------ის რაიონის სოფელ ა---–----აში 1967 კვ.მ. მიწის ნაკვეთი) სარგებლობა და გავიდეს უძრავი ქონებიდან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან 5 დღის ვადაში.
დადგენილია, რომ 2013 წლის 13 მარტის, შპს ,,ა-------–---–- ჯ--------ს“ და რ----- ზ----ეს შორის მიწით სარგებლობის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომპანია უზრუნველყოფს უძრავ ქონებაზე განთავსებული ნარგავების ღირებულების ანაზღაურებას საბაზრო ფასით, რომელსაც დაადგენს მხარეთა მიერ შერჩეული შპს ,,ე-------------“.
დადგენილია, რომ 2013 წლის 13 მარტის, შპს ,,ა-------–---–- ჯ--------ს“ და რ----- ზ----ეს შორის მიწით სარგებლობის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით, კომპანია იღებს ვალდებულებას გადაუხადოს მიწით მოსარგებლეს კომპენსაცია უძრავ ქონებაზე მდებარე ნარგავებისათვის ექსპერტის მიერ განსაზღვრული საბაზრო ფასის ოდენობით.
დადგენილია, რომ 2013 წლის 01 სექტემბერს შპს ,,ა-------–---–- ჯ--------ს“ და რ----- ზ----ეს შორის გაფორმდა შეთანხმება ნარგავების კომპენსაციის გადახდის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არაა და დადგენილია, რომ შპს ,,ა-------–---–- ჯ--------მ“ რ.ზ----ეს გადაუხადა სულ 42 595 ლარი. აღნიშნულ თანხაში შევიდა მიწის ნაკვეთზე გაშენებული ხეხილიდან 5 წლის განმავლობაში მისაღები ნაყოფის ღირებულებაც.
საქმეში ს/ფ 79-ზე წარმოდგენილია შპს ,,ე-------------“-ის დასკვნა, რომლის სამართლებრივი ღირებულებაც მხარეებს სადავო არ გაუხდიათ. დასკვნაში მითითებულია, რომ ქონების დათვალიერებას შემფასებლებთან ერთად ესწრებოდა მიწის ნაკვეთის მოსარგებლე (მათ შორის მოსარჩელე რ----- ზ----ე).
დასკნაში მითითებული შენიშვნის თანახმად გამომდინარე იქედან, რომ მაღალმთიან აჭარაში კლიმატური და სხვა პირობების გამო ხეხილი ვერ იძლევა სრულფასოვან მოსავალს შემფასებლის მიერ გაკეთდა კორექტირება თითოეული ერთეულისათვის:
1. 10 ძირი ვაშლის ხის მსხმოიარობის ასაკია 10-12 წელი, მსხმოიარობა კილოგრამებში - 150, ერთი კილოგრამის ფასი 2 ლარი, საერთო წლიური ღირებულება 3000 ლარი (10 ძირზე გაანგარიშებით);
2. 3 ძირი ვაშლის ხის მსხმოიარობის ასაკია 10-12 წელი, მსხმოიარობა კილოგრამებში - 150, ერთი კილოგრამის ფასი 2 ლარი, საერთო წლიური ღირებულება 900 ლარი (3 ძირზე გაანგარიშებით);
3. 1 ძირი ვაშლის ხის მსხმოიარობის ასაკია 10-12 წელი, მსხმოიარობა კილოგრამებში - 20, ერთი კილოგრამის ფასი 2 ლარი, საერთო წლიური ღირებულება 40 ლარი (1 ძირზე გაანგარიშებით);
4. 8 ძირი ქლიავის ხის მსხმოიარობის ასაკია 7 წელი, მსხმოიარობა კილოგრამებში - 40, ერთი კილოგრამის ფასი 0.5 ლარი, საერთო წლიური ღირებულება 160 ლარი (8 ძირზე გაანგარიშებით);
5. 2 ძირი ქლიავის ხის მსხმოიარობის ასაკია 8 წელი, მსხმოიარობა კილოგრამებში - 5, ერთი კილოგრამის ფასი 0.5 ლარი, საერთო წლიური ღირებულება 5 ლარი (2 ძირზე გაანგარიშებით);
6. 15 ძირი თხილის ხის მსხმოიარობის ასაკია 3-4 წელი, მსხმოიარობა კილოგრამებში - 15, ერთი კილოგრამის ფასი 5 ლარი, საერთო წლიური ღირებულება 1125 ლარი (15 ძირზე გაანგარიშებით);
7. 2 ძირი კაკლის ხის მსხმოიარობის ასაკია 30-35 წელი, მსხმოიარობა კილოგრამებში - 80, ერთი კილოგრამის ფასი 5 ლარი, საერთო წლიური ღირებულება 800 ლარი (2 ძირზე გაანგარიშებით);
8. 3 ძირი კაკლის ხის მსხმოიარობის ასაკია 30-35 წელი, მსხმოიარობა კილოგრამებში - 10, ერთი კილოგრამის ფასი 5 ლარი, საერთო წლიური ღირებულება 150 ლარი (3 ძირზე გაანგარიშებით);
9. 1 ძირი ლეღვის ხის მსხმოიარობის ასაკია 4-5 წელი, მსხმოიარობა კილოგრამებში - 15, ერთი კილოგრამის ფასი 1 ლარი, საერთო წლიური ღირებულება 15 ლარი (1 ძირზე გაანგარიშებით);
10. 1 ძირი ლეღვის ხის მსხმოიარობის ასაკია 4-5 წელი, მსხმოიარობა კილოგრამებში - 10, ერთი კილოგრამის ფასი 1 ლარი, საერთო წლიური ღირებულება 10 ლარი (1 ძირზე გაანგარიშებით);
11. 1 ძირი ტყემლის ხის მსხმოიარობის ასაკია 7 წელი, მსხმოიარობა კილოგრამებში - 10, ერთი კილოგრამის ფასი 0.5 ლარი, საერთო წლიური ღირებულება 5 ლარი (1 ძირზე გაანგარიშებით);
12. 6 ძირი ვენახი მაღლარის მსხმოიარობის ასაკია 10-12 წელი, მსხმოიარობა კილოგრამებში - 50, ერთი კილოგრამის ფასი 0.6 ლარი, საერთო წლიური ღირებულება 180 ლარი (6 ძირზე გაანგარიშებით);
13. 1 ძირი ხურმას ხის მსხმოიარობის ასაკია 7-8 წელი, მსხმოიარობა კილოგრამებში - 10, ერთი კილოგრამის ფასი 1.5 ლარი, საერთო წლიური ღირებულება 15 ლარი (1 ძირზე გაანგარიშებით);
14. 2 ძირი კომშის ხის მსხმოიარობის ასაკია 5-6 წელი, მსხმოიარობა კილოგრამებში - 70, ერთი კილოგრამის ფასი 1 ლარი, საერთო წლიური ღირებულება 140 ლარი (2 ძირზე გაანგარიშებით);
რის შედეგადაც რ----- ზ----ის სარგებლობაში არსებული ხეხილის საბაზრო ღირებულებამ შეფასების მომენტისათვის 6405 ლარი შეადგინა (ს/ფ 79).
პალატა ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის განმარტებებს, მასზედ, რომ შეთანხმების შესაბამისად, რ----- ზ----ემ სრულად მიიღო ნარგავების კომპენსაციის თანხა და რომ მას არა აქვს რაიმენაირი მოთხოვნის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულება მიწით სარგებლობის შეწყვეტის შესახებ, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ უძრავ ქონებაზე არსებული ყველა ნარგავის შეფასებას განახორციელებდა შპს ,,ე-------------“. ამავე ხელშეკრულებით კომპანიამ აიღო ვალდებულება გადაეხადა მიწით მოსარგებლისათვის კომპენსაცია უძრავ ქონებაზე მდებარე ნარგავებისათვის ექსპერტის მიერ განსაზღვრული საბაზრო ფასის ოდენობით. საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ე-------------“-ის დასკვნა ზემოაღნიშნული მოცემულობით. ამავდროულად საქმეში მოპასუხის მიერ წარმოდგენილია ხელშეკრულება ნარგავების კომპენსაციის გადახდის შესახებ, მაგრამ დოკუმენტი არ არის სრული, მას აკლია გვერდი, რომელიც არის არსებითი მნიშვნელობის მოცემული დავის გადაწყვეტისას და რომლის წარმოდგენაც მოწინააღმდეგე მხარემ, მიუხედავად სასამართლოს შეთავაზებისა, ვერ შეძლო. შესაბამისად, პალატა წარმოდგენილ მტკიცებულებას, როგორც სრულყოფილ სამართლებრივი ღირებულების მქონე მტკიცებულებას ვერ შეაფასებს. მეორე მხრივ მხარეთა შორის სადავო არაა, რომ მოსარჩელემ მიიღო კომპენსაცია 5 წლის განმავლობაში ხეხილიდან მისაღები მოგების გათვალისწინებით. აპელანტი განმარტავს, რომ აღნიშნული კომპენსაცია არ არის სრული. შეთანხმების შესაბამისად მას კიდევ 5 წლის კომპენსაცია ეკუთვნის. მოსარჩელის აღნიშნულ მოსაზრებას პალატა იზიარებს და ამას იგი უპირველესად სწორედ მხარეთა ნების გამოვლენას აყრდნობს.
სახელდობრ საქმეში ს/ფ 28-ზე განთავსებულია კომპანიის წერილი, სადაც იგი ზ----ისათვის გადასახდელი საფასურის გამოთვლას სწორედ იმ ღირებულების ოდენობას უკავშირებს, რასაც ოჯახი მიიღებდა სრულმსხმოიარე მცენარით არსებულის ჩანაცვლებისას. 13 ივნისის წერილით, რომელსაც პროექტის დირექტორი წერს ე------ ზ----ეს, 5 იანვრის წერილის საპასუხოდ, იგი აცნობებს ე.ზ----ეს, ხეხილის შეფასების პროცედურას, კერძოდ, მიუთითებს, რომ ხეხილის საბაზრო ღირებულების დადგენისას გათვალისწინებული იყო ხეხილის ტიპი, მოცემული ტიპის ზრდასრული ხის საშუალო ყოველწლიური მოსავლიანობა, მსხმოიარობამდე მისაღწევად აუცილებელი წლების რაოდენობა და მოცემული ტიპის ხილის საბაზრო ფასი. შემფასებლის მირ ხეხილის საკომპენსაციო თანხა დაანგარიშდა წლიური მოსავლის 1 კგ.-ზე საბაზრო ფასის გამრავლებით. შემფასებელმა დაადგინა რეგიონში თითოეული შესაფსებელი ხეხილის ჯიშების ტიპური ყოველწლიური მოსავლიანობა და ერთეულის საბაზრო ღირებულება. ამგვარად, დაადგინა ხეხილის სხვადასხვა ჯიშის ჩანაცვლების საფასური. ხეხილის ჩანაცვლების საფასურის გამოთვლას საფუძვლად დაედო ხეხილის საბაზრო ღირებულების ოდენობა, რომელსაც პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ოჯახი დაკარგავს იმ დროში, რომელიც სჭირდება ჩანაცვლებულ ნერგს, რათა მან მიაღწიოს ნაყოფის გამოღებისათვის აუცილებელ ასაკს (კერძოდ, ხუთი ან რვა წელი, დამოკიდებულია ხის ტიპზე). ამისთვის კი საჭირო გახდა ხეხილის თითოეული ტიპის საშუალო წლიური მოსავლის გამრავლება კილოგრამის საბაზრო ფასზე, რათა დადგენილიყო წლიური ღირებულება, რომელიც შემდეგ გამრავლდა იმ წლების რაოდენობაზე, რომელიც დასჭირდება ჩანაცვლებულ ნერგს ზრდასრული ასაკის მისაღწევად, კერძოდ, რვა წელი კაკლის, ატმისა და თუთის ხეების შემთხვევაში და ხუთი წელი ყველა დანარჩენ შემთხვევაში.
წარმოდგენილი დოკუმენტით თავად მოპასუხე მხარე სთავაზობს მოსარჩელეს საფასურის გამოთვლის მეთოდიკას რაც იმაში მდგომარეობს, რომ ოჯახმა უნდა მიიღოს იმდენი ანაზღაურება, რამდენადაც ოჯახი დაკარგავს იმ დროში, რომელიც სჭირდება ჩანაცლებულ ნერგს, რათა მან მიაღწიოს ნაყოფის გამოღებისათვის აუცილებელ ზრდასრულ ასაკს. ს/ფ 79-ზე განთავსებული მტკიცებულება სწორედ იმ რეკვიზიტების შემცველია, რაც ზიანის ოდენობის გამოანგარიშებისთვისაა აუცილებელი და რა შეთავაზებაც სწორედ 13 ივნისის წერილით გაუკეთდა მოსარჩელეს.
ასე მაგალითად: წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით (ს/ფ 79):
1) რ----- ზ----ეს ჰქონდა 10 ძირი ვაშლის ხე, რომელიც სრულმსხმოიარობას 10-12 წლის ასაკში მიაღწევდა. წელიწადში მისი მსხმოიარობა იყო 150 კგ. ერთეულის ფასი 2 ლარი, ღირებულება ჯამში 3000 ლარი;
დადგენილია, რომ რ----- ზ----ეს უკვე მიღემული აქვს კომპანიისაგან 5 წლის მანძილზე მისაღები შემოსავლის ღირებულება - ე.ი. დამატებით მისაღები აქვს 5 წლის მოსავლის ღირებულება, რაც უდრის 3000x5=15 000.
2) ვაშლი 3 ძირი, მსხმოიარობის წელი 10-12, მსხმოიარობა 150კგ., ერთეულის ფასი 2, საერთო ღირებულება 900, 900x5=4 500.
3) ვაშლი 1 ძირი 10-12 წელი, 40x5=200.
4) ქლიავი 8 ძირი, მსხმოიარობა 7 წელი, საიდანაც 5 წლის მიღებული აქვს, უნდა მიეცეს დამატებით 2 წლის მოსავლის ღირებულება, რაც შეადგენს 160x2=320.
5) ქლიავი 2 ძირი, მსხმოიარობა 8 წელი, 5 წლის მიღებული აქვს 3x5=15.
6, 9, 10 - ანაზღაურება უკვე მიღებული აქვს, გამომდინარე იქედან, რომ მათი სრულმსხმოიარობის ასაკი არ აღემატება 5 წელს (მაგ: თხილი, ლეღვი).
12) მაღლარი ვენახი 6 ძირი სრულმსმოიარობის ასაკი 10-12 წელი, 5 წლის მიცემული აქვს დარჩენილია 5 წლის 180x5=900.
7) კაკალი 800x2=1600.
8) კაკალი 150x2=300.
13) ხურმა 5 წლის მიღებული აქვს, მსხმოიარობა 7-8 წელი 3x15=45.
აღნიშნული თანხები ჯამურად შეადგენს 22 865 ლარს.
ამდენად, პალატამ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე ერთობლივად შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებულები მიაჩნია, რომ მიყენებული ზიანის ანაზღაურება არ განხორციელებულა სრულად. მოჭრილი ხეები იყო მსხმოიარობის ოპტიმალურ პერიოდში და მათი მოჭრით აპელანტმა რეალურად დაკარგა შემოსავალი, რომელსაც იგი აინაზღაურებდა ახალი ნერგების ჩანაცვლებით მაგრამ მაშინ, როცა ეს ხეებიც ასევე სრულმსხმოიარეები გახდებიან.
შესაბამისად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ შეასრულა მასსა და მოსარჩელეს შორის დადებული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება და მას დამატებით უნდა დაეკისროს 22 865 ლარის ანაზღაურება აპელანტისათვის.
სამართლებრივი დასაბუთება:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სწორედ აღნიშნულ სტანდარტს ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ნება უნდა გამოიხატოს გონივრულად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
უდაოდაა დადგენილი, რომ მხარეები სახელშეკრულებო სამართლებრივ ურთიერთობებში იმყოფებოდნენ ერთმანეთთან, ხელშეკრულებით მოპასუხემ იკისრა იმ ზიანის ანაზღაურება, რაც მის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად დაუდგებოდა მოსარჩელეს. მხარეები სადავოდ არ ხდიან სახელშეკრულებო ურთიერთობას, თუმცა ხელშეკრულების სრული ვერსია ვერ იქნა წარმოდგენილი (ნარგავების კომპენსაციასთან დაკავშირებით). მაგრამ საქმეში წარმოდგენილია უკვე შეფასებული, მოპასუხის მიწერილობა მოსარჩელისადმი, სადაც იგი ადასტურებს ერთმანეთს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის, გარიგების არსებობას, ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის გაცემის წესის მეთოდიკას (სრულმოსავლიანობის ჩანაცვლება).
ამავე კოდექსის 411-ე მუხლი კი ადგენს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, პალატა მიიჩნევს, რომ რ.ზ----ეს დამატებით უნდა აუნაზღაურდეს 5 წლის შემოსავლის ღირებულების სახით, რაც ჯამში შეადგენს 22 865 ლარს.
საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, შპს ,,ა-------–---–- ჯ--------ს“ რ----- ზ----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. რ----- ზ----ის (პ/ნ 6----------) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. რ----- ზ----ის (პ/ნ 6----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს ,,ა-------–---–- ჯ--------ს“ (ს/ნ 4--------) რ----- ზ----ის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ დაეკისროს 22 865 (ოცდაორი ათას რვაას სამოცდახუთი) ლარის ანაზღაურება;
5. შპს ,,ა-------–---–- ჯ--------ს“ (ს/ნ 4--------) რ----- ზ----ის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1 523.55 (ათას ხუთას ოცდასამი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
8. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-6-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: ირმა პერანიძე
სიმონ ჩხაიძე