განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002099471
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/741-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტი - შ-- ,,ა-–-------------’’
წარმომადგენელი - მ---- მ----------
მოწინააღმდეგე მხარე - თ------ გ-------–---–ი
წარმომადგენელი - ი-----–- ა-–-----–---–-
დავის საგანი - შ-- ,,ა-–-------------ს’’ პარტნიორისთვის კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გადაცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილების და დაუსრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო თ------ გ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დაევალა შ-- ,,ა-–------------ს" თ------ გ-------–---–ისთვის შ-- "ა-–-------------ს" შემდეგი დოკუმენტაციის გადაცემა: კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია, მათ შორის - 2015 წლის 01 იანვრიდან დღემდე შ-- ,,ა-–-------------ს" მიერ გაფორმებული ან/და მის სასარგებლოდ დადებული იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებების ასლები, შ-- ,,ა-–-------------ს" აუდიტორული შემოწმების ანგარიშები, საგადასახადო დეკლარაციები, ბუღალტრული ბალანსის ამსახველი დოკუმენტაციები, ასევე კომპანიის პასივისა და აქტივის ამსახველი დოკუმენტები, მოგება-ზარალის უწყისები, ინვეტარიზაციის აქტები, შრომითი და მენეჯმენტთან დაკავშირებული ხელშეკრულებები და კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემებრის განჩინებით მოპასუხე შ-- ,,ა-–------------ს" უარი ეთქვა 2017 წლის 7 დეკემბრის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი მოპასუხე შ-- ,,ა-–-------------ს" მიმართ.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. 2017 წლის 21 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა თ------ გ-------–---–მა შ-- ,,ა-–-------------ს" მიმართ და მოპასუხეზე კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოსარჩელისათვის გადაცემის დავალება მოითხოვა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 10 ნოემბერს, 1---- საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე შ-- ,,ა-–-------------ს" წარმომადგენელი, რომელსაც სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (ს.ფ. 81-82).
2.3. სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელემ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე არის შ-- ,,ა-–-------------ს" 15%-იანი წილის მესაკუთრე პარტნიორი. სასამართლომ მიუთითა ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში არ არის მითითება რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც სასამართლოს შეეძლო შეეფასებინა, როგორც მოთხოვნის შესაძლო შემწყვეტი შესაგებელი. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ: ა) მხარე არ იყო მოწვეული ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმომადგენელი სადავოდ არ ხდის, რომ სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული შემთხვევები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მითითებულ დანაწესთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან 2017 წლის 10 ნოემბერი იყო პარასკევი დღე, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენლისთვის ორი დღით ადრე იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ ის ვერ შეძლებდა საქმის განხილვაზე გამოცხადებას, მოსარჩელის წარმომადგენელს ჰქონდა ორი დღის ვადა და შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის გამოუცხადებლობის შესახებ, რაც მოსარჩელე მხარემ არ შეასრულა, ანუ მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს ვერ მიუთითა 2017 წლის 10 ნოემბრის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, სასამართლომ წარმოდგენილი საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია.
სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ მოპასუხე საწარმოს ეკისრება პროცესუალური ვალდებულება, უზრუნველყოს წარმომადგენლის გამოცხადება საქმის განხილვის დღეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმომადგენლის გამოუცხადებლობა, რაც არ დასტურდება გამოუცხადებლობის მიზეზების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებით, არ შეიძლება გახდეს საქმის გადადების საფუძველი. სასამართლომ მიიჩნევს, რომ საქმეთა განხილვა შეუძლებელი გახდებოდა, სხდომის გადადების ვალდებულება სასამართლოს შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე რომ წარმოეშობოდეს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის მითითებით დაუსწრებელი გადაწყვეტილებზე წარდგენილ საჩივარში უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ შ-- "ა-–-------------ს'' წარმომადგენელი ამავდროულად იყო სხვა პირის ადვოკატი და საქმის განხილვის დღეს, როგორც იმ პირის წარმომადგენელი მონაწილეობას იღებდა საპროცესო მოქმედებეში. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიწოდებული იქნა მოსარჩელის წარმომადგენლისთვის, რომელიც თავის მხრივ დაპირდა, რომ იგი იშუამდგომლებდა სასამართლოს წინაშე 2017 წლის 10 ნოემბრის სხდომის სხვა დროისთვის გადატანის შესახებ, თუმცა მან აღნიშნული არ შეასრულა. იმ პირობებში კი, როდესაც არსებობს მოპასუხის აშკარად გამოხატული ნება მონაწილეობა მიიღოს საქმის განმავლობაში, მაგრამ მას ხელს უშლის გარემოებები, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით არის გამოწვეული, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია, ხოლო ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში გამოუცხადებლობა უნდა ჩაითვალოს საპატიოდ და დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. აპელანტის განმარტებით მიუხედავად დასახელებულ გარემოებებზე ყურადღების გამახვილების სასამართლომ საჩივარი მაინც არ დააკმაყოფილა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი დასაბუთება
დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. აპელანტი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ 10.11.2017 წლის სასამართლო სხდომის თარიღისა და სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ შ-- ,,ა-–-------------სთვის’’ ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით;
4.2. 2017 წლის 10 ნოემბერს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე შ-- ,,ა-–-------------’’. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ იშუამდგომლა;
მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 10 ნოემბერს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ------ გ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა (ტ.I, ს.ფ. 87-89).
4.3. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს სხდომაზე მოპასუხე შ-- ,,ა-–-------------ს’’ გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით.
აპელანტი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მისთვის ცნობილი იყო როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 10 ნოემბერს დანიშნული სასამართლო სხდომის, ისე მითითებულ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგების თაობაზე, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ ფაქტს, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
საპატიო მიზეზის დეფინიციას განამტკიცებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, შ-- ,,ა-–-------------’’ 2017 წლის 10 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს მისი წარმომადგენლის - ზ------ ფ--------ის სააღსრულებო პროცესში მონაწილეობის შესახებ და განმარტავს, რომ აღნიშნულის თაობაზე ამ უკანაკსკნელმა აცნობა მოსარჩელის წარმომადგენელს, რომელმაც თავის მხრივ აღუთქვა, რომ სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე თავად იშუამდგომლებდა. სასამართლო სხდომის დღეს სააღსრულებო პროცესში ზ------ ფ--------ის მონაწილეობის დასადასტურებლად შ-- ,,ა-–-------------ს’’ მიერ საქმეში წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის მიერ 05.12.2017 წელს გაცემული დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ 10.11.2017 წელს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ზ------ ფ--------ე, როგორც კრედიტორის წარმომადგენელი მონაწილეობას იღებდა სააღსრულებო პროცესში.
სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ ზ------ ფ--------ე მოცემულ დავაში მონაწილეობდა არა როგორც ფიზიკური პირი, არამედ როგორც იურიდიული პირის - შ-- ,,ა-–-------------ს’’ წარმომადგენელი, შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ საზოგადოების წარმომადგენელი სხდომის გამართვამდე ცნობილი მოვლენის (იმავე დღეს დანიშნული სააღსრულებო პროცესი) გამო ვერ ახერხებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას ასეთ შემთხვევაში მოპასუხე ვალდებული იყო, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიენიჭებინა სხვა პირისთვის და უზრუნველეყო სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოცხადება.
უფრო მეტიც, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი სხდომის დღის თაობაზე დიდი ხნით ადრე იყო ინფორმირებული, აპელანტის წარმომადგენელი 10.11.2017 წლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად უთითებს სასამართლო სხდომამდე მისთვის ცნობილ გარემოებაზე - 10.11.2017 წელს დაგეგმილ სააღსრულებო პროცესზე. უდავოა, რომ სააღსრულებო პროცესის 10.11.2017 წელს დანიშვნის ფაქტი შ-- ,,ა-–-------------ს’’ წარმომადგენლისთვის ცნობილი იყო მინიმუმ რამდენიმე დღით ადრე, შესაბამისად, აღნიშნულის თაობაზე მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია (სსსკ-ის 241-წ მუხ.), რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. ნიშანდობლივია, რომ საჩივრის ავტორმა დამაჯერებლად ვერ განმარტა 10.11.2017 წლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირეიბით სასამრთლოსათვის ინფორმაციის მიწოდების შეუძლებლობაც (იხ. 2018 წლის 22 მაისის სასამართლო სხდომის საოქმო ჩანაწერი 16:42:01-16:42:35-16:42:54). სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის კონტექსტში განმარტავს, რომ მხარის გამოუცხადებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამორიცხავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, როდესაც მხარეს ხელს უშლის დაუძლეველი ძალა ან სხვა რაიმე ისეთი ობიექტური გარემოება, რომელიც პროცესის დღეს ან უახლოეს წარსულში წარმოიშვა და რომელიც შეუძლებელს ხდის როგორც მხარის გამოცხადებას, ასევე სასამართლოს დროულად ინფორმირებას, სხვა დროს ჩანიშნოს პროცესი. საბოლოოდ, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტი, შ-- ,,ა-–-------------’’ ვერ ადასტურებს 2017 წლის 10 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობას. შესაბამისად, საჩივრის ავტორი ვერ ადასტურებს სსსკ-ის 233-ე მუხლით ან/და ამავე კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებულ რაიმე დამაბრკოლებელი გარემოების არსებობას, რაც გამორიცხავდა სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
სამართლებრივი დასაბუთება
4.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლი კი ადგენს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
როგორც მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, 2017 წლის 10 ნოემბრის სხდომაზე მოპასუხე შ-- ,,ა-–-------------ს’’ გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით (იხ. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება 4.3.). ამდენად, არ არსებობს 2017 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ასევე მისი ძალაში დატოვების შესახებ 2017წ ლის 27 დეკემბრის განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ-- ,,ა-–-------------ს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილების და დაუსრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური/
მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე/
/გოდერძი გიორგიშვილი/