განაჩენი

სისხლის სამართლის 12.07.2018
საქმის ნომერი
330100117002106690
ინსტანცია
თარიღი
12.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002106690

საქმე #1ბ/488-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

ქ.თბილისი 28 ივნისი, 2018 წელი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

გოჩა ჯეირანაშვილს

 

ნანა გიგიტაშვილის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ-------- ჭ-----ის

ადვოკატის: ნ---- მ-----–-–---–ის

მსჯავრდებულის: ვ--------- მ-------ის

თარჯიმანის: ს------ ქ----–---–ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ვ--------- მ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ---- მ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ვ--------- ვ----ის ძე მ-------ის, დაბადებულის 1----–-–------------, ს-------ის რესპუბლიკის მოქალაქის, პასპორტის ნომერი: A--------, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: ს-------------------–----------------------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-6 ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ--------- მ-------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, თბილისში, რ---------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლში, ვ--------- მ-------მა დას, ქ------ მ-------–ს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გადაადგილდებოდა და იყო უმწეო მდგომარეობაში, ხის ჯოხისა და სახრახნისის გამოყენებით, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანებები, კერძოდ, პოლიტრავმა, მარცხენა ჰემოსფეროს სუბდურული ჰემატომა, თავის ტვინის კეროვანი ტრავმა, ქალა ტვინის ტრავმა, ქალა ტვინის დაჟეჟილობა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რამაც 2017 წლის 12 ივლის ქ------ მ-------–ის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის განაჩენით ვ--------- მ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ვ--------- მ-------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 6 ივლისიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ--------- მ-------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ---- მ-----–-–---–მა. სააპელაციო საჩივრების მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მარტს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა;

 

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, თუნდაც ერთი მოწმის ჩვენებაც კი, რომელიც დაადაასტურებდა იმას, რომ ვ--------- მ-------მა რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება მიაყენა ქ------ მ-------–ს, რის შედეგადაც ეს უკა---კნელი გარდაიცვალა, შესაბამისად მსჯავრდებული ვ--------- მ-------ი მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ვ--------- მ-------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ---- მ-----–-–---–მა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება;

 

ბრალდების მხარემ, პროკურორმა ნ-------- ჭ-----ემ მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მან კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის განაჩენი და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად გასაჩივრებული განაჩენი ვ--------- მ-------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები წარდგენილი ბრალდების ნაწილში ვ--------- მ-------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ - ვ--------- მ-------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ--------- მ-------ის მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, დადგენილია საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ა------–-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ გარდაცვლილი ქ------ მ-------–ი მარტო ცხოვრობდა მის მეზობლად, თ---–--–--------------–---–-------ში მდებარე 15-16კვ.მ ფართის სარდაფში (ჰქონდა სამზარეულო და ოთახი), სადაც ჩასასვლელი ეზოდან იყო კიბით. ქ------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, ეზოში ვერ გადიოდა, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა, ოთახში კი მოძრაობდა სკამის დახმარებით ან კედელზე მიყრდნობით, რის გამოც ხშირად ეცემოდა და დასახმარებლად მეზობლებს უხმობდა. მოწმის ჩვენებით, ქ------ს მეზობლები აქცევდნენ ყურადღებას, ყოველდღიურად კითხულობდნენ მის ამბავს და სადილიც მიჰქონდათ მისთვის უფასო სასადილოდან. მოწმის განმარტებით, მან ქ------ი ბოლოს ნახა 2017 წლის 5 ივლისს, კერძოდ, დაახლოებით 20:00 საათისთვის მივიდა მასთან, თუმცა ქ------ი ვერ დაინახა ვერც ოთახში და ვერც სამზარეულოში, ოთახში საწოლზე იჯდა ბრალდებული, რომელიც რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი და იცნობდა, როგორც ქ------ის ძმას. ბრალდებულმა ჰკითხა მისვლის მიზეზი, რაზედაც უპასუხა, რომ აინტერესებდა რას მიირთმევდა ქ------ი მომდევნო დღისთვის. ბრალდებულმა ქ------ს დაუძახა ეპასუხა მეზობლისთვის, რა დროსაც ა------–-----მ გაიგონა ქ------ის ამოოხვრა, შეახსენა მეზობელს რა საკვებიც უნდა წამოეღო მისთვის, მოწმემ ასევე დაინახა ქ------ის ფეხები, რომლებიც ჩანდა იმ საწოლის ქვემოდან, სადაც იჯდა ბრალდებული, ქ------ის თავი კი არ დაუნახავს, ვინაიდან სკამის ქვეშ იყო. მოწმის განმარტებით, შესთავაზა დახმარება ბრალდებულს იატაკზე დაცემული ქ------ის წამოყენებაში, ბრალდებულმა კი უხეშად მოსთხოვა მას სახლის დატოვება. მოწმის ჩვენებით, და-ძმა ერთმანეთში საუბრობდნენ მისთვის გაუგებარ სომხურ ენაზე, რა დროსაც ბრალდებული საუბრობდა უხეშად, თუმცა გაიგო ქ------ის რუსულ ენაზე ნათქვამი ბრალდებულისათვის, „შენი საქმე არ არისო“. ქ------ის სახლიდან გამოსულმა ა------–-----მ ეზოში მყოფ მეზობლებს უამბო, რომ ქ------ი იატაკზე იწვა, მისმა ძმამ კი თავიდან მოიშორა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ც-–---- ო-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ გარდაცვლილი ქ------ მ-------–ი მარტო ცხოვრობდა მის მეზობლად, თ---–--–--------------–---–-------ში მდებარე სარდაფში (ჰქონდა სამზარეულო და ოთახი), სადაც ჩასასვლელი ეზოდან იყო კიბით. ქ------ი იყო ინვალიდი, ეზოში საერთოდ ვერ გადიოდა, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა, ხშირად ეცემოდა და დასახმარებლად მეზობლებს უხმობდა, ქ------ს მეზობლები აქცევდნენ ყურადღებას, ყოველდღიურად კითხულობდნენ მის ამბავს და სადილიც მიჰქონდათ მისთვის უფასო სასადილოდან, თავად ორჯერ არის ნამყოფი ქ------ის ბინაში. 2017 წლის 5 ივლისს, ე.წ. იტალიურ ეზოში მყოფს შემოესმა ჩოჩქოლის ხმა და მივიდა შეკრებილ ხალხთან, რა დროსაც დაინახა ბინის ჩასასვლელ კართან, ასფალტზე უგონოდ დაგდებული ქ------ მ-------–ი და იქვე უძრავად და უხმოდ მდგომი მამაკაცი (მუქი ფერის შარვალსა და თეთრ პერანგში ჩაცმული), როგორც შემდეგ გაირკვა ქ------ის ძმა ვ--------- მ-------ი. მოწმის ჩვენებით, ადგილზე გამოძახებული იქნა სასაწრაფო სამედიცინო დახმარება, ექიმებმა ქ------ი, რომელიც იყო სულ სისხლიანი, დააწვინეს საკაცეზე. მოწმის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ქ------ი ვერ გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად, სავარაუდოდ გამოთრეული იყო ოთახიდან ჩასავლელ კიბესთან და მას თავზე ედგა ბრალდებული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ზ------- ა----------ას ჩვენებით დადგენილია, რომ გარდაცვლილი ქ------ მ-------–ი მარტო ცხოვრობდა მის მეზობლად, თ---–--–--------------–---–-------ში მდებარე სარდაფში (ჰქონდა სამზარეულო და ოთახი), სადაც ჩასასვლელი ეზოდან იყო კიბით. ბრალდებული არის ქ------ის ძმა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში პერიოდულად სტუმრობდა მას. ბრალდებულის სტუმრად ყოფნის პერიოდში, მეზობლები თავს არიდებდნენ მათთან კონტაქტს, ხოლო როცა ქ------ი მარტო იყო, მეზობლები ყოველდღიურად ყურადღებას აქცევდა და ამარაგებდა საკვებით. მოწმის ჩვენებით, ქ------ მ-------–ი ინვალიდი იყო, ვერ გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად, გარეთ საერთოდ ვერ გამოდიოდა, ოთახში კი საწოლსა და სამზარეულოს შორის გადაადგილდებოდა სხვადასხვა საგნის, მაგალითად სკამის დახმარებით. 2017 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათის შემდეგ, ზ------- ა----------ა ეზოში შეხვდა ვ--------- მ-------ს, რომელსაც პერანგი, ხელები და ფრჩხილები ჰქონდა სისხლიანი. ბრალდებულს ჰკითხა თუ საიდან ჰქონდა სისხლის ლაქები, მან კი უპასუხა, არაფერიაო. მოწმის განმარტებით, ვინაიდან ბრალდებული იყო ნასვამი, მასთან საუბარი არ იყო სასიამოვნო და შევიდა სახლში. დაახლოებით 10 წუთში, ზ------- ა----------ა კვლავ გამოვიდა სახლიდან ეზოში და შეუერთდა იქვე შეკრებილ მეზობელ ქალებს. ამ დროს ქ------ის სახლიდან გამოვიდა მეზობელი ა-------–--------–-----, რომელიც ყველაზე ხშირად აქცევდა ყურადღებას გარდაცვლილს. ა------–-----მ მეზობლებს უამბო, რომ ქ------ი ნახა იატაკზე დაგდებული, მხოლოდ ფეხები უჩანდა, სახე და ტანი კი სკამით ჰქონდა დაფარული. ა--- გადმოცემით, მან ქ------თან შეათანხმა თუ რა სადილი უნდა მიეტანა, შემდეგ კი მისი ძმის მოთხოვნით დატოვა ბინა. ამ პერიოდის განმავლობაში სახლში სხვა არავინ არც შესულა და არც გამოსულა. დაახლოებით 20 წუთში, მეზობელმა დ-------- ს-----–---–მა ქ------ის სახლის კართან, დაახლოებით 3 მეტრში შენიშნა სილუეტი, ადგილზე მისულმა კი ნახა, რომ იყო ქ------ მ-------ი, რომლის გვერდითაც მშვიდად და აუღელვებლად იდგა ბრალდებული. მოწმის ჩვენებით, დ-------- ს-----–---–ის ყვირილზე „რა უქენი, რა ჭირსო“, თავადაც მიუახლოვდა და დაინახა ძირს დაგდებული ქ------ი, რომელსაც სახე და კისერი ჰქონდა დამახინჯებული და სისხლში ამოსვრილი, არ უჩანდა სახის ნაკვთები. მოწმემ შეჰყვირა ბრალდებულს „რა უქენი, რა ჭირს“, რაზედაც ვ--------- მ-------ი იღიმებოდა და ეუბნებოდა, რომ ეს არ იყო ქ------ი და ის იწვა ოთახში თავის საწოლში. მოწმის განმარტებით, დაათვალიერა ქ------ის სახლი, თუმცა აღმოაჩინა მხოლოდ სისხლიანი საწოლი, მეზობელი კი ვერ აღმოაჩინა ოთახში. მოწმის ჩვენებით, ბრალდებულს ეცვა სისხლიანი ტანსაცმელი, ასევე ხელზე და ფრჩხილებში ჰქონდა სისხლი. ზ------- ა----------ას ვარაუდით, ბრალდებულმა სცემა ქ------ი, შემდეგ გარეთ გაისეირნა და ისევ დაბრუნდა სახლში, რა დროსაც გააგრძელა დის ცემა. მოწმის განმარტებით, შემთხვევის დღეს ხმაური არავის გაუგია. მეზობლებმა გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული დ-------- ს-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის გარდაცვლილი ქ------ მ-------–ის მეზობელი. მისი განმარტებით, ქ------ი იყო მოხუცი, დაუძლურებული, ჰქონდა მრავლობითი მოტეხილობები და უჭირდა დამოუკიდებლად გადაადგილება, მხოლოდ ოთახში გადაადგილდებოდა კედელ-კედელ, გარეთ არ გამოსულა დაახლოებით ორი წელია, ბოლო პერიოდის განმავლობაში კი საერთოდ იწვა. ქ------ის მოვლასა და საკვებით მომარაგებაზე, ასევე სახლის დასუფთავებაზე ზრუნავდნენ მეზობლები, ბრალდებული კი, რომელიც ქ------ის ძმაა ს-------ში ცხოვრობს და იშვიათად სტუმრობდა გარდაცვლილ დას. 2017 წლის 5 ივლისს, საღამოს საათებში, ეზოში რეცხავდა ნოხს, მასთან ერთად იმყოფებოდა დაახლოებით 5 მეზობელი ქალი. შემოესმათ „კრუსუნის“ ხმა, რის გამოც იფიქრეს, რომ ქ------ი სავარაუდოდ დაეცა (ისე როგორც ხშირად ვარდებოდა იატაკზე და იღებდა დაზიანებებს) და საჭიროებდა დახმარებას. ადგილზე მისვლისას, ქ------ი დახვდათ ეზოში ძირს დაგდებული, უგონო მდგომარეობაში, არ ინძრეოდა და არც ხმას იღებდა, იქვე კი იდგა მისი ძმა (თეთრ პერანგში შემოსილი), რომელიც იყო ნასვამი და იქცეოდა საეჭვოდ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული კ------ ე-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ გარდაცვლილი ქ------ მ-------ცი არის მისი დეიდა, რომელმაც კუთვნილი ფართი მას დაუტოვა ანდერძით. ბრალდებული 15-20 წელია არ უნახავს, თუმცა იცის, რომ დედამისთან იმყოფებოდა გასულ წელს. მოწმის ჩვენებით, ქ------ მ-------–ს დაახლოებით კვირაში ერთხელ ნახულობდა, დეიდას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო უჭირდა გადაადგილება, სახლიდან გარეთ ვერ გადიოდა, მხოლოდ ოთახში გადაადგილდებოდა და ისიც გაჭირვებით, ხშირად ეცემოდა და იღებდა დაზიანებებს, მოტეხილობებს, ბოლოს მომხდარ ფაქტამდე თვეების წინ იწვა საავადმყოფოში. 2017 წლის 5 ივლისს მომხდარი ფაქტის შემდეგ, საავადმყოფოში ნახა ქ------ მ-------–ი, რომელიც იყო უმძიმეს მდგომარეობაში, სახე მთლიანად დალურჯებული ჰქონდა და ნიკაპზე აღენიშნებოდა ნახვრეტის მსგავსი დაზიანება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული თ----- ბ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თბილისში, თ------–---–-------------ში. 2017 წლის 5 ივლისს, იმყოფებოდა ეზოში, რა დროსაც ქ------ მ-------–ის სარდაფთან შეკრებილი მეზობლების ჩოჩქოლის ხმაზე, მიუახლოვდა მათ. დაინახა ასფალტზე დაგდებული ქალი და იქვე მდგომი მამაკაცი (თეთრი პერანგით), რომელიც არაადეკვატურად იქცეოდა, აქრობდა და ანთებდა შუქს. მეზობლების შეკითხვაზე, თუ რატომ ჩაიდინა ეს, ბრალდებული პასუხობდა, რომ ქ------ი სახლში იყო და ძირს დაგდებული ქალის ვინაობა არ იცოდა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 6 ივლისს, დათვალიერდა შეთხვევის ადგილი - ქ. თბილისი, რ---------–---–----------ში მდებარე ქ------ მ-------–ის საცხოვრებელ ბინა და მის წინ მდებარე დერეფანი. რ---------–---–---------ში მდებარეობს სამ სართულიანი შენობა, რომელსაც ქვედა პირველი სართული აქვს გზის სავალი ნაწილის ქვემოთ და მისი ფანჯრები ნახევრად მოქცეულია გზის ქვემოთ, აღნიშნულ შენობაში შესასვლელია რ---------–---–-- ქუჩის მხრიდან და ხის მასალისგან დამზადებული კიბეებით ჩასასვლელი ქვემოთ, კიბეების დამთავრებისას იწყება დერეფანი, დერეფნის ხელმარცხნივ არის ქ------ მ-------–ის საცხოვრებელი ოთახი, ხოლო დერეფნის ხელმარჯვნივ არის სამზარეულო ოთახი. დერეფნის ხელმარცხნივ საცხოვრებელ ოთახის შესასვლელში, კედლის მარცხენა ქვედა მხარეს არის მოწითალო ლაქები. ოთახში შესვლისას ოთახში მარჯვენა კუთხეში დევს ტუმბო, მის გვერდით კედელთან დგას საწოლი, საწოლის შემდეგ დგას კარადა, კარადის გვერდით დგას ჭურჭლის მინებიანი კარადა, მის გვერდით კუთხეში დგას ტუმბო, მის შემდეგ დგას დივან-ტახტი, დივან-ტახტის გვერდით დგას საწოლი. ოთახის შუაში დგას მაგიდა, რის გარშემოც არის სკამები, მაგიდაზე სხვა ნივთებთან ერთად დევს ღია ფერის ტარიანი სახრახნისი, რომელზეც აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ოთახის მარცხენა მხარეს განთავსებული საძინებელი საწოლის გვერდით მდებარე ტახტის ქვეშ ხის იატაკზე აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები, იქვე აგდია ჭაღარა თმების ბღუჯა, რომელზეც არის მოწითალო ფერის ლაქები, მაგიდასთან განთავსებულ სკამის საზურგეზე გადაფენილია მოთეთრო ფერის პერანგი, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, მაგიდის ქვეშ ხის იატაკზე გდია გაზეთი, რომელიც არის მოწითალო ფერის ლაქებით დასვრილი, ოთახში არსებულ საძინებელს, რომელიც არის მარცხენა მხარეს არის მოწითალო ფერის ლაქებით მოსვრილი, კერძოდ, ბალიშის ზედაპირი, ზეწარი და საბნის ჩიხოლი არის მოწითალო ლაქებით დასვრილი, ასევე აღნიშნული საწოლის გვერდით ოთახის კედლის ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. აღნიშნული საძინებლის გვერდით მდებარეობს ტახტი, რომლის მარცხენა მხარე მიდგმულია საწოლთან და გამოყენებულია როგორც ტუმბო, აღნიშნული ტახტის მარცხენა ზედაპირზე დევს სარკე, რომელზეც მოთავსებულია სამი ცალი სიგარეტის ნამწვავი, ასევე აქვე დევს დისტანციური პულტი, რომელიც არის ღია ვერცხლისფერი და დასვრილია მოწითალო ფერის ლაქებით. ოთახში მარცხენა მხარეს განთავსებულ საძინებელ საწოლზე მოთავსებულია ხის ჯოხი, რომელზეც აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ასევე ოთახის გარეთ დერეფნის ბოლოში ძირს გდია ე.წ ,,მუთაქა“, რომელიც არის ღია ფერის და მასაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები. შემთხვევის ადგილზე მოხდა ზემოაღნიშნული ობიექტების დანომვრა და მასშტაბური წესით ფოტოგადაღება. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი პულტი მოწითალო ფერის ლაქებით, სამი სიგარეტის ნამწვავი, რომელთაგან ორს აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, თმის ბღუჯა მოწითალო ფერის ლაქებით, სახრახნისი მოწითალო ფერის ლაქებით, გაზეთი მოწითალო ფერის ლაქებით; თეთრი ფერის პერანგი მოწითალო ფერის ლაქებით, ერთი ცალი მუთაქა მოწითალო ფერის ლაქებით, ერთი ცალი ხის ჯოხი მოწითალო ფერის ლაქებით, კედელზე მოწითალო ფერის ლაქები შპალერის ამოჭრის გზით და ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის ლაქებიდან ანაწმენდები კედლიდან საკონტროლო ნიმუშებთან ერთად; მოცისფრო ბალიშის პირი მოწითალო ფერის ლაქებით; მოცისფრო ზეწარი მოწითალო ფერის ლაქებით; მოცისფრო საბნის პირი მოწითალო ფერის ლაქებით. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ვ----– ბ----–--ე, ქ.მ-------–ის დისშვილი კ------ ე-------ი, ექსპერტები: გ------- ნ--------ე და ნ-------------–---–ი).

 

ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 6 ივლისს, ექსპერტ ზ---- მ---ის მიერ ვ--------- მ-------ის პირის ღრუდან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, რაც დაილუქა სათანადო წესით.

 

ანაწმენდების ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 6 ივლისს, ექსპერტ ზ---- მ---ის მიერ გამოხდილი წყლით დანამული დოლბანდით მოხდა ვ--------- მ-------ის სახის და მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნების ზედაპირების წმენდა, რის შემდგომაც დოლბანდები დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი დ----- ტ------–---–ი).

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 6 ივლისს, ვ--------- მ-------ისაგან ამოღებული იქნა მისი კუთვნილი შარვალი, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, რაც დაილუქა სათანადო წესით..

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 12 ივლისს, ექიმ ნ---- ღ-------–-–---–ისაგან ამოღებული იქნა ქ------ მ-------–ის სამედიცინო ისტორია 35 ფურცლად.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 12 ივლისს, ექთანის თანაშემწე თ----- ე-–-----ისაგან ამოღებული იქნა ქ------ მ-------–ის ტანსაცმელი, რომელსაც აღენიშნება მოწითალო- მოყავისფრო ლაქები. ამოღებული ტანსაცმელი დაილუქა სათანადო წესით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 12 ივლისს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი - ქ------–--–-----------–---–-------------ში მდებარე ქ------ მ-------–ის საცხოვრებელი სახლი, საიდანაც ამოღებული იქნა ბრალდებულის კუთვნილი ნივთები და ტანსაცმელი, კერძოდ: სკამზე ჩამოკიდებული თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკიდან ამოღებულ იქნა „west“-ის ფირმის ერთი ცალი ცარიელი სიგარეტის კოლოფი; ტახტის მწვანე გადასაფარებლის ქვეშიდან ამოღებულ იქნა ქ---------–-- სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა და „სახალხო ბანკის“ პლასტიკური ბარათი, საწოლის ქვეშ ნანახი იქნა ლურჯი ფერის „adidas”-ის ფირმის ჩანთა, მასში მოთავსებული 7 ცალი „west“-ის ფირმის გაუხსნელი სიგარეტის კოლოფი. ერთი ცალი მოტოროლას ფირმის მობილური ტელეფონი სიმ ბარათით და სიმ ბარათის პლასტიკური ბუდე. 2 ცალი დამტენი მოწყობილობა დამტენის ყუთით. მზის შავი სათვალე, “cowans”-ის ფირმის რუხი შარვალი, ”metro”-ს ფირმის მოყვითალო პერანგი, ”MD”-ის ფირმის 2 ცალი მუქი ფერის ტრუსი (ზოლიანი), ერთი ცალი რუხი ბრეტელებიანი მაისური და ერთი ცალი მუქი ფერის ცხვირსახოცი. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით.

 

სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ვ--------- მ-------ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ვ--------- მ-------ი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ვ--------- მ-------ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ვ--------- მ-------ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ვ--------- მ-------ი რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს შეუშლიდა სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. ვ--------- მ-------ი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა---- ტ-----–--ემ დაადასტურა ზ/აღნიშნული დასკვნის სისწორე.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ქ------ მ-------–ის ფრჩხილების გადანაჭრების ფრაგმენტები ვ--------- მ-------ის შარვლის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოთეთრო ფერის პერანგის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.

ვ--------- მ-------ის ფრჩხილების გადანაჭრებში აღმოჩენილ მუქი ლურჯი ფერის ბამბის ბოჭკოს ფრაგმენტს და ქ------ მ-------–ის მაისურის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილების ნიშნები. ასევე ვ--------- მ-------ის ფრჩხილების გადანაჭრებში აღმოჩენილ მუქი ნაცრისფერი ბამბის ბოჭკოს ფრაგმენტს და ქ------ მ-------–ის რეიტუზის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილების ნიშნები. ვ--------- მ-------ის შარვალზე და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ პერანგზე ქ------ მ-------–ის ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა. ქ------ მ-------–ის ტანსაცმლის გამოკვლევა, მათი ზედაპირიდან უცხო ბოჭკოების აღმოჩენის მიზნით არ ჩატარებულა.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ბიოლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა: პაკეტში წარწერით „ობიექტი N2. 3ც სიგარეტის ნამწვავი, რომელთაგან ორს აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები“ მოთავსებულ ერთ ცალ სიგარეტის ნამწვზე (ობ.N1) და მეორე სიგარეტის ნამწვზე (ობ.N2) არსებული ღია მოწითალო ფერის და მოწითალო-მოყავისფრო ლაქები შეიცავს ადამიანის სისხლს. ობN1-ის, მეორე ნამწვავზე არსებული ბიომასალისა (ობ.N3) და მესამე ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობN4) გენეტიკური პროფილი და ვ--------- მ-------ის (ობ.N50, პაკეტი წარწერით: „1 ცალი 1 ნერწყვის ნიმუში აღებული ვ--------- მ-------ის პირის ღრუდან“) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N 2-ის შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი ვ--------- მ-------ის (ობ.N50), ხოლო მეორე წილი ქ------ მ-------–ის (ობ.N51, პაკეტი, წარწერით: „ქ------ მ-------–ის სისხლის ნიმუში“) გენეტიკური პროფილების იდენტურია. პაკეტში წარწერით: „ობიექტი N3 თმის ბღუჯა მოწითალო ფერის ლაქებით ოთახში შესასვლელი კარიდან მარცხნივ მდებარე საწოლის თავთან ტუმბოს ქვეშ იატაკიდან“ მოთავსებულ თავის თმებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ნადებები (ობ.N5) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობN5-ისა და საკუთრივ თმის (ობ.N6) გენეტიკური პროფილი და ქ------ მ-------–ის (ობ.N51) გენეტიკური პროფილის იდენტურია. პაკეტში წარწერით: „ობიექტი N5. გაზეთი მოწითალო ფერის ლაქებით ოთახში არსებული მაგიდის ქვეშ იატაკის ზედაპირიდან“ მოთავსებულ გაზეთზე არსებული მოწითალო- მოყავისფრო ლაქები (ობ.N7) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ქ------ მ-------–ს (ობ.N51). პაკეტში წარწერით: „ ანაწმენდები 3 (სამი) ნიმუში (საკონტროლო ნიმუშთან ერთად) აღებული ვ--------- მ-------ის ორივე ხელის მტევნებიდან და სახის მიდამოდან„ მოთავსებულ სახის მიდამოდან (ობ.N8) მარჯვენა ხელის მტევნიდან (ობ.N9) და მარცხენა ხელის მტევნიდან (ობ.N10) აღებულ ანაწმენდებზე არსებული მონაცრისფრო-ღია მოწითალო, მოწითალო-მოყავისფრო და მონაცრისფრო-მოწითალო-ღია მოყავისფრო ლაქები შეიცავს ადამიანის სისხლს. ობ.N8,9-ის შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი ვ--------- მ-------ის (ობ.N50), ხოლო მეორე წილი ქ------ მ-------–ის (ობ.N51) გენეტიკური პროფილების იდენტურია. ობ.N10-ის გენეტიკური პროფილი ვ--------- მ-------ის (ობ.N50) გენეტიკური პროფილის იდენტურია. პაკეტში წარწერით: „შპალერის ამონაჭრელი მოწითალო ფერის ლაქებით და მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი კედლიდან“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტზე არსებული ღია მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N11) და ქაღალდის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ნადებები (ობ.N12) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ქ------ მ-------–ს (ობ.N51); პაკეტში წარწერით: „1 (ერთი) ცალი ცხვირსახოცი ამოღებული ოთახში არსებულის საწოლის ქვეშ ნანახი მოლურჯო ფერის ხელჩანთიდან“ მოთავსებულ ცხვირსახოცზე არსებული ბიომასალის (ობ. N13) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ვ--------- მ-------ს (ობ.N50); პაკეტში წარწერით: „ობიექტი N8 ამოღებულია 1 (ერთი) ცალი ხის ჯოხი მოწითალო ფერის ოთახში შესასვლელი კარიდან მარცხნივ საწოლის ფეხთან მიყუდებულ მდგომარეობაში„ მოთავსებულ ჯოხზე (ობ. N14), პაკეტში, წარწერით: 1 (ერთი) ცალი მოცისფრო ფერის ბალიშის პირი „მოთავსებულ ბალიშის პირზე (ობ. N15,16), პაკეტში წარწერით: „1ცალი მოცისფრო ფერის ზეწარი მოწითალო ფერის ლაქებით„ მოთავსებულ ზეწარზე (ობ. N17,18), პაკეტში წარწერით: „1 ცალი მოცისფრო ფერის ზეწარი მოწითალო ფერის ლაქებით„ მოთავსებულ საბნის შალითაზე (ობ. N19,20), და პაკეტში, წარწერით: ერთი ღია ფერის მუთაქა მოწითალო ფერის ლაქებით“ მოთავსებულ მუთაქაზე (ობ.N21) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლის. ობ. N14-21-ის გენეტიკური პროფილი და ქ------ მ-------–ის (ობ. N51) გენეტიკური პროფილების იდენტურია. პაკეტში, წარწერით: „ერთი ცალი ხელჩანთა მოლურჯო ფერის ამოღებული ოთახში მარჯვენა კედელთან არსებული საწოლის ქვემოდან„ მოთავსებული ჩანთის სახელურებსა (ობ.N22) და ელვა შესაკრავებზე (ობ.N23) არსებული ბიომასალის შერეული შერეული გენეტიკური პროფილების ერთ-ერთი წილი ვ--------- მ-------ის (ობ.N50), ხოლო მეორე წილი ქ------ მ-------ის (ობ. N51) გენეტიკური პროფილების იდენტურია. ჩანთაში მოთავსებულ: მონაცრისფრო შარვალზე არსებული მუქი მოყავისფრო ლაქები (ობ.N24) სისხლს არ წარმოადგენს. ამავე შარვალზე არსებული ბიომასალის (ობ.N25) შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი ვ--------- მ-------ის (ობ.N50), ხოლო მეორე წილი ქ------ მ-------ის (ობ.N51) გენეტიკური პროფილების იდენტურია. მოყავისფრო პერანგზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.N26,27) სისხლს არ წარმოადგენს; მონაცრისფრო მაისურზე (ობ.N28) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. საცვლებზე არსებული ბიომასალის (ობ.N29,30) გენეტიკური პროფილი და ვ--------- მ-------ის (ობ. N50) გენეტიკური პროფილი იდენტურია. პაკეტში წარწერით: „თეთრი ფერის პერანგი მოწითალო ფერის ლაქებით“ მოთავსებულ პერანგზე (ობ.N31,32) და პაკეტში წარწერით: „ვ--------- მ-------ის შარვალი“ მოთავსებულ შარვალზე (ობ.N33,34) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N31,32,34-ის გენეტიკური პროფილი და ქ------ მ-------–ის (ობ. N51) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.N33-ის შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი ვ--------- მ-------ის (ობ.N50), ხოლო მეორე წილი ქ------ მ-------ის (ობ.N51) გენეტიკური პროფილების იდენტურია. პაკეტში წარწერით: „ ქ------ მ-------–ის ტანსაცმელი„ მოთავსებულ შარვალსა (ობ.N35) და მაისურზე (ობ.N36) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობN36-ის გენეტიკური პროფილი და ქ------ მ-------ის (ობ.N51) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობN35-ში გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. პაკეტში წარწერით: „ვ--------- მ-------ის ფრჩხილების გადანაჭრები“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული მოყვითალო-მონაცრისფრო ნადებები (ობ.N37,38) სისხლს არ შეიცავს. ობ.N37,38-ის გენეტიკური პროფილი და ვ--------- მ-------ის (ობ.N50) გენეტიკური პროფილის იდენტურია. პაკეტში წარწერით: „ ქ------ მ-------–ის ფრჩხილების გადანაჭრები“ მოთავსებულ მარჯვენა ხელის ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები შეიცავს ადამიანის სისხლს, ხოლო მარცხენა ხელის ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული მოყვითალო-მონაცრისფრო ნადებები (ობ. N40) არ შეიცავს სისხლს. ობ. N39,40-ის გენეტიკური პროფილი და ქ------ მ-------–ის (ობ. N51) გენეტიკური პროფილის იდენტურია. პაკეტში წარწერით: „1 ცალი პულტი მოწითალო ფერის ლაქებით“ მოთავსებულ პულტსა (ობ.41) და პაკეტში, წარწერით: „ერთი სახრახნისი მოწითალო ფერის ლაქებით„ მოთავსებულ სახრახნისზე (ობ.42,42ა) არსებული მოყვითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.41,42,42ა-ს გენეტიკური პროფილი და ქ------ მ-------–ის (ობ.51) გენეტიკური პროფილის იდენტურია. პაკეტში, წარწერით: „1 ცალი სიგარეტის კოლოფი წარწერით west-ი“ მოთავსებულ კოლოფსა (ობ.N43) და პაკეტში, წარწერით: „შვიდი ცალი სიგარეტის კოლოფი წარწერით west“ მოთავსებულ შესაფუთზე (ობ.N45) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. პაკეტში წარწერით: „ერთი ცალი პირადობის მოწმობა და ერთი ცალი სახალხო ბანკის პლასტიკური ბარათი„ მოთავსებულ ბარათებზე არსებული ბიომასალის (ობ.N44) შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი და ქ------ მ-------–ის (ობ.N51) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ.N44-ის შერეული გენეტიკურ პროფილში ვ--------- მ-------ის (ობ.N50) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება; პაკეტში წარწერით: „მოლურჯო ფერის ხელჩანთიდან ამოღებული სხვადასხვა ნივთები„ მოთავსებულ სათვალეზე (ობ.N47), დამტენსა და შავი ფერის მოწყობილობაზე (ობ.N 48) და დანარჩენ ნივთებზე (ობ.N 49) არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი ვ--------- მ-------ის (ობ.N 50) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ. N46-49-ის შერეული გენეტიკურ პროფილში ქ------ მ-------ის (ობ.N51) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება (ექსპერტი შ------- კ--–-----ე).

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ------- კ--–-----ემ დაადასტურა ზ/აღნიშნული დასკვნის სისწორე.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ქ------ მ-------–ის სიკვდილის მიზეზია სისხლჩაქცევები ტვინის რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში ტვინის მომდევნო შეშუპებითა და დარბილებებით, განვითარებული ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმის შედეგად და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, განვითარებული გულმკერდის ღრუს დახურული ბლაგვი ტრავმით გამოწვეული ფილტვების დაჟეჟილობის შედეგად. ნაადრევი გვამური მოვლენების მონაცემების გათვალისწინებით სიკვდილის დადგომის დრო არ ეწინააღმდეგება სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ სიკვდილის დადგომის დროს 12.07.2017 წელს 12:10 საათს. ქ------ მ-------–ის გვამს გარეგანი და შინაგანი გამოკვლევით აღენიშნებოდა ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა. სისხლჩაქცევები თავის რბილი საფარის შიგნითა ზედაპირზე, სისხლჩაქცევები თავის ტვინის რბილ გარსებში ტვინის ნივთიერებაში შეჭრით. თავის ტვინის შეშუპება მომდევნო დარბილებით. სისხლჩაქცევები ორმხრივ საფეთქლის კუნთებში, ქალას უკანა ფოსოს სუბდურული სისხლჩაქცევები. ორივე თვალის სუბკონიუნქტივალური სისხლჩაქცევები. ცხვირის ძვლისა და მარცხენა ორბიტის ძვლის მოტეხილობა. გულმკერდის დახურული ბლაგვი ტრავმა, მკერდის ძვლის მოტეხილობა, ორმხრივ ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა სხვადასხვა ანატომიურ ხაზებზე, ფილტვების დაჟეჟილობა. მრავლობითი სისხლნაჟღენთები, ნაჭდევები და დაჟეჟილი ჭრილობები სხეულზე. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია და ერთობლიობაში აღებული იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან, ქ------ მ-------–ის სიკვდილთან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–---- კ----–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, ზ/აღნიშნული დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ დაჟეჟილი ჭრილობის შემთხვევაში იგი არ საჭიროებს სიღრმის დადგენას. რაც შეეხება დაზიანებების მიყენების დროს, კერძოდ თავის ტვინზე, ვინაიდან სამედიცინო დოკუმენტებში მითითებულია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლისას ქ------ მ-------–ი იყო გონზე, შეუძლებელია ეს დაზიანებები მიეღო თუნდაც 2 დღით ადრე, ვინაიდან ამ სახის დაზიანებებით, სამედიცინო ჩარევების გარეშე, სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ვ--------- მ-------მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ცხოვრობს ს-------ის რესპუბლიკაში. აღნიშნულ დღეს, როდესაც მივიდა მისი ავადმყოფი დის საცხოვრებელ სახლში ნახა, რომ ის იყო ნასვამი, ხოლო საწოლის ქვეშ ნახა ბოთლი. ამის შემდეგ, მან დას სთხოვა დაწოლილიყო საწოლზე. შემდეგ გავიდა დაახლოებით 30 წუთი და ნახა, რომ მისი და ძირს დავარდა, რა დროსაც მივიდა მასთან, აიყვანა და დააწვინა საწოლზე. ამ დროს მის დას ცხვირიდან სისხლის სდიოდა, რომლითაც მისი ტანსაცმელი დაისვარა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მსჯავრდებულის უდანაშაულობის დადასტურების კუთხით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულს მიყენებული დაზიანებები შეიძლება მიიეღო დაცემის შედეგად, რის დასადასტურებლადაც მსჯავრდებულმა სააპელაციო სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის როდესაც იმყოფებოდა მის დასთან, ეს უკა---კნელი წაიქცა და ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი, რის შემდეგაც იგი აიყვანა და დააწვინა საწოლზე.

 

პალატა მოცემული გარემოების შეფასებისას უპირველეს ყოვლისა ყურადღებას მიაქცევს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის უტყუარად დადგენილ გარემოებებს, რომლითაც ნათელია, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, სისხლჩაქცევები თავის რბილი საფარის შიგნითა ზედაპირზე, სისხლჩაქცევები თავის ტვინის რბილ გარსებში ტვინის ნივთიერებაში შეჭრით. თავის ტვინის შეშუპება მომდევნო დარბილებით, სისხლჩაქცევები ორმხრივ საფეთქლის კუნთებში, ქალას უკანა ფოსოს სუბდურული სისხლჩაქცევები. ორივე თვალის სუბკონიუნქტივალური სისხლჩაქცევები. ცხვირის ძვლისა და მარცხენა ორბიტის ძვლის მოტეხილობა. გულმკერდის დახურული ბლაგვი ტრავმა, მკერდის ძვლის მოტეხილობა, ორმხრივ ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა სხვადასხვა ანატომიურ ხაზებზე, ფილტვების დაჟეჟილობა. მრავლობითი სისხლნაჟღენთები, ნაჭდევები და დაჟეჟილი ჭრილობები სხეულზე. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ზ------- ა----------ას ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემული შემთხვევის დროს როდესაც მიუახლოვდა დაზარალებულს დაინახა ძირს დაგდებული ქ------ი, რომელსაც სახე და კისერი ჰქონდა დამახინჯებული და სისხლში ამოსვრილი, არ უჩანდა სახის ნაკვთები.

 

აღნიშნული მტკიცებულებების და საქმის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებული იყო მძიმე ავადმყოფი და მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, ასევე მხედველობაში მიღებით იმისა, რომ დაზარალებულის სხეულზე არსებული მრავლობითი დაზიანებები, რომლებიც სხეულის სხვადასხვა ადგილებში არსებული სისხლნაჟღენთების, ნაჭდევების, შეშუპებების და დაჟეჟილობების სახით გამოიხატებოდა, ნათლად მიუთითებს მასზედ, რომ ისინი მათი ლოკაციის, რაოდენობის და ხასიათის გათვალისწინებით არ შეიძლება დაზარალებულს მიეღო ერთჯერადად დაცემის შედეგად, ყოველივე აღნიშნული კი ნათლად გამორიცხავს დაცვის მხარის მიერ გაჟღერებული ზემოაღნიშნული არგუმენტების საფუძვლიანობას, რის გამოც აღნიშნულ არგუმენტებს პალატა ვერ გაითვალისწინებს.

 

რაც შეეხება უშუალოდ აღნიშნული დაზიანებების წარმოშობის დადგენის კუთხით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებს, აშკარაა, რომ 2017 წლის 5 ივლისს დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში მსჯავრდებულის გარდა არავინ იმყოფებოდა, რა დროსაც მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ზ------- ა--------–---–ის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც ის უთითებს, რომ აღნიშნულ დღეს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახა მსჯავრდებული, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, ხოლო მას ხელები, ფრჩხილები და პერანგი კი დასვრილი ჰქონდა სისხლით. ა------–-----ს ჩვენებით დგინდება, რომ როდესაც იგი მოსაკითხად მივიდა დაზარალებულთან ეს უკა---კნელი იხილა საეჭვო მდგომარეობაში, კერძოდ, იგი იატაკზე ეგდო საწოლის ქვეშ, მისი ძმა ვ--------- მ-------ი კი მშვიდად უყურებდა და არათუ თავად დაეხმარა წამოდგომაში, არამედ მასაც არ მისცა ამის უფლება და სასწრაფოდ დაატოვებინა სახლი, რა დროსაც და-ძმას შორის საუბარი იყო მისთვის გაუგებარ სომხურ ენაზე, თუმცა ბრალდებულის საუბრის მანერა იყო აგრესიული. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ საცხოვრებელი სახლში არსებულ ოთახში, იატაკზე, კედელზე, საწოლზე, აგრეთვე ოთახში სხვადასხვა ადგილას განთავსებულ სხვადასხვა ნივთებზე და საგნებზე აღმოჩენილი იქნა სისხლის კვალის ნიმუშები, რომლებსაც ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომელიც აღმოჩნდა დაზარალებულის სისხლის ნიმუშის იდენტური.

 

გარდა ამის, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ვ--------- მ-------ის ორივე ხელის მტევნებიდან და სახის მიდამოდან აღებულ ანაწმენდზე არსებული ადამიანის სისხლის ლაქების გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის თავად ბრალდებულს, მეორე წილი კი - ქ------ მ-------–ს; ვ--------- მ-------ის შარვალზე (ჩანთიდან ამოღებული) არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი თავად ბრალდებულის, ხოლო მეორე წილი ქ------ მ-------ის გენეტიკური პროფილების იდენტურია; ვ--------- მ-------ის თეთრი ფერის პერანგსა და შარვალზე არსებული ადამიანის სისხლის ლაქების გენეტიკური პროფილი და ქ------ მ-------–ის გენეტიკური პროფილი იდენტურია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით ნათელია, რომ მსჯავრდებულს არის ის ერთადერთი პირი, ვისაც მოცემული შემთხვევის დროს აქტიური შემხებლობა ჰქონდა დაზარალებულთან, რა დროსაც მის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებულმა მოქმედებებმა (ქმედებათა ერთობლიობამ) გამოიწვია ქ------ მ-------ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათო აღმოჩნდა უმწეო მდგომარეობაში მყოფი დაზარალებულის სიცოცხლისათვის და რაც მიზეზობრივ კავშირში აღმოჩნდა აღნიშნული ქმედებების შედეგად დამდგარ შედეგთან, რაც მოცემულ შემთხვევაში ქ------ მ-------ის სიცოცხლის მოსპობაში გამოიხატა.

 

პალატა ყურადღება ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოცემულ საქმეში არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც ობიექტურად წარმოშობდა ეჭვს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების მიუკერძოებლობასა და რაიმე პირადი ინტერესის თაობაზე მისცენ მსჯავრდებულის მამხილებელი ჩვენებები. მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. გარდა ამისა, მოწმეების მიერ საქმის გარემოებათა შესახებ არსებული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას, რის გამოც პალატა უთითებს, რომ საქმის განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის, შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ არადამაჯერებელი და დაუსაბუთებელია, რის გამოც აღნიშნულ პოზიციას პალატა ვერ გაიზიარებს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ვ--------- მ-------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ--------- მ-------ისათვის დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულს პალატა სამართლიანად მიიჩნევს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას. პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ვ--------- მ-------ისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს, უსაფრთხოებას და ახალ დანაშაულთა თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ვ--------- მ-------ისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას, პალატა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულ ვ--------- მ-------ის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შინაარსს, ხასიათს, მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი; კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მოქმედი რედაქციით საქართველოს სსკ–ის 111,117–ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის განაჩენი ვ--------- მ-------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ვ--------- მ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ---- მ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის განაჩენი ვ--------- მ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელად;

 

ვ--------- მ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ვ--------- მ-------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 6 ივლისიდან.

 

ნივთმტკიცების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

პულტი მოწითალო ფერის ლაქებით, ვ.მ-------ის შარვალი, ქ.მისნასიანცის ტანსაცმელი, ქ.მ-------–ის პირადობის მოწმობა და 1 ცალი ბანკის პლასტიკური ბარათი, „adidas”-ის ფირმის მოლურჯო ფერის ხელჩანთა, რუხი ფერის შარვალი, რუხი ფერის მაისური, მოყვითალო ფერის პერანგი, 2 ცალი ტრუსი, 2 წყვილი წინდა, 1 ცალი ცხვირსახოცი, „motorolla”-ს ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათით, სიმბარათის პლასტიკური ბუდე, 2 ცალი დამტენი მოწყობილობა, დამტენის ყუთი, მზის შავი სათვალე, 7 ცალი სიგარეტის კოლოფი წარწერით „WEST“ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირებს;

 

3 ცალი სიგარეტის ნამწვი, თმის ბღუჯა მოწითალო ფერის ლაქებით, 1 ცალი სახრახნისი მოწითალო ფერის ლაქებით, გაზეთი მოწითალო ფერის ლაქებით, თეთრი ფერის პერანგი მოწითალო ფერის ლაქებით, ღია ფერის მუთაქა მოწითალო ფერის ლაქებით, ხის ჯოხი მოწითალო ფერის ლაქებით, შპალერის ამონაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით და მოწითალო ფერის ანაწმენდი კედლიდან საკონტროლო ნიმუშთან ერთად, მოცისფრო ფერის ბალიშისპირი მოწითალო ფერის ლაქებით, მოცისფრო ფერის ზეწარი მოწითალო ფერის ლაქებით, მოცისფრო ფერის საბნის ჩიხოლი მოწითალო ფერის ლაქებით, ვ.მ-------ის ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდების ნიმუშები, ქ.მ-------–ის სისხლის ნიმუში, ქ.მ-------–ისა და ვ.მ-------ის ფრჩხილის ნიმუშები, 1 ცალი ცარიელი სიგარეტის კოლოფი წარწერით „WEST” განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

2 (ორი) ცალი დისკი შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

 

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

 

გოჩა ჯეირანაშვილი