განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.07.2018
საქმის ნომერი
210210016001527549
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
05.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210210016001527549

საქმე №2ბ/2832-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

05 ივლისი, 2017 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ირაკლი ბონდარენკო

 

სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - ნ---- თ----ე

წარმომადგენელი - თ------ ბ--------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - გ------- ჯ----------ი

წარმომადგენელი - მ----- გ---------ა

 

დავის საგანი - დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ნ---- თ----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე გ------- ჯ----------ს მოსარჩელე ნ---- თ----ის სასარგებლოდ დაეკისრა 2440 (ორიათას ოთხას ორმოცი) ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის განაჩენით გ------- ჯ----------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

 

დამადასტურებელი მტკიცებულებები:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის განაჩენი (ს/ფ 12-15)

-მხარეთა ახსნა- განმარტება

 

2.2. მოსარჩელეს მოპასუხის ქმედების შედეგად მიადგა ზიანი ნივთების ღირებულების ოდენობით.

 

დამადასტურებელი მტკიცებულებები:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის განაჩენი (ს/ფ 12-15)

-მხარეთა ახსნა- განმარტება

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელეს მიადგა ზიანი 5800 (ხუთიათას რვაასი) ლარის ოდენობით ეკუთვნის მას, რაც ვერ იქნა დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ განაჩენის აღწერილობით ნაწილში მითითებული ნივთების ღირებულება საკმარისი მტკიცებულებაა ამ ზიანის განსასაზვრად. სასამართლომ მიიჩნია, რომ განაჩენი არ შეიცავს ზიანის ოდენობის გაანგარიშებას, მასში მითითებული ნივთების ღირებულების შეფასებას კომპეტენტური პირის მიერ, რაც იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ნივთების ღირებულება მითითებულია მოსარჩელის მოსაზღებით. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სასამართლოში არც სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს და არც შემდგომში ამ ნივთების შეფასების დამადასტურებელი მტკიცებულება. მოპასუხემ წარმოადგინა აუდიტის დასკვნა (ერთადერთი მტკიცებულება), რომლითაც მოხდა მოპარული ნივთების შეფასება, ხოლო მოსარჩელეს საპირისპირო მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

2.4. მოსარჩელის მიერ მოპასუხის ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობაა 2440(ორიათას ოთხას ორმოცი) ლარი.

 

დამადასტურებელი მტკიცებულებები:

-ექსპერტ - აუდიტორ გ------- ყ---------ის მიერ 2016 წლის 16 თებერვალს გაცემული დასკვნა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

ამავე კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

სასამართლოს განმარტებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2010 წლის 15 დეკემბერს განხორციელებულმა ცვლილებებმა განსხვავებულად მოაწესრიგა სასამართლო განაჩენის სამართლებრივი დატვირთულობა დელიქტურ ვალდებულებებში. ცვლილებამდე არსებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განაჩენს პრეიუდიციულ მნიშვნელობას ანიჭებდა და ათავისუფლებდა მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისაგან. აღნიშნული კანონის 30917-ე მუხლმა ერთმანეთისაგან გამიჯნა განაჩენის მნიშვნელობა დელიქტური ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ცალკეული ელემენტების მტკიცების ნაწილში. ზემოთ მოყვანილი 30917 მუხლის პირველი ნაწილი მოიცავს სასამართლო განაჩენის დანიშნულებას პირის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების მტკიცების თვალსაზრისით. სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, მართლსაწიინააღმდეგო, ბრალეული ქმედება. ამდენად, თუ პირის მიმართ არსებობს სასამართლო განაჩენი, რის საფუძველზეც დაზარალებული ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, იგი იმთავითვე მოიცავს დელიქტური ვალდებულებისათვის გათვალიწინებულ ქმედების მართლსაწინააღმდეგო ბრალეულქმედებას და მოსარჩელე არ არის ვალდებული დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენით ამტკიცოს აღნიშნული გარემოება. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის განაჩენით გ------- ჯ----------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. მოსარჩელეს მოპასუხის ქმედების შედეგად მიადგა ზიანი, ნივთების ღირებულების ოდენობით. ამდენად, წარმოდგენილი განაჩენი, სრულფასოვნა ადასტურებს გ------- ჯ----------ის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების არსებობას, რომელიც მიზეზობრივ კავშირშია ნ---- თ----ის მიმართ დამდგარ ზიანთან.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლოს განმარტებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო- სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.

 

მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლომ განმარტა, რომ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელეს მიადგა ზიანი 5800 (ხუთიათას რვაასი) ლარის ოდენობით ეკუთვნის მას, რაც ვერ იქნა დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ განაჩენის აღწერილობით ნაწილში მითითებული ნივთების ღირებულება საკმარისი მტკიცებულებაა ამ ზიანის განსასაზვრად. სასამართლომ მიიჩნია, რომ განაჩენი არ შეიცავს ზიანის ოდენობის გაანგარიშებას, მასში მითითებული ნივთების ღირებულების შეფასებას კომპეტენტური პირის მიერ, რაც იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ნივთების ღირებულება მითითებულია მოსარჩელის მოსაზრებით. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სასამართლოში არც სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს და არც შემდგომში ამ ნივთების შეფასების დამადასტურებელი მტკიცებულება. მოპასუხემ წარმოადგინა აუდიტის დასკვნა (ერთადერთი მტკიცებულება), რომლითაც მოხდა მოპარული ნივთების შეფასება, ხოლო მოსარჩელეს საპირისპირო მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივ საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით სასამართლომ შემოწმებას დაუქვემდებარა განაჩენით დადგენილი ზიანის ოდენობა, შეამცირა ბრალის ფორმულირება მატერიალურ ზიანის განსაზღვრის ნაწილში.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.1. ნ---- თ----ეს გ------- ჯ----------ის განზრახი, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიადგა ზიანი.

 

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მაისის განაჩენით გ------- ჯ----------ი ცნობილ იქნა დამნაშევედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამავე განაჩენით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დადგინდა მუყაოს ყუთის, სალომბარდე ჟურნალის, საკერავი მანქანის, ხორცის გასატარებელი მანქანის, ხმის გამაძლიერებელი ტექნიკის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნება.

 

განაჩენით დადგენილია, რომ 2015 წლის დეკემბერი - 2016 წლის იანვრის პერიოდში ნაქირავებ ბინაში მდებარე: ქ. თბილისი, ხ----–--–-- ქუჩა ,----- კორპუსი, ბინა #--ში გ------- ჯ----------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ნ---- თ----ის კუთვნილ 5800 ლარის ღირებულების ნივთებს, კერძოდ, მონიტორს, ორ ცალ საკერავ მანქანას, ორ ცალ გიტარას, ხმის გამაძლიერებელ კომპლექტს, ერთ ცალ დივიდის, სამუშაო იარაღების კომპლექტს, ე.წ. მიქსელს, ხორცის საკეპ მანქანას, პროცესორის ვიდეოკარტას და სხვადსხვა დეტალებს, რომლებიც მიისაკუთრა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, ფაქტობრივი გარემოებების დადგენას ყოველთვის წინ უძღვის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება, რაც მოიცავს მათი დასაშვებობის, შესახებობისა და უტყუარობის შემოწმებას, აგრეთვე მტკიცებულებათა საკმარისობაზე მსჯელობასა და მათ შეფასებას ერთობლიობაში. მტკიცებულებათა დასაშვებობა შესაძლებელია დადგენილი იყოს როგორც მატერიალური კანონით, ასევე საპროცესო კანონით.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის გამარტივებული წესით განხილვის მარეგულირებელი ნორმებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავი) მოწესრიგებულია როგორც წმინდა პროცესუალური საკითხები (დასაშვებობა, განსჯადობა და ა.შ.), ასევე მტკიცებულებათა დასაშვებობასთან დაკავშირებული საკითხები. მაგალითად: 30920 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამდენად, ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად კანონმდებელი დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნევს კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს განაჩენს.

 

4.2. განზრახი, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად გ------- ჯ----------ის მიერ ნ---- თ----ისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 2440 ლარს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის გამარტივებული წესით განხილვის მარეგულირებელი ნორმებიდან კიდევ ერთი ნორმა, 30917 მუხლის მე-2 ნაწილი ეხება მტკიცებულებათა დასაშვებობას. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა. მოცემული ნორმის სიტყვა-სიტყვითი განმარტებიდან ცალსახად დგინდება, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანის ოდენობის დასადგენად დასაშვები მტკიცებულებაა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, ამასთან, შესაძლებელია იგი საკმარისი აღმოჩნდეს, თუ განაჩენი შეიცავს შესაბამის გაანგარიშებას. ხოლო თუ განაჩენი ზოგადად ადგენს ზიანის მიყენების ფატს და არ შეიცავს ოდენობის დასაბუთებას, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსარჩელეს დასჭირდება დამატებითი მტკიცებულების წარდგენა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი განაჩენი განიხილება, როგორც კონკრეტული გარემოებების ამსახველი წერილობითი მტკიცებულება და მასში ასახულ დასკვნებსა თუ დადგენილ გარემოებებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის პრეიუდიციული ძალა არ ენიჭება, თუმცა, მიუხედავად მტკიცებულების არაპრეიუდიციული მნიშვნელობისა, იგი ერთ-ერთ მტკიცებულებად განიხილება და სასამართლო იმ შემთხვევაში ეყრდნობა, თუ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნება სხვა, აღნიშნული მტკიცებულებით დადასტურებული ფაქტების საწინააღმდეგო, გამაქარწყლებელი მტკიცებულებები.

 

განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 30.05.2016 წლის განაჩენით დადგენილია, რომ გ------- ჯ----------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ნ---- თ----ის კუთვნილ 5800 ლარის ღირებულების სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დადგენილია ნივთების ნაწილის, კერძოდ, მუყაოს ყუთის, სალომბარდე ჟურნალის, საკერავი მანქანის, ხორცის გასატარებელი მანქანის, ხმის გამაძლიერებელი ტექნიკის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნების შესახებ.

 

ექსპერტ აუდიტორი გ------- ყ---------ის 16.02.2017წ. მოძრავი ქონების შეფასების დასკვნით ირკვევა, რომ ექსპერტ-აუდიტორის მიერ შეფასებული იქნა ნ---- თ----ის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, შეფასების შედეგად ნივთების ღირებულება განისაზღვრა შემდეგნაირად: მონიოტორი: 350 ლარი, ვიდეო ბარათი და დეტალები 1140 ლარი, მეორადი გიტარა 150 ლარი, მეორადი გიტარა 100 ლარი, მეორადი საკერავი მანქანა 400 ლარი, დიდივიდი 100 ლარი, იარაღების ყუთი 100 ლარი, მიქსერი - 100 ლარი. მოძრავი ქონების ჯამური ღირებულება 2440 ლარით განისაზღვრა.

 

საბოლოოდ, საქმეში წარმოდგენილი 30.05.2016 წლის განაჩენის და ექსპერტ-აუდიტორი გ------- ყ---------ის 16.02.2017წ. მოძრავი ქონების შეფასების შესახებ დასკვნის ერთობლივი ანალიზის შედეგად პალატა მიდის დასკვნამდე, რომ გ------- ჯ----------ის ბრალეული ქმედების შედეგად ნ---- თ----ის საკუთრებიდან გავიდა 2440 ლარის ღირებულების ნივთები, კერძოდ, მონიოტორი, ვიდეო ბარათი და დეტალები, ორი ცალი მეორადი გიტარა, მეორადი საკერავი მანქანა, დიდივიდი, იარაღების ყუთი და მიქსერი.

 

ამდენად, მართალია განაჩენით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ გ------- ჯ----------ი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაეუფლა ნ---- თ----ის საკუთრებაში არსებულ 5800 ლარის ღირებულების ნივთებს, თუმცა, გათვალისწინებით იმისა, რომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილით დადგენილია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთების ნაწილის მესაკუთრისთვის დაბრუნება სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტი მხარის არგუმენტს მასზედ, რომ გ------- ჯ----------ის ქმედებით 5800 ლარის ზიანი მიადგა. პალატა აქვე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე/აპელანტი მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის, რომლითაც განისაზღვრა ნივთების ნაწილის ღირებულება საწინააღმდეგო მტკიცებულება სასამართლოსთვის წარმოდგენილი არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სწორად განსაზღვრა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ნ---- თ----ისთვის მიყენებული ზიანის საერთო ღირებულება.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.3. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოშობილია დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე ფაქტობრივ გარემოებად დადგინდა გ------- ჯ----------ის განზრახი, ბრალეული ქმედების შედეგად ნ---- თ----ისთვის ზიანის მიყენების ფაქტი (ფაქტობრივი გარემოება 4.1).

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა ასევე მიყენებული ზიანის ოდენობაც. (ფაქტობრივი გარემოება 4.2).

 

არნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და აპელანტმა ვერ მიუთითა მისთვის ხელსაყრელ მტკიცებულებებსა და გარემოებებზე, რაც გახდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. აპელანტი გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ---- თ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა აუდრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი ბონდარენკო