განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310017002240089 (3/ბ-282-18 წ)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ივნისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ვ--–----------–--------ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2017 წლის 29 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მსჯავრდებულმა ვ--–----------–--------იმ N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 იანვრის განჩინებით ვ--–----------–--------ის სასარჩელო განცხადებაში არსებული ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით დაზუსტებული სარჩელის, სადაც მითითებული იქნებოდა მოპასუხეთა წრე და სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად მიეცა 07 (შვიდი) დღე, განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
ზემოაღნიშნული განჩინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა მოსარჩელე მხარეს.
2018 წლის 1---------ს, N3 პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების სოციალური მუშაკის ე------------–--–-ილის მიერ, შედგა ოქმი, რომლის თანახმად 2018 წლის 1---------ს N3 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ვ--–----------–--------იმ უარი განაცხადა ბათუმის საქალაქო 2018 წლის 03 იანვრის N3/865-2017 განჩინების (ხარვეზის დადგენის შესახებ) ჩაბარებაზე, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს აცნობა N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა 2018 წლის 18 იანვარს შესული კორესპონდენციით.
2018 წლის 30 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოში შევიდა ვ--–----------–--------ის განცხადება, სადაც აღნიშნავდა, რომ არ იცოდა თუ როგორ უნდა შეევსო ხარვეზი და ითხოვდა განცხადების წარმოებაში მიღებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით ვ--–----------–--------ის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 იანვრის განჩინებით ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა დამატებით გაუგრძელდა 07 (შვიდი) დღით, მისთვის განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
ზემოაღნიშნული განჩინების ასლი ვ--–----------–--------ის გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით, რომელიც ამ უკანასკნელს (ვ--–----------–--------ის) ჩაბარდა 2018 წლის 23 თებერვალს, მაგრამ სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში მხარეს ხარვეზი არ შეუვსია და არც განცხადებით მიუმართავს ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის გაგრძელების თაობაზე სასამართლოსთვის.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განჩინებით ვ--–----------–--------ის სარჩელი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №3 დაწესებულების მიმართ არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში.
ზემოაღნიშნული განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 დაწესებულების დირექტორს ვ--–----------–--------იზე გადასაცემად (ს.ფ. 32), მაგრამ ამ უკანასკნელმა (ვ----–-------კიმ) არ ჩაიბარა კორესპოდენცია და ხელმოწერაზეც უარი განაცხადა (იხ. 03.05.2018 წ. N3 პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების სოციალური მუშაკის ე------------–--–-ილის ოქმი (ს.ფ. 34).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განჩინებაზე 2018 წლის 24 მაისს (იხ. N3 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების შტამბი - 24.05.2018) განცხადება (რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს კერძო საჩივარს) წარადგინა ვ--–----------–--------იმ, რომელმაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
სააპელაციო პალატამ შეამოწმა კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განჩინების ასლი ვ--–----------–--------იზე გადასაცემად 2018 წლის 23 მაისს გაეგზავნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 დაწესებულების დირექტორს. 03.05.2018 წელს ვ--–----------–--------იმ უარი განაცხადა კორესპოდენციის ჩაბარებაზე და ხელმოწერაზეც, ამდენად სასამართლო განჩინების გასაჩივრების 12 დღიანი ვადა კერძო საჩივრის ავტორს (მოსარჩელეს) ამოეწურა - 2017 წლის 15 მაისს 24:00 საათზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ--–----------–--------ის კერძო საჩივარი (განცხადება), N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გადმოიგზავნა 24.05.2018 წ. (მომართვის კოდი MOC 8------------) ბათუმის საქალაქო სასამართლოში კი შევიდა 2018 წლის 28 მაისს (ს.ფ. 37-43).
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი, იმავე მუხლის მეორე ნაწილით თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განჩინების გასაჩივრების წესი და ვადა მხარეს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით (განჩინებით) ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება (გზავნილი) ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.
კერძო საჩივრის შეტანა არის ისეთი საპროცესო მოქმედება, რომლის შესრულების ვადა კანონითაა განსაზღვრული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. იმავე მუხლის მე-4 ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. სსკ 63-ე მუხლით საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ ვ--–----------–--------ის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განჩინების ასლი გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და მის ჩაბარებაზე მხარემ უარი განაცხადა 2017 წლის 03 მაისს (ს.ფ.34). განჩინება ვ--–----------–--------ის მიერ გასაჩივრდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12 დღიანი ვადის დარღვევით - 2018 წლის 24 მაისს, შესაბამისად, სახეზეა კერძო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ--–----------–--------ის კერძო საჩივარი (განცხადება) ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე