განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.06.2018
საქმის ნომერი
100210018002345676
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100210018002345676

საქმე№2/ბ-619-18წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

29 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - ზ------ ც--–------ე

მოწინააღმდეგე მხარე - ნ---- ვ-------ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1. აპელანტის მოთხოვნა

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2018 წლის 12 მარტს ნ---- ვ-------ემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების- თ--- კ------ის, ვ-–-------- ც--–------ისა და ზ------ ც--–------ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. სახელდობრ მოთხოვნილი იქნა თ--- კ------ის ვ-–-------- ც--–------ისა და ზ------ ც--–------ის უკანონო მფლობელობიდან ნ---- ვ-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ.ს-------, ს----–--ის ქუჩა 5- (ს.კ.№ 3-----------) და გამოთხოვა და აღნიშნულის მისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა. ასევე იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ მან უძრავი ქონება მდებარე ქ.ს------- ს----–--ის ქ.5- ს/კ 3----------- 2017 წლის 21 დეკემბერს გამართულ იძულებით აუქციონზე შეიძინა 18 000 ლარად, ხოლო 2017 წლის 28 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე ასეთი საჯარო რეესტრში აღრიცხა საკუთრებაში. მან მოსთხოვა მოპასუხეებს მის საკუთრებას უფლებას განკუთვნილი ნივთის გამოთავისუფლება, აღნიშნულით სარგებლობაში ხელშეშლა, მაგრამ უშედეგოდ.ამდენად,დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იგი იძულებული გახდა მოემართა სასამართლოსთვის.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ისინი მზად არიან რეალური მორიგებისთვის. აღნიშნული უძრავი ნივთი წარმოადგენს მათ საკუთრებას და იგი ნ---- ვ-------ის მიერ მისაკუთრებული იქნა უკანონოდ. მოპასუხეები მიუთითებენ, რომ ისინი თანახმა არიან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაიხადონ სახლის საფასური.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ნ---- ვ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და თ--- კ------ის, ვ-–-------- ც--–------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა(გამოსახლებული იქნა საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებთან ერთად) უძრავი ქონება მდებარე:ქ.ს-------, ს----–--ის ქუჩა 5- (ს.კ. № 3-----------) და დადგინდა, აღნიშნული უძრავი ქონების მოსარჩელე ნ---- ვ-------ისათვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება., ხოლო ნ---- ვ-------ის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №A---------012/001 განკარგულების (დამოწმების თარიღი: 28/12/2017) საფუძველზე ნ---- ვ-------ის საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონება - ქ.ს-------, ს----–--ის ქუჩა 5- (ს.კ. № 3-----------).

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-თბილისის სააღსრულებო ბიუროს №A---------012/001 განკარგულება (იხ.ს.ფ. 17)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ15)

-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

2.2. დადგენილია, რომ ნ---- ვ-------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ.ს-------, ს----–--ის ქუჩა № 5- (ს.კ.№ 3-----------) ფლობენ მოპასუხეები თ--- კ------ე, ვ-–-------- ც--–------ე, ზ------ ც--–------ე.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს;

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ.14)

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.3. დადგენილია, რომ აღნიშნული უძრავი ქონებით იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი იყო სესხის ხელშეკრულება, რომელიც დადებული იყო ნ---- ვ-------ესა და ზ------ ც--–------ეს შორის.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს -სესხისა დაიპოთეკის ხელშეკრულება(ს.ფ.67) -მხარეტა ახსნა-განმარტება. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე, „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლზე სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლებზე და განმარტა: 2.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 2.5. სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილზე და განმარტა, რომ მოხმობილი ნორმის თანახმად სამი პირობის არსებობაა აუცილებელი იმისთვის, რომ მოსარჩელემ მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე ; მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი ; მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება და რომ მხოლოდ ამ სამივე პირობის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში შეიძლება მოპასუხისათვის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დაკისრება და მოცემული ნორმა შეაჯერა რა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაასკვნა, რომ სადავო შემთხვევაში სამივე პირობა სახეზეა, სახელდობრ დადგენილია, რომ მოსარჩელე უძრავი ნივთის მესაკუთრე, მოპასუხეები ფლობენ ამ უძრავ ნივთს და რომ მოპასუხეებს მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მოცემულ უძრავ ქონებაზე არ გააჩნიათ. ამდენად სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლები სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.

3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. 3.1. წინამდებარე გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ერთმა მოპასუხემ -ზ------ ც--–------ემ. 3.2.სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების გამომრიცხავ ან შემაფერხებელ გარემოებაზე. 3.3 აპელანტის განმარტებით, 2016 წლის 04 დეკემბერს ნოტარიუს ელისო შიხიაშვილის მიერ დამოწმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მან პირადად და ასევე როგორც თ--- კ------ისა და ვ-–-------- ც--–------ის მინდობილომა პირმა ნ---- ვ-------ისაგან სესხის სახით მიიღო 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი. სესხი იყო პროცენტიანი და განისაზღვრა მისი გადახდის გრაფიკი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მიუხედავად იმისა, რომ სესხის პროცენტი 3.2. %-ით იყო განსაზღვრული იგი მხარის მიერ ხდებოდა იძულება, რომ ნაცვლად 3.2%-ისა გადაეხადა 4%, .რისი გადახდაც შეძლებულ ვერ იქნა, რადგან არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი. ასევე დოლარის კურსის ზრდამაც გამოიწვია მისი მძიმე მდგომარეობაში ჩაყენება.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.1. პალატა სრულად იზიარებს წინამდებარე განჩინების 2.1-2.3. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.4.-2.5 პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა განსახილველი სამართაურთიერთობის მომწესრიგებლი ნორმები. .2.სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სანივთო უფლებიდან, შესაბამისად განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა-შეფასება აპელანტ(მოპასუხე) ზ------ ც--–------ეს გააჩნია თუ არა უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობს თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის ნ---- ვ-------ის ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება. 4.3. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სრულიად მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებზე დაყრდნობით, რომელთა თანახმადაც, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ანუ ხორციელდება, თუ არა მფლობელობა საამისო უფლების მქონე პირის გარეშე. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 4.4. უძრავი ნივთი, მდებარე: ქ.ს-------, ს----–--ის ქუჩა 5- (ს.კ. № 3-----------)წარმოადგენს ნ---- ვ-------ის საკუთრებას. ამდენად,სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს სადავო უძრავი ქონების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტს. 4.5. უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ს-------, ს----–--ის ქუჩა 5- (ს.კ. № 3-----------), მოპასუხე ზ------ ც--–------ისა და სარჩელით წარმოდგენილ მოპასუხეთა მფლობელობაშია. 4.6. პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხეს არ აქვს სადავო ბინის ფლობის სამართლებრივი საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ზემოთ მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მისივე მოვალეობაა. ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. ვინდიკაციურ სარჩელებზე მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად უნდა გადანაწილდეს: მოსარჩელე მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომ ის წარმოადგენს იმ ნივთის მესაკუთრეს, რომლის გამოთხოვასაც ის ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და, რომ ეს ნივთი იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში. მოპასუხის მტკიცების ტვირთს კი წარმოადგენს მის მიერ სადავო ნივთის ფლობის მართლზომიერების დადასტურება. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად უძრავი ქონება, (საკადასტრო კოდი:№ 3-----------),) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. საჯარო რეესტრის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. უდავოა, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მისი მხრიდან უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. შესაბამისად, იგი უკანონოდ ფლობს უძრავ ქონებას, რადგან მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მესაკუთრე შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან (აპელანტთან) მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის, შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები და გამოითხოვოს ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა სარჩელი. 4.7. სააპელაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების გამომრიცხავ ან შემაფერხებელ გარემოებაზე, ხოლო რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში აპელანტის მიერ გადმოცემულ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში შეფასება უნდა მიეცეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ იგი ნ---- ვ-------ეს სესხის სახით აღებულ თანხაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის 3.2%-ის ნაცვლად უხდიდა 4%-ს, განიცდიდა რა მისგან იძულებას, ასეთს ვერ გაიზიარებს და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული წინარე სამართლებრივი ურთიერთობებისა და სადავო ფართზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის მართლზომიერების შემოწმება სცილდება განსახილველი დავის ფარგლებს, რადგან ასეთი შეგებებული სამოქალაქო სარჩელით შედავებული არ ყოფილა. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული. 6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. ზ------ ც--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი; 3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია; 4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით. 5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე ნანა კალანდაძე