განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.05.2018
საქმის ნომერი
820310017002064498
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახელმწიფო ქონება
თარიღი
08.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310017002064498 (3/ბ-66-2018 წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

08 მაისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს ,,ა---–------–---–----------------ტი“

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის უარყოფის ნაწილში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2017 წლის 25 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს ,,ა---–------–---–----------------ტის“ მიმართ და მოითხოვა შპს ,,ა---–------–---–----------------ტს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ დაკისრებოდა პირგასამტეხლო (ჯარიმა) – 15 271.456 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2017 წლის 0--------ის ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ნარჩენ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად 1 (ერთი) ლარად შპს ,,ა---–------–---–----------------ტს“ პირობადებულ საკუთრების უფლებით გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის ს------–-----–-------–ში მდებარე 2 616 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 5 440 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 2-----------.). აღნიშნული ბრძანების შესრულების მიზნით, 2017 წლის 10 იანვარს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს ,,ა---–------–---–----------------ტს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 3.2. მუხლის თანახმად, მყიდველის მხრიდან არ იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2017 წლის 2-----–--ის N0------ ბრძანებით მოიშალა ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო ეკისრება პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენს 15271,456 ლარს.

 

მოპასუხე შპს ,,ა---–------–---–----------------ტის“ წარმომადგენელმა რაიონულ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, და განმარტა, რომ კომპანიას არ დაურღვევია ნაკისრი ვალდებულება, რადგანც მას უფლებრივად ნაკლიანი ქონება გადაეცა და შეუძლებელი იყო მასზე რაიმე ინვესტიციის განხორციელება. ამდენად მიაჩნია, რომ არ უნდა დაეკისროს არავითარი პირგასამტეხლო, რადგანაც ხელშეკრულება მოიშალა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გასვლამდე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე - შპს ,,ა---–------–---–----------------ტს“ (ს/ნ 4--------) მოსარჩელე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხე - შპს ,,ა---–------–---–----------------ტს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 10 იანვარს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და შპს ,,ა---–------–---–----------------ტს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2017 წლის 0------------- ბრძანების საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ნარჩენ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად, ერთ ლარად, შპს ,,ა---–------–---–----------------ტს“ პირობადებულ საკუთრების უფლებით გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის ს------–-----–-------–ში მდებარე 2616 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 5440 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 2-----------.

 

ნასყიდობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2. პუნქტით განისაზღვრა შპს ,,ა---–------–---–----------------ტის“ ვალდებულებები: ა) წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის ვადაში წარმოადგინოს განხორცილებეული საინვესტიციო თანხის 5%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა ორი თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას; ბ) დადგენილ ვადაში გადაიხადოს ნასყიდობის ფასი და მიაწოდოს გამყიდველს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) არაუგვიანეს 2017 წლის 01 ნოემბრამდე შეიძინოს არანაკლებ 7ტ/სთ სიმძლავრის ციტრუსის დამხარისხებელი ხაზი, არანაკლებ ორ ტონიანი ამწე, პნევმატური ურიკა და არანაკლებ ორ ტონიანი სასწორი; დ) არაუგვიანეს 2917 წლის 01 სექტემბრამდე დაამონტაჟოს მუყაოს ან და პლასტმასის ყუთების მწარმოებელი დაზგა; ე) არაუგვიანეს 2018 წლის 01 დეკემბრამდე აწარმოოს არანაკლებ ორასი ათასი ყუთი, აამოქმედოს საკონსერვო საამქრო, აამოქმედოს არანაკლებ 500 კვ. მეტრი ფართის სამაცივრე მეურნეობა. ვ)არაუგვიანეს 2018 წლის 30 დეკემბრამდე დაასრულოს შენობის სარემონტო საკონსტრუქციო სამუშაოები; ზ) არაუგვიანეს 2018 წლის 30 დეკემბრიდან დაასაქმოს რვა მოქალაქე ხოლო სეზონურად დამატებით დაასაქმოს 25 მოქალაქე, შეინარჩუნოს დასაქმებულთა რაოდენობა და საწარმოს პროფილი 20 წლის ვადით; თ) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ შპს ,,ა---–------–---–----------------ტზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ნაწილი 20000 ლარი გადაიხადოს 2017 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო დარჩენილი პირგასამტეხლო 38000 ლარი გადაიხადოს 2018 წლის 31 დეკემბრამდე; ი) წინამდებარე ხელშეკრულების 3.2.გ. და 3.2.დ. მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, 2017 წლის 1 ნოემბრამდე განახორციელოს არანაკლებ 280 000 ლარის ინვესტიცია, ხოლო ხელშეკრულების 3.2.ე. და 3.2.ვ. მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით 2018 წლის 30 დეკემბრამდე განახორციელოს არანაკლებ 370 000 ლარის ინვესტიცია.

 

ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლით დადგინდა მხარეთა პასუხისმგებლობა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. მყიდველს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკისრება პირგასამტეხლო საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორცილებელი ინვესტიციის 0.1 % დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 233 152 ლარის 005%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოპასუხე შპს ,,ა---–------–---–----------------ტის“ მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რის გამოც გამოც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2017 წლის 2-----–--ის N0------ ბრძანებით მოიშალა ნასყიდობის ხელშეკრულება. ამავე ბრძანებით განისაზღვრა პირგასამტეხლო 15271,456 ლარის ოდენობით და აღნიშნული თანხის გადასახდელად შპს ,,ა--–------–---–---------------ატს“ მიეცა ვადა 2017 წლის 12 აგვისტომდე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სასამართლოს აღნიშვნით, მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოშობილია ადმინისტრაციული აქტის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2017 წლის 0------------- ბრძანებისა და ამის საფუძველზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად. მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მყიდველის - მოპასუხე შპს ,,ა---–------–---–----------------ტის“ მიერ ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებით გათვლისწინებული ვალდებულება უნდა შესრულებულიყო გაფორმებიდან ორი თვის ვადაში და მყიდველს უნდა წარედგინა განხორცილებეული საინვესტიციო თანხის 5%- ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რაც დადგენილ დროში არ შესრულდა. არ შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებებიც.

 

სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. ამავე კოდექსის 402-ე მუხლის თანახმად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისათვის. იგი პასუხს აგებს შემთხვევითობისთვისაც, თუ არ დაამტკიცებს, რომ ზიანი შეიძლებოდა დამდგარიყო ვალდებულების დროულად შესრულების დროსაც. 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ შპს ,,ა---–------–---–----------------ტმა’’ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ შეასრულა ვალდებულებები, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსზაღვრული პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის საფუძველს.

 

მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი მხარეებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს. სამოქალაქო კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე №ას–896–846–2015 აღნიშნულია, რომ ,,სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ {სსკ-ის 8.3 მუხლი}. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები“ {სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი}. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.“

 

უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე №ას–973– 914–2012 აღნიშნა, რომ “პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, აღნიშნულით გამოწვეული ზიანი, მხარეთა ფინანსური მდგომარეობა, მოსარჩელის ეკონომიკური ინტერესი, აგრეთვე, სხვა ობიექტური გარემოებები”. მსგავსად განმარტა საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის წესი 2013 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაში საქმეზე №ას–169–162–2013.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, პერიოდს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, აგრეთვე სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლო მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებელი პირგასამტეხლო 24 624.67 ლარი იყო შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც მიზანშეწონლად მიიჩნია მისი შემცირება, 5000 ლარამდე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც სარჩელის უარყოფის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ სადაო ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას გამოიყენა სასამართლოს პრაქტიკა და აღნიშნა, რომ „უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე №ას–973–914–2012 მიუთითა, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, აღნიშნულით გამოწვეული ზიანი, მხარეთა ფინანსური მდგომარეობა, მოსარჩლის ეკონომიკური ინტერესი, აგრეთვე, სხვა ობიექტური გარემოებები“. მსგავსად განმარტა საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის წესი 2013 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაში საქმეზე №ას–169–162–2013.

 

სასამართლოს ერთიანი პრაქტიკის მიხედვით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების 3.2. პუნქტით, მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედეგად მისაღები და შეუსრულებლობის შედეგად გამოწვეული შედეგები. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მყიდველის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ხასიათი, რომლის მიხედვითაც სამინისტროს მიადგა ზიანი. უდავოა, რომ 23 3152 ლარის ღირებული ქონება, მოპასუხეს გადაეცა ერთ ლარად, იმის მოლოდინით, რომ სამინისტრო მიიღებდა მყიდველის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. ხელშეკრულების შესაბამისად, მყიდველს განსაზღვრული ჰქონდა ვალდებულებები, რომელთა შესრულების ეკონომიკური ინტერესი რაიონულმა სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო და მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც 32,7 %-ით შეამცირა მოთხოვნილი პირგასამტეხლო. რასაც სამინისტრო არ იზიარებს, რადგან მყიდველის მხრიდან ვალდებულების შესრულებით გარდა საინვესტიციო თანხისა (650 000 ლარი), უნდა დასაქმედბულიყო 33 საქართველოს მოქალაქე, რითაც 33 ოჯახში შემოსავლის წყარო გაჩნდებოდა. ამდენად, მოთხოვნილი პირგასამტეხლო (0,05 %) იმაზე ნაკლებია, ვიდრე სამინისტრო ხელშეკრულების პირობების შესრულებით მიიღებდა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს.

 

აპელანტის განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ვინაიდან, უდავოა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მხარეები შეთანხმებული იყვნენ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო შესაბამის პირგასამტეხლოს ოდენობაზე, რასაც მყიდველი ხელშეკრულების გაფორმებისას დაეთანხმა და იგი თანახმა იყო გადაეხადა ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში სწორედ განსაზრვრული ოდნეობით პირგასამტეხლო, რადგან შეთანხმებული პირგასამტეხლო თანაზომიერია შესასრულებელ ვალდებულებასთან. უფრო მეტიც, აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების დღიდან, პირობებით განკარგული ქონება ხელმიუწვდომელი გახდა სხვა დაინტერესებული პირებისათვის. შესაბამისად, მოსარჩელეს დიდი ინტერესი გააჩნდა ხელშეკრულების პირობების შესრულების მიმართ. ამდენად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო სამინისტროს მიადგა უზომოდ დიდი ზიანი, რის გამოც პირგასამტეხლო არ უნდა შემცირებულიყო.

 

აპელანტ მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილება პირგასამტეხლოს შემცირების ან არ შემცირების საკითხთან მიმართებაში მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოპასუხეს არ გამოუყენებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება, კერძოდ „მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად“. ანუ აღძრას სარჩელი პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნით. შესაბამისად, თუ ასეთი მოთხოვნა იქნება მოპასუხე მხარის მხრიდან სწორედ ამ დროს სარგებლობს სასამართლო დისკრეციული უფლებამოსილებით და უფლება აქვს გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, მხედველობაში მიიღოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, აღნიშნულით გამოწვეული ზიანი, მხარეთა ფინანსური მდგომარეობა, მოსარჩელის ეკონომიკური ინტერესი, აგრეთვე, სხვა ობიექტური გარემოებები და საბოლოოდ შეამციროს ან არ შეამციროს მოთხოვნილი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში იქნება დაცული მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი. ასევე, სასამართლოს მხრიდან დაცული იქნება მხარეთა ნების გამოხატვის თავისუფლება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელის უარყოფის) ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

სააპელაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო პრეტენზიაზე, რომლის არსიც მდგომარეობს მასში, რომ საქალაქო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება გამოეყენებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი და მასზე მითითებით შეემცირებინა სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, რაზეც მხარეები ხელშეკრულებით იყვნენ შეთანხმებულნი, ვინაიდან სასამართლოში მოპასუხე კომპანიას არ წარუდგენია შეგებებული სარჩელი და არ მოუთხოვია პირგასამტეხლოს შემცირება.

 

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის ასეთ მსჯელობას და განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. იმავე კოდექსის 65.1 ?????? , თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. 65.2. მუხლით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. 66-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მითითებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა.

 

??????????? ?????????? ???????? 8.2 ?????? ????????, სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძოსამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან ასევე წესრიგდება სამოქალაქო კანონებით, თუკი ეს ურთიერთობები, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამართლით. 8.3. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. იმავე კოდექსის 24.4 მუხლის მიხევით, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (უწყებები, დაწესებულებები და ა. შ.) ისე, რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საჯარო კანონმდებლობა არ კრძალავს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენებას და არ შეიცავს ადმინისტრაციულ ორგანოსთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პირების მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხის გადაწყვეტის სპეციალურ წესს, რომელიც შეზღუდავდა სკ-ის 420-ე მუხლით დადგენილ სასამართლოს უფლებამოსილებას ადმინისტრაციული ხელშეკრულებებთან დაკავშირებით დავის გადაწყვეტისას. ამდენად, აპელანტის მსჯელობა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულების შესახებ დავის შემთხვევაში სასამართლომ არ უნდა გამოიყენოს სსკის 420-ე მუხლი _ საფუძველს მოკლებულია.

 

ასევე არ უნდა იქნეს გაზიარებული აპელანტის მსჯელობა, რომ შეგებებული სარჩელის არარსებობის პირობებში სასამართლო არ იყო უფლებამოსილი შეემცირებია პირგასამტეხლო. ასეთი მოსაზრებით ფაქტობრივად, აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლი და გასცდა სარჩელის ფარგლებს, მაშინ, როცა სასამართლომ სარჩელით მოთხოვნილი თანხა შეამცირა და მოსარჩელეს მიაკუთვნა იმაზე ნაკლები, ვიდრე ის ითხოვდა, რაც იმით დაასაბუთა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი.

 

ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს არ დაურღვევია საპროცესო კანონი, მან სარჩელის ფარგლებში, რომლითაც მოთხოვნილი იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, გადაწყვიტა ამ მოთხოვნის საფუძვლიანობა _ მიიჩნია, რომ ვალდებულების დარღვევას ჰქონდა ადგილი, რისთვისაც ხელშეკრულების ერთერთ მხარეს (მოვალეს) დააკისრა მხარეთა შორის წერილობით შეთანხმებული ფულადი თანხა (პირგასამტეხლო) (სკ-ის 417-ე მუხ.), თუმცა ის მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ თანხად და სკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე შეამცირა მისი ოდენობა.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს ამ მიმართებით რაიონული სასამართლოს მსჯელობას და საქმის ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით, რაც დადგენილია რაიონული სასამართლოს მიერ და რის მიმართაც სააპელაციო პრეტენზია წარმოდგენილი არ არის _ მიიჩნევს, რომ დასაბუთებულია სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება, რის გამო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონულმა სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსტა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელის უარყოფის) ნაწილში.

 

6. სასამართლო ხარჯები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე