განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010141318700062879
საქმე №1/ა.გ 434-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ივლისი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: ლევან თევზაძე
მანუჩარ კაპანაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ----------------ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის განაჩენით, ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–------–--------- და ბრალდებულ გ---------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.
გ---------------- (დაბადებული 1----–-–-----------------------------------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი0 გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი)წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4(ოთი)წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 5 000(ხუთი ათასი)ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 24 აგვისტოს ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ---------------ს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი 2(ორი)წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4(ოთხი)წელი ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის64-ე მუხლის თანახმად, მსჯავრად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4(ოთხი)წელი.
მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
გ---------------ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5(ხუთი)წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
გ---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2013 წლის 14 სექტემბრიდან.
2018 წლის 2 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა გ---------------მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის განაჩენის გადასინჯვა და კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გ----------------ს შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციოურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე-ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი), ნარკოტიკული საშუალება - ,,დეზომორფინის’’ დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის განაჩენით, გ---------------ს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით - 0,000045 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ,,დეზომორფინის’’ უკანონო შეძენა- შენახვაში.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ გ----------------ს საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე - სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით - როგორც ნარკოტიკული საშუალების სახეობის, ისე მისი ოდენობის გათვალისწინებით და შესაბამისად, ამ მუხლით დანიშნულ სასჯელზე.
თბილისის საღსრულების ბიუროს 2018 წლის 10 ივლისის წერილის თანახმად, გ---------------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 5 000(ხუთი ათასი)ლარი - დღეის მდგომარეობით გადახდილი არ აქვს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული გ---------------- უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით დანიშნული, მოსახდელად დარჩენილი პირობითი სასჯელისგან და ამ მიმართებით ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის განაჩენში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 213 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ----------------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის განაჩენში გ----------------ს მიმართ შევიდეს ცვლილება;
3. მსჯავრდებული გ---------------- გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით დანიშნული და მოსახდელად დარჩენილი სასჯელისგან - 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთისგან, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, იმავე საგამოცდო ვადით.
მსჯავრდებულ გ----------------- საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები ამ განაჩენის გამოტანის მომენტისთვის მოხდილი აქვს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება დაუყონებლივ აღსრულებას;
6. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: მ. კაპანაძე
ლ. თევზაძე