განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.05.2018
საქმის ნომერი
330210117001416588
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
18.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117001416588

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

18 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/6101-17

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი, გვანცა კომბეგაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვით

 

აპელანტი - ნ-----–- გ-------

წარმომადგენელი – გ-- დ------

 

მოწინააღმდეგე მხარე – ხ------- ს---------

წარმომადგენელი – გ------- გ--–-----

 

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 სექტემბრის გადაწყვეტილებით ხ------- ს--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ცვლილება შევიდა ნოტაირუს ქ. ბ--------–---–ის მიერ 2016 წლის 16 მაისს გაცემულ #1-------- სააღსრულებო ფურცელში: ძირითადი დავალიანება განისაზღვრა - 4 140 აშშ დოლარი; საპროცენტო დავალიანების ნაწილში სააღსრულებო ფურცელი გაუქმდა, ხოლო სხვა დანარჩენ ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დარჩა უცვლელი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2013 წლის 26 ივნისს ხ------- ს---------სა და ნ-----–- გ-------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ სესხის სახით მიიღო 8 000 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით. მხარეთა შეთანხმებით ყოველთვიური სარგებელი განისაზვრა 4%.

 

2.2. ამავე ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში სესხის და/ან დარიცხული სარგებლის გადაუხდელობის ან გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაერიცხება საურავი გადაუხდელი თანხის 0,3% ოდენობით.

 

2.3. 2015 წლის 11 ივნისს ხ------- ს---------მ გადაუხადა მოპასუხეს 4 500 აშშ დოლარი, რაზეც გაფორმდა ხელწერილი. აღნიშნული ხელწერილის შინაარსით, გადახდილი 4 500 აშშ დოლარის მიზანია სარგებლის დაფარვა.

 

2.4. 2016 წლის 16 მაისს ნოტარიუს ქ------- ბ--------–---–ის მიერ ნ-----–- გ------ის სასარგებლოდ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ძირი თანხა შეადგენს - 8000 აშშ დოლარს; სარგებელი - 640 აშშ დოლარს; პირგასამტეხლოს მოცულობა გაანგარიშებულია 2013 წლის სექტემბრიდან - აღსრულებამდე.

 

2.5. სასამართლოს განმარტებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.6. სასამართლოს მითითებით სააღსრულებო ფურცელი, როგორც სააღსრულებო პროცედურის ცენტრალური დოკუმენტი ასახავს მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი საფუძვლის ფარგლებში განხორციელებული შესრულებების ან/და შესასრულებელი ვალდებულებების შედეგებს. ამგვარად, სამართლებრივი ურთიერთობის იურიდიული წინაპირობების შეფასება გავლენას ახდენს სააღსრულებო ფურცელში მითითებული ვალდებულების მოცულობაზე.

 

2013 წლის 26 ივნისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ხ------- ს---------მ სესხის სახით მიიღო 8 000 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, სარგებლის სახით თვეში 4% (320 აშშ დოლარი) დარიცხვით. ამავე ხელშეკრულებით, მოსარჩელეს გადახდილი აქვს ერთი თვის სარგებელი, შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში, ხ------- ს--------ის ვალდებულება პროცენტის ნაწილში შემოიფარგლებოდა 640 აშშ დოლარით.

 

სასამართლოს მითითებით მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ 2015 წლის 11 ივნისს მოსარჩელემ ნ-----–- გ-------ს გადაუხადა 4 500 აშშ დოლარი, რომლის სამართლებრივი დანიშნულება წარმოადგენს განსახილველი დავის საკვანძო საკითხს. ერთის მხრივ, საქმეში არსებული მტკიცებულება აღნიშნულ შესრულებას მოიხსენიებს სარგებლის შინაარსით (ს/ფ 18), ხოლო მოპასუხის შესაგებელი ხ------- ს--------ის მიერ გადახდილ 4 500 აშშ დოლარს განიხილავს პირგასამტეხლოს შინაარსით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ საკითხის შეფასებისას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მხარეთა სურვილს, რომლებმაც აღნიშნული შესრულება სარგებლის მნიშვნელობით დააფიქსირეს. შესაბამისად, მოპასუხის შესაგებელი, როგორც პროცესუალური საშუალება, მხოლოდ დაცვითი ფუნქციით არის დატვირთული და გამოხატავს მხოლოდ ერთი მხარის (მოპასუხის) შეფასებას. ამგვარად, განსახილველი დავის ფარგლებში ხ------- ს--------ის მიერ გადახილიდ 4 500 აშშ დოლარის კვალიფიკაცია განხორციელდება პროცენტის სამართლებრივ ჭრილში.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2012 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე ას-1701-1685-2011) აღნიშნა, რომ „...სამოქალაქო კოდექსის 625 მუხლის დისპოზიციიდან, სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადებში...“

 

ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „...სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული და ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე...“.

 

როგორც ზემოთ იქნა აღნშნული, მოსარჩელის მიერ გადახდილი 4 500 აშშ დოლარი გადახდილია 2013 წლის 26 ივნისის სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისად, მისი სამართლებრივი დატვირთვა სცდება სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის სფეროს. მიუხედავად ამისა, აღნიშნული გარემოება არ იწვევს ავტომატურად სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის გავრცელებას ამგვარ შესრულებაზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეები აფიქსირებენ რომ შესრულებული ვალდებულება სარგებლის მნიშვნელობით იტვირთება, რადგან არ არსებობს ამის სავალდებულო ნორმატიული წინაპირობები. ამგვარად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შესრულებით, უპირველესყოვლისა, უნდა დაიფაროს არსებული საპროცენტო ვალდებულება 640 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა გამოაკლდეს ძირითად დავალიანებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით განსახილველ საქმეზე უდავოდ არის დადგენილი მოვალის მიერ 2015 წლის 11 ივნისს კრედიტორის სასარგებლოდ 4500 აშშ დოლარის ფაქტი. აპელანტის განმარტებით საქმეში წარმოდგენილი ხელწერილი, რომლითაც კრედიტორი ადასტურებს 4 500 აშშ დოლარის ოდენობით სარგებლის მიღების ფაქტს, მიუხედავად ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადისა (3 თვე) ადასტურებს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებას და შესაბამისად ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის გადახდას. აპელანტის მითითებით, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო არ გაიზიარებდა მის პოზიციას ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებასთნ მიმართებით, მაშინ სასამართლოს უნდა ემსჯელა ხელშეკრულების არაჯეროვან შერსრულებაზე და მის თანმდევ შედეგად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოზე, რაზეც მხარეთა შორის არსებობდა წერილობითი შეთანხმება. აღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტი მიიჩნევს, რომ გადახდილი თანხის ძირი თანხის ანგარიშში მიმართვა ყოვლად დაუშვებელი იყო.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.1.1. 26.06.2013 წელს ერთი მხრივ ნ-----–- გ-------ს და მეორე მხრივ ხ------- ს---------ს შორის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ნ-----–- გ-------მ (გამსესხებელი) ხ------- ს---------ს (მსესხებელი) სამი თვის ვადით 8 000 აშშ დოლარი ასესხა. სესხი სარგებლიანი იყო და ყოვეთვიური სარგებლის ოდენობა 4 % -ს შეადგენდა. ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში სესხის ან/და მასზე დარიცხული სარგებლის გადაუხდელობის ან გადახდის დაგვიანების შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,3 %-ის ოდენობით.

 

4.1.2. 26.06.2013 წლის ხელშეკრულებით მხარები შეთანხმდენენ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების წესზე. კერძოდ, მხარეებმა ხელშეკრულების ვადის გასაგრძელებლად დაადგინეს წერილობითი ფორმა, რომელიც თავის მხრივ სანოტარო წესით დამოწმებას მოითხოვდა. ხელშეკრულებით მხარეებმა ასევე განსაზღვრეს დავალიანების დაფარვის რიგითობა. კერძოდ, გადახდილი თანხით პირველ რიგში უნდა დაფარულიყო პირგასამტეხლო ასეთის არსებობის შემთხვევაში, შემდეგ პროცენტი, ბოლოს კი სესხის ძირი თანხა.

 

4.1.3. 26.06.2013 წ. ხელშეკრულებით სესხად გაცემული თანხის უზრუნველყოფის მიზნით გამსესხებლის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი №0----------------------. (ტ.1.ს.ფ. 14-17)

 

4.1.4. უდავოა, რომ 2015 წლის 11 ივნისს ხ------- ს---------მ ნ-----–- გ-------ს გადაუხადა 4 500 აშშ დოლარი, რაზეც გაფორმდა ხელწერილი. (ტ.1.ს.ფ. 18)

 

4.1.5. 2013 წლის 26 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის 16 მაისს ნოტარიუს ქ------- ბ--------–---–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა - 8000 აშშ დოლარი; სარგებელი - 640 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო 24 აშშ დოლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის სექტემბრიდან - აღსრულებამდე. (ტ. 1, ს.ფ. 32-33)

 

4.2. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა ის გარემოება, თუ რა ვალდებულება დაიფარა 11.06.2015 წელს გადახდილი 4 500 აშშ დოლარით. მოსარჩელის მტკიცებით ამ თანხის გადახდით მან დაფარა ძირი თანხა, ხოლო მოპასუხის მტკიცებით ამ თანხის გადახდით ძირი თანხის დაფარვა ვერ განხორციელდებოდა, ვიანაიდან ვადაგადაცილების გამო მსესხებელს უწევდა, როგორც სასრგებლის ასევე პირგასამტეხლოს გადახდა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ნ-----–- გ------- (კრედიტორი) პრეტენზიას აცხადებს 11.06.2015 წელს გადახდილი თანხის - 4 500 აშშ დოლარის, სესხის ძირ თანხად მიჩნევის და შესაბამისად ძირი თანხის ანგარიშში გადახდის შესახებ სასამართლოს შეფასებებს. აღნიშნულთან მიმართებით აპელანტის მოთხოვნა ემყარება არგუმენტს მასზედ, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე და გადახდილი თანხით 4 500 აშშ დოლარით, სესხზე გათვალისწინებელი სარგებელი უნდა დაფარულიყო და რომ ეს თანხა არ უნდა ჩათვლილიყო ძირითადი სასესხო თანხის ანგარიშში შესრულებად. გარდა ამისა, აპელანტი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვალდებლების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულებისთვის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან რამდენიმე თვეში გადახდილი თანხით პირველ რიგში სარგებლის დავალიანებასთან ერთად პირგასამტეხლოს სახით არსებული ვალდებულება უნდა დაფარულიყო.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტის პრეტენზიათა ნაწილი დასაბუთებულია, რის გამოც არსებობს სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4.2.1. პალატა შენიშნავს, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებასთან და შესაბამისად გაგრძელებულ ვადაზე სარგებლის ანგარიშში 4 500 აშშ დოლარის ჩათვლასთან მიმართებით აპელანტის პრეტენზია დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში არ არსებობს აპელანტის მსჯელობის გაზიარების საფუძველი. აღნიშნულთან დაკავშირეიბთ, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია 26.06.2013 წელს ერთი მხრივ ნ-----–- გ-------ს და მეორე მხრივ ხ------- ს---------ს შორის გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც მხარეებს შორის სამი თვის მოქმედების ვადით გაფორმდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხის შესამოწმებლად, მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ნაწილის დანაწესი, რომლითაც დადგენილია, რომ „კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით“. მოხმობილი ნორმით, მესაკუთრის იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისათვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელებულდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თუმცა, ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება რთული (სანოტარო) ფორმით იყოს დადებული.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მსესხებელი ხ------- ს--------- იმავდროულად არის იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრე (იხ. ტ.1.ს.ფ. 14-17;32-33), მხარეთა შორის ხელმოწერილი 26.06.2013წ. ხელშეკრულება სანოტარო წესითაა გაფორმებული. ხელშეკრულების ვადა განსაზღვრულია სამი თვით, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება გამსესხებელს 26.09.2013 წელს წარმოეშვა (იხ. “ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38.5-ე მუხლი). სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას და დასკვნას მასზედ, რომ 11.06.2015 წელს მისთვის 4 500 აშშ დოლარის გადახდით, ხელწერილში მითითებული იქნა რა სარგებლის მიღების თაობაზე, მხარეები 26.06.2013წ. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატა ისევ და ისევ ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებულ იმპერატიულ დანაწესზე და განმარტავს, რომ ნ-----–- გ-------ს და ხ------- ს---------ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების ცვლილება ამ ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე არ ექვემდებარება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე სამოქალაქო კოდექსის 302 მუხლის 31 ნაწილისგან განსხვავებულად განსაზღვრას (იხ. სსკ-ის 319-ე მუხლი). საგულისხმოა, რომ თავად სადავო ხელშეკრულებითაც ვადის გაგრძელებასთან მიმართებით მხარეები რთულ წერილობით ფორმაზე შეთანხმდნენ (იხ. ტ.1.ს.ფ. 15).

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (იხ. ტ.1 -ს ფ. 32-33) ვალდებულების შესრულების დროდ მითითებულია 25.09.2013 წელი, რაც სავსებით შეესაბამება მხარეთა შორის გაფორებულ ხელშეკრულებას და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38.5-ე და მე-40 მუხლებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის შესაბამისად თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვისდადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. დასახელებული ნორმის დანაწესისა და იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის სანოტარო ფორმით იყო დადებული ხელშეკრულება, განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის 26.09.2013 წლის შემდეგ შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელი იყო კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, რაც მოცემულ შემთხვევში მხარეების მიერ დაცული არ ყოფილა. (აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესის სასამართლოს № ას-712-682-2016 08.02.2017 წლის გადაწყვეტილებასთან).

 

4.2.2. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 26.06.2013 წლის სამი თვის ვადით დადებული სესხის ხელშეკრულება საპროცენტო სარგებლის სახით 4 %-ის გადახდას ითვალისწინებდა. ამდენად, ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, მისი მოქმედების პერიოდში, მსესხებელი ვალდებული იყო, გადაეხადა ხელშეკრულებით დადგენილი 4%-იანი სარგებელი, რაც ხელშეკრულების სამთვიანი ვადის გათვალისწინებით 960 აშშ დოლარს შეადგენდა. უდავოა, რომ მსესხებლის მიერ გადახდილია მხოლოდ ერთი თვის სარგებელი. შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ მსესხებელს წარმოეშვა ორი თვის სარგებლის გადახდის, ასევე სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების ვალდებულება.

 

4.3. საკითხის სწორი შეფასებისათვის სააპელაციო პლატა ყურადღებას შეაჩერებს იმ გარემოებაზეც, რომ ხ------- ს--------ის მიერ ნ-----–- გ------ისათვის 4500 აშშ დოლარის გადახდის მომენტისათვის - 2015 წლის 11 ივნისისათვის, ხ------- ს---------ს ნ-----–- გ------ის მიმართ გარდა ორთვიანი სარგებლის და სესხის ძირითადი თანხის დავალიანებისა, ასევე წარმოშობილი ჰქონდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც, ვინაიდან სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების ვადაგადაცილება 2015 წლის 11 ივნისამდე შეადგენს 615 დღეს (ვადაგადაცილების პერიოდი 2013 წლის 26 სექტემბრიდან 2015 წლის 11 ივნისამდე).

 

შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ხ------- ს---------ს ნ----–- გ------ის მიმართ 2015 წლის 11 ივნისს მდგომარეობით გააჩნდა, როგორც ორი თვის სარგებლის დავალიანება 640 აშშ დოლარი, ასევე პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ ამ დავალიანებების დაფარვის შემდგომ შეიძლება დადგეს ძირითადი თნხის დაფარვის საკითხი. მით უფრო, რომ მხარეები 2013 წლის 26 ივნისის ხელშეკრულებით შეთანხმებული იყვნენ დავალიანების დაფარვის რიგითობაზეც, კერძოდ გადახდილი თანხით პირველ რიგში უნდა დაფარულიყო პირგასამტეხლო ასეთის არსებობის შემთხვევაში, შემდეგ პროცენტი, ბოლოს კი სესხის ძირი თანხა. ამდენად, პალატა არ იზიარებს პირველი ინსტნაციის სასამრთლოს მსჯელობას და დასკვნას, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მხოლოდ ორი თვის სარგებლის ოდენობა (640 აშშ დოლარი )გამოაკლო 4 500 აშშ დოლარს, ხოლო სხვაობა მიაქცია ძირი თანხის დაფარვისაკენ. მოცემულ შემთხვევაში 4 500 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს, როგორც ორი თვის სარგებლის სახით დაგროვილი დავალიანება - 640 აშშ დოლარი, ასევე პირგასამტეხლოც.

 

4.3.1. რაც შეეხება თავად პირგასამტეხლოს ოდენობას, სააპელაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსზე, რომელთა თანახმადაც პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 დეკემბრის №ას-1560-1463-2012 გადაწყვეტილება)

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, ყოველდღიურად გადასახდელი თანხის 0,3 %, რაც სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე შემცირებას ექვემდებარება. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და ყოველდღიური პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს გადაუხდელი ძირი თანხის - 8 000 აშშ დოლარის 0.05 %-ის ოდენობით, რაც ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან (26.09.2013წ.) 4500 აშშ დოლარის გადახდამდე - 2015 წლის 11 ივნისამდე პერიოდზე ესე იგი 2015 წლის 11 ივნისამდე პერიოდზე (ესე იგი ვადაგადაცილებულ 615 დღეზე) შეადგენს მთლიანად 2460 აშშ დოალრს (8 000 * 0.05/100= 4 ; 4 * 615 = 2460 ).

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ასკვნის, რომ 11.06.2015 წელს კრედიტორის სასარგებლოდ 4500 აშშ დოლარის გადახდით დაიფარა ორი თვის საპროცენტო სარგებელი 640 აშშ დოლარის ოდენობითა და პირგასამტეხლო 2460 აშშ დოლარის ოდენობით (27.09.2013 წლიდან - 11.06.2015 წლამდე), დარჩენილი სხვაობა კი 1400 აშშ დოლარის ოდენობით უნდა მიექცეს სესხის ძირითადი თანხის - 8 000 აშშ დოლარის დასაფარად. ამდენად, ნოტარიუსის მიერ 16.05.2016 წელს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------; იხ. ტ.1 -ს ფ. 32-33) აღსასრულებელი ძირითადი სასესხო ვალდებულების მოცულობა უნდა განისაზღვროს 6 600 აშშ დოლარით (ნაცვლად 8 000 აშშ დოლარისა). სააპელაციო პალატა აქვე დასძენს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ორი თვის სარგებელი 640 აშშ დოლარი, რომელიც ცალკე ვალდებულებად იყო გათვალისწინებული სააღსრულებო ფურცელში, ასევე 2013 წლის 26 სექტემბრიდან 2015 წლის 11 ივნისამდე პერიოდზე პირგასამტეხლო - 2460 აშშ დოლარი, ჯამში 3100 აშშ დოლარი, გამოაკლდა ხ------- ს--------ის მიერ 2015 წლის 11 ივნისს ნ-----–- გ------ისთვის გადახდილ, 4 500 აშშ დოლარს, რისი გათვალისწინებითაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებად საბოლოოდ განისაზღვრა 6 600 აშშ დოლარით, შესაბამისად სააპელაციო პალატა ადგენს, რომ ნოტარიუსის მიერ 16.05.2016 წელს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------) დაფიქსირებული ვალდებულება სარგებლის - 640 აშშ დოლარის ნაწილში, ასევე 2013 წლის 26 სექტემბრიდან 2015 წლის 11 ივნისამდე პერიოდისათვის პირგასამტეხლოს ნაწილში ვალდებულება შესრულებულად უნდა ჩაითვალოს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

გათვალისწინებით იმისა, რომ ნ-----–- გ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ასევე ხ------- ს--------ის სარჩელი, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ხ------- ს---------ს ნ-----–- გ------ის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 240 ლარის გადახდა, ხოლო ხ------- ს--------ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად - 103 ლარის ოდენობით გადასახდელად უნდა დაეკისროს ნ-----–- გ-------ს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ-----–- გ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ხ------- ს--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ქ. ბ--------–---–ის მიერ 2016 წლის 16 მაისს გაცემულ #1-------- სააღსრულებო ფურცელში; ძირითადი დავალიანება განისაზღვროს 6600 აშშ დოლარით. საპროცენტო დავალიანების - 640 აშშ დოლარის, ნაწილში სააღსრულებო ფურცელი გაუქმდეს, ხოლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლოს ოდენობის ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დარჩეს უცვლელად.

5. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახ. ბაჟის ანგარიშში ნ-----–- გ-------ს ხ------- ს--------ის სასარგებლოდ დაეკისრს 103 ლარის გადახდა.

6. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟის ანგარიშში ხ------- ს---------ს ნ-----–- გ------ის სასარგებლოდ დაეკისროს 240 ლარის გადახდა.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე ვანო წიკლაური