განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100118002426948
საქმე №1ბ/774-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ივლისი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი--------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ნა--------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 17 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N 0----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და მცხოვრების: ა---–---–----------------------–-------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის განაჩენით ნა--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
ნა--------------ს დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.
ნა--------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 22 მარტს, დაახლოებით 24:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ნა--------------მა ოჯახური კომფლიქტის ნიადაგზე სახეში ხელი დაარტყა მის მეუღლეს რე-----------------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გი--------------------ემ და ითხოვა ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ნა--------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით მისი პირობითად ჩათვლის გარეშე, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვალოს, რადგან მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ინტენსივობას, საზოგადოებრივ საშიშროებას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ნა--------------ი მეუღლეზე ფსიქიკურ და ფიზიკურ ძალადობას ახორციელებდა სისტემატიურად, ფიზიკურ ძალადობას წინ უსწრებდა სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც მსჯავრდებული ალკოჰოლური თრობისას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სჩადიოდა, ნა--------------ი მიდრეკილია ძალადობრივი დანაშაულის, ამორალური ქმედების ჩადენისადმი, მას გულგრილი დამოკიდებულება აქვს არამარტო კანონის, არამედ ზოგადად საზოგადოების და მისი ოჯახის მიმართ, ოჯახის წევრებს, კერძოდ მეუღლეს აღიქვავს არა როგორც სრულფასოვან ადამიანს, არამედ თავის საკუთრებაში არსებულ ნივთს და როგორც სურს ისე ექცევა, შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.
მსჯავრდებულ ნა--------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ტ------– ბ--–-----–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ რე-----------------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ვა-–---–----------ის, მა---------------ის, ვა-----------------ის, მა----------------ის გამოკითხვის ოქმები, ქორწინების აქტის ჩანაწერი N16---------, ნა--------------ის ალკოტესტით შემოწმების ოქმი და ასევე სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა მხედველობაში იღებს, რომ ნა--------------ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, შერიგებულია დაზარალებულთან. პალატას მიიჩნია, რომ პირობითი მსჯავრი და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი--------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ნა--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
ნა--------------ს დაევალოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.
ნა--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 23 მარტიდან 2018 წლის 24 მაისის ჩათვლით.
ნა--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ნა---------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის აღსრულების პერიოდში და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლაზე ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე