განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.06.2018
საქმის ნომერი
010210017002085610
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
28.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210017002085610

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-421 28 ივნისი 2018 წელი

ქ. ქუთაისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე- თამარ სვანიძე

 

განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტები (მოპასუხეები)- ნ-----–- ა---------, ლ---- ა---------, ნ------- ა---------, მ----- ბ-–----–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- ნ--- ხ------------ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ--- ხ------------ემ, მოსარჩელის განმარტებით, მის საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმში, მ--–---–---–-- ქ. №---ში (ს.კ. 0------------------). უძრავ ქონებას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშ ფლობენ და სარგებლობენ მოპასუხეები. მათ ამ უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი რაიმე საბუთი არ გააჩნიათ. მოსარჩელეს არ აძლევენ უფლებას თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. ნ--- ხ------------ემ მოპასუხეებს არაერთხელ მიმართა შეეწყვიტათ მისი საკუთრების ფლობა და გადაეცათ იგი გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში, მაგრამ უშედეგოდ.

2. ამ გარემოებების გამო მან სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მოპასუხეთა გამოსახლება თავის საკუთრებაში რიცხული ფართიდან და გამოსახლების შემდეგ აღნიშნული ფართის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება მოსარჩელისათვის.

3. მოპასუხეებმა ნ-----–- ა---------მ, ლ---- ა---------მ, ნ------- ა---------მ და მ----- ბ-–----–---–მა სარჩელი არ ცნეს. მათი განმარტებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ნ--- ხ------------ე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა ყალბი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. მოპასუხეებმა ნ--- ხ------------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვეს.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ნ--- ხ------------ის სარჩელი სრულად. აღკვეთილი იქნა მოპასუხეების მიერ ქ. ბათუმში, მ--–---–---–-- ქ. №---ში №0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ხელყოფა და ამ მიზნით ისინი გამოსახლებულნი იქნენ დასახელებული ქონებიდან.

5. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, ქ. ბათუმში, მ--–---–---–-- ქ. №---ში №0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება ნ--- ხ------------ეს ჩაბარდეს თავისუფალ მდგომარეობაში.

 

სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

6. უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმში, მ--–---–---–-- ქ. №---ში №0------------------ საკადასტრო კოდით არის მოსარჩელის ნ--- ხ------------ის საკუთრება.

7. აღნიშნული უძრავი ქონება ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავებული აქვთ მოპასუხეებს და მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა, ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ მას.

8. სასამართლომ, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლზე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლზე, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტზე მითითებით განმარტა, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ- სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".

9. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უფლება ქონდა მოეთხოვა მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.

10. სასამართლომ სსკ 170-ე, 172-ე, მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

11. დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელის კუთვნილ ნივთს ამჟამად უკვე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები. ნივთზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხეთა მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხეები არ წარმოადგენენ სამოქალაქო კოდექსის 160-ე-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს.

12. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.

13. სასამართლომ სსკ 311-ე, 312-ე, მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმში, მ--–---–---–-- ქ. №---ში №0------------------ საკადასტრო კოდით, რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება და ეს ჩანაწერი გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც ითხოვს მოპასუხეების გამოსახლებას და ნივთის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას. ამ შემთხვევაში, მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისაა და არსებობდა სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მას ქონდა სრული უფლება მოეთხოვა კუთვნილ ნივთზე მოპასუხეთა ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განეკარგა საკუთარი ნივთი. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

14. მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გადაწყვეტილება და ითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

15. სააპელაციო საჩივარში აპელანტებმა მიუთითეს:

16. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტი, რომ სადავო ბინა მოსარჩელის საკუთრებაა. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ უძრავი ქონება აპელანტთა სახლია, ისინი კეთილსინდისიერი მფლობელები არიან სადავო ქონებისა, ამასთან არ გაჩნიათ სხვა საცხოვრებელი, ნ--- ხ------------ე კი სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა ყალბი სააღსრულებო ფურცლის მეშვეობით.

17. აპელანტებს მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, უკანონოა და უნდა გაუქმდეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლი:

 

18. პალატა იზიარებს ამ განჩინების სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები- სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე, 170-172-ე, 311-ე, 312-ე მუხლები.

19. სააპელაციო სასამართლო აპელანტთა მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს:

20. მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სანივთო უფლებიდან, კერძოდ, უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლებიდან, რომლის სამართლებრივი განმარტება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 160-ე, 162-ე, 170-ე, 172-ე და მუხლებში.

21. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, მოპასუხეებს/აპელანტებს ნ-----–- ა------ასა და სხვებს, გააჩნიათ თუ არა უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობს თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის, ნ--- ხ------------ის ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება.

22. სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება მხარეებს აკისრიათ, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აღნიშნულ გარემოებებს აფუძნებენ.

23. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებს/აპელანტებს ნ-----–- ა---------სა და სხვებს, სასამართლოსათვის არ მიუთითებიათ კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის თაობაზე და ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ აპელანტები არ წარმოადგენენ ნ--- ხ------------ის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების მართლზომიერ მფლობელებს და ამ ქონების დაკავების უფლება არ გააჩნიათ.

24. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა უძრავ ნივთზე ნ--- ხ------------ის საკუთრების უფლება.

25. სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, პალატა მიუთითებს საჯარო რეესტრის მონაცემებებზე, რომლის მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია (იხ. სსკ 311-ე და 312-ე მ.). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ჩანაწერის მიმართ მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია, რომელიც გაუქმებული არ არის.

26. ამასთან უდავოა, რომ მოპასუხეებს/აპელანტებს ნ-----–- ა---------სა და სხვებს შეგებებული სარჩელი არ აღუძრავთ.

27. უდავოა რომ რეესტრის მონაცემებით მოსარჩელის ნ--- ხ------------ის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმში, მ--–---–---–-- ქ. №---ში №0------------------ საკადასტრო კოდით.

28. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 2017 წლის 14 აგვისტოდან.

29. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად კი მითითებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 16) და არა სააღსრულებო ფურცელი, როგორც ამას მოპასუხეების მიუთითებენ.

30. რეესტრის ეს ჩანაწერი შედავებული არ არის ანუ იგი ძალაშია. ასევე შედავებული არ არის რეესტრის ჩანაწერის საფუძველი - ნასყიდობის ხელშეკრულება და ისიც ძალაშია.

31. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, აპელანტებს, გააჩნიათ თუ არა უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობს თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება.

32. მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ საცხოვრებელი სახლი მათი მშობლიური სახლია და ამიტომ არიან აღნიშნული უძრავი ქონების კეთილსინდისიერი მფლობელები. მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ მათ აქვთ უფლება იცხოვრონ სადაო სახლში, ნ--- ხ------------ეს კი სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მოპოვებული აქვს ყალბი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. რაც დადასტურებული არ არის.

33. სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება მხარეებს აკისრიათ, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აღნიშნულ გარემოებებს აფუძნებენ.

34. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებს/აპელანტებს სასამართლოსათვის არ მიუთითებიათ კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის თაობაზე და ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ აპელანტები არ წარმოადგენენ ნ--- ხ------------ის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების მართლზომიერ მფლობელებს და ამ ქონების დაკავების უფლება არ გააჩნიათ.

35. ამდენად, ნ--- ხ------------ე სადავო ქონების მესაკუთრეა, ხოლო მოპასუხეებს, არ მიუთითებიათ იმგვარ გარემოებებზე, რაც აპელანტთა (მოპასუხეთა) მიერ ნივთის ფლობის უფლებას დაადასტურებდა. პალატა თვლის, რომ ნ--- ხ------------ემ შეძლო მისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება სსსკ მე-4, 102-ე, 103-ე ად 105-ე მუხლების თანახმად, ხოლო აპელანტებმა ვერ შეძლეს.

36. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება, ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრონციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

37. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების შესაბამისად, ნ--- ხ------------ის სასარჩელო მოთხოვნა ნ-----–- ა---------სა და სხვათა მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე - ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ყველა კომპონენტს აკმაყოფილებს (მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხეები უნდა ფლობდენ სადავო ნივთს და მფლობელებს არ უნდა ჰქონდეთ ამ ნივთის ფლობის უფლება) და შესაბამისად საფუძვლიანია, ხოლო ამავე კოდექსის 164-ე, 168-ე მუხლების საფუძველზე აპელანტები ვალდებული არიან შეწყვიტონ ნ--- ხ------------ის კუთვნილი უძრავი ქონების მფლობელობა და გამოათავისუფლონ ბინა და ჩააბარონ მოსარჩელეს თავისუფალ მდგომარეობაში.

39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

40. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც, ნ--- ხ------------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

41. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ნ-----–- ა---------ს, ლ---- ა---------ს, ნ------- ა---------სა და მ------- ბ-–----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება;

3. აპელანტთა მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: თამარ სვანიძე