განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.06.2018
საქმის ნომერი
100210018002264160
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100210018002264160

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ- 499

7 ივნისი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე : თამარ სვანიძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

აპელანტი: ქ------- მ-------ე;

წარმომადგენელი: ე-–---- ბ---------ე;

მოწინააღმდეგე მხარე: პ---–- ც--–------ე;

წარმომადგენელი: გ--------- ჩ-------ე;

დავის საგანი: საერთო ქონების გაყოფა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება;

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აღწერილობითი ნაწილი:

საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მიმართა, მოსარჩელე პ---–- ც--–------ემ მოპასუხე - ქ------- მ-------ის მიმართ და ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფა მოითხოვა. სახელდობრ: მოსარჩელემ ითხოვა ცნობილ იქნას ქ------- მ-------ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინის - მდებარე ქ.ჭიათურა, ს-----------ის ქუჩა N--, ს/კ 3------------------, ერთი მეორედი ნაწილის მესაკუთრედ და ასეთად აღირიცხოს საჯარო რეესტრში.

მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელემ წარმოადგინა განცხადება სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის შესახებ, სადაც მიუთითა, რომ ბინის გარდა ქორწინების პერიოდში შეძენილი აქვს შემდეგი ნივთები: გაზის გამათბობელი, ღირებული 490 ლარად; გაზქურა, ღირებული 830 ლარად; სარეცხი მანქანა LG, ღირებული 599 ლარად; მაცივარი სამსუნგი, ღირებული 1000 ლარად; სამზარეულოს კუხნა, ღირებული 700 ლარად; მდივან კრესლო-საბარგული, ღირებული 1200 ლარად; ტელევიზორი ევრიკა, ღირებული 300 ლარად; საძინებელი ტახტი, ღირებული 300 ლარად; სამზარეულოს ჭურჭელი და ტექნიკა, ღირებული 1000 ლარად; აბაზანის ინვენტარი - ნიჟარა, უნიტაზი, სარკე, დუშის ონკანი, ღირებული 500 ლარად; ელექტრო ღუმელი, ღირებული 170 ლარად. სულ შეძენილი ნივთების ღირებულება შეადგენს 7089 ლარს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ კანონის შესაბამისად ეკუთვნის ნახევარი - 3544.05 ლარის ღირებულების ქონება. შესაბამისად, ბინის ½-ზე მესაკუთრედ ცნობასთან ერთად მან მოითხოვა საკუთრებაში გამოეყოს 3544.05 ლარის ქონება. კერძოდ: სარეცხი მანქანა LG, ღირებული 599 ლარად; მაცივარი სამსუნგი, ღირებული 1000 ლარად; სამზარეულოს კუხნა, ღირებული 700 ლარად; გაზის გამათბობელი, ღირებული 490 ლარად; ტელევიზორი ევრიკა, ღირებული 300 ლარად.

მოსარჩელის განმარტებით: 2006 წლის 7 ოქტომბრიდან ფაქტიურ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფება მოპასუხე ქ------- მ-------ესთან, ხოლო რეგისტრირებულ ქორწინებაში 2009 წლის 12 მარტიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ 3 შვილი. ოჯახური უთანხმოების გამო, დაშორებულია მოპასუხესთან და მასთან შეწყვეტილი აქვს ცოლ-ქმრული ურთიერთობა. მოსარჩელე ცხოვრობს ჭიათურაში, ს-----------ის ქ. N---ში, მოპასუხეს წაყვანილი ჰყავს სამივე შვილი და მათთან ერთად ცხოვრობს თავის მშობლებთან. მოსარჩელის განმარტებით ქორწინების პერიოდში, კერძოდ 2010 წლის 23 ოქტომბერს, მან და მისმა მეუღლემ 1500 ლარად შეიძინეს 3 ოთახიანი ბინა მდებარე ჭიათურაში, ს------------------- N---ში, აღნიშნული ბინა დარეგისტრირდა მოპასუხის ქ------- მ-------ის სახელზე. მოსარჩელის მითითებით, რადგან სადაო ბინა ქორწინების განმავლობაშია შეძენილი, იგი წარმოადგენს მეუღლეთა საერთო ქონებას ანუ თანასაკუთრებას, ამ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ქონების გაყოფისას კი მათი წილებიც თანაბარია.

მოპასუხის პოზიცია:

აღნიშნულ სარჩელზე შესაგებელი შემოიტანა მოპასუხე ქ------- მ-------ემ, მან სარჩელი არ ცნო და თავის მხრივ განმარტა, რომ მოსარჩელე არ შეიძლება ცნობილი იქნას ჭიათურა, ს-----------ის ქ. N---ში, არსებული ბინის თანამესაკუთრედ, რადგან ეს ქონება არ შეძენილა მოსარჩელესთან ერთობლივი შრომითა და სახსრებით. მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში საკუთარი შემოსავალი არ ჰქონიათ, რადგან საცხოვრებელი ბინა მათ მოპასუხის მშობლებმა უყიდეს და გააფორმეს ქ-------ის სახელზე. მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას ნივთების გაყოფის ნაწილშიც არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ ჩამოთვლილი ნივთებიც მისი მშობლების დახმარებითაა შეძენილი, რამდენიმე ნივთი გამოტანილი აქვს განვადებით და თანხასაც მშობლების მიცემული თანხით იხდის. ასეც რომ არ იყოს, მასთან ერთად ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები და ყოველი ნივთი წარმოადგენს ბავშვების ინტერესებისათვის განსაზღვრულ და მათი საყოფაცხოვრებო პირობებისათვის შეძენილ ნივთებს, მათი გაყოფა ყოვლად შეუძლებელია. საბოლოოდ მოპასუხემ თანხმობა განაცხადა მასზედ, რომ მოსარჩელემ წაიღოს საძინებელი ტახტი.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით პ---–- ც--–------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე პ---–- ც--–------ე და მოპასუხე ქ------- მ-------ე ქორწინების რეგისტრაციაში გატარდნენ 2009 წლის 12 მარტს. ქორწინებაში შეეძინათ: 2009 წლის 31 მარტს დაბადებული ნ---- ც--–------ე პ/ნ 5----------, 2011 წლის 4 მარტს დაბადებული ე-–--- ც--–------ე პ/ნ 5---------- და 2014 წლის 3 მარტს დაბადებული თ---–- ც--–------ე პ/ნ 5----------. დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე და მოპასუხე 2018 წლის იანვრიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობს. პ---–- ც--–------ე ცხოვრობს სადაო სახლში, ხოლო ქ------- მ-------ე ცხოვრობს თავისი მშობლების სახლში.

დადგენილი იქნა, რომ 2010 წლის 23 ოქტომბერს სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქ------- მ-------ის სახელზე, იქნა აღრიცხული უძრავი ქონება მდებარე ქ. ჭიათურა, ს------------------- N---ში. სასამართლომ დაადგინა, რომ მოძრავი ნივთები: გაზის გამათბობელი, ღირებული 490 ლარად; გაზქურა, ღირებული 830 ლარად; სარეცხი მანქანა LG, ღირებული 599 ლარად; მაცივარი სამსუნგი, ღირებული 1000 ლარად; სამზარეულო ღირებული 700 ლარად; მდივან სავარძლებით-საბარგული ღირებული 1200 ლარად; ტელევიზორი ევრიკა, ღირებული 300 ლარად; საძინებელი ტახტი, ღირებული 300 ლარად; სამზარეულოს ჭურჭელი და ტექნიკა, ღირებული 1000 ლარად; ელექტრო ღუმელი, ღირებული 170 ლარად, ასევე ქორწინების განმავლოაბშია შეძენილი ნივთებია. რაც შეეხება ნივთების შეფასებას, მოპასუხემ წარმოადგინა გარკვეული ნივთების შეფასების მოსარჩელისაგან განსხვავებული ვერსია, კერძოდ, სარეცხი მანქანა LG, ღირებული 200 ლარად; მაცივარი სამსუნგი, ღირებული 400 ლარად; მდივან სავარძლებით-საბარგული, ღირებული 200 ლარად; ტელევიზორი ევრიკა, ღირებული 100 ლარად; ელექტრო ღუმელი, ღირებული 65 ლარად.

სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული უძრავი ქონების შეძენაში გარკვეული სახსრებით მოპასუხის მშობლებმა მიიღეს მონაწილეობა. ხოლო გარკვეული სახსრები თავად პ---–- ც--–------ის მიერ იქნა გაღებული. სახელდობრ პ---–- ც--–------ეს გააჩნდა საკუთარი ბიზნესი. იგი მუშაობდა სხვადასხვა ხელობაზე და ახლაც მუშაობს გარკვეულ სამუშაოებზე. ხოლო სადაო ბინის ნასყიდობა ქორწინების განმავლობაშია განხორციელებული. სასამართლომ დაადგინა, რომ სარეცხი მანქანა, რომელშიც გადახდილია 599 ლარი შეძენილია მოპასუხის მიერ, 2011 წელს ქორწინების განმავლობაში. 2016 წლის 5 სექტემბერს არის შეძენილი მოპასუხის მიერ გაზქურა ღირებული 830 ლარად და გაზის გამათბობელი 490 ლარად. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ---–- ც--–------ის შემოსავალი 2010 წლის განმავლობაში იყო 5602,6 ლარი, 2011 წლიდან 2018 წლის 7 თებერვლის ჩათვლით - 62517,21 ლარი. მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ქ------- მ-------ეს და უშუალოდ მის ოჯახს ფინანსურ დახმარებას ქ------- მ-------ის მშობლები უწევდნენ.

ქ------- მ-------ისა და პ---–- ც--–------ის ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია აღრიცხული. ოჯახი იღებს შემწეობას 280 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ ბავშვების საცხოვრებელი ადგილზე დავა არ არის და მათი საცხოვრებელი ადგილია დედის საცხოვრებელი ადგილი.

სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით მიიჩნია ჩათვალა, რომ როგორც მოძრავი, ისე უძრავი ნივთიც მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაშია შეძენილი. სასამართლოს მითითებით მართალია მოპასუხის მშობლები გარკვეულ დახმარებას უწევდნენ ოჯახს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვოს მოპასუხის ღვაწლი და წილი საერთო ქონების შექმნაში. რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულება, რომელიც ამგვარი განსხვავებულად შეფასების საშუალებას მისცემდა სასამართლოს. აქედან გამომდინარე სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ------- მ-------ის სახელზე აღრიცხული ქ.ჭიათურა ს-----------ის ქ.N---ში მდებარე უძრავი ქონების - ს/კ 3-------------------, ერთი მეორედი წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნა პ---–- ც--–------ე და შესაბამისად აღნიშნული უძრავი ქონების (ს/კ 3-------------------) ½ წილი საჯარო რეესტრში პ---–- ც--–------ის სახელზე. ხოლო მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან პ---–- ც--–------ეს მიეკუთვნა: საძინებელი ტახტი, ტელევიზორი ,,ევრიკა“, გაზის გამათბობელი, დივანი სავარძელებით (სამეული), სამზარეულო, ელ. ღუმელი.

სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე, 1159-ე, 1160-ე, 1164-ე, 1168-ე, მუხლებზე.

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ------- მ-------ემ.

აპელანტის მითითებით: სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დგინდებოდა ის გარემოება, რომ უძრავი ქონება შეძენილი იქნა ქ------- მ-------ის მშობლების სახსრებით. გადაწყვეტილება ეფუძვნება ვარაუდს, რომ მოსარჩელე მონაწილეობას ღებულობდა საერთო საოჯახო სამეურნეობაში. აპელანტის მითითებით მოსარჩელეს ოჯახის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულება არასოდეს ჰქონია, ხშირად სვამდა და შემოსავალი ოჯახში არასოდეს მიჰქონდა. 2010 წელს მათი ოჯახი იყო სოციალურად დაუცველი და ასეთი ოჯახი ცხადია საკუთარი სახსრებით ვერ შეძლებდა უძრავი ქონების შეძენას. ასევე სასამართლომ, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არ გაითვალისწინა წილთა თანაბრობის გადახვევის საკითხი.

სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ ქ------- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; შესაბამისად, საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით მიუთითებს შემდეგს:

მოსარჩელე პ---–- ც--–------ე და მოპასუხე ქ------- მ-------ე ქორწინების რეგისტრაციაში გატარდნენ 2009 წლის 12 მარტს. ქორწინებაში შეეძინათ 3 შვილი: ნ---- ც--–------ე, ე-–--- ც--–------ე და თ---–- ც--–------ე. დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე და მოპასუხე 2018 წლის იანვრიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. პ---–- ც--–------ე ცხოვრობს სადაო სახლში, ხოლო ქ------- მ-------ე თავისი მშობლების სახლში.

2010 წლის 23 ოქტომბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქ------- მ-------ის სახელზე აღრიცხული იქნა უძრავი ქონება მდებარე: ქ. ჭიათურა, ს------------------- N---ში. უდავოდ დადგენილია, რომ მხარეთა მიერ ქორწინებაში შეძენილი იქნა შემდეგი მოძრავი ნივთები: გაზის გამათბობელი, ღირებული 490 ლარად; გაზქურა, ღირებული 830 ლარად; სარეცხი მანქანა LG, ღირებული 599 ლარად; მაცივარი სამსუნგი, ღირებული 1000 ლარად; სამზარეულო, ღირებული 700 ლარად; მდივან სავარძლებით-საბარგული, ღირებული 1200 ლარად; ტელევიზორი ევრიკა, ღირებული 300 ლარად; საძინებელი ტახტი, ღირებული 300 ლარად; სამზარეულოს ჭურჭელი და ტექნიკა, ღირებული 1000 ლარად; ელექტრო ღუმელი, ღირებული 170 ლარად. მოპასუხემ წარმოადგინა გარკვეული ნივთების შეფასების განსხვავებული ვერსია, კერძოდ, სარეცხი მანქანა LG, ღირებული 200 ლარად; მაცივარი სამსუნგი, ღირებული 400 ლარად; მდივან სავარძლებით-საბარგული, ღირებული 200 ლარად; ტელევიზორი ევრიკა, ღირებული 100 ლარად; ელექტრო ღუმელი, ღირებული 65 ლარად.

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეთა შორის უდავოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადაო უძრავ-მოძრავი ქონება შეძენილია მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში. ,,თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი“. დადგენილია, რომ პ---–- ც--–------ეს გააჩნდა საკუთარი ბიზნესი. მუშაობდა სხვადასხვა ხელობაზე. აღნშნული ფაქტობრივი გარემოება აპელანტს სადაო არ გაუხდია. დადგენილია, რომ პ---–- ც--–------ის შემოსავალი 2010 წლის განმავლობაში იყო 5602,6 ლარი, 2011 წლიდან 2018 წლის 7 თებერვლის ჩათვლით კი 62517,21 ლარი. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის იმ მითითებებს, რომ პ.ც--–------ეს თავისი შემოსავალი არ მიჰქონდა ოჯახში, შესაბამისად, სადავო ნივთებზე მეუღლეთა თანასაკუთრება არ წარმოშობილა. ამ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება აპელანტს სასამართლოში არ წარმოუდგენია. მართალია მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ქ------- მ-------ეს და უშუალოდ ოჯახს ფინანსურ დახმარებას უწევდნენ ქ------- მ-------ის მშობლები, მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული არ მიუთითებს იმას, რომ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მხოლოდ ქ.მ-------ის ინდივიდუალური საკუთრებაა. გამომდინარე იქედან, რომ შესაბამისი მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული სადავო უძრავ-მოძრავ ქონებაზე ქ------- მ-------ისათვის მშობლების მიერ ჩუქების ფაქტი, ცხადია სადაო ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებად უნდა იქნეს მიჩნეული.

შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების მართებულობას იმასთან დაკავშირეით, რომ სადაო უძრავი ნივთის ½ ნაწილი უნდა აღირიცხოს პ.ც--–------ის საკუთრებაში, ხოლო მოძრავი ნივთებიდან მათი საბაზრო ღირებულების, გამოყენების და მოთხოვნის გათვალისწინებით, მას უნდა მიეკუთვნოს: საძინებელი ტახტი, ღირებული 300 ლარად; ტელევიზორი ,,ევრიკა“, ღირებული 100 ლარად; გაზის გამათბობელი, ღირებული 490 ლარად; მდივან სავარძლებით-საბარგული, ღირებული 800 (სამეული); სამზარეულო, ღირებული 700 ლარად; ელექტრო ღუმელი, ღირებული 170 ლარად (სულ ნივთები ღირებული 2560ლარად).

სამართლებრივი დასაბუთება:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სწორედ აღნიშნულ სტანდარტს ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის შესაბამისად თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა. ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ. ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1162-ე მუხლის შესაბამისად ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით, ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის შესაბამისად მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა: „..საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. აღნიშნული დანაწესი რეგულირდება სსკ-ის 1161-ე-1162-ე მუხლებით. თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. საპატიო მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ პირის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო, დამოუკიდებელი შემოსავლის მიუღებლობას. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს იმას, ქონება შეძენილია ერთ-ერთი მათგანისა, თუ ორივე მეუღლის მიერ. უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (მეუღლეების საერთო ქონებას) მიეკუთვნება, როგორც შრომის საქმიანობით მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლებსაც სპეციალური მიზნობრივი დანიშნულება არ აქვთ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში მიუხედავად იმისა, ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა“ (იხ., სუსგ №ას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. 3. აღნიშნული საფუძვლით სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს.

ერთ-ერთ საქმეში, რომელშიც ნამსჯელია წილთა თანაბრობის პრინციპიდან გადახვევის მიზანშეწონილობაზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ: „სსკ-ის 1168-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც სასამართლომ შეუძლია გადაუხვიოს არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე საერთო წესს. კერძოდ, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანასწორობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ -ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ -ერთი მეუღლის წილი შეიძლება გაიზარდოს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ..“ (იხ,. სუსგ N107 -338-08, 29 ოქტომბერი, 2008 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია სასამართლო გადაწყვეტილებით პ---–- ც--–------ეს მიეკუთვნა იმაზე ნაკლები ღირებულების მოძრავი ქონება ვიდრე მისი წილია თანასაკუთრებაში, მაგრამ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წილთა თანაბრობის პრინციპის დარღვევა ქ------- მ-------ის სასარგებლოდ, გამომდინარე იქედან, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები გონივრული, სამართლიანია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად: სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფა ბაჟის გადახდისაგან;

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დაადგინა:

1. ქ------- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-4-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: თამარ სვანიძე