განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001677738
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/6161-17 29 ივნისი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ბ------ სი-----–---–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ--- ი----–---–ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - მ------ ყ---–-–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.07.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 15.09.2017წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ--- ი----–---–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ბ------ სი-----–---–ის მიმართ კუთვნილი უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელე არის თბილისში, სა------ს გასასვლელის, ს-----, მე-8 კორპუსი, ბინა №3-ის მესაკუთრე, თუმცა მოპასუხე ფლობს სადავო უძრავ ნივთს და მესაკუთრეს არ აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს კუთვნილი ქონებით.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.07.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ--- ი----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ. თბილისში, სა------ს გასასვლელი, ს------, მე-8 კორპუსი, ბინა N3-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა საკადასტრო კოდით №01-------------------03 გამოთხოვილ იქნა ბ------ სი-----–---–ის უკანონო მფლობელობიდან და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ნ--- ი----–---–ს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს. კერძოდ, რომ მოსარჩელე არის საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე და, რომ მოპასუხე უკანონოდ ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას. სასამართლოს განმარტებით, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე, 311-312-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას, რის გამოც ნ--- ი----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.09.2017წ. განჩინებით ბ------ სი-----–---–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ივლისის №2/1------ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა. დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 17 ივლისს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელიც გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და განმარტა, რომ საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.07.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 15.09.2017წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ------ სი-----–---–მა და მოითხოვა მათი გაუქმება.
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, იურიდიულად არასაკმარისად არის დასაბუთებული. სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აპელანტს მონაწილეობა არ მიუღია საქმის განხილვაში, რითიც შეიზღუდა მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების ძალაში დატოვების დასაბუთება
7. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
8. 12.01.2017წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ--- ი----–---–მა (შემდგომში „მოსარჩელე“) ბ------ სი-----–---–ის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით (ტ. 1, ს.ფ.1-15).
სარჩელი ეფუძნება გარემოებებს მასზედ, რომ:
- მოსარჩელე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 17.10.2016წ. განკარგულებით გახდა უძრავი ქონების - მდებარე, ქ. თბილისი, სა------ს გასასვლელი, ს-----, კორპუსი 8, ბინა N3 - მესაკუთრე;
- ბინას ფლობს მოპასუხე და უარს ამბობს ფართის გამონთავისუფლებაზე.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება.
პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოპასუხე 17.07.2017წ. სხდომაზე მოწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 17.07.2017წ. 14:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე მოპასუხეს სასამართლო უწყება გაეგზავნა თავად მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, სა------ს გასასვლელი, ს-----, კორპუსი 8, ბინა N3 (იხ.: შესაგებელი, ტ.1, ს.ფ.25, გზავნილი, ტ.1, ს.ფ.38 ).
საფოსტო შეტყობინებით დგინდება, რომ 11.07.2017წ., ანუ სხდომამდე გონივრულ ვადაში, სასამართლო გზავნილი/უწყება პირადად ჩაბარდა მოპასუხეს (ტ.1, ს.ფ. 39). ამდენად, იგი სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
10. სარჩელში მითითებული და მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად ამართლებს.
11. არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების რაიმე საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარემოებას მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.07.2017წ. დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, საქმეში წარმოდგენილი არ არის. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მსჯელობას სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თობაზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
12. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის სამართლებრივი არსი და მისი მნიშვნელობა:
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას და სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას. ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნას მართლზომიერად და კეთილსინდისიერად. სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და მხარეთა თანასწორობის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მხარის უფლებები. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების წინაპირობა.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით.
არ არსებობს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.
14. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ. 2, ს.ფ. 23).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ------ სი-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.07.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 15.09.2017წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე