განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.06.2018
საქმის ნომერი
330210016001397525
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ
თარიღი
25.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001397525

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/2655-18 25 ივნისი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი – ნათია გუჯაბიძე,მოსამართლეები – ვანო წიკლაური, გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

 

აპელანტი – ს----–---------------

წარმომადგენელი – გ--------------

 

მოწინააღმდეგე მხარე – ნ------–------

წარმომადგენელი - ს--–----------–-

 

დავის საგანი - დისკრიმინაციული ქმედების აკრძალვა, მორალური ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ს----–---------------“ მიერ ნ------–------- მიმართ დისკრიმინაციული მომსახურების ფაქტის დადგენა.

 

1.2. ს----–---------------ათვის“ 5000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ------–------- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დადასტურდა ნ------–------- მიმართ ს----–---------------“ მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით; ს----–--------------“ ნ------–------- სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით.

 

3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა შემდეგ კანონებზე მითითებით: საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება - „ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი (მე-14 მუხლთან ერთობლიობაში); შეზღუდული შესაძლებობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია; შეზღუდული შესაძლებობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის მიერ 2013 წლის 15-19 აპრილს მიღებული მოსაზრებები განაცხადზე - სილვია ნიუსტი და პეტერ ტოკაჩი უნგრეთის წინააღმდეგ; 2014 წლის სექტემბერში მიღებული მოსაზრებები განაცხადზე - მარი - ლუის იუნგელინი შვედეთის წინააღმდეგ; „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი; ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი: IVANOVA V. BULGARIA; KIYTUN V. RUSSIA; D.H. AND OTHERS V. CHECZ REPUBLIC; KIUTYN V. RUSSIA; KARNER V. AUSTRIA; I.B. V. GREECE; THLIMMENOS V. GREECE; OPUZ V. TURKEY; IDENTOBA AND OTHERS V. GEORGIA; CAM V. TURKEY; Glor v Switzerland ; Botta v Italy ; Zehnalova and Zehnal v Czech Republic , Sentges v The Netherlands ; CHRISTINE GOODWIN V THE UK.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს----–---------------- და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ნ------–------ არ წარმოადგენდა წერა-კითხვის უცოდინარს და რომ აღნიშნულს ადასტურებს 25 მარტის საპრეტენზიო განაცხადი.

 

5.1. ის ფაქტი, რომ ნ------–------ წერა-კითხვის უცოდინარია, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სადავოდ არ გამხდარა. დადგენილია, რომ ბ------------–------–-ს შეთავაზებაზე თავად დაეწერა საპრეტენზიო განაცხადი, მოსარჩელემ უარი განაცხადა. საპრეტენზიო განცხადება მისმა შვილმა დაწერა. ამდენად, ნ------–------მ კონკრეტულ სიტუაციაში წერილობითი ფორმითაც ვერ შეძლო ნების გამოვლენა. სწორედ, აღნიშნული გარემოება გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ბ---ს გამოეყენებინა ისეთი ალტერნატიული საშუალება, როგორიც არის მესამე პირის ჩართვა გარიგებაში, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მისცემოდა ნების ნათლად გამოვლენის შესაძლებლობა, რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 70-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1360-ე, 1361-ე მუხლები, სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ნოტარიუსის ინსტრუქციის 26-ე და 27-ე მუხლები.

 

6. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ იგივე მომსახურება ბ---ის სხვა ფილიალში უპრობლემოდ მიიღო. სინამდვილეში, სხვა ფილიალში მომსახურების გაწევა წარმოადგენდა ბ---ის კეთილ ნებას. კერძოდ, ბ---მა დაინახა რა, რომ მოსარჩელე ცდილობდა გარკვეული მომსახურების მიღებას და ამისათვის ყველა საშუალებას იყენებდა, დაუშვა გამონაკლისი და კლიენტს მოემსახურა იმ მომენტში ბ---ში მოქმედი პროცედურის გვერდის ავლით. ეს გამონაკლისი შემთხვევა არ გულისხმობს იმას, რომ პირველ შეთხვევაში მომსახურების გაწევაზე გაცხადებული უარი დისკრიმინაციული იყო. ბოლო შემთხვევა კი, თავის მხრივ, დარღვევას წარმოადგენდა და არ უნდა შეფასდეს ბ---ში არსებული პროცედურების დაცვით განხორციელებულ ქმედებად.

 

7 აპელანტი, ასევე, არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, რომ ს----–--------------- ვალდებულია, „გონივრული გათანაბრების“ ცნების ცხოვრებაში გატარებისათვის განახორციელოს მნიშვნელოვანი აქტივობები, გაიღოს ინვესტიციები და თავისი სერვისების ადაპტირება მოახდინოს ყველა შშმ პირის საჭიროებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ არ გაითვალისწინა სასამართლო პროცესზე გაჟღერებული მოსაზრება, რომ ბ---ი ყველა შესაძლო საშუალებით ახდენს შშმ პირებზე თავისი მომსახურების მორგებას. ბ---ში დაინერგა ბრაილის შრიფტით მომსახურება უსინათლეობისათვის, ასევე მუშავდება შესაბამისი ხმოვანი პროგრამა შესაბამისი პირების მომსხურების მიზნით. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა, იმასთან დაკავშირებით, რომ ბ---ი შშმ პირებთან მიმართებაში ადკვატურ მოქმედებებს არ ახორციელებს, არ შეესაბამება სინამდვილეს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

10. განსახილველ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

11. მოსარჩელე - 1----–-–------------–- დაბადებული ნ------–------ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი - ყ------------.

 

12. ს----–---------------“ მხრიდან ნ------–------- მიმართ 2----–-–------------- განხორციელდა განსხვავებული მოპყრობა, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით. კერძოდ:

 

12.1. 2----–-–------------- ნ------–------მ ს----–---------------“ საბურთლოს #- სერვისცენტრს მიმართა და მიმდინარე თვის პენსიის მიღება მოითხოვა. მისი მოთხოვნა შესრულდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მესამე პირმა (ნ------–------- შვილმა) ხელმოწერით დაადასტურა მოსარჩელის ნება პენსიის მიღებაზე, ხოლო მომდევნო თვის პენსიის წინასწარ მიღებაზე ს----–---------------- ნ------–------ს მოსთხოვა მესამე პირზე გაცემული ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის

რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა, მოსარჩელის სახელით შეევსო განაცხადი. საბოლოოდ, ნ------–------მ შესაბამისი მომსახურება მიიღო მესამე პირის - მ--------–------- მიერ სპეციალური ფორმის („თანხმობა საბ---ო მომსახურების მიღებაზე“) შევსების შედეგად, რომლითაც, მ--------–-----ემ, როგორც მესამე პირმა დაადასტურა, რომ თანახმა იყო „სამზრუნველო პირს“ - ნ------–------ს მიეღო პენსია; (სამზრუნველო პირის ცნება გათვალისწინებული იყო თავად თანხმობის ფორმაში);

 

12.2. 2016 წლის 25 მარტს, ნ--------–-----ემ საპრეტენზიო განაცხადით მიმართა მოპასუხეს, სადაც განმარტა ის გარემოებანი, რასაც ადგილი ჰქონდა 2---------ს და მიუთითა, რომ ის არ არის ქმედუუნარო, მას ჩვეულებრივად შეუძლია კომუნიკაცია წერილობითი ფორმით და მასსა და ბ---ს შორის ურთიერთობებში მესამე პირის ჩართვა იყო არამართებული.

 

12.3. 2----–-–------------–-ს წერილით მოპასუხე ბ---მა მოსარჩელეს უპასუხა, რომ ს----–-------------ში“ მოქმედებს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მომსახურების წესი“, რომლის თანახმად, შშმ პირისათვის ნებისმიერი მომსახურების მიწოდების (გარდა სესხის გაცემისა) აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სრულწლოვანი და ქმედუნარიანი მოწმის დასწრება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შშმ პირისათვის ბ---ის მიერ განსაზღვრული დოკუმენტების შინაარსის გაცნობა და მის (შშმ პირის) ნაცვლად ხელმოწერა. ხოლო სესხის მიღების შემთხვევაში კი, შშმ პირი უნდა გამოცხადებულიყო მესამე პირთან ერთად, რომელზეც გაცემული ექნებოდა ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულება სესხის მიღების დავალებით (ტ. 1. ს.ფ. 32.)

 

12.4. მოსარჩელის განმარტებით, იგი ს----–---------------“ მომსახურებით სარგებლობს 2----–-–---ან და ამ შემთხვევამდე საბ---ო მომსახურების გაწევისას მას შეფერხება არ შექმნია. მან იცის წერა-კითხვა და კომუნიკაცია შეუძლია წერილობითი ფორმით. მოცემულ შემთხვევაში, ს----–---------------- ნ------–------ს არ მისცა შესაძლებლობა, რომ წერილობით გამოეხატა თავისი ნება და პირდაპირ უთხრა უარი მომსახურების გაწევაზე, ხოლო საბ---ო სერვისების მიღებისათვის დაუწესა ისეთი მოთხოვნები, რომლებიც არ წარედგინებათ იმ პირებს, ვისაც სმენის და მეტყველების პრობლემა არ გააჩნიათ. აღნიშნული ქმედებით ბ---მა დაარღვია ნ------–------- პირადი ინფორმაციის (საბ---ო ოპერაციების) კონფიდენციალურობის დაცვის უფლება მესამე პირის სავალდებულო ჩარევისაგან და იგი არის დისკრიმნაციული.

 

13. მოპასუხის განმარტებით, წესი, რაზეც პრეტენზიას აყენებს მოსარჩელე, ბ---ში ყოველთვის არსებობდა, რადგან იგი გამომდინარეობს კანონიდან და არ არის ბ---ის პირადი მიხედულების შედეგი. სადავოდ გამხდარი კონკრეტული მომსახურების მიღების ფაქტი სრულად კანონშესაბამისია და არ ამტკიცებს მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას; მოსარჩელე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც წერა-კითხვას დამოუკიდებლად ვერ ახორციელებს; თავად პრეტენზიის დაწერაც მან დამოუკიდებლად ვერ შეძლო და მას თანმხლები პირი - შვილი დაეხმარა; ეს მოწმობს, რომ სახეზეა იმგვარი ვითარება, როდესაც პირს სჭირდება გარიგებაზე ნების გამოსავლენად დახმარების მიღება და არანაირი დისკრიმინაცია ან ხელოვნურად ბარიერების შექმნა ბ---ის მხრიდან არ განხორციელებულა.

 

14. პალატა აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციის აკრძალვის სამართლის მიზანია საშუალება მისცეს ინდივიდებს, რომ თანაბრად და თანასწორად მიუწვდებოდეთ ხელი საზოგადოებაში არსებულ შესაძლებლობებზე. ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, აკრძალულია როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი დისკრიმინაცია;

 

15. პირდაპირ დისკრიმინაციას ახასიათებს არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა განსხვავებული მოპყრობა, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება. უნდა დადგინდეს, რომ ანალოგიურ, ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს უკეთესად ეპყრობიან და ეს განსხვავება დისკრიმინაციული ნიშნით ხდება. თავის მხრივ განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული მოპყრობა ისახავს ლეგიტიმურ მიზანს და არსებობს გონივრული თანაზომიერება ჩარევის ღონისძიებასა და დასახულ მიზანს შორის.

 

15.1. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პრეცედენტული სამართლის მიხედვით, პირდაპირი დისკრიმინაცია სახეზეა, როდესაც გარკვეული კატეგორიის პირების ან ჯგუფის მიმართ განსხვავებულ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული დასაბუთება, რადგან ის არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს ან/და გამოყენებული საშუალებები არ არის მისაღწევი მიზნის თანაზომიერი.

 

16. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის და ევროკავშირის სამართლის თანახმად, დისკრიმინაცია გულისხმობს არა მარტო ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი პირებისადმი განსხვავებულ მოპყრობას, არამედ ერთნაირ მოპყრობას განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ. ეს უკანასკნელი მიიჩნევა არაპირდაპირ დისკრიმინაციად, რადგან თავად ქმედება არ არის დისკრიმინაციული, მაგრამ მისი შედეგი უტოლდება დისკრიმინაციას. არაპირდაპირი დისკრიმინაციისთვის დამახასიათებელია შემდეგი გამოხატვის ფორმები (Handbook of europian Non-Discrimination Law,Luxembourg, 2011,22) : ა) როდესაც ესა თუ ის დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა უქმნის განსაკუთრებით არახელსაყრელ პირობებს გარკვეულ პირებს, ისე, რომ მათი დისკრიმინაციული ხასიათი გამოკვეთილი არ არის და თუ ეს დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ობიექტურად და გონივრულადარ არის დასაბუთებული; ბ) როდესაც გამოიყენება ზოგადი ღონისძიება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს გარკვეული კატეგორიის ჯგუფის წევრთა არაპროპორციულად დიდ რაოდენობაზე; გ) როდესაც ობიექტური და გონივრული დასაბუთების გარეშე კონკრეტული პირისა თუ ჯგუფის მიმართ არ იქნა გატარებული სპეციალური ღონისძიებები, ზოგადი წესიდან გამონაკლისის სახით.

 

17. პალატა აღნიშნავს, რომ ნებისმიერი უფლების აღიარება აზრს დაკარგავს, მასზე თანაბარი წვდომის გარანტირებული შესაძლებლობის გარეშე. ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია განცდა, რომ მათ სამართლიანად ეპყრობიან. თანასწორობა თავისუფლებაში გადამწყვეტია როგორც თავისუფლების, ისე თავად თანასწორობის იდეის შენარჩუნებისთვის. ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის ასეთ ურთიერთკავშირზე არაორაზროვნად მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, რომლის თანახმადაც: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით“.... იმავდროულად, ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა, თავისთავად, დისკრიმინაციას არ ნიშნავს. ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა, დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც იყოს. ეს ხშირად აუცდენელია. შესაბამისად, დიფერენცირება საზოგადოებრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროსთვის უცხო არ არის, თუმცა თითოეული მათგანი არ უნდა იყოს დაუსაბუთებელი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებას, დადგენას საფუძვლად დაუდო შემდეგი ძირითადი მიდგომა: „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“. კონსტიტუცია კრძალავს კანონის წინაშე არსებითად თანასწორთა უთანასწოროდ (ან პირიქით) გონივრული და ობიექტური დასაბუთების გარეშე მოპყრობის ნებისმიერ შემთხვევას.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლის შესაბამისად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც, მოპასუხეს იმის მტკიცების ტვირთი ეკისრება, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. იგივე წესს ადგენს არასასამართლო წარმოების დროს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, პირმა უნდა წარმოადგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. ამდენად, კანონი ადგენს, რომ დისკრიმინაციის ფაქტები სასამართლოს მხარემ (დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლმა) უნდა დაუსახელოს, რათა prima facie დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის პრეზუმფცია შეიქმნას.

 

19. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია მოსარჩელის მიმართ განსხვავებული მოპყრობის ფაქტი, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, რასაც არც მოპასუხე მხარე ხდის სადავოდ. ასეთ ვითარებაში კი განსხვავებული მოპყრობის მართებულობისა და გონივრულობის დასაბუთების მტკიცების ტვირთი ამ მოპყრობის განმახორციელებელ მხარეს აწევს (იხ. საქმეები: იგივე IVANOVA V. BULGARIA; KIYTUN V. RUSSIA; D.H. AND OTHERS V. CHECZ REPUBLIC და სხვა).

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს/აპელანტს წარმოეშვა იმისი მტკიცების

ტვირთი, რომ სადავო განსხვავებული მოპყრობა იყო გონივრული და ლეგიტიმური.

 

20. სააპელაციო პრეტენზიის თანახმად, საქმეში მესამე პირის ჩართვა ლეგიტიმური იყო იმ თვალსაზრისით, რომ შესაბამისი სერვისის მიწოდების მიზნებისათვის, ბ---ს სურდა ნათლად გაეგო კლიენტის ნება-სურვილი. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ნ------–------ არ წარმოადგენდა წერა-კითხვის უცოდინარს, ვინაიდან მან სადავო დღეს ვერ შეეძლო წერილობითი ფორმით თავისი ნების გამოვლენა, რაც დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ იმავე დღეს საპრეტენზიო წერილი მესამე პირმა -მ--------–-----ემ - დაწერა და არა თავად მოსარჩელემ.

21. სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ ს----–---------------“ მიერ ნ------–------- მიმართ 2----–-–------------- განხორციელებულ განსხვავებულ მოპყრობას არ გააჩნია ობიექტური და გონივრული დასაბუთება, გამოყენებული საშუალება (მესამე პირის ჩართვა) არ იყო მისაღწევი მიზნის თანაზომიერი, რის გამოც აღნიშნული მოპყრობა თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას (პირდაპირ დისკრიმინაციას), შეზღუდული შესაძლებლობის დაცული ნიშნით. კერძოდ:

 

22. საქმეში წარმოდგენილი 2----–-–------------–-ს წერილის საფუძველზე დადგენილია, რომ ნ------–------ს მოპასუხის მხრიდან საბ---ო ურთიერთობებში მესამე პირის ჩართვის მოთხოვნა წამოეყენა ს----–-------------ში“ მოქმედი - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მომსახურების წესის“ საფძველზე, რომლის თანახმადაც, შშმ პირისათვის ნებისმიერი მომსახურების მიწოდების (გარდა სესხის გაცემისა) აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სრულწლოვანი და ქმედუნარიანი მოწმის დასწრება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შშმ პირისათვის ბ---ის მიერ განსაზღვრული დოკუმენტების შინაარსის გაცნობა და მის (შშმ პირის) ნაცვლად ხელმოწერა. ხოლო სესხის მიღების შემთხვევაში კი, შშმ პირი უნდა გამოცხადდეს მესამე პირთან ერთად, რომელზეც გაცემული ექნება ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულება, სესხის მიღების დავალებით.

 

23. პალატა ყურადღებას მიაქცევს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მომსახურების წესში“ მოცემულ განმარტებებს, რომლის თანახმად, ამ ნორმატიული აქტის მიზნებისთვის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ გულისხმობს უსინათლო, წერა-კითხვის უცოდინარ ან/და სხვა ისეთი ფიზიკური ნაკლის მქონე პირს, რომელსაც არ შეუძლია გარიგების შინაარსის გაცნობა და დოკუმენტზე ხელმოწერა.

 

24. სააპელაციო პალატას საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ ნ------–------ არ წარმოადგენს ისეთი ფიზიკური ნაკლის მქონე პირს, რომელსაც არ შეუძლია გარიგების შინაარსის გაცნობა და დოკუმენტზე ხელმოწერა. პალატის ასეთი დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი გარემოებებიდან:

 

24.1. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ ქ.თბილისის #--- საჯარო სკოლის 2016 წლის 20 ივნისს გაცემული ცნობის საფუძველზე დგინდება, რომ ნ------–------ 1-------- სასწავლო წლებში სწავლობდა სსიპ ქ.თბილისის 2-- საჯარო სკოლაში (ყ------–--------------------------------–---------–--------------).

 

24.2. უდავო გარემოებაა, რომ ნ------–------ ს----–---------------აგან“ ანალოგიურ მომსახურებას იღებდა 2----–-–---ან ისე, რომ მესამე პირის დახმარებას არ საჭიროებდა; ასევე, სადავოდ არ არის გამხდარი გარემოება, რომ ნ------–------მ იმავე დღეს, ს----–---------------“ სხვა ფილიალში დამოუკიდებლად და უპრობლემოდ მიიღო ერთი თვის პენსია.

 

24.3. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 25 მარტის საპრეტენზიო განაცხადის თანახმად, რომელიც თავად მოსარჩელის მიერ არის შედგენილი, ნ------–------ არ არის ქმედუუნარო, ის მხოლოდ მოკლებულია სმენის და ვერბალური კომუნიკაციის შესაძლებლობას, თუმცა ჩვეულებრივად შეუძლია დოკუმენტის წაკითხვა და კომუნიკაცია წერილობითი ფორმით.

 

24.4. სადავო გარემოების დადგენის მიზნებისთვის პალატა, ასევე, ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ 2----–-–------------- დათარიღებულ სანოტარო აქტს - მინდობილობას, რომლითაც დგინდება, რომ ნ------–------მ რწმუნებულება გასცა მესამე პირზე, რა დროსაც ნოტარიუსმა შეამოწმა მარწმუნებლის/ნ------–------- ქმედუნარიანობა და დაადასტურა, რომ მის ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა.

 

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მესამე ნაწილის შესაბამისად, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

26. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა-არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ.

 

27. პალატა მხარის ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საპროცესო სამართლებრივ პრინციპებზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ – დაკისრებული აქვს მოპასუხეს.

 

28. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ ნ------–------მ 2----–-–------------- თავისი ნების წერილობითი ფორმით გადმოცემა ვერ შეძლო, თუმცა აპელანტმა მისი მტკიცების ფარგლებში სასამართლოს ვერ წარუდგინა ისეთი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ბ---მა მოსარჩელეს შესთავაზა ან/და შეუქმნა წინაპირობა და შესაძლებლობა იმისა, რომ მოსარჩელეს წერილობით მიეთითებინა მისთვის სასურველი საბ---ო მომსახურების სახე და მან აღნიშნული ვერ შეძლო.

29. რაც შეეხება, მოპასუხის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ ნ------–------მ ამავე დღეს ვერ შეძლო პრეტენზიის დაწერა, რაც აპელანტის მოსაზრებით, მოსარჩელის მხრიდან წერილობითი კომუნიკაციის შეუძლებლობაზე მიუთითებს, პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ მითითებული ფაქტი სადავო გარემოების (ნების წერილობით გადმოცემის უნარის არარსებობის) დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგება, იმ მოსაზრებებიდან გამომდინარე, რომ საპრეტენზიო წერილის დაწერა, რომელიც დაკავშირებულია განცხადების დასაბუთებასთან, პიროვნების განსხვავებულ მობილიზებას მოითხოვს (მით უფრო აღელვებულ მდგომარეობაში), რითაც იგი განსხვავდება ჩვეულებრივი საბ---ო მომსახურების მოთხოვნის პროცედურისაგან, რა დროსაც პირმა მხოლოდ შემოთავაზებული ფორმა უნდა შეავსოს მარტივად. ესეც რომ არა, აპელანტის პრეტენზიის საპირისპიროდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საპრეტენზიო განაცხადი მოსარჩელემ საკუთარი ხელით დაწერა უკვე მშვიდ ვითარებაში - 2----–-–--------------

30. ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე პალატას მიაჩნია, რომ ნ------–------ არ წარმოადგენს ისეთი ფიზიკური ნაკლის მქონე პირს, რომელსაც არ შეუძლია წერა-კითხვა, გარიგების შინაარსის გაცნობა/ანალიზი და დოკუმენტზე ხელმოწერა. შესაბამისად, იგი არ განეკუთვნება იმ პირთა წრეს, რომლებსაც არ შეუძლიათ ნების დამოუკიდებლად გამოხატვა. ამდენად, ნ------–------, მიუხედავად მისი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა, არ წარმოადგენს იმ სუბიექტს, რომელზედაც უნდა გავრცელებულიყო მოპასუხე ბ---ში მოქმედი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მომსახურების წესით“ გათვალისწინებული დებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბ---ის მხრიდან ნ------–------- მიმართ განხორციელებულ მოპყრობას არ გააჩნია ლეგიტიმური ან/და გონივრული დასაბუთება, ხოლო გამოყენებული საშუალება - მესამე პირის ჩართვა, ნაცვლად, ნების წერილობითი ფორმით გამოხატვის შესაძლებლობის მიცემისა - იყო მიზნის არათანაზომიერი.

 

31. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში 2014 წლის 12 აპრილიდან ძალაში შევიდა გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ. კონვენციის თანახმად, „კომუნიკაცია“ შშმ პირთან მოიცავს ენებს, ტესქტის გაფორმებას, ბრაილს და სხვა ალტერნატიულ გამაძლიერებელ ხერხებსა და მეთოდებს საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჩათვლით. კონვენცია განმარტავს „გონივრული მისადაგების“ ცნებას, რაც გულისხმობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ აუცილებელი და შესაბამისი მოდიფიკაციებისა და კორექტივების განხორციელებას, რაც არ იწვევს დაუძლეველ და გაუმართლებელ სირთულეებს და უზრუნველყოფს შშმ პირთა თანაბარი უფლებებისა და თავისუფლების ფუნდამენტური ღირებულების რეალიზებას. თავის მხრივ, უარი გონივრულ მისადაგებაზე შესაძლოა დისკრიმინაციის საფუძვლად იქნეს აღქმული (იხ. მუხლი 2). კონვენციაში წარმოდგენილია „უნივერსალური დიზაინის“ პრინციპი, რომელიც თავისი არსით ნებისმიერი პროდუქტისა თუ მომსახურებისათვის შშმ პირთათვის ხელმისაწვდომი ფორმისა და სახის მიცემის ვალდებულებას ადგენს;

 

32. კონვენციის მე-9 მუხლი ადგენს მისაწვდომობის საკითხებს; ნორმის თანახმად, შშმ პირების დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობისათვის, კონვენციის ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყონ გარემოს, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურების თანაბარი მისაწვდომობა. ნორმის თანახმად, სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ყველა კერძო საწარმოს მომსახურების ხელმისაწვდომობას. მე-2 მუხლის თანახმად, სახელმწიფოები ადასტურებენ, რომ შშმ პირებს უფლება აქვთ სამართლის სუბიექტად აღიარებაზე. ნორმის მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას შშმ პირებისათვის საკუთარი ფინანსური საქმეების დამოუკიდებლად მართვის, საბ---ო სერვისების (სესხების და სხვა) თანაბარი მისაწვდომობის უზრუნველყოფაზე;

 

33. კონვენციის 21-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ შშმ პირთათვის ოფიციალურ ურთიერთობებში კომუნიკაციის ხელმისაწვდომი ფორმების (ჟესტების ენა, ბრაილი და სხვა) შერჩევას.

 

34. ამდენად, შშმ პირთა უფლებების კონვენციამ, საზოგადოებრივი მოწყობისა და ყოფიერების ისეთი სავალდებულო ფორმა შემოგვთავაზა, რომელშიც ასეთი პირის თანაბარი ჩართულობა გარანტირებულია; შშმ პირების მიმართ გაწეული მომსახურება უნდა იყოს ადაპტირებული შესაბამის საჭიროებაზე.

 

35. საგულისხმოა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტმა (რომელიც შექმნილია შშმ პირთა უფლებების კონვენციის საფუძველზე) განიხილა განაცხადი სილვია ნიუსტი და პეტერ ტოკაჩი უნგრეთის წინააღმდეგ, სადაც საქმე ეხებოდა უნგრული საბ---ო დაწესებულების - OTP Bank Zrt-ს წინააღმდეგ შშმ პირთა დავას; ეს უკანასკნელნი ითხოვდნენ ბ---ისაგან ბ---ომატების დაუბრკოლებელი გამოყენების უზრუნველყოფას შშმ პირთა მიერ (ანუ მოდიფიცირებას და მორგებას შშმ პირთა საჭიროებებზეც). კომიტეტის მიერ მიჩნეულ იქნა, რომ უნგრულმა სახელმწიფომ ვერ შეასრულა კონვენციის მე-9 მუხლით (მისაწვდომობა) დაკისრებული მოვალეობანი და სახელმწიფოს მიმართა რეკომენდაციით, გამოასწოროს მომჩივანთა მიმართ საბ---ო მომსახურების ხელმისაწვდომობის ნაკლებობა.

 

36. დისრკიმინაციის სამართლის ზემოაღნიშნული პრინციპების და პრაქტიკის შესაბამისია ასევე ეროვნული კანონმდებლობა, კერძოდ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველივე მუხლი ადგენს, რომ ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად (ნათელია, რომ დაცულ ნიშანთა ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, ანუ აქაც სახეზე გვაქვს ნიშანთა ეგრეთწოდებული - OPEN END). მოცემული რეგულაცია პირდაპირ უთითებს, რომ ეს კანონი სწორედ სხვა - კანონმდებლობით დადგენილი უფლებების თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფას ემსახურება.

 

37. კანონის მე-3 მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმად, კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში“. შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ უზრუნველყოს კერძო სამართლის სუბიექტების მიერ პირთა მიმართ თანასწორი მოპყრობა, ხოლო ასეთი არსებობის შემთხვევაში კი მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებანი.

 

38. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურების წესის“ გავრცელება ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე იმის გაუთვალისწინებლად, შეუძლია თუ არა მას დამოუკიდებლად გამოხატოს ნება, ეწინააღმდეგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს - მიიღონ მომსახურება და დადონ გარიგებები სხვა პირების მსგავსად, დამოუკიდებლად, საკუთარი უნარების და შესაძლებლობების გამოყენებით. მოცემულ შემთხვევაში, დისკრიმინაციის საქმეებში მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის გათვალისწინებით, მოპასუხეს/აპელანტს სააპელაციო სასამართლოსათვის უნდა ემტკიცებინა ის აუცილებელი და ლეგიტიმური აუცილებლობა, რაც გაამართლებდა მოსარჩელის მიმართ 2----–-–------------- განხორციელებულ განსხვავებულ მოპყრობას, თუმცა მან პალატას კვალიფიციური შედავება ვერ წარუდგინა, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

საპროცესო ხარჯები

40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

41. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ და იგი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ს----–---------------“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ წიანსწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე

 

მოსამართლეები გოდერძი გიორგიშვილი

 

ვანო წიკლაური