განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002079431
საქმე №3ბ/608-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - თ-------------ვა
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება
1.1. თ-------------ვას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
1.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ-------------ვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 23 ოქტომბრის №1----- ბრძანება „თ-------------ვას წარმომადგენლის დ----- მ----–--ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 05 ივნისის N------ დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 09 მარტის N------ მითითება). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ-------------ვას მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. მოპასუხეებს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს მოსარჩელე - თ-------------ვას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. მოპასუხეებს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს მოსარჩელე - თ-------------ვას სასარგებლოდ ასევე სოლიდარულად დაეკისრათ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.1. საჯარო რეესტრიდან 2016 წლის 09 ივნისის მდგომარეობით ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, გ-------–---–ის გამზირი №70, კორპუსი N4, ა------------ი, შენობა N6, ფართი - 14.99 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------.06.5--, საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ------ი წ---–--ას სახელზე. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ-------–---–ი 2008-ის“ კრების ოქმი N1--------, დამოწმების თარიღი: 04/06/2016, ნოტარიუსი ნ. ს----------ე.
საჯარო რეესტრიდან 2016 წლის 13 ივნისის მდგომარეობით ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, გ-------–---–ის გამზირი №70, კორპუსი N4, ა------------ი, შენობა N6, ფართი -14.99 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------.06.5--, 2016 წლის 13 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია თ-------------ვას სახელზე. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი - 1---------, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 09/06/2016 (ტ. 1, ს.ფ. 78-79)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 13/06/2016 (ტ. 1, ს.ფ. 80-81)
3.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ თ-------------ვას მიმართ 2017 წლის 09 მარტს შედგენილი იქნა მითითება №0----- მასზედ, რომ ქ. თბილისში, გ-------–---–ის გამზირი N70, კორპუსი N4-ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი: N0---------------, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილია კაპიტალური შენობა-ნაგებობა. დარღვევის გამოსწორების მიზნით თ-------------ვას დაევალა ზემოაღნიშნული კაპიტალური შენობა-ნაგებობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განხორციელება უსაფრთხოების წესების დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები. დარღვევის გამოსწორების ვადად განისაზღვრა 25 (ოცდახუთი) კალენდრული დღე. მითითების გაცემის მომენტში მშენებლობის ეტაპად აღნიშნულია - „დასრულებული“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 09 მარტის მითითება №0----- (ტ. 1, ს.ფ. 95-96)
3.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 05 აპრილს თ-------------ვას მიმართ შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0-----, რომლითაც დადგინდა, რომ თ-------------ვას მიერ არ იქნა შესრულებული №0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 05 აპრილის შემოწმების აქტი (ტ. 1, ს.ფ. 97-98)
3.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 05 ივნისს მიღებული იქნა დადგენილება №0----- „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, რომლის თანახმადაც, თ-------------ვა დაჯარიმდა 8000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, დ.გ-------–---–ის გამზირი №70, კორპუსი №4-ში მდებარე, საკადასტრო კოდი: N0---------------, საკუთრებაში არსებული უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობისათვის (შენობა №6, საკადასტრო კოდი №0---------------.06.5--). მასვე დაევალა ქ. თბილისში, დ. გ-------–---–ის გამზირი №70, კორპუსი №4-ში, საკადასტრო კოდი: N0---------------, მდებარე უნებართვო ობიექტის (შენობა №6, ს.კ. №0---------------.06.5--) დემონტაჟი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 05 ივნისის დადგენილება №0----- (ტ. 1, ს.ფ. 14-16)
3.5. 2017 წლის 22 ივნისს თ-------------ვამ (წარმომადგენელი დ----- მ----–--ე) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა №1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 09 მარტის №0----- მითითებისა და 2017 წლის 05 ივნისის №0----- დადგენილების ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 23 ოქტომბრის №1----- ბრძანებით თ-------------ვას წარმომადგენლის დ----- მ----–--ის 2017 წლის 22 ივნისის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 5 ივნისის №0----- დადგენილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თ-------------ვას(წარმომადგენელი დ----- მ----–--ე) 2017 წლის 22 ივნისის ადმინისტრაციული საჩივარი (ტ. 1, ს.ფ 22-24)
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება „თ-------------ავს წარმომადგენლის დ----- მ----–--ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ (ტ. 1, ს.ფ. 106-114)
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლომ განმარტა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. მოპასუხე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიერ არ იქნება გაზიარებული.
4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 05 ივნისის №0----- დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 23 ოქტომბრის №1----- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 09 მარტის №0----- მითითება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს არ წარმოადგენს, თუმცა ერთიანი პროცესის შემადგენელი ნაწილია და მისი კანონთან შესაბამისობის განხილვა, სადავო აქტებთან მიმართებაში ერთობლიობაში უნდა განხორციელდეს.
4.2. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის.
ამავე კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
დასახელებული ნორმების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 19.15 მუხლის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. დასახელებული კოდექსის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ თ-------------ვას მიმართ 2017 წლის 09 მარტს შედგენილი იქნა მითითება №0-----, რომლის მიხედვითაც, ქ. თბილისში, გ-------–---–ის გამზირი N70, კორპუსი N4-ის მიმდებარედ საკადასტრო კოდზე N0---------------, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილია კაპიტალური შენობა-ნაგებობა. დარღვევის გამოსწორების მიზნით თ-------------ვას დაევალა აღნიშნული კაპიტალური შენობა-ნაგებობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განხორციელება უსაფრთხოების წესების დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები. დარღვევის გამოსწორების ვადად განისაზღვრა 25 (ოცდახუთი) კალენდრული დღე. მითითების გაცემის მომენტში მშენებლობის ეტაპად აღნიშნულია-„დასრულებული“.
4.3. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
მოცემულ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ თ-------------ვას მიმართ 2017 წლის 05 აპრილს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0-----, რომლის თანახმადაც, თ-------------ვას მიერ არ იქნა შესრულებული №0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
ამავე კოდექსის 44.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 8 000 ლარით.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 06 ივნისს მიღებული იქნა დადგენილება №0-----, რომლითაც თ-------------ვა დაჯარიმდა 8000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, დ.გ-------–---–ის გამზირი №70, კორპუსი №4-ში, ს.კ. N0---------------, საკუთრებაში არსებული უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობისათვის (შენობა №6, ს.კ. №0---------------.06.5--). მასვე დაევალა უნებართვო ობიექტის დემონტაჟი.
4.4. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
სასამართლომ მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65.1 მუხლზე, რომლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება: ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა; ბ) 20 მ2-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა; გ) გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე.
ამავე დადგენილების 66.1. მუხლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ- სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. იმავე მუხლის 50-ე პუნქტის მიხედვით, რეკონსტრუქცია არის არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. იმავე მუხლის 74-ე პუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. მითითებული მუხლის მე-80 პუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობების შეკეთება (რემონტი, აღჭურვა/მოპირკეთება) არის შენობა-ნაგებობების დეფექტების აღმოფხვრა, გაუმჯობესება ან განახლება მზიდი კონსტრუქციებისა და ექსტერიერის შეუცვლელად, ასევე საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში დამონტაჟებული ელექტრომექანიკური მოწყობილობის (ლიფტის) შემადგენელი ამორტიზებული ან მწყობრიდან გამოსული საამწყობო (მზიდი, მექანიკური, ელექტრული) ნაწილების შეცვლა ან/და შეკეთება, რაც უზრუნველყოფს მოწყობილობის სამუშაო რესურსის გაგრძელებას ტექნიკური მახასიათებლების შეუცვლელად.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმების საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 24.15 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით (53-ე მუხლი) დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლოს მოსაზრებით, კანონის აღნიშნული დანაწესი ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაცული არ არის.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 14.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა)პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ)დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ)სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ)შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ თ-------------ვას მიერ ჩადენილი (სავარაუდოდ, ჩადენილი) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო უძრავი ქონება შეიძინა 2016 წლის 10 ივნისს, ობიექტის მშენებლობა მის მიერ არ განხორციელებულა, უძრავი ქონება მის მიერ შეძენილი იქნა არსებული სახით და რომ იგი არ წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის სუბიექტს, თუმცა გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის შესაბამისი დასაბუთება, რატომ იყო შეუძლებელი სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირის დადგენა, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, რა კონკრეტული მტკიცებულება იქნა შეფასებული და გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იმის დასადგენად თუ ვინ წარმოადგენდა მშენებლობის მწარმოებელ პირს. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, ასეთ შემთხვევაშიც კი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჭიროებს დასაბუთებას იმ კუთხით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს სამშენებლო სამართალდარღვევის თაობაზე რომელი კონკრეტული კანონმდებლობა და რომელი კონკრეტული ნორმები იქნა დარღვეული, რამეთუ როგორც საქმეში არსებული მასალებით და მოსარჩელის განმარტებთ ირკვევა, აღნიშნული ა------------ის განთავსება მოხდა ჯერ კიდევ 2009 წლამდე, ხოლო იმ პერიოდისათვის მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილება არ შეიცავდა მითითებას პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებელობისათვის შესაბამისი ორგანოსათვის შეტყობინების ვალდებულების თაობაზე.
გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასევე არ არის შესაბამისი მსჯელობა და დასაბუთება იმისა, თ-------------ვას მიერ ქ. თბილისში, დ.გ-------–---–ის გამზირი N70, კორპუსი N4-ში(საკ. კოდი №0---------------.06.5--) უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის (ა------------ი, შენობა N6, ფართი- 14.99 კვ.მეტრი) დემონტაჟი რამდენად არის შესაბამისობაში პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ნორმებთან და აღნიშნული წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დეკლარირებულ, საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის გარანტიასა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლებასთან. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც, დღეის მდგომარეობით, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, გ-------–---–ის გამზირი №70, კორპუსი N4, ა------------ი, შენობა N6, ფართი - 14.99 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------.06.5--, 2016 წლის 13 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია თ-------------ვას სახელზე. დასახელებული გარემოებები საერთო ჯამში ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას არ გამოიკვლია საქმის მასალები სრულყოფილად. შესაბამისად, საქმის ხელახალი განხილვისას, საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით, მან უნდა მოახდინოს საქმის გარემოების სრულყოფილი გამოკვლევა, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენა, მტკიცებულებათა შეგროვება ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარება კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევასა და მასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შესაძლებლობის და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო, სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით. ამასთან, სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
4.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. სასამართლომ აღნიშნა, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება თ-------------ვას მიერ ჩადენილი (სავარაუდოდ ჩადენილი) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შემოწმებისას, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 05 ივნისის დადგენილება (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 09 მარტის N------ მითითება) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4.6. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 23 ოქტომბრის №1----- ბრძანების ბათილად ცნობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 05 ივნისის N------ დადგენილება კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 23 ოქტომბრის N1----- ბრძანება თ-------------ვას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას. სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
5.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მშენებლობის მწარმოებელი პირის დაუდგენლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტო ადასტურებს, რომ შენობა 2014 წლის მონაცემებით არ არსებობდა. ასევე, დადასტურებულია, რომ 2016 წლის 9 ივნისამდე ფართი ეკუთვნოდა ამხანაგობას, რომლის კრების ოქმის საფუძველზეც გახდა გ------ი წ---–--ას საკუთრება მხოლოდ 4 დღის განმავლობაში და შემდეგ დარეგისტრირდა თ-------------ვას საკუთრებად. აპელანტი მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ სადავო შენობა აშენებულია 2009 წლამდე და მანამდე მოქმედი კანონმდებლობა უნდა იქნას გამოყენებული, რამეთუ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს შენობის 2009 წლამდე აშენებას.
აპელანტი დამატებით აღნიშნავს, რომ მწარმოებელი პირის დადგენის მიუხედავად, დემონტაჟის ვალდებულება სწორედ ახალ მესაკუთრეზე ვრცელდება, რომელმაც სამართალდარღვევა ჩაიდინა უმოქმედობით. ამასთანავე, კერძო საკუთრებაში არსებული ნივთის დემონტაჟს სხვა ფიზიკური პირი ვერ მოახდენს. საწინააღმდეგო განმარტება არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მიზნებს. გარდა ამისა, სასამართლომ ისე მიუთითა ადმინისტრაციულ ორგანოს წინა მესაკუთრის მიერ სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის გამოკვლევის შესახებ, რომ იგი მესამე პირად არ ჩაურთავს წარმოებაში.
აპელანტი ასევე არ ეთანხება საპროცესო ხარჯების დაკისრებას, განმარტავს რა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ დგინდება უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი, ხოლო მესაკუთრეს წარმოეშვა სამშენებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულება. მას უნდა შეესრულებინა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მითითება და გამოესწორებინა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე არსებული დარღვევა. თ-------------ვას პასუხისმგებლობის საფუძვლებს მისი უმოქმედობა წარმოშობს. აპელანტი მიიჩნევს, რომ მიუხედავად საკუთრების უფლების რეგისტრაციისა, უნებართვოდ აშენებული ობიექტის დემონტაჟი შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, რადგან უნდა არსებობდეს მშენებლობის ნებართვა ან ლეგალიზების აქტი. ამასთანავე, სამართალდარღვევის გამოვლენის შედეგად კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამისი ღონისძიების გატარებას და ამ დროს ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილებით არ სარგებლობს. გარდა აღნიშნულისა, აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ მტკიცებითი ტვირთის სრულად ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრებას.
აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5.3. თ-------------ვას სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, რომ სადავო უძრავი ქონება შეიძინა 2016 წლის 13 ივნისს, როდესაც შენობა-ნაგებობა უკვე განთავსებული იყო მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, თ-------------ვა არ წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელ სუბიექტს. აპელანტი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8, მე-10 და 33-ე მუხლზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომ დაუშვებელია სამართალდამრღვევი სუბიექტის დადგენის გარეშე სამართალდარღვევის სანქციის შეფარდება. (სუსგ ბს-704-690(2კ-14)).
აპელანტის მითითებით, სადავო შენობა-ნაგებობის მშენებლობა განხორციელებულია ჯერ კიდევ 2009 წლამდე, ხოლო იმ პერიოდისათვის მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N140 დადგენილება არ შეიცავდა მითითებას პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშნებლობისათვის შესაბამისი ორგანოსათვის შეტყობინების ვალდებულების თაობაზე.
აპელანტი მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარის საფუძველს იძლევა სადავო აქტების სამართლებრივი საფუძვლების გასარკვევად და ასეთ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებისა და სადავო საკითხის გადაწყვეტაზე უარის თქმის პროცესუალური წინაპირობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს სრულად.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივრებში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
7.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1.1. სააპელაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების გაცნობის, სააპელაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება - დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს თ-------------ვას სასარჩელო მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სააპელაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილ 2014 წლის ორთოფოტოზე სადავო შენობა-ნაგებობა არ ჩანს. (ტ. 1, ს.ფ. 210)
7.1.2. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და თ-------------ვას სამართალდამრღვევად მიჩნევის კანონიერება.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს მოიცავს, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს არეგულირებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება. აღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა(მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება(არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ამასთანავე, დადგენილების 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მშენებლობა უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილი პროცედურის დაცვით. პირმა მშენებლობის განხორციელებისათვის სათანადო წესით უნდა მოიპოვოს ნებართვა, ხოლო I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა საჭიროებს დადასტურებას. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ. თბილისში, გ-------–---–ის გამზირი N70, კორპუსი N4-ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი N0---------------, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილია კაპიტალური შენობა-ნაგებობა, რომელიც 2016 წლის 13 ივნისიდან წარმოადგენს თ-------------ვას საკუთრებას. აღნიშნული ფაქტის გამო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ თ-------------ვას მიმართ 2017 წლის 09 მარტს შედგენილი იქნა მითითება №0----- და დარღვევის გამოსწორების მიზნით თ-------------ვას დაევალა კაპიტალური შენობა-ნაგებობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განხორციელება უსაფრთხოების წესების დაცვით. მითითებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 05 ივნისს მიღებული იქნა დადგენილება №0-----, რომლითაც თ-------------ვა დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, დ.გ-------–---–ის გამზირი №70, კორპუსი №4-ში მდებარე, საკუთრებაში არსებული უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობისათვის. ამავე დადგენილებით თ-------------ვას დაევალა უნებართვო ობიექტის დემონტაჟი.
7.1.3. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
მითითებული მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი ნაწილის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენა წარმოშობს კანონით დადგენილ ვადაში სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელი პირის გამოვლენისა და სანქციის დაკისრების მოვალეობას. კონკრეტულ შემთხვევაში, თ-------------ვა განმარტავს, რომ ფართი შეიძინა 2016 წელს, როდესაც უკვე აშენებული იყო სადავო ობიექტი. საგულისხმოა, რომ მოცემულ ფაქტს არც ადმინისტრაციულ ორგანოთა წარმომადგენლები ხდიან სადავოდ.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სანქციის დაკისრებამდე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა სცადოს მშენებლობის მწარმოებელი პირის დადგენა, მოძიება და მხოლოდ აღნიშნულის შეუძლებლობა წარმოშობას სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრესა ან მოსარგებლეზე პასუხისმგებლობის გავრცელების შესაძლებლობას.
კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს წარმოდგენილ ორთოფოტოზე, რომლითაც დასტურდება, რომ სადავო შენობა 2014 წლამდე არ არსებობდა. ამდენად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ შენობა 2009 წლამდე აშენდა და მის მიმართ შესაბამის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა უნდა გავრცელდეს. გარდა ამისა, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს, რომ თ-------------ვას საკუთრების უფლების წარმოშობამდე, სადავო უძრავ ნივთზე ვრცელდება ჯერ ამხანაგობის საკუთრების უფლება, შემდგომ იგი მხოლოდ ოთხი დღის განმავლობაში სხვა ფიზიკური პირის საკუთრების უფლება. ასეთ პირობებში კი, როდესაც ცალსახად არ დგინდება სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირი, კანონმდებლობა პასუხისმგებლობას სწორედ მესაკუთრეს აკისრებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თ-------------ვას დაჯარიმება სამშენებლო სამართალდარღვევისათვის განხორციელდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების არსებობის ფარგლებში, რაც განაპირობებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებას თ-------------ვას დაჯარიმების ნაწილში.
7.1.4. სააპელაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-626-596(კ-07), სადაც განმარტებულია, რომ „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის I პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.“ „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად, ამდენად სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის კანონიერება მოწმდება არა სამართლებრივი საფუძვლებით (სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი) არამედ, ფაქტის არასწორად დადგენისა და შეფასების შედეგად არასწორად ნორმის შეფარდების თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა სადავო აქტის კანონიერების განსაზღვრა დამოკიდებულია აქტით აღწერილ და გამოვლენილ იურიდიული ფაქტის ნამდვილობის დადგენაზე, ლოგიკურია, რომ გამოყენებულ უნდა იქნას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლით გათვალისწინებული საერთო წესი მტკიცების ტვირთის პროპორციულობის და მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებების შესახებ.“
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში სადავოა ფაქტობრივი გარემოება, ვინ არის სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირი, მტკიცების ტვირთი თანაბრად ნაწილდება მხარეებზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მსგავსი პირის დადგენა ვერ ხდება, რაც უნებართვო შენობის მესაკუთრეს აქცევს პასუხისმგებელ პირად.
7.1.5. სააპელაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით თ-------------ვას დაევალა შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, მიუხედავად იმისა, რომ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია მისი საკუთრების უფლება.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ დამატებითი ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32). „საკუთრების უფლება წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების განვითარების საყრდენს, რომელსაც ეფუძნება საბაზრო ეკონომიკა და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვა. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საკუთრების როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას, ხოლო, მეორე მხრივ, წარმოადგენს ინდივიდის ძირითად უფლებას.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“) საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე `საქართველოს მოქალაქეები – დ----- ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-5).
მითითებულ ნორმათა საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება დაცული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით. საკუთრების უფლება ვლინდება პირის უფლებაში, ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთრებაში არსებულ ქონებას, კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში. კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან თ-------------ვას საკუთრების უფლება სადავო შენობა-ნაგებობაზე რეგისტრირებულია, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი ობიექტის დემონტაჟის დავალება ხელყოფს და გაუმართლებე ჩარევას გამოიწვევს ფიზიკური პირის საკუთრების უფლებაში. შესაბამისად, დემონტაჟის დავალების ნაწილში სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
7.1.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები დემონტაჟის დავალების ნაწილში ეწინააღმდეგება კანონს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძველი. რაც შეეხება თ-------------ვას დაჯარიმებას, მოცემულ ნაწილში სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ-------------ვას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. თ-------------ვას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ობიექტის დემონტაჟის დავალების ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 09 მარტის №0----- მითითება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 05 ივნისის №0----- დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 23 ოქტომბრის №1----- ბრძანება, ხოლო თ-------------ვას დაჯარიმების ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 09 მარტის №0----- მითითება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 05 ივნისის №0----- დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 23 ოქტომბრის №1----- ბრძანება უნდა დარჩეს უცვლელად.
9. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმებით განსაზღვრულია საპროცესო ხარჯების განაწილების საკითხი. რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მითითებას, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი საპროცესო ხარჯების განაწილების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სარჩელის აღძვრის შედეგად დაწყებული სასამართლო წარმოება, რომლის დროსაც ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.
ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა აპელანტის - თ-------------ვას სააპელაციო საჩივარი და ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი, მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის - 100 (ასი) ლარის ნახევარი - 50 (ორმოცდაათი) ლარი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის -150 (ას ორმოცდაათი) ლარის ნახევარი 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ხოლო დარჩენილი 125 (ას ოცდახუთი) ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად. ამასთანავე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სოლიდარულად უნდა დაეკისროთ თ-------------ვას სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ-------------ვას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. თ-------------ვას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 09 მარტის №0----- მითითება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 05 ივნისის №0----- დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 23 ოქტომბრის №1----- ბრძანება ობიექტის დემონტაჟის დავალების ნაწილში, ხოლო თ-------------ვას დაჯარიმების ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 09 მარტის №0----- მითითება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 05 ივნისის №0----- დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 23 ოქტომბრის №1----- ბრძანება დარჩეს უცვლელად.
5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას თ-------------ვას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის - 50 (ორმოცდაათი) ლარისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის - 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ანაზღაურება.
6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო
სამსახურსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას თ-------------ვას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, (მდებარე - ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა).
მოსამართლე ლევან მურუსიძე