განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.07.2018
საქმის ნომერი
330210017002098647
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები, სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
06.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002098647

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/1187-18 06 ივლისი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - შ--–-- ც-----–---–ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ქ------------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ი----- ქ-----–---–ი, ეკ----------ი (მოსარჩელე)

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.11.2017წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ი----- ქ-----–---–მა და ეკ----------მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე შ--–-- ც-----–---–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. მოსარჩელეები არიან თბილისში, ყ---–---ს ქ. №-, მ--- კორპუსში მდებარე ბინა №1---ის (საკადასტრო კოდით N0-------------------1--) მესაკუთრეები, თუმცა მოპასუხე ფლობს სადავო უძრავ ნივთს და მესაკუთრეებს არ აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს კუთვნილი ქონებით.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

3. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.11.2017წ. გადაწყვეტილებით ეკ----------ისა და ი----- ქ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შ--–-- ც-----–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ყ---–---ს ქ. N4, მ--- კორპუსში მდებარე ბინა N1-- საკადასტრო კოდით N0-------------------1-- და აღნიშნული ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეებს ეკ----------სა და ი----- ქ-----–---–ს.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ყ---–---ს ქ. N4, მ--- კორპუსში მდებარე ბინა N1--, საკადასტრო კოდით N0-------------------1--, აღრიცხულია მოსარჩელეების, ეკ----------ისა და ი----- ქ-----–---–ის საკუთრებად. ამასთან, მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 168-ე მუხლებზე, ასევე ამავე კოდექსის 312-ე მუხლზე და დააკმაყოფილა ი----- ქ-----–---–ისა და ეკ----------ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.11.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ--–-- ც-----–---–მა და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია მოპასუხე შ--–-- ც-----–---–ი სადავო უძრავი ქონების უკანონო მფლობელად. მასსა და ი----- ქ-----–---–ს, ეკ----------ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ი----- ქ-----–---–მა შ--–-- ც-----–---–ს ასესხა 48000 აშშ დოლარი, ეკ----------მა კი - 20 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შ--–-- ც-----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე: ქ. თბილისი, ნ. ყ---–---ს ქ. №-, კორპ. 2, ბინა 1--. სესხი იყო სარგებლიანი. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა სამ თვეზე მეტი ვადით პროცენტის გადახდას, აპელანტი ორი წლის განმავლობაში იხდიდა პროცენტს. აპელანტის განმარტებით, იმის შიშით, რომ მოსარჩელეებს სახლიდან არ გამოესახლებინათ, 2015 წლის 7 თებერვალს მოპასუხეებს საკუთრებაში გადასცა უძრავი ნივთი, რომელიც 100 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების იყო, ანუ ბინა პრაქტიკულად აჩუქა მოსარჩელეებს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის აღძვრისას უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები:

- მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე;

- მოპასუხე უნდა ფლობდეს მოსარჩელის კუთვნილ ნივთს და

- მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქმის მასალებით დასტურდება, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

- უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ყ---–---ს ქ. N4, მ--- კორპუსში მდებარე ბინა N1-- საკადასტრო კოდით N0-------------------1-- საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია ეკ----------ის და ი----- ქ-----–---–ის (შემდგომში „მოსარჩელე“) სახელზე (ტ. 1, ს.ფ. 14,15).

- შ--–-- ც-----–---–ი (შემდგომში „მოპასუხე“) ფლობს ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთს.

 

8. პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხეს არა აქვს სადავო ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მისივე მოვალეობაა. ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს მის მიერ სადავო ნივთის ფლობის მართლზომიერების დადასტურება. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას მასზედ, რომ მას აქვს სადავო ნივთის ფლობის უფლებამოსილება, საქმეში წარმოდგენილი არ არის. როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, სადავო ბინაზე მოსარჩელეებს და მოპასუხეს შორის 0---------წ. დაიდო ვალის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლითაც გამოსყიდვის საბოლოო თარიღად განსაზღვრული იყო 0---------წ. (ტ.1, ს.ფ.14,15). სარჩელი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით აღძრულია 21.09.2017წ. (ტ.1, ს.ფ.1).

 

სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

ამდენად, მოპასუხე უკანონოდ ფლობს უძრავ ქონებას. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის, შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები და გამოითხოვოს ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან.

 

მოსარჩელე უფლებამოსილია განახორციელოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა მესაკუთრის სარჩელი. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

9. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

10. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.1, ს.ფ. 74).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ--–-- ც-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.11.2017წ. გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე