განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010141318700062975, №1/აგ-437-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივლისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გი------ გი-----------ის (დაბადებული 199- წლის 1------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------, მცხოვრები: ქ.ქუ-----------------------------) შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 იანვრის განაჩენით გი------ გი-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად.
გი------ გი-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გი------ გი-----------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 10 (ათი) წლის ვადით.
2018 წლის 04 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა გი------ გი-----------მა, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, განაჩენის გადასინჯვა.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ გი------ გი-----------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში იმსჯელა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 იანვრის განაჩენით, გი------ გი-----------ს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასთან ერთად მსჯავრი დაედო ასევე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქმეში წარმოდგენილი აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს N5---- წერილის თანახმად სრულად არ არის აღსრულებული (გადახდილია 174.87 ლარი, გადასახდელია 825.13 ლარი). შესაბამისად, გი------ გი-----------ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან (ჯარიმის გადახდისგან).
რაც შეეხება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეულ უფლებებს, აღნიშნული უფლებები გი------ გი-----------ს ჩამორთმეული აქვს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის და არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლისთვის, რის გამოც უფლებების აღდგენა ვერ მოხდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბერის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გი------ გი-----------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
გი------ გი-----------ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 იანვრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე მითითება.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე