განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001455201
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2247-18 21 ივნისი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – თამარ ალანია,მოსამართლეები – ქეთევან მესხიშვილი
თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - სა-–--------–-ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ბე-–-------ძე
წარმომადგენელი - ნი---------–------ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი - მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ბე-–-------ძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და გარდაცვლილი ევ----------–-----ის უმკვიდრო ქონების გადაცემა და მის მესაკუთრედ აღიარება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ბე-–-------ძე ევ----------–-----ის (გარდაცვალების თარიღი: 2015 წლის 11 ოქტომბერი, აქტი N0----------) ანდერძისმიერ მემკვიდრედ და უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თ---–------–-----------------------------------------------------------------------------------) მესაკუთრედ იქნა აღიარებული. მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე ბე-–-------ძის სასარგებლოდ 2016 წლის 01 აგვისტოს ნი---------–------ძის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 200 (ორასი) ლარის ანაზღაურება დაეკისრა, მხარეები 1600 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდნენ.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. ევ----------–-----ი (მამკვიდრებელი) ვ----–----- პედაგოგი, ხოლო მოსარჩელე ბე-–-------ძე, მისი მოსწავლე იყო. ბე-–-------ძე ხშირად სტუმრობდა ევ----------–-----ს სახლში, მართავდნენ შეხვედრებს, კონცერტებს. ევ----------–-----მა ჩამოაყლიბა საზოგადოება „რე-–---ია“, რომელთაც აერთიანებდათ მუსიკა, ამ საზოგადოების წევრი იყო მოსარჩელე ბე-–-------ძეც (ტომი I, ს.ფ. 218-219).
6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრი 20---–-–------------------- მიმართვის მდგომარეობით, შპს „ნ--------------–ში“ განთავსებულ პირთან, ევ----------–-----თან დაკავშირებით, სს „უ---------–-------------–-----–------ს“ აწვდის შემდეგი სახის ინფორმაციას: საქმის შესწავლის მსვლელობისას გამოვლენილი იქნა ავადმყოფის, ევ----------–-----ის ახლობელი, მაგრამ არანათესაურ კავშირში მყოფი პირი, ბე-–-------ძე. გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ ბე-–-------ძე თანახმაა მოუაროს ავადმყოფს 24 საათის განმავლობაში, რაზედაც ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრი, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანო, არ არის წინააღმდეგი. პალიატური ზრუნვის დაწესებულების ფორმატიდან გამომდინარე, გამოიკვეთა აუცილებლობა ავადმყოფზე 24 საათიანი მეთვალყურეობის გაწევის და პაციენტთან მომვლელი პირის ყოფნისა. მოძიებული ინფორმაციით იმ პერიოდისათვის, ევ----------–-----ს არ ჰყავდა ნათესაურ კავშირში მყოფი პირი ან/და კანონიერი წარმომადგენელი (ტომი I, ს.ფ. 26, მხარეთა ახსნა-განმარტება).
7. შპს „უ---------–-------------–-----–------სა“ და პაციენტს, ევ----------–-----ს შორის 2015 წლის 02 ოქტომბერს სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომელსაც პაციენტის მეურვე ბე-–-------ძე აწერდა ხელს. ამავე დღეს, ერთი მხრივ, შპს „ნ--------------–სა“ და მეორე მხრივ, ბე-–-------ძეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულების საგანს პაციენტ ევ----------–-----ისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევა წარმოადგენდა. ხელშეკრულებას ხელს ბე-–-------ძე აწერდა (ტომი I, ს.ფ. 24-25).
8. ევ----------–-----ი 2015 წლის 11 ოქტომბერს გარდაიცვალა. მას კანონისმიერი მემკვიდრე არ დარჩა (ტომი I, ს.ფ. 23, მხარეთა ახსნა-განმარტება).
9. ევ----------–-----ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბი-–------------–--------------------------------------------------------------------------------------------------0. აღნიშნული უძრავი ნივთი დღეის მდგომარეობითაც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ევ----------–-----ის სახელზეა რეგისტრირებული. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით, 1935 წლის 28 იანვარს დაბადებული ევ----------–-----ი გარდაცვალებამდე რეგისტრირებული იყო მისამართზე: ქ. თბი-–---------–-------------- (ტომი I, ს.ფ. 16-17, 80).
10. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ევ----------–-----ის (გარდაცვალების აქტი N0----------, 11.10.2015 წელი) ქორწინების, განქორწინების და შვილის (შვილების) დაბადების აქტის ჩანაწერი არ მოიძებნა (ტომი I, ს.ფ. 166).
11. 2016 წლის 23 მარტს, მოსარჩელე ბე-–-------ძემ, როგორც ევ----------–-----ის (გარდაცვალების თარიღი 11.10.2015 წელი) მემკვიდრემ განცხადებით მიმართა ნოტარიუს ნ--------------- და ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემა და ანდერძის ნამდვილობის დადგენამდე სამკვიდრო მოწმობის გაცემის აკრძალვა მოითხოვა. 2016 წლის 23 მარტს ნოტარიუს ნა------------ის დადგენილებით უარი ეთქვა ბე-–-------ძეს ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე ანდერძის ნამდვილობის დადგენამდე.
მის მიერ წარმოდგენილი ანდერძი ხელით არის შედგენილია და მისი ნამდვილობის ფაქტი არ იყო დადგენილი (ტომი I, ს.ფ. 41-42).
12. სსიპ ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ, 2016 წლის 17 თებერვალს ნოტარიუს ნ--------------- მიმართა და გარდაცვლილი ევ----------–-----ის (გარდაცვლილი 11.10.2015 წელი) უმკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა მოითხოვა. ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ვინაიდან აღნიშნულ ქონებასთან მიმართებით ბე-–-------ძის მიერ წარმოდგენილი იყო ევ----------–-----ის შინაურული ანდერძი, რომლითაც ის მთელ ქონებას ბე-–-------ძეს უტოვებს. სამკვიდრო მოწმობა არ გაიცემა იქამდე, სანამ სასამართლოს მიერ არ მოხდება ანდერძის ნამდვილობის დადგენა (ტომი I, ს.ფ. 76).
13. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში ჩანაწერი ევ----------–-----ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე არ არის რეგისტრირებული. ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში ასევე არ მოიძებნა ინფორმაცია 2015 წლის 11 ოქტომბერს გარდაცვლილი ევ----------–-----ის დანაშთი ქონების თაობაზე (ტომი I, ს.ფ. 77, 79).
14. კომპოზიტორის, პროფესორის, ვოკალის, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის და შესწავლის კონსულტანტი ევ----------–-----ის სახელით შედგენილ ანდერძი-დახასიათება შემდეგი შინაარსისაა: 80-იანი წლების ბოლოს ევ----------–-----მა გადაწყვიტა შეექმნა ანსამბლი „უ------ი“. მოსმენაზე მოდიოდნენ ვიოლინოზე დამკვრელი ხალხი. იმ პერიოდში მან გაიცნო მევიოლინე, ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიის სტუდენტი, ბე-–-------ძე. მას შემდეგ, ევ----------–-----ი ხშირად უსმენდა ბე-–-------ძის ვიოლინოზე დაკვრას, იგი იყო ნიჭიერი მოსწავლე რთული პროგრამით, მუდმივად მუშაობდა საკუთარ თავზე და აუმჯობესებდა ინსტრუმენტზე დაკვრას. უარის გარეშე, დიდი სიამოვნებით იღებდა მონაწილეობას საქველმოქმედო კონცერტებზე საელჩოებში, დიასპორებში, კლუბებში, ასევე, ხშირად უკრავდა შეხვედრებზე, კონცერტებზე „რე-–---იას“ საზოგადოებაში, სადაც მსმენელს სხვადასხვა ნაწარმოებების შესრულებით ახარებდა. ბე-–-------ძის ინტელექტუალურმა, ფართო მსოფლმხედველობამ, სხვადასხვა პროფესიების მიმართ ინტერესმა, გამოიწვია მასში სურვილი, ჩაებარებინა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. მის ამ გადაწყვეტილებას ევ----------–-----ი მიემხრო და ახალ სფეროში წარმატებები უსურვა. იმის გამო, რომ დახასიათება-ანდერძის შემდგენს, ევ----------–-----ს არ ჰყავს შვილები, იგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1345-ე მუხლის თანახმად, მოანდერძე შეიძლება იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც ანდერძის შედგენის მომენტში შეუძლია გონივრულად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და ნათლად გამოხატოს თავისი ნება. ამავე კოდექსის 1346-ე მუხლის მიხედვით, ანდერძი უნდა შეადგინოს პირადად მოანდერძემ. ანდერძის შედგენა წარმომადგენლის მეშვეობით არ დაიშვება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1357-ე მუხლის თანახმად, ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან, დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო ფორმით ან ამის გარეშე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1364-ე მუხლის თანახმად, მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1365-ე მუხლით დადგენილია ანდერძის შენახვა ნოტარიუსთან. კერძოდ, აღნიშნული მუხლის დისპოზიციით, მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწერილი და ხელმოწერილი ანდერძი დალუქული კონვერტით გადასცეს ნოტარიუსს (ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირს) სამი მოწმის თანდასწრებით, რაც დასტურდება კონვერტზე ხელის მოწერით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1368-ე მუხლის თანახმად, ანდერძში მითითებული უნდა იყოს მისი შედგენის თარიღი. შესრულებულია ევ----------–-----ის მიერ. შინაურული ანდერძი დათარიღებული არ არის (ტომი I, ს.ფ. 251-258).
15. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მამკვიდრებლის - ევ----------–-----ის მიერ შედგენილი შინაურული ანდერძის ბათილად ცნობის წინაპირობები არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1345-ე მუხლის თანახმად, მოანდერძე შეიძლება იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც ანდერძის შედგენის მომენტში შეუძლია გონივრულად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და ნათლად გამოხატოს თავისი ნება.
ამავე კოდექსის 1346-ე მუხლის მიხედვით, ანდერძი უნდა შეადგინოს პირადად მოანდერძემ. ანდერძის შედგენა წარმომადგენლის მეშვეობით არ დაიშვება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1357-ე მუხლის თანახმად, ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან, დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო ფორმით ან ამის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1364-ე მუხლის თანახმად, მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1365-ე მუხლით დადგენილია ანდერძის შენახვა ნოტარიუსთან. კერძოდ, აღნიშნული მუხლის დისპოზიციით, მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწერილი და ხელმოწერილი ანდერძი დალუქული კონვერტით გადასცეს ნოტარიუსს (ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირს) სამი მოწმის თანდასწრებით, რაც დასტურდება კონვერტზე ხელის მოწერით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1368-ე მუხლის თანახმად, ანდერძში მითითებული უნდა იყოს მისი შედგენის თარიღი.
აღნიშნული ნორმებით გარანტირებულია პირის უფლება, საკუთარი სურვილისა და შეხედულების შესაბამისად, განკარგოს ქონება და საამისოდ გამოავლინოს ნება. ანდერძი სწორედ ამგვარი თავისუფალი ნების გამომვლენი განკარგულებაა. ანდერძი, რომელიც თავისი ხელით დაწერა მოანდერძემ და ხელი მოაწერა, სრული იურიდიული ძალის მქონეა მიუხედავად იმისა, რომ ნოტარიუსის მიერ დადასტურებული არ არის. სამოქალაქო კოდექსის 1365-ე მუხლის თანახმად, შინაურული ანდერძი, როგორც წესი, ინახება მოანდერძესთან და მისი სამართლებრივი შედეგების დადგომა უკავშირდება მის გარდაცვალებას. მოანდერძეს შეუძლია და არ არის ვალდებული, რომ ანდერძი შესანახად გადასცეს ნოტარიუსს, რომლის მიზანია იმ საფრთხეების თავიდან აცილება, რაც უკავშირდება ანდერძის დაკარგვას, დოკუმენტის გაფუჭებას და ა.შ.
შესაბამისად, როდესაც სადავოა შინაურული ანდერძის ნამდვილობა, სასამართლოს კვლევის საგანში შემავალ გარემოებას ანდერძის მამკვიდრებლის მიერ შედგენა, მის მიერ ანდერძზე ხელმოწერა და დათარიღება წარმოადგენს.
უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, ანდერძის ფორმასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ არის იმპერატიული, ანუ კანონმდებელი ყოველთვის არ მიიჩნევს ანდერძის შედგენისათვის კანონით დადგენილი წესების დარღვევას ანდერძის ბათილობის საფუძვლად. ამ შემთხვევაში, უნდა დადგინდეს თუ რა ზეგავლენას ახდენს ხსენებული დარღვევა მოანდერძის ნების გამოვლენაზე ან აღნიშნული კანონდარღვევა ხომ არ იწვევს ისეთი შედეგის დადგომას, რომელიც მოანდერძის ნებას ეწინააღმდეგება. მაგალითად, ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლომ ბათილად არ ცნო შინაურული ანდერძი, რომელიც მესამე პირის მიერ იყო შედგენილი თუმცა, ხელს მამკვიდრებელი აწერდა. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ანდერძის ნამდვილობის დადგენისას ამოსავალი მამკვიდრებლის ნების გათვალისწინებაა.
16. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტი მხარის მტკიცებას მასზედ, რომ წარმოდგენილ ანდერძზე განხორციელებული ხელმოწერის ნამდვილობა სადავოა რადგან, განსახილველ შემთხვევაში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნით დადგინდა, რომ როგორც ანდერძის ტექსტი, ასევე მასზე განხორციელებული ხელმოწერა მამკვიდრებელ ევ----------–-----ის მიერ არის შესრულებული. ექსპერტიზის დასკვნა კატეგორიული ხასიათისაა და ეყრდნობა არა ექსპერტის ვარაუდს, არამედ ჩატარებული კვალიფიციური კვლევის შედეგად დადგენილ ფაქტებს. აპელანტის მხრიდან აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა კანონით დადგენილი წესით სადავო არ გამხდარა, შესაბამისად სააპელაციო პალატას არ აქვს საფუძველი მის ავთენტურობას ან/და სისწორეში ეჭვი შეიტანოს. ამიტომ, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ საქმეში წარდგენილი შინაურული ანდერძი დაწერილი იყო მამკვიდრებლის მიერ, იგი მის ნამდვილ ნებას გამოხატავდა რაც მისი ხელმოწერითაც დადასტურდა.
17. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შინაურულ ანდერძზე, შედგენის თარიღის არარსებობა არ შეიძლება მისი ბათილად ცნობის უცილო საფუძველი გახდეს. სამოქალაქო კოდექსის 1368-ე მუხლის თანახმად, ანდერძში მითითებული უნდა იყოს მისი შედგენის თარიღი. თარიღის არარსებობა იწვევს ანდერძის ბათილობას მხოლოდ მაშინ, თუ ვერ გაქარწყლდება ანდერძის შედგენის, შეცვლის ან გაუქმებისას, ასევე რამდენიმე ანდერძის არსებობისას მოანდერძის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებული ეჭვი. აღნიშნული ნორმის სისტემური ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი ანდერძზე თარიღის არსებობას სავალდებულოდ მხოლოდ მაშინ მიიჩნევს, როდესაც ნორმის დისპოზიციაში დასახელებული დამატებითი გარემოებებია სახეზე. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სხვა შინაურული თუ ნოტარიულად დამოწმებული ანდერძი არ არსებობს, ასევე არ არსებობს ობიექტური და ლეგიტიმური ეჭვი მამკვიდრებლის ქმედუნარიანობის ეჭვქვეშ დასაყენებლად. შესაბამისად, ამ პირობებში იმ ფაქტს, თუ როდის გამოავლინა მამკვიდრებელმა ნება თავისი ქონება ბე-–-------ძისთვის დაეტოვებინა გადამწყვეტი მნიშვნელობის ვერ იქნება, რადგან საქმეში არსებული მასალების ერთობლიობაში გამოკვლევის შედეგად, პალატას მიაჩნია, რომ ანდერძში გამოხატული ნება მამკვიდრებლის ნამდვილ ნებას შეესაბამებოდა, კერძოდ მას სურდა თავისი ქონება სწორედ მოსარჩელისთვის ეანდერძა.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტი მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას, რომელიც ანდერძის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შედგენას ეხება. ასეთ დროს კანონმდებელი ანდერძის ნამდვილობისთვის დამატებით პირობებს აწესებს, კერძოდ ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შედგენილი ანდერძი ხელმოწერილი უნდა იყოს მოანდერძის მიერ ორი მოწმის თანდასწრებით. განსახილველ შემთხვევაში უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ ევ----------–-----ის მიერ შედგენილი ანდერძი ე.წ. შინაურულ ანდერძს წარმოადგენს, მისი რაიმე სახის ტექნიკური საშუალებით შედგენა არ დასტურდება, შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 1366-ე მუხლის, როგორც სპეციალური ნორმის, გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
18. როგორც უკვე აღინიშნა ანდერძის ბათილობისას, კანონით დადგენილ ფორმალური კრიტერიუმების არსებობა მნიშვნელოვანია, თუმცა სასამართლოს მთავარ კვლევის საგანს, მამკვიდრებლის ნამდვილი ნების დადგენა წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა საქმის ერთადერთ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. არსებობს მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც მამკვიდრებელსა და ბე-–-------ძეს შორის არსებულ განსაკუთრებულ თბილ და სიყვარულზე დაფუძნებულ ურთიერთობას ადასტურებენ. ასევე, საქმეში წარმოდგენილია ფოტომასალა, რომელშიც მამკვიდრებელი და მოსარჩელე არიან აღბეჭდილნი, ცალსახაა, რომ მათ საერთო იდეალები და ღირებულებები გააჩნდათ, მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში, კონცერტებსა კულტურულ ღონისძიებებში.
როდესაც საქმე მემკვიდრეობის გადაცემას და შესაბამისად კონკრეტული პირისთვის მატერიალური სიკეთის გადაცემას შეეხება, მათ შორის სუბიექტური დამოკიდებულების შეფასების გარდა ასევე მნიშვნელოვანია ისეთი ობიექტური გარემოებების შეფასება, რომლებიც მამკვიდრებლის მიმართ მემკვიდრის შინაგან დამოკიდებულებას ასახავს. საქმეში წარმოდგენილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ 2015 წლის ოქტომბერში, შპს „ნ--------------–ში“ განთავსებულ პირთან, ევ----------–-----თან მისი ახლობელი, მაგრამ არანათესაურ კავშირში მყოფი პირი, ბე-–-------ძე იმყოფებოდა. ბე-–-------ძესთან გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ იგი თანხმობას აცხადებდა ავადმყოფისთვის 24 საათის განმავლობაში მოეარა, რადგან ავადმყოფობის სპეციფიკიდან გამომდინარე მასზე მუდმივი მეთვალყურეობა იყო საჭირო, რადგან ავადმყოფს სხვა ნათესაურ კავშირში მყოფი პირი ან/და დანიშნული კანონიერი წარმომადგენელი არ ჰყავდა მასზე მზრუნველობა ბე-–-------ძემ იკისრა. აღნიშნული მტკიცებულება ობიექტურ დამკვირვებელს აძლევს საშუალებას ივარაუდოს, რომ მოსარჩელეს მამკვიდრებლის მიმართ არა მხოლოდ მეგობრული და საერთო ინტერესებზე დამყარებული, არამედ ოჯახური ურთიერთობა გააჩნდა, რაც ასევე ასახულია ევ----------–-----ის მიერ შედგენილ შინაურულ ანდერძშიც.
19. სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების პრინციპი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.
განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებული იყო ემტკიცებინა, რომ იგი ევ----------–-----ის ანდერძისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენდა ხოლო მოპასუხე მხარეს აღნიშნული მტკიცება რელევანტური მტკიცებულებათა წარდგენით უნდა გაექარწყლებინა. მოსარჩელემ მის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების დასადასტურებლად, წარმოადგინა შინაურული ფორმით შედგენილი ანდერძი, მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება, რომელმაც ანდერძისა და მასზე დასმული ხელმოწერის მამკვიდრებლის კუთვნილება დაადასტურა, მოწმედ მოიწვია პირები, რომლებმაც მამკვიდრებელსა და მემკვიდრეს შორის განსაკუთრებული თბილი ურთიერთობის შესახებ გარემოება დაადასტურეს, ასევე, წარმოადგინა ცნობა, რომლითაც დადასტურდა, რომ ავადმყოფობის პერიოდში ევ----------–-----ს სწორედ ბე-–-------ძე უვლიდა. რაც შეეხება, მოპასუხე მხარეს, მან თავისი შესაგებელი მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 1368-ე მუხლს დააფუძნა, რაც საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული და აღინიშნა, რომ შინაურულ ანდერძზე თარიღის არსებობა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს მისი ბათილად ცნობის საფუძველი როდესაც არსებობს სხვა ანდერძები და ვერ დგინდება მათი შესრულების დრო და შესაბამისად, მამკვიდრებლის უკანასკნელი ნება, ან როდესაც სადავო პერიოდში მამკვიდრებლის ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არსებობდა. ამასთანავე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეების მთ-----------------ის, გავ-------------სა და და-------------–--ის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, რადგან გავ------------- საქმის შედეგით დაინსტერესებული პირია, ხოლო დანარჩენი ორი მოწმის ჩვენება არ არის თანმიმდევრული და რაც მთავარია საქმეში არსებული გარემოებები მათ მიერ მიცემულ ჩვენებას არათუ არ ადასტურებს, არამედ წინააღმდეგობაშიც კი მოდის, რაც სასამართლოს საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულების გამოკვლევის შედეგად მოწმეთა ჩვენების არარელევანტურად მიჩნევის საფუძველს აძლევს. დასკვნის სახით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი წარმატებით დასძლია და სასამართლოს შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის მართლაც მამკვიდრებლის ერთადერთი ანდერძისმიერი მემკვიდრეა და რომ შინაურულ ანდერძში ასახული ნება ნამდვილად შეესაბამება მამკვიდრებლის სურვილს, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის საპირისპიროს დამტკიცება.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებს და განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
21. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფოს ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე თამარ ალანია
მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი
თამარ ზამბახიძე