განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 210210017001914254
N2ბ/2006-2018
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2018 წელი ქალაქ თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლე - გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი - ნ-----–---------–---–- (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე---------------–-–---–- (მოპასუხე)
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ-----–---------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ე---------------–-–---–ს ნ-----–---------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა 496 (ოთხას ოთხმოც და თექვსმეტი) ლარის გადახდა. დარჩენილი თანხის დაკისრების მოთხოვნაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უდავო ფაქტობრივი გარემოება არ დადგენილა.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მხარეებს შორის დაიდო მარტივი წერილობითი ფორმის სესხის ხელშეკრულება, რომელიც გამოხატული იყო მსესხებლის მიერ შედგენილი ხელწერილის ფორმით. ხელშეკრულება დაიდო უვადოდ, რადგან სესხის დაფარვის კონკრეტული ვადა შეთანხმებული არ იყო. მხარეთა შეთანხმებით მსესხებელს ყოველდღიურად ერიცხებოდა ძირი თანხის ერთი პროცენტი, ყოველთვიურად 30%, რაც აისახებოდა ხელწერილებში.
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხეს მოსარჩელესგან 2----–-–----- მაისს სესხად მიღებული აქვს 400 (ოთხასი) ლარი, საიდანაც არც ძირი თანხა და არც პროცენტი არ დაუფარავს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.2. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 626.1, 319-ე, 131-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მუხლზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა სესხის თაობაზე შეთანხმებიდან. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი ძირითადი თანხის, 400 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სესხზე დასარიცხი სარგებლის ოდენობის გაანგარიშება, სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის საფუძველზე, 2014 წელს არსებული დოლართან მიმართებაში ლარის კურსის შესაბამისად, რადგან 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დენომინაციას, ვალუტის შეცვლას და ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაციას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მოვალე ვალდებულია ვალი დააბრუნოს მისი წარმოშობის დროისათვის არსებული ოდენობით (ნომინალიზმის პრინციპი).
2.3. რაც შეეხება სარჩელის მოთხოვნას სესხის თანხაზე პროცენტის სახით ყოველდღიურად 1%-ის დარიცხვის შესახებ, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს მოთხოვნა ნაწილობრივ ბათილი იყო, შემდეგი გარემოებების გამო:
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე 17 თვის ვადაში ითხოვდა სარგებელს, რომელის 30 ჯერ აღემატებოდა სესხად მიღებულ ძირითად თანხას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო ამავე კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სასამართლოს განმარტებით, გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ წესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში. გარიგება, რომლის თანახმად მევალეს ეკისრება ვალდებულება თანხის დაბრუნების დაგვიანების შემთხვევაში გადაიხადოს სესხის თანხის გარდა დამატებით, შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს და შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს. ვალდებულების დარღვევისათვის ერთი კონტრაჰენტისათვის შეუსაბამოდ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაწესება მეორე კონტრაჰენტის მხრიდან სხვა არაფერია, თუ არა უფლებათა ბოროტად გამოყენება მხოლოდ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას (სკ-ის მე-10 მუხლის მესამე ნაწილი). სკ-ის 346-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია ნდობისა და კეთილსინდისიერების საწინააღმდეგო პირობები, რომლებიც საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გამსესხებლის მიერ ბაზარზე, საბანკო და სხვა საკრედიტო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო პროცენტის განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგებოდა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.
ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სესხის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილი იყო სესხის ძირითად თანხაზე სარგებლის დარიცხვის ნაწილში და სარგებელი სესხზე უნდა შემცირებულიყო და განსაზღვრულიყო გონივრულ ფარგლებში. კერძოდ, წლიურ 24 პროცენტის, ხოლო ყოველთვიური 2 %-ს ოდენობით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა მის მიერ აღებული სესხის 400 (ოთხასი) ლარის დაბრუნება და 12 თვეზე სარგებელი ყოველთვიურად ძირი თანხის 2% (8 ლარი), და მოპასუხეს სულ უნდა დაკისრებოდა (12*8 = 96+400) 496 ლარი.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით, ნ-----–---------–---–მა მოითხოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებოს ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სესხის თანხაზე პროცენტის სახით ყოველდღიურად 1%-ის დარიცხვის შესახებ მოთხოვნა, წარმოადგენდა ნაწილობრივ ბათილ გარიგებას. ამ კუთხით სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე და 319-ე მუხლები, გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მხარეებს შესაძლებლობას ანჭებს თავისუფლად განესაზღვრათ პროცენტი.
ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, ძირი თანხიდან, რაც მხარეთა შორის სადავო არ არის, სარგებელი უნდა დაანგარიშებულიყო შემდეგი სახით: 400 ლარის თვიური სარგებელი 120 ლარი ერთი წლის განმავლონაში და 7 თვის მიუღებელი შემოსავალი 840 ლარი, სულ ჯამში 12 200 ლარი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. 2----–-–----- მაისს, ნ-----–---------–---–სა (გამსესხებელი) და ე---------------–-–---–ს (მსესხებელი) შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ე---------------–-–---–მა ნ-----–---------–---–-საგან სესხის სახით მიიღო 400 ლარი; მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ხელშეკურლება დაიდო 3 (სამი) თვის ვადით; ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პროცენტი, ყოველდღიურად ძირი თანხის 1% (4 ლარი), რაც ყოველთვიურად შეადგენს 30%-ს (120 ლარი);
მტკიცებულება: ხელწერილი ტ.1, ს/ფ 44;
სხდომის ოქმი. 14.08.05 – 14.08.07, ტ.2, 30.05.2018წ;
მხარეთა განმარტებები;
4.2. ე---------------–-–---–მა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და დღემდე არ დაუბრუნებია არც ძირი თანხა და არც სარგებელი;
4.3. სასარჩელო განცხადებით, ნ-----–---------–---–- მოითხოვს მოპასუხე ე---------------–-–---–-სათვის 12 200 (თორმეტი ათას ორასი) ლარის დაკისრებას. ამ თანხაში მოსარჩელე მოიაზრებს როგორც ძირ თანხას (400 ლარი), ასევე სარგებელს და მიუღებელ შემოსავალს;
დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ნ-----–---------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ე---------------–-–---–ს ნ-----–---------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა 496 (ოთხას ოთხმოც და თექვსმეტი) ლარის გადახდა, საიდანაც, 400 ლარი წარმოადგენს ძირ თანხას, ხოლო, 96 ლარი - სარგებელს. სარგებლის ნაწილში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი (ყოველდღიურად 1%) უნდა შემცირებულიყო, და 12 თვეზე სარგებელის ყოველთვიური ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო, ძირი თანხის 2%-ით (8 ლარით), რაც 12 თვეზე შეადგენდა (12*8 = 96) 96 ლარს. დარჩენილი თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ-----–---------–---–-ს სარჩელი სარგებლისა/პროცენტის და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში.
4.4. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2----–-–----- მაისის ხელშეკრულებით მოდავე მხარეთა შორის შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის ოდენობა, რაც წლიურად შეადგენს 360%-ს, უნდა შემცირდეს წლიურ 100%-მდე, და შესაბამისად, 1 თვეზე გადასახდელი სარგებლის პროცენტულობა, უნდა განისაზღვროს 8,3%-ით, შესაბამისად, 3 თვეზე - 24.9%-ით, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ მოდავე მხარეთა შორის 2--------- წელს დადებული ხელშეკრულებით სარგებლის ოდენობად თვიურად განისაზღვრა 30%-ით, შესაბამისად, წლიურად - 360%-ით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს.
პალატა განმარტავს, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით სესხისთვის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ოდენობად 100 % განსაზღვრა (625-ე მუხლი), ნიშნავს, იმას, რომ ამ ოდენობის მაღლა მხარეთა მიერ შეთანხმებული ნებისმიერი საპროცენტო განაკვეთი კანონშეუსაბამოა. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული ცვლილება 2017 წლის 15 იანვარს შევიდა ძალაში, ხოლო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო 2----–-–----- მაისს, შესაბამისად ის ვერ გავრცელდება ადრე წარმოშობილ ურთიერთობებზე, თუმცა, რადგან გარიგების ამორალურობა სამართლის შეფასებითი კატეგორიაა, კანონმდებლის მიერ განხორციელებული ცვლილებები სასამართლოსთვის მნიშვნელოვან საორიენტაციო ვექტორს წარმოადგენს და სესხისთვის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 100%-ის ოდენობამდე განსაზღვრა გარკვეულწილად „დაკანონდა“, ანუ სხვაგვარად თუ ვიტყვით, „კანონშესაბამისი“ გახდა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2--- წელს მხარეთა მიერ წლიური საპროცენტო განაკვეთის ეროვნულ ვალუტაში 360%-ით განსაზღვრა ზნეობისა და მორალის საწინააღმდეგო შეთანხმებას წარმოადგენს, რადგან იგი იმ ფარგლებში არ ექცევა, რომელიც მოგვიანებით კანონმდებელმა „დააკანონა“ და „კანონშესაბამისად“ მიიჩნია. ამიტომ ითვლება, რომ იგი არის სამოქალაქო ბრუნვისათვის შეუსაბამო.
ამ კუთხით, პალატა დამატებით მიუთითებს მსგავსი კატეგორიის დავებზე არსებულ პრაკტიკაზე და მოიხმობს საკასაციო პალატის მიერ (იხ. სუსგ №ას-663-629-2---, 28 ივლისი, 2--- წელი) გაკეთებულ განმარტებას, რომელიც შეეხებოდა ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული სესხის იმ პირობის სამართლიანობის შესახებ, რომელიც სესხისათვის არაგონივრულ სარგებელს ითვალისწინებდა და ამით არღვევდა კრედიტორის ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს: „სარჩელის მოთხოვნას მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის (პროცენტი) შემცირება წარმოადგენდა. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, გამსესხებელი, რომელიც ეწეოდა ფულის სარგებლიან გასესხებას და ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარე იყო, თავად განსაზღვრა სესხის სარგებელი სადავო ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ ამ პირობას ფიზიკური პირი დაეთანხმა, ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლებოდა, რადგანაც კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა იკვეთებოდა და სარგებლის მიმღები მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა თავისი მდგომარეობა. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. საბოლოოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი შემცირდა წლიურ 48%-მდე’’.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, მხარეთა კერძო ავტონომიის ფარგლებში მხარეთა მიერ ხელშეკრუკლებით გათვალისწინებულია წლიური 360%, რაც წარმოადგენს, სესხის მოსალოდნელ სარგებელს.
ზემოაღნიშნულის გათვალსიწინებით სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2----–-–----- მაისის ხელშეკრულებით მოდავე მხარეთა შორის შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის ოდენობა, რაც წლიურად შეადგენს 360%-ს, არაგონივრულია და უნდა შემცირდეს წლიურ 100%-მდე. შესაბამისად, 1 თვეზე გადასახდელი სარგებლის პროცენტულობა, უნდა განისაზღვროს 8,3%-ით (100/12), ხოლო, 3 თვეზე - (8,3% X 3) 24.9%-ით.
ამდენად, 3 თვეზე (ხელშეკრულების მოქმედების ვადის პერიოდში) მოპასუხეზე დასაკისრებელი სარგებელის ოდენობა უნდა განისაზღვროს (400 ლარის 24,9%), 99,60 ლარით.
4.5. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილს, რომელიც შეეხება მოპასუხე ე---------------–-–---–-სათვის ნ-----–---------–---–-ს სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით დასარიცხ სარგებლს, პალატა მიიჩნევს, რომ მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს წლიური 8%-ით (ყოველთვიური 0,66%), ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან - 2----–-–----- აგვისტოდან, 19 თვეზე, როგორც ამას სარჩელით მოითხოვდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. ფული ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამგვარად, ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც მისი ოდენობის დადგენას.
მოცემულ შემთხვევაში, ზიანის მიყენების ფაქტი გამოიხატა დადგენილ ვადაში ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობაში. მატერიალური ზიანი ყოველთვის დაკავშირებულია დაზარალებულის ქონებრივ დანაკარგებთან. პირის ქონებრივი სიკეთის შემცირება შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის იმ ქონების შემცირებაში, რომელიც მას ჰქონდა. მოცემულ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს წარმოადგენს ის ოდენობა, რასაც მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 8%-ს.
დადგენილია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან - 2----–-–----- აგვისტოდან - სარჩელის აღძვრამდე (19 თვე) პერიოდზე მიუღებელი შემოსავალი შეადგენს (400 ლარის 0,66% (ყოველთვიური %) X 19) 50,16 ლარს.
ამდენად, ე---------------–-–---–ს ნ-----–---------–---–-ს სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავალის სახით უნდა დაეკისროს - 50,16 ლარის გადახდა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ ნ-----–---------–---–-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ნ-----–---------–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ე---------------–-–---–ს ნ-----–---------–---–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისრა სულ 549,76 (ხუთას ორმოცდაცხრა და სამოცხათექვსმეტი) ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 400 ლარი, სარგებელი - 99,60 ლარი, ხოლო, მიუღებელი შემოსავალი - 50,16 ლარი;
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები უნდა დაეკისროს მოპასუხეს, როგორც წაგებულ მხარეს. ამავე კოდექსის 55.1. მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან სესხის ძირითადი თანხის (400 ლარი) ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, ამ ნაწილში ის სრულად გათავისუფლდა სასამართლო ხარჯებისაგან (49.2 მუხლი). მოპასუხეს უნდა დაეკისროს დაკისრებული სარგებლის 96 ლარის 3%, რაც შეადგენს 2.88 ლარს. ასევე, მასვე უნდა დაეკისროს სააპელაციო სასამართლოს მიერ დამატებით დაკისრებული 53 (549-496) ლარის 4%, რაც შეადგენს 2.12 ლარს. ჯამში, ე---------------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5 ლარის გადახდა;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ-----–---------–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ-----–---------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ე---------------–-–---–ს ნ-----–---------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს სულ 549,76 (ხუთას ორმოცდაცხრა და სამოცხათექვსმეტი) ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 400 ლარი, სარგებელი - 99,60 ლარი, ხოლო, მიუღებელი შემოსავალი - 50,16 ლარი;
5. ე---------------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლო ხარჯები 5 ლარის ოდენობით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
8. საქართველოს სსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისთვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამ კოდექსის 70-ე - 78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე გელა ქირია