განაჩენი

სისხლის სამართლის 30.07.2018
საქმის ნომერი
330100118002246288
ინსტანცია
თარიღი
30.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002246288

საქმე №1ბ/444-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის, ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: დ------–----–---–ის

ადვოკატის: ა-–------------–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულის: ე----------------------ის(მონაწილეობის გარეშე)

 

ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------–----–---–ის და მსჯავრდებულ ე----------------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №002201117002): ე----------------------ის, დაბადებულის 1972 წლის 4 ივნისს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №5----------), უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: ქ. გორში, რ-----–-–---–---------------, ბინა #9-ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. გორში, რ-----–-–---–----------------–-- მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე----------------------ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის სექტემბერში, ქ. თბილისში, ნავთლუღის ქუჩა N11/13-ში მდებარე შპს ,,-----------------“-ს ტურისტულ კომპანიას მიმართა ე----------------------ემ და ითხოვა კანადის ვიზის მიღებაში დახმარება. შპს ,,-----------------“-ს დირექტორ თ------------სა და ე----------------------ეს შორის შედგა ზეპირი შეთანხმება იმის შესახებ, რომ ეს უკანასკნელი ტურისტულ კომპანიას წარუდგენდა ყველა საჭირო დოკუმენტაციას, მათ შორის ანგარიშზე თანხის არსებობის ცნობას ბანკიდან.

 

ე----------------------ემ შპს ,,-----------------“-ს დირექტორ თ------------ს გადასცა საჭირო დოკუმენტაცია, თუმცა კომპანიის ოფისი, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ნავთლუღის ქუჩა N11/13-ში, გაქურდულ იქნა და სხვა ნივთებთან ერთად დაიკარგა ე----------------------ის დოკუმენტაციაც. ამის გამო საჭირო გახდა გარკვეული დოკუმენტების აღდგენა, მათ შორის ე----------------------ის მიერ წარდგენილი, საბანკო ანგარიშზე თანხის არსებობის შესახებ ცნობისაც. ვინაიდან ე----------------------ეს იმ დროისათვის არ აღმოაჩნდა ფულადი თანხა, რათა აეღო ცნობა, ისინი შეთანხმდნენ, რომ თ------------ი შეიტანდა მის ანგარიშზე თანხას, რომლის ანგარიშზე ასახვის საფუძველზე, ბანკის მიერ ცნობის გაცემის შემდგომ, ე----------------------ე დაუბრუნებდა მას ფულს. ე----------------------ემ განიზრახა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა თ------------ის ფულს, რა მიზნითაც თანხმობა განუცხადა ამ უკანასკნელს საბანკო ცნობის მიღების შემდეგ თანხის უკან დაბრუნების თაობაზე, რის შესრულებასაც იგი არ აპირებდა.

 

შეთანხმებისამებრ, 2017 წლის 14 ნოემბერს, ე----------------------ე და თ------------ი შეხვდნენ ერთმანეთს და გაემართნენ ქ. თბილისში, ევგენი მიქელაძის ქუჩა N9გ-ში მდებარე სს ,,თიბისი ბანკი“-ს N2 სერვის ცენტრში, სადაც თ------------მა ე----------------------ის საბანკო ანგარიშზე შეიტანა 7 090 ლარი და 2 000 აშშ დოლარი. ე----------------------ის ანგარიშზე თანხის ასახვის შემდეგ, სს ,,თიბისი ბანკი“-ს მიერ გაცემულ იქნა შესაბამისი ცნობა. ე----------------------ემ და თ------------მა აიღეს მოლარე ოპერატორის რიგის ნომერი, რათა ე----------------------ეს ანგარიშიდან უკან გამოეტანა ფულადი თანხა და დაებრუნებინა თ------------ისთვის, რა დროსაც ე----------------------ემ იხელთა დრო, დატოვა ბანკის სერვის ცენტრის შენობა და მიიმალა, რა გზითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა თ------------ის კუთვნილ ფულს. აღნიშნული ქმედებით თ------------ს მიადგა 12 397,6 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 მარტის განაჩენით:

 

ე----------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ------–----–---–მა და მსჯავრდებულმა ე----------------------ემ.

 

სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულ ე----------------------ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით.

 

მსჯავრდებულ ე----------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ე----------------------ეს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული და რომ საქმეში არ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არის დადგენილი, ე----------------------ის მიერ თ------------ის მოტყუება კონკრეტულად რაში გამოიხატა. აპელანტი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის და პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციით, ე. კ----------ე დაპირდა თ. ონიანს თანხის დაბრუნებას, თუმცა თანხის დაბრუნებას ის (ე. კ----------ე) არ აპირებდა. დაცვის მხარის მოსაზრებით, თანხის დაბრუნებასთან დაკაშირებით მიცემული დაპირება დანაშაულს არ წარმოედგენს. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებელი გამსესხებელს ყოველთვის პირდება, რომ თანხას დაუბრუნებს, მაგრამ თუკი მსესხებელი ვერ ასრულებს ვალდებულებას, - არ ნიშნავს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე განეკუთვნება სამოქალაქო დავას, შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა დადგინდეს, აქვს თუ არა ე----------------------ეს თ------------ის ვალი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე რეალურად სადავოდ მიიჩნევს ე----------------------ის ქმედების სამართლებრივ შეფასებას. სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ადვოკატმა დასკვნითი სიტყვის წარდგენისას განმარტა, რომ დაზარალებულისათვის გამორთმეული თანხის დაბრუნებას ე----------------------ე ნამდვილად აპირებდა, თუმცა ეს უკანასკნელი თ. ონიანისათვის თანხის დაბრუნებას აპირებდა არა მაშინვე, როგორც თანხის გადაცემამდე შეთანხმდნენ, არამედ მოგვიანებით, რადგან ე----------------------ეს სურდა თ------------ის ,,გაწვალება“.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის დისპოზიციის თანახმად, როდესაც პირი ცდილობს მოტყუებით დაეუფლოს სხვის საკუთრებაში არსებულ ნივთს ან მის ქონებრივ უფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სახეზეა თაღლითობის შემადგენლობა. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება _ ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან/და გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულ თ------------ის მიერ გამოძიებაში, გამოკითხვის დროს მითითებულ გარემოებებზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს შეხვდა ე----------------------ეს და ,,---------“ ბანკში მისი (თ------------ის) სახელით, მოლარე ოპერატორის მეშვეობით, ე----------------------ის სახელზე ჩარიცხა თანხა 7090 ლარის და 2000 აშშ დოლარის ოდენობით. თანხის ჩარიცხვის შემდგომ უნდა დამზადებულიყო ე----------------------ისათვის საჭირო ცნობა, ხოლო შემდგომ, აღნიშნული თანხა უნდა გამოეტანათ უკან, მოლარე ოპერატორის მეშვეობით. თანხა უნდა დაბრუნებოდა მას (თ------------ს), რადგან იყო მისი საკუთრება. როდესაც აღნიშნული თანხა ჩაირიცხა ე----------------------ის ანგარიშზე და გამზადდა ცნობა, ე----------------------ემ მოაწერა ხელი ცნობის აღებას. შემდეგ აიღეს რიგის ნომერი, რათა თანხის უკან აღებისათვის მოლარესთან მისულიყვნენ, რა დროსაც ე----------------------ე ბანკიდან ისე გავიდა, რომ მისი გასვლა არ შეუნიშნავს არც მას (თ------------ს) და არც მის მაზლს, - გ-----------–-----–-–---–ს. ე----------------------ე ბანკიდან გაიპარა ისე, რომ მის ანგარიშზე დარჩა მისი (თ------------ის) კუთვნილი ფულადი თანხა, იგი დაიბნა და მაშინვე დაურეკა მობილურ ტელეფონზე, მაგრამ ე----------------------ე ტელეფონს თიშავდა. შემდეგ დაუკავშირდა შუამავალ სოფო გერმანოზაშვილს და აუხსნა არსებული სიტუაცია, სოფო დაუკავშირდა ე----------------------ეს და უთხრა, რომ მის ანგარიშზე იყო ხსენებული თანხა. თ------------მა ასევე აღნიშნა, რომ იგი შებრუნდა ,,---------“ ბანკში და ბანკის უსაფრთხოების სამსახური ჩააყენა საქმის კურსში, რომლებმაც განუცხადეს, რომ თუ თანხა იმ დღით იქნებოდა გატანილი, მას (თ------------ს) შეატყობინებდნენ. მასვე, ურჩიეს, რომ მიემართა პოლიციისათვის, რაც განახორციელა კიდეც. თ------------ის განმარტებით, ე----------------------ე ისე გაიპარა ბანკიდან, რომ არ უთქვამს მიზეზი. იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმე გ-----------–-----–-–---–მა და გამოკითხვის დროს აღნიშნა, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს, მისმა რძალმა (თ------------მა) სთხოვა დიღმის მასივში გაყოლა, რადგან უნდა ენახა ე----------------------ე. ისინი მივიდნენ მაიაკოვსკის ძეგლთან და მანქანაში ჩაისვეს ე----------------------ე, გაემართნენ ქ. თბილისში, მი---–------------- „გ“-ში მდებარე ,,---------“ ბანკში, რის შემდგომაც თეონა და ეკა დატოვა ხსენებულ ბანკში, თვითონ წავიდა სახლში და აიღო თ------------ის კუთვნილი 7 090 ლარი და 2 000 აშშ დოლარი, რაც მიიტანა ბანკში და გადასცა თ------------ს. თ------------მა აღნიშნული თანხა შეიტანა ე----------------------ის სახელზე და ეკატერინემ აიღო შესაბიმისი ცნობა. ამის შემდგომ მათ აიღეს რიგის ნომერი, რათა მოლარე ოპერატორისგან უკან გამოეტანათ ხსენებული თანხა, რა დროსაც ე----------------------ე ისე გაუჩინარდა ბანკიდან, რომ აღნიშნული მან (გ-----------–-----–-–---–მა) და თეონამ ვერ შენიშნეს. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, მოწმე ს--------------------–---–-ს მიერ გამოკითხვის დროს მითითებულ გარემოებაზე, რომლმაც განმარტა, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა თ------------ი, რომელმაც უთხრა, რომ ე----------------------ემ წაიღო მისი კუთვნილი ფულადი თანხა და სთხოვა დახმარება, რადგან ე----------------------ე თ------------ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. თავდაპირველად ვერ შეძლო ეკატერინესთან დაკავშირება, რადგან ტელეფონს არ პასუხობდა, შემდგომ დაუკავშირდა და უთხრა, რომ თ------------ი მასზე ამბობდა, რომ თანხა ჰქონდა წაღებული, რაზეც ეკატერინემ უთხრა, რომ არ ჩარეულიყო ამ საქმეში, მან წაიღო თ------------ის ფული, რადგან თეონამ აწვალა ვიზასთან დაკავშირებით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მთელი რიგი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობები (როგორიცაა, მაგ.: სესხი, ყიდვა-გაყიდვა, ყიდვა-გაყიდვა განაწილვადებით და სხვა ანალოგიური) მართლაც მსგავსია თაღლითობის, როგორც დანაშაულის შემადგენლობით გათვალისწინებულ ფაქტობრივ გარემოებებთან, თუმცა, ქმედების ფორმალური მსგავსება ამა თუ იმ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობასთან არ გამორიცხავს ამ ქმედების თაღლითობად (როგორც დანაშაულად) მიჩნევას, ისევე, როგორც ქმედების ფორმალური მსგავსება თაღლითობასთან (როგორც დანაშაულთან), არ გამორიცხავს ამ ქმედების მიჩნევას სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობად. საკითხის შეფასებისას, თუ რომელ ურთიერთობასთან გვაქვს საქმე - სამოქალაქო სამართლებრივთან, თუ თაღლითობასთან (როგორც დანაშაულთან), გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმის გარკვევას, სისხლისსამართლებრივად ბრალეული და მართლსაწინააღმდეგოა თუ არა კონკრეტული პირის ქმედება. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული, აღნიშნული და პრეიუდიციად მიჩნეული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, პალატა მიიჩნევს, რომ ე----------------------ემ თ------------ის კუთვნილი ფულადი თანხის დაუფლება განახორციელა მოტყუებით. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ეტაპობრივად მიმოიხილოს მსჯავრდებულის მიერ მოტყუებით თანხის დაუფლებასთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებები: 2017 წლის 14 ნოემბერს თ------------ი და ე----------------------ე ხვდებიან ერთმანეთს და შეთანხმებისამებრ მიდიან ,,---------“ ბანკში. თ------------ი აგზავნის მის მაზლს გ-----------–-----–-–---–ს სახლში თანხის ასაღებად და ბანკში მისატანად, რათა თანხა ჩარიცხოს ე----------------------ის ანგარიშზე იმ საფუძვლით, რომ ამ უკანასკნელმა შეძლოს შესაბამისი ცნობის აღება. გ. ბ--–-----–-–---–ს თ------------ის კუთვნილი თანხა მიაქვს ,,---------“ ბანკში, თანხას თ------------ი რიცხავს ე----------------------ის სახელზე. მას შემდეგ, რაც ე. კ----------ე იღებს ცნობას მის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის არსებობის შესახებ, შემდეგ მალულად, - თ------------ისა და გ-----------–-----–-–---–ისგან შეუმჩნევლად ტოვებს ბანკის შენობას. გარდა ამისა, იგი არ პასუხობს (თიშავს) თ------------ის სატელეფონო ზარებს. მოგვიანებით კი სოფიო გერმანოზაშვილს ეუბნება, რომ მან წაიღო თ------------ის კუთვნილი თანხა და ურჩევს ს. გერმანოზაშვილს, არ ჩაერიოს ამ საქმეში. სააპელაციო პალატა შეფასებას აძლევს რა მსჯავრდებულის ქმედებებს, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შეთანხმების დროს, ე----------------------ემ თ------------ი მოატყუა და მას ტყუილად დაჰპირდა თანხის დაბრუნებას. შესაბამისად, მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულ ქმედებებს არანაირი საერთო არ აქვს ნორმალურ, ცივილურ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობასთან.

 

ამასთანავე, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–9 მუხლის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.“ აგრეთვე, ამავე კოდექსის 25–ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, „მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“. დაცვის მხარეს, საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა ე----------------------ესა და თ------------ს შორის არსებულ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაზე.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე ე----------------------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე----------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე–3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში, დადასტურებულია და მისი ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია სწორია.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ იმ საფუძვლებით, რომ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული დატოვებს საქართველოს, განაჩენი დარჩება აღუსრულებელი და დაზარალებულისათვის არ მოხდება დარჩენილი ზიანის ანაზღაურება, სააპელაციო პალატა სახელმწიფო ბრალმდებლის აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილ დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით არ არის უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას, ზოგადად კრიმინალის შემცირებას. კერძო პრევენციის თვალსაზრისით, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ე----------------------ის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული მაკვალიფიცირებელ გარემოებაში, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი. ე. კ----------ის მიერ ჩადენილი დანაშაული - თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული საკმაოდ გავრცელებული დანაშაულია, რომელიც ქონებრივ ზიანს აყენებს მესაკუთრეს და ხასიათდება მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებით, ვინაიდან ხელყოფს მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე ვერ იქნება გაზიარებული სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულს სასჯელი უნდა გაუმკაცრდეს, ვინაიდან დაზარალებულს სრულად არ აუნაზღაურა თავისი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი მას არ ავალდებულებს. დაზარალებულს უფლება აქვს, მსჯავრდებულისაგან ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამის სასამართლოში სათანადო მტკიცებულებების წარდგენით. (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულება). მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნისას სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ე----------------------ემ დაზარალებულს მიყენებული ზიანის ნაწილი - ხუთი ათასი ლარის ოდენობით აუნაზღაურა, ხოლო დარჩენილი თანხის ეტაპობრივად დაბრუნებაზე ისინი შეთანხმებული არიან, აგრეთვე, ე----------------------ემ სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ე----------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------–----–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

მსჯავრდებულ ე----------------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 მარტის განაჩენი ე----------------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ე----------------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ე----------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოყენებული დამატებითი ღონისძიებები: საგამოძიებო ორგანოში საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩაბარების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვების აკრძალვის შესახებ, გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

თ------------ისგან ამოღებული ,,სამსუნგი“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, დალუქულ მდგომარეობაში, რაც ინახება საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო თ------------ის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან ამოღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ჩაწერილი ერთ DVD დისკზე და სს ,,თიბისი ბანკიდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, გადატანილი ორ DVD დისკზე, რომლებიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში: სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე