განაჩენი

სისხლის სამართლის 30.07.2018
საქმის ნომერი
330100118002532036
ინსტანცია
თარიღი
30.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100118002532036 №1/ბ-899-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 ივლისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი მარიამ ნანეიშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

სტაჟიორ-პროკურორი - ზუ---- ყუ-–--–---–ი;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - თა---- მ-----–----- ჯა-------ე, დაბადებული 197--–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, კო---------–-------------–------------------------–----------–ი;

 

ადვოკატი - ლე------------ე;

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქმის მასალების მიხედვით, თა---- ჯა-------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თა---- ჯა-------ემ, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2018 წლის 08 ივნისს, ქ.თბილისში, ხე-----------ის ქუჩა N6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, 20:30 საათზე, საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომელთა მიერ ჩატარებული პირადი გასინჯვისას, თა---- ჯა-------ეს აღმოაჩნდა უკანონოდ შეძენილი, თეთრი მრგვალი ფორმის ტაბლეტი, საერთო წონით 0,0975 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ წონით 0,0017 გრამი.

 

2018 წლის 06 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ზუ---- ყუ-–--–---–მა ბრალდებულ თა---- ჯა-------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 ივლისის განჩინებით, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ზუ---- ყუ-–--–---–ის შუამდგომლობა ბრალდებულ თა---- ჯა-------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ პროკურორის და ადვოკატის მიერ არ მოხდა ბრალდებულისთვის უფლებების განმარტება იმ ხარისხით და ხასიათით, რომ მისთვის გასაგები ყოფილიყო სასამართლოს შეკითხვები, სასამართლომ ვერ მიიღო ბრალდებულისგან დამარწმუნებელი პასუხები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლით გათვალისწინებულ შეკითხვებზე. სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ბრალდებული სრულად ვერ აცნობიერებდა თავის უფლებებს და ბრალდების არსს სამართალწარმოების ენის სათანადოდ არცოდნის გამოც.

 

აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ზუ---- ყუ-–--–---–მა და მოითხოვა მისი გაუქმება და მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სტაჟიორ-პროკურორმა ზუ---- ყუ-–--–---–მა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ივლისის განჩინების გაუქმება და წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმების დამტკიცება. ბრალდების მხარემ განმარტა, რომ თა---- ჯა-------ის განმარტებით, ის არ საჭიროებდა თარჯიმნის მომსახურებას და სრულყოფილად ფლობდა ქართულ ენას, რაც ასევე დასტურდებოდა მის მიმართ გამოტანილი განაჩენითაც. თა---- ჯა-------ეს პროკურორის და ადვოკატის მიერ განემარტა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული ყველა დებულება, რის შემდეგაც მან ნებაყოფლობით მიიღო გადაწყვეტილება საპროცესო შეთანხმების შესახებ. ბრალდების მხარემ მოითხოვა მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, კერძოდ, ბრალდებულ თა---- ჯა-------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად 2 (ორი) წლის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლის გამოყენებით, მისი პირობით ჩათვლა, ამავე გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 120 საათის ვადით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის თანახმად, პროკურორმა მოითხოვა 5 წლის ვადით: საადვოკატო საქმიანობის უფლების; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლების; პასიური საარჩევნო უფლების; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების, 10 წლის ვადით საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლების, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლების, ხოლო 6 თვის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

 

ბრალდებულმა თა---- ჯა-------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლე------------ემ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმების დამტკიცება. ბრალდებულის განმარტებით, სრულად აცნობიერებს წარდგენილი ბრალდების არსს, ეთანხმება თითოეულ ფაქტობრივ გარემოებას. როგორც ბრალდებულმა, ასევე ადვოკატმა, სააპელაციო სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით იქნა დადებული. გარდა ამისა, ბრალდებულმა აღნიშნა რომ გამოძიების ეტაპზე მისთვის ყველაფერი გასაგები და მისაღები იყო, რაც დაადასტურა ხელმოწერით, სრულყოფილად ფლობს ქართულ ენას, თარჯიმანს არ საჭიროებს და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე რთული წინადადებების და დაბნეულობის გამო განაცხადა აღნიშნული.

 

სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ სტაჟიორ-პროკურორის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა იზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საპროცესო შეთანხმების ყველა პირობის მომხრეა თავად ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი, რომლისგანაც ბრალდებულს სრულყოფილი იურიდიული კონსულტაცია აქვს მიღებული. ბრალდების მხარემ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, კატეგორია და ბრალდებულთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის დაიდო საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდებულს საკმარისად არ აქვს გაცნობიერებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში თანმდევი სამართლებრივი შედეგები. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ბრალდებულმა აღნიშნა, რომ სრულად აცნობიერებს მის მიერ ბრალდების მხარესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების არსს, მის შედეგებს და ეთანხმება საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობაში აღნიშნულ ყველა პირობას. ამასთან, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ სასჯელის სახეები და კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევა მისთვის იყო გასაგები და მისაღები, ისევე, როგორც მოსალოდნელი შედეგები.

 

საქმეში „ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ“ (იხ. ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი No. 9043/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014 წლის 24 აპრილი), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (ამასთან დაკავშირებით სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, § 17, Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27 November 2008; რუცინსკი პოლონეთის წინააღმდეგ, § 12, Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20 February 2007). საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი კონვენციის მოთხვნებთან შეუსაბამო არ არის (იხ: ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ mutatis mutandis, Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6 July 2010). აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმება შეიძლება წარმოადგენდეს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან საშუალებას. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება, გამოყენებული იქნეს მსუბუქი სასჯელები და შემცირდეს პატიმართა რაოდენობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით სისხლის სამართალწარმოების შემცირება ხდება. აღნიშნული არ შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად (სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ; § 135, Scoppola v. Italy (no. 2) [GC], no. 10249/03, 17 September 2009).

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებით თა---- ჯა-------ემ უარი თქვა საქმის არსებითად განხილვაზე, რაც გაცნობიერებული, აშკარა ფორმით გამოხატული და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო. პალატა თავად თა---- ჯა-------ისგან დარწმუნდა, რომ შუამდგომლობაში მითითებულ პირობაზე შეთანხმება ნებაყოფლობით განხორციელდა, არავითარ ძალდატანებას, ან თუნდაც მცირეოდენ ზემოქმედებას არ ჰქონია ადგილი და პირიქით, მისსავე ინტერესს წარმოადგენს წარმოდგენილი პირობებით საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

 

საქმის გარემოებების გათვალისწინებით, პალატა დარწმუნდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალადობის ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების შედეგი არ ყოფილა. ასევე არ დგინდება, რომ უფლებაზე უარის თქმა საჯარო ინტერესს ეწინააღმდეგება. ამასთან, შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. პალატა დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია ბრალდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია ბრალდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. ბრალდებული თა---- ჯა-------ე სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ ბრალდებული თა---- ჯა-------ე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება თა---- ჯა-------ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, კერძოდ, 2018 წლის 08 ივნისის ოქმი, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, 2018 წლის 10 ივნისის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ლაბორატორიული გამოკვლევის დასკვნა, მოწმეების - კ----–------------ს, კ------------------ის და თა---- ჯა-------ის გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლიობა, თა---- ჯა-------ის აღიარებასთან ერთად, ადასტურებს ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, ეთანხმება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

საქმის მასალების და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 292-298-ე მუხლებით, 209-215-ე მუხლებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ზუ---- ყუ-–--–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 ივლისის განჩინება, ბრალდებულ თა---- ჯა-------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე უარის თქმის შესახებ.

 

დაკმაყოფილდეს ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ზუ---- ყუ-–--–---–ის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

 

დამტკიცდეს სტაჟიორ-პროკურორსა და ბრალდებულ თა---- ჯა-------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

თა---- ჯა-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით.

 

ასევე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თა---- ჯა-------ეს 6 თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 წლის ვადით.

 

გაუქმდეს თა---- ჯა-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და მსჯავრდებულ თა---- ჯა-------ის მიერ მის მოხდაზე კონტროლის განხორციელება, ასევე თა---- ჯა-------ეს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. განემარტოს თა---- ჯა-------ეს, რომ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს, იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე